ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, ხშირად დაბნეულია, არ იცის, სად და როგორ მოაწყოს სამლოცველო კუთხე. ჩვენს რუბრიკაში სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ.
სალოცავი კუთხე არის ხატებით გამშვენებული ადგილი სახლში, სადაც იკრიბება ოჯახი სალოცავად. მისი დანიშნულებაა ოჯახის მორწმუნე წევრებს შეუქმნას ლოცვითი განწყობილება. ლოცვა ხატის წინ - ესაა უშუალო ურთიერთობა უფალთან და მის წმინდანებთან. ამიტომ სალოცავი კუთხის ქონას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კარგია, თუ სალოცავ კუთხეს ცალკე პატარა ოთახი გამოეყოფა (რაღა თქმა უნდა, თუ ბინა ამის საშუალებას იძლევა) ან ოთახის ნაწილი ლოცვისთვის მოხერხებულ ადგილას. სასურველია, ეს არ იყოს ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი, მაგრამ თუ ბინაში სხვა საშუალება არ არის, შეიძლება საძინებელ ოთახშიც.
ხატებთან ერთად სალოცავ კუთხეში უნდა მოვათავსოთ საეკლესიო სიწმინდეები: ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი, არტოსი, ნაკურთხი ზეთი (სხვადასხვა წმინდა ადგილიდან).
ხატები უნდა განლაგდეს აღმოსავლეთ კედელზე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის - ჩრდილოეთ ან სამხრეთ კედლებზე. შესაბამისად, ქრისტიანიც ლოცვისას პირით აღმოსავლეთისკენ დგება. რა მნიშვნელობა აქვს ლოცვისას აღმოსავლეთისკენ მიბრუნებას? ეს წესი, სხვა მრავალთან ერთად, წმინდა მოციქულებისგან მომდინარეობს. იგი იმიტომ შემოიღეს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ - "მზეი სიმართლისა" - აღმოსავლეთიდან აღმობრწყინდა. წინასწარმეტყველებებში იგი ხშირად "აღმოსავლად" მოიხსენიება. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ედემის ბაღიც სწორედ აღმოსავლეთით მდებარეობდა. დაბოლოს, მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ველით, ამიტომ აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.
სალოცავი კუთხის მოწყობისას ჯვარი მნიშვნელოვანი და აუცილებელი სიწმინდეა. ჯვარი, როგორც იესო ქრისტეს მიერ სამყაროს გამოხსნის იარაღი, ეკლესიის დაარსების დღიდან ქრისტიანთა შორის უდიდესი თაყვანისცემის საგანია.
ჯვრის ქვემოთ მარჯვენა მხარეს უნდა მოთავსდეს მაცხოვრის ხატი, მარცხნივ - ღმრთისმშობლისა, ქვემოთ - წმინდანებისა. საერთოდ ეს ზოგადი წესია - კანკელის მაგალითიდან აღებული. დანარჩენი კი თითოეულის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ოღონდ სასურველია ზოგადად დავიცვათ იერარქია - წმინდანის ხატი მაცხოვრის ხატის ზემოთ არ უნდა მოხვდეს. სამღვდელო კურთხევანის მიხედვით, მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატების შემდეგ დაცული უნდა იქნეს ხატების განლაგების შემდეგი იერარქია:
1) წმიდა იოანე ნათლისმცემლის
2) წმიდა წინასწარმეტყველთა
3) წმიდა პეტრესი, წმიდა პავლესი და ათორმეტთა მოციქულთა
4) წმიდა მღვდელმთავართა
5) სხვა მოციქულთა და წმიდა მოწამეთა
6) ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა და დედათა
7) წმიდა უვერცხლო მკურნალთა
8) წმიდა იოაკიმესი და წმიდა ანასი
ხატები ისეთ სიმაღლეზე უნდა ეკიდოს, რომ შესაძლებელი იყოს მათზე მთხვევა. ხატების წინ უნდა იყოს თავისუფალი ადგილი, მცირე ზომის მაინც, რომ მლოცველმა მათ წინაშე მუხლის მოყრა და თაყვანისცემა შეძლოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი