სკვნილზე ლოცვისას მორწმუნე გამუდმებით გამოითხოვს უფლისგან შეწყალებას სიტყვებით: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".
ეს იესოს ლოცვაა. ის სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ადამიანთა ხსნის ძირითად ჭეშმარიტებას. მისი წარმოთქმისას ვაღიარებთ, რომ გვწამს განკაცება მაცხოვრისა და წმინდა ერთარსი სამება. სიტყვებით: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო" - ვაღიარებთ მაცხოვრის ღმრთეებრივ და ადამიანურ ბუნებას. "იესო" მას დაერქვა როგორც ადამიანს, ხოლო სიტყვებს "უფალო" და "ძე ღმრთისა" ვუწოდებთ როგორც ღმერთს. მეორე ჭეშმარიტებასაც (იმას, რომ გვწამს წმინდა სამება) შეიცავს "იესოს ლოცვა" - რაკი მას მივმართავთ, როგორც ძე ღმრთისას, ვახსენებთ მამა ღმერთს და ე. ი. სულიწმინდასაც.
ამ ლოცვას სრულყოფილი კიდევ იმიტომ ეწოდება, რომ შეიცავს ქრისტიანული ლოცვის ორ ძირითად ასპექტს: როცა ვამბობთ - "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო" - ვადიდებთ, თაყვანისვცემთ და აღვამაღლებთ უფალს, რის შემდეგაც "სული შემუსვრილი და დაბდაბლებული" სინანულით ამბობს: "შემიწყალე მე ცოდვილი". გარდა სინანულისა, ეს ლოცვა იმის იმედსაც შეიცავს, რომ შეგვიწყალებს მაცხოვარი. იესოს ლოცვაში თითქოს სუნთქავს მოციქულის რწმენა, რომელიც მტკიცედ ამბობს: "და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროისღა აღსდგა, რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთვის" (რომ. 8,34).
სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას. მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ამას კი დათვლა სჭირდებოდა. ამისთვის მან ბერებს ნასკვებიანი თოკი მისცა. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი იცავს მტრისგან თავს ხმლით, მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. სკვნილი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისგან და ჯვრით ბოლოვდება.
სკვნილზე უმთავრესად იესოს ლოცვა აღესრულება, თუმცა შეიძლება წავიკითხოთ სხვა ლოცვებიც, მაგალითად, ღვთისმშობლის ან რომელიმე წმინდანის საგალობელი. უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც თითქმის ყველა ლოცვაში, მათშიც არაერთხელ გამოვითხოვთ უფლის წყალობას. ქრისტიანის ცხოვრება ხომ მას მუდმივად საჭიროებს.
აღსარებისა თუ უბრალოდ ლოცვის დროს, როცა სინანული ჩვენს გულებს სტუმრობს, ყოველი ჩვენგანის გონებაში ტრიალებს აზრები: "მოწყალეო უფალო, ვიცი, ჩემი ცოდვები შენს პატიებას აღემატება. რამდენჯერ შეგივრდი შენს წმინდა ტაძარში, გამოვედი და ისევ ცოდვისკენ მივიქეცი. ბევრჯერ ისმინე ჩემი ლოცვა და მე მაინც შეურაცხვყავ წყალობა შენი. რამდენჯერ დავეცი ცოდვით დამძიმებული, შენ კი, ნუგეშისმცემელი, მაყენებდი დაცემულს. რადგან ასეთი მიუწვდომელია შენი მოწყალება და კაცთმოყვარეობა, გევედრები, ნუ მამხელ გულისწყრომით". ფიქრები კვლავ წყალობის გამოთხოვნით სრულდება: "უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი". დამეთანხმებით, ეს სწორედ ის სათხოვარია, რომელიც ჩვენს ბაგეს არ მოშორდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი