სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა
სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა
მაინცდამაინც მცხეთაში რატომ დამკვიდრდა სვეტი ცხოველი?
1. სვეტი ძველ აღთქმაში და მისი დადებითი შინაარსი
ბიბლიურ სამყაროში სვეტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის უმეტესწილად უჩვეულო, უცნაურ გარემოებებში მოიხსენიება, მაგრამ ძირითადად მაინც ორ კონტექსტში გვხვდება: სვეტი როგორც ნაგებობის საყრდენი და სვეტი, რომელიც თავისთავად დგას. არსებობს გამონაკლისებიც. თუ ბიბლიაში ყურადღებას სვეტების მეტაფორულ მნიშვნელობაზე გავამახვილებთ, უფრო მეტ ნაირსახეობას ვიხილავთ. დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "ჩვენი ვაჟები ნერგებივით იზრდებოდნენ მათ სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა ოსტატურად თლილი სვეტები სასახლისა" (ფსალმ. 143:12). ეს არის ხატი ბრწყინვალე სილამაზისა, რომელსაც სამი ათასწლეულის შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი მომხიბვლელობა.

ბიბლიაში სვეტი ძირითადად სიმბოლური შინაარსის მატარებელია. ბიბლიური თვალსაზრისით, როგორც დიდი ნაგებობები, ისე მიწაც და ცაც საჭიროებს სვეტებს (1 მეფ. 2:8; იობ. 9:6; 26:11). იობის წიგნში (9:6) ნათქვამია: "მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები"; სამლოცველოს რელიგიურ შინაარსს აძლიერებდა სოლომონის ტაძრის კარიბჭესთან მდგარი ორი სპილენძის სვეტი, რომლებსაც საყრდენის დანიშნულება არ ჰქონიათ. სვეტებს თავიანთი სახელები - იაქინი და ვოაზი ჰქონდა (3 მეფ. 7:15-22; იერ. 52:21-23). მორწმუნეებს მიაჩნდათ, რომ ხალხის დასალოცად მობრძანებულ უფალს ჯერ სვეტებს შორის უნდა გაევლო და შემდეგ შესულიყო სალოცავში. გარდა ამისა, ეს უზარმაზარი მონოლითური ფიგურები იმასაც მიანიშნებდნენ, რომ ღმერთი ურყევია. სვეტების გვერდით მდგომი ადამიანები კი საკუთარ უსუსურობას უფრო ნათლად აცნობიერებდნენ. სხვაგვარად უკავშირდება უფალს გამოსვლის წიგნში აღწერილი შემთხვევა: "და აღაშენა მოსე საკურთხეველი სვეტი და უწოდა სახელი მისი უფალი ჩემი და შესავედრებელი ჩემი" (გამ. 17:15-16); ხშირად სვეტის აღმართვით გარკვეული ადგილი მოინიშნებოდა. მაგალითად, იაკობმა ის ქვა, რომელიც თავსადებად ჰქონდა, ღმერთთან შეხვედრის სამახსოვროდ აღმართა: "ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი, სასთუმლად რომ ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა" (დაბ. 28:18; შეადარე დაბ. 31:13; 35:14); სვეტი შეიძლება გამვლელის ყურადღების მისაქცევად აღმართულიყო - რაქელის საფლავი იაკობმა ღირსსახსოვარ ადგილად მონიშნა: "აღმართა სვეტი იაკობმა მის საფლავზე. ეს არის რაქელის საფლავის სვეტი დღევანდლამდე" (დაბ. 35:20); სვეტი მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსანიშნავადაც აღიმართებოდა. ასე მოიქცნენ იაკობი და ლაბანი: "მოდი, შევკრათ კავშირი მე და შენ და ეს იყოს მოწმე ჩემსა და შენს შორის. აიღო იაკობმა ქვა და აღმართა სვეტად" (დაბ. 31:44-46 და შემდეგ); აგრეთვე უფალსა და ერის სახელით მოლაპარაკე ადამიანს შორის: "დაწერა მოსემ უფლის სიტყვები, ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით" (გამ. 24:4); ასევე უფალსა და ერს შორის დადებული პირობის მოწმობად: "ჩაწერა ისუმ ეს სიტყვები საღვთო რჯულის წიგნში, აიღო დიდი ქვა და აღმართა" (ნავ. 24:26-27); დაბოლოს, სვეტი ხშირად გამოიყენება წმინდა ადგილების, მაგალითად, კარვის (სავანისა) და ტაძრის აღწერილობაში.

2. უარყოფითი შინაარსი
ზოგჯერ სვეტს ძეგლის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. წმინდა წერილში ვკითხულობთ: "აბესალომს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ჰქონდა აღმრთული სვეტი მეფის მინდორზე. ამბობდა, შვილი არა მყავს, რომ ჩემი სახელი იხსენიებოდესო. თავისი სახელი უწოდა სვეტს და დღემდე აბესალომის ძეგლად იწოდება იგი" (2 მეფ. 18:18). აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი ძეგლები, როგორც წარმართული ტრადიციის გაგრძელების ნიშნები, ხშირად თაყვანისცემის სუბიექტები ხდებოდა, ამიტომ ძეგლების დადგმა კანონით იკრძალებოდა: "არ შეიქმნათ კერპები და ქანდაკები, არ აღმართოთ სვეტები, არ ჩადგათ თქვენს ქვეყანაში მოხატული ქვები სათაყვანოდ, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი" (ლევ. 26:1). იგულისხმება ადამიანთა მიერ აღმართული ძეგლები და არა ღვთის მიერ ნაბოძები სვეტები.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალებიდან ჩანს, რომ საკერპეში ქანდაკების აღმართვის ტრადიცია მართლაც არსებობდა. მაცებების (ნაკურთხი ქვები) გვერდით აშერებიც (ნაკურთხი სვეტები) იდგა (გამ. 34:13; რჯლ. 7:5; 3 მეფ. 14:23; 4 მეფ. 17:10). ქვები მამაკაც ღვთაებას განასახიერებდნენ, ხოლო სვეტები ქალურ საწყისს (ეს. 17:8). სავარაუდოა, რომ ამ მიზნისთვის თავდაპირველად სამსხვერპლოს მიჯრით მდგარ ხეებსაც იყენებდნენ.

კერპთაყვანისმცემლური ტრადიციების განადგურების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ ეპიზოდი, რომელშიც ორი საყრდენი სვეტის დაძვრის შედეგად უშველებელი საკერპე ტაძარი მთლიანად ინგრევა. ეს იყო სამსონის უკანასკნელი გმირობა. წმინდა წერილში საყრდენი სვეტები მხოლოდ თავის პირდაპირ დანიშნულებას როდი ასრულებენ, ერთი შეხედვით, არქიტექტურული დანიშნულების სვეტები ხშირად კულტის ფუნქციასაც ითავსებდნენ. "თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგ მყოფ ხალხს" (მსაჯ. 16:23-30).

ღვთის სიტყვის უგულებელყოფის გამო ლოთის ცოლი მარილის სვეტად გადაიქცა. უფალი მიგვითითებს: "გაიხსენეთ ლოთის ცოლი" (ლუკ. 17:32). "ანგელოსებმა გამოიყვანეს ქალაქის გარეთ ლოთი, მისი ცოლი, ორი ქალიშვილი და უთხრეს მათ: "აქედან გაიქეცით, უკან ნუ მოიხედავთ და გზაზე ნუ გაჩერდებით, რომ თქვენც არ აღმოიხოცოთ". როცა ლოთი მივიდა სიგორს, ღმერთმა ზეცით აწვიმა გოგირდი და ცეცხლი, დააქცია სოდომ-გომორი და მახლობელი ადგილები, ამოწყვიტა იმათი მცხოვრებნი და ცხოველები. ლოთის ცოლმა მიიხედა უკან და მარილის სვეტად იქცა" (დაბ. 19:1-26).

სვეტი, რომელიც ღმერთთან შეტოლების მიზნით შენდებოდა, ცნობილია როგორც ბაბილონის გოდოლი. მამის მიმართ შემცოდე ქამის შთამომავლებს გაყრა და მთელ ქვეყანაზე გაბნევა ემუქრებოდათ. თქვა უფალმა: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!" (დაბ. 9:25). ქამის შთამომავლებმა ღვთის ნებასთან დაპირისპირება გადაწყვიტეს და ერთად ყოფნის მიზნით, "თქვეს: აბა, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. აღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:4) და სხვა ხალხებთან ერთად დიდი ქალაქისა და უშველებელი სვეტის სახით გოდოლის მშენებლობა დაიწყეს. ბაბილონის გოდოლის ამბავი არ არის დანაშაულისა და სასჯელის შესახებ მოთხრობილი რიგითი ისტორია; შესაქმისა და წარღვნის ისტორიებთან ერთად ის რადიკალურად უპირისპირდება ღმერთის შესახებ მითოლოგიურ და ლეგენდარულ წარმოდგენებს. უძველეს სამყაროში ბაბილონი განთქმული იყო მრავალიარუსიანი ტაძრით - ზიკურათი (საფეხურებად აგებული საკულტო კოშკი), რომლის საძირკველიც ქვესკნელიდან იწყებოდა და ბრწყინვალე სვეტით ზეცაში მთავრდებოდა. ბიბლიის მიხედვით კი ზეციდან ბაბილონის გოდოლი იმდენად შორს იყო, რომ საერთოდ არ ჩანდა. ღმერთს ნაგებობის დასანახად ჩამობრძანება დასჭირდა: "ჩამოვიდა უფალი, რომ ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ" (დაბ. 11:5). უძველესი თქმულებების მიხედვით, ბაბილონი "ღმერთის კარს" ნიშნავდა და ხალხის წარმოდგენით ამ ქალაქის მოსახლეობა ღმერთთან ყველაზე მეტად იყო დაახლოებული. ბაბილონი მაშინდელი მსოფლიოს რელიგიურ, სულიერ და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა. სინამდვილეში ბაბილონი "ღმერთის კარი" ანუ ცათა სასუფევლში შესასვლელი კარი კი არა, "აღრევა" და "უწესრიგობა" იყო. გოდოლი სიბრძნემ და მაღალმა სულიერებამ კი არა, სიბრიყვემ და ჭეშმარიტების წინაშე გამოჩენილმა სიამაყემ დაანგრია და გაანადგურა. "ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე" (დაბ. 11:9). სხვაგვარად რომ განვმარტოთ, ადამიანებმა ვერ დაინახეს ღვთის ნება, რომლის აღსრულებაც მათ ცოდვისგან იხსნიდა და ღვთის მადლის ძალას შეიძენდა. ქამის შთამომავლები საკუთარი ტექნიკური მიღწევებით თვითონვე გაოცდნენ და გადაწყვიტეს ისინი ჭეშმარიტებისთვის დაეპირისპირებინათ. გოდოლად აშენებული სვეტის საშუალებით ღმერთთან შეტოლება მოინდომეს, ჭეშმარიტი ღმერთი დაივიწყეს და თავიანთ წარმოდგენაში აღძრულ ღვთაებასთან მისასვლელი გზის მშენებლობა წამოიწყეს. ფორმალურად ბაბილონის მშენებლები ადამიანების ერთობისა და კეთილდღეობისთვის იღვწოდნენ, სინამდვილეში კი მათი მამოძრავებელი ძალა ამპარტავნება იყო. ხალხს ქვესკნელისა და ზეცის გასაერთიანებლად ამუშავებდნენ, ბოლოს კი მათი ცხოვრება და საქმე იგავში დაინთქა და განადგურდა.

3. ორი ბიბლიური სვეტი, რომელთა საყრდენიც დედამიწაზე არ იპოვება
თუ ღვთის რჩეული უფლის ნებას არ ემორჩილება, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება. ამ დროს მასში დარჩენილი სასოება ახალ ძალას იძენს და თუ მცირე რწმენა მაინც შერჩა, უეჭველად შემობრუნდება ღმერთისკენ. ამპარტავნებით შეპყრობილ ერს კი მხოლოდ მაშინ ახსენდება უფალი, როდესაც დასაკარგი აღარაფერი აქვს და ღმერთის გარდა ვეღარავინ იხსნის.

როდესაც ვფიქრობთ უდაბნოში, სვეტში გამოცხადებული უფლის შესახებ, უნდა გვახსოვდეს, რა დროს მოხდა ეს გამოცხადება: ზღვის პირას მიმწყვდეულ ერს ფარაონი უახლოვდებოდა. ფარაონის ხელში მოხვედრა უმრავლესთათვის გარდაუვალ სიკვდილს, ხოლო სხვათათვის უმძიმეს მონობას ნიშნავდა. ხალხი, რომელსაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ სჯეროდა უფლისა და ყველა წარმატებას საკუთარ თავს, ხოლო წარუმატებლობას წინამძღოლს მიაწერდა, ასეთ კრიტიკულ მომენტში კარგავს თავის ეჭვებს და მთელი გონებით, სულითა და გულით უფალს მიმართავს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადარჩენა მხოლოდ სასწაულებრივი ცვლილების შედეგად შეიძლება. ეს სასწაული მაშინ მოხდება, თუ ხალხი სულიერად გაერთიანდება და სრული სასოებით ღმერთს შეღაღადებს: "გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს" (გამ. 14:10). ეგვიპტელების ჯარი ებრაელებს გარდაუვალ განადგურებას უქადდა. მაშინ ღვთის ანგელოზი და ღრუბლოვანი სვეტი ებრაელების უკან დადგა და გზა გაუნათა, ხოლო იმავე სვეტის ძალით ეგვიპტელთათვის სიბნელე ჩამოწვა (გამ. 14:12-20,24). ეს იყო ღმერთის მიერ საკუთარი ხალხის თანადგომის სასწაულებრივი მაგალითი. აღწერილი ამბის ანალოგიას ისტორიაში ვერსად შეხვდებით, მაგრამ ეს სასწაული ებრაელი ერის ცხოვრებაში ტყუილად არ განხორციელებულა და წმინდა წერილში შემთხვევით არ იქნა უკვდავყოფილი. როდესაც ხალხმა მეწამული ზღვა გაიარა და უდაბნოში დაიწყო მოგზაურობა: "წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით. არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი" (გამ. 13:21-22). სვეტის საშუალებით ებრაელები იგებდნენ, როდის უნდა ემოძრავათ, როდის იყო საჭირო შეჩერება და კარვების დაგება: "როცა ასცილდებოდა ღრუბელი სავანეს, მაშინ დაიძრებოდნენ ხოლმე ისრაელიანები სამგზავროდ" (გამ. 40:36 და შემდეგ).

ღრუბელი, როგორც ღვთის ხილული თანადგომა, წმინდა წერილში სხვა შემთხვევებშიც გვხვდება (მაგ.: გამ. 33:9; 40:34 და შემდეგ, 38; რიცხ. 12:5; რჯლ. 31:15; ნეემ. 9:12,19; ფსალმ. 77:14; 98:74 104:39; 1 კორ. 10:1). მაგრამ მოყვანილი ეპიზოდი გამორჩეული შემთხვევა იყო. ამ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ბიბლიურ სვეტს საყრდენი დედამიწაზე არ ჰქონდა. სვეტი, ღრუბელი და ცეცხლი უფლის თანადგომაზე მეტყველებს. სვეტი სიმტკიცეს, ურყეობას, თავისი ფორმით მოვლენის მარადიულობას გამოხატავს. ამავე დროს, სვეტი სიწმინდის შარავანდედია, ღვთაებრივი ღრუბელი კი ღმერთის დიდების მაჩვენებელია, ადამიანის დამცველი და მისთვის მადლის მომტანია, ამიტომ ღრუბელი ხშირად ფარავდა როგორც სალხინებელს, ისე წმინდა კარავს.

ადამიანი და ერი სულიერი განვითარების გარკვეულ ეტაპზე ღვთის მითითებების ამოცნობას იწყებს. უფალი ყველას, ვინც "ეგვიპტიდან" ანუ ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობიდან ცდილობს გამოსვლას, გზას მიუთითებს. თუ ადამიანი მართალ გზას ადგას, ის უშუალოდ ღმერთისგან იღებს ნიშანს.

უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება: "როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო, და ასეც ხდება". უფლის სიტყვები მოწმობენ, რომ მომხდარ მოვლენებს მინიშნების მნიშვნელობა აქვს. მაგრამ თუ მზერა დაეხშო და ხალხი არ აქცევს ყურადღებას ღვთაებრივ ნიშნებს, ნიშანიც კარგავს თავის შინაარსს და ჯანსაღი თაობის მოლოდინში კვლავ დადუმდება. ადამიანები კი გაუვალ და ცდუნებით მოსილ უდაბნოში აღმოჩნდებიან.

4. შვიდი სვეტი და სვეტი ცხოველი
წარმოდგენილი მოვლენები და მაგალითები მხოლოდ ძველი აღთქმის ისტორიიდან მოყვანილი ეპიზოდებია. ამასთან, როგორც დავინახეთ, ხელთუქმნელი, ცეცხლოვანი, ცხოველი სვეტი უფლის რჩეულ ხალხსა და მათ წმინდა ადგილებს მფარველობს.

ესაია წინასწარმეტყველმა ღვთის დიდება კვამლით ან ნათელი ღრუბლით აღვსებულ ტაძარში იხილა. ესაია ბრძანებს, მოვა დრო, როდესაც ღვთის ყველა ტაძარში თავად უფალი დაიმკვიდრებსო. "მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება" (ეს. 4:5). აქ უკვე ძველი აღთქმის პერიოდი აღარ იგულისხმება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც ვხედავთ, ესაია წინასწარმეტყველი სვეტს არ ახსენებს. ცეცხლოვანი სვეტი, რომელსაც საყრდენი მიწაზე არ ჰქონდა, ებრაელ ხალხს მხოლოდ ეგვიპტის მონობიდან გამოყვანის დროს მიუძღვებოდა. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფლის თანადგომა ხალხისადმი ასეთი ხილული სახით მაშინ ვლინდება, როდესაც ერი (და არა რომელიმე კერძო პიროვნება), დიდი გასაჭირის მიუხედავად, წარმართობის ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს.

იგივე მოხდა საქართველოშიც. იბერიაში შემობრძანებულ წმინდა ნინოს ქვეყანა წარმართული სამყაროს სრულ ტყვეობაში დახვდა. მართლაც, თუ გონების თვალით გადავხედავთ მაშინდელ საქართველოს და მის გარშემო არსებულ სივრცეს, უკუნ, წარმართულ წყვდიადს დავინახავთ, სადაც ნათელ წერტილებად მხოლოდ რამდენიმე ებრაული ოჯახი გამოკრთის. ისინი იმ ხალხის შთამომავლები იყვნენ, რომლებმაც სამასი წლით ადრე მცხეთაში იესო ქრისტეს კვართი ჩამოიტანეს. ამ დროისთვის კვართთან დაკავშირებული მოვლენები თითქმის აღარავის ახსოვდა, უდიდესი სიწმინდე სათანადო დროს თავისი ძალის გამოსავლენად სიდონიას სამარხში განისვენებდა. მეფე მირიანს კი ქვეყნის გაქრისტიანებისთვის ძალა და რწმენა ესაჭიროებოდა, რისთვისაც შესაბამისი ქვაკუთხედისა და ლიბოს მოლოდინში იყო.

გავიხსენოთ ერთი ეპიზოდი მეფის ცხოვრებიდან: წმინდა კონსტანტინემ მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნაწილი, სამსჭვალნი და ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფერხნი იყო მიმსჭვალული. ეპისკოპოსმა ძვირფასი ძღვენი ერუშეთსა და მანგლისში დატოვა, მეფე მირიანთან კი ხელცარიელი დაბრუნდა. გულდაწყვეტილი მეფე წმინდა ნინომ ანუგეშა - უთხრა, რომ მის ბაღში უდიდესი სიწმინდე - უფლის კვართი და ილია წინასწარმეტყველის ხალენი ინახებოდა. მეფემ წმინდა ქალწულის მიერ მოყოლილი ამბავი ურიებს გამოჰკითხა და როდესაც მათაც დაუდასტურეს, სიხარულით აივსო და უფალი ადიდა.

ღვთის სასწაულითა და წმინდა ნინოს ლოცვით მოქცეულმა მეფე მირიანმა სამეფო ბაღში ტაძრის აშენება გადაწყვიტა. მოჭრეს ბაღში ამოსული მშვენიერი ლიბანის ნაძვები და მათგან შვიდი სვეტი გამოთალეს. "შვიდი სვეტის" ანალოგია ძველი აღთქმის იგავთა წიგნშიც გვხვდება: "სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა, გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა: მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ" (ნახეთ იგავ. 9:1-6). სვეტები აქ სილამაზის, საიმედოობისა და გონებრივი მიღწევების მიმანიშნებელია, ხოლო რიცხვი შვიდი სრულყოფილებასა და სისავსეს გულისხმობს. სწორედ ამ შინაარსის უნდა ყოფილიყო მეფე მირიანის მოწოდება ქვეყანაში და მის გარეთ მცხოვრებ წარმართთა მიმართ, რომლებიც ქრისტიანობის შინაარსს, ცხადია, თავიდანვე ვერ ჩასწვდებოდნენ. მაგრამ ამგვარი მოხმობა ვერ იტევს ცოდნასა და სულიერებას, რომლის თანაზიარიც საქართველო ქრისტიანობის შემოსვლის შედეგად უნდა გამხდარიყო. სამეფო ბაღში აღსამართავად გამზადებული ბოძები თავიანთი ბუნებით უფრო მეტია, ვიდრე იგავთა წიგნში ნახსენები სვეტები.

შეკრეს ტაძრის კედლები და თავ-თავიანთ ალაგას აღმართეს ლიბანის ნაძვებისგან გამოთლილი ექვსი ბოძი. მაგრამ ტაძრის შუაში დასადგმელად გამზადებულ მეშვიდე სვეტს, მიუხედავად ბევრი წვალებისა, ძვრა ვერ უყვეს. იგავთა წიგნის შვიდივე სვეტი სიბრძნის შინაარსის მატარებელია. ეს ერთი და მასთან ერთად დანარჩენი ექვსი სვეტი კი ახალმოქცეულ ერს მაცხოვრისკენ მიმავალ გზაზე უნდა გასძღოლოდა. ცხადია, ასეთი სვეტი კაცთა ნებას არ დაემორჩილებოდა. ეს სვეტი იმ ხელთუქმნელ სვეტთა ბუნებისაა, რომლებიც ებრაელ ერს მფარველობდნენ და რომლებსაც ხალხი წარმართობის ტყვეობიდან გამოჰყავდათ. ხელთუქმნელი სვეტი მხოლოდ ღვთის ნებით იმოქმედებდა.

აი, როგორ მოხდა ეს: მოსაღამოვდა. მრავალი წარუმატებელი ცდის შემდეგ მეფე და მისი მხლებლები სასახლეში წაბრძანდნენ. სვეტთან წმინდა ნინო და მისი მოწაფეები დარჩნენ. დაღლილობისგან მოწაფეებს მიეძინათ. მხოლოდ აბიათარ მღვდლის შვილი სიდონია ფხიზლობდა. წმინდა ნინო ხელგანპყრობილი ლოცულობდა. უეცრად მის წინაშე ნათლით შემოსილი ჭაბუკი აღიმართა. ქალწულს მან მხოლოდ სამი სიტყვა უთხრა. ქალწული თაყვანისცემის ნიშნად პირქვე დაემხო. ჭაბუკმა სვეტს ხელი მოჰკიდა და ზეცად აღამაღლა. რამდენიმე ხნის შემდეგ სვეტმა ცეცხლოვანი სვეტის სახე მიიღო, ნელ-ნელა დაეშვა, იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც ხე იყო მოკვეთილი. სვეტი, "ზე ჰაერთა საკვირველად გამოკიდებული", მიწიდან ორი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ასე მოგვითხრობს "სვეტიცხოვლის საკითხავი". ნაკლულ, მაგრამ იმავე შინაარსის ინფორმაციას გვაწვდის "ქართლის ცხოვრება", რომლის მიხედვითაც, ცეცხლის სვეტი ჩამოშვებულა და კაცთაგან ხელშეუხებლად თავისი მოჭრის ადგილას დამდგარა.

დღისით უფრო ძნელია ღვთის მინიშნების ხილვა. დღე ბურუსითაა მოსილი და მრავალი ფაქტორის გამო ადამიანის სულიერი ძალები მიმოფანტულია; ფხიზელთათვის ღამის წყვდიადში შედარებით ადვილია ღვთის ხელის ხილვა, რადგან "ბნელი ნათელს ვერ ეწია", ჭეშმარიტი ნათლის ხილვა კი მხოლოდ მხილველის უნარზეა დამოკიდებული.

5. სვეტი ახალი აღთქმისა
"იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი" (1 ტიმ. 3:15). ახალ აღქმაში ეკლესია ხასიათდება როგორც ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი. ნათელია, რომ შვიდი სვეტი, რომელთა შესახებაც იგავთა წიგნშია საუბარი, ჭეშმარიტების სვეტებად გამოუსადეგარია. ჭეშმარიტება ის ხელთუქმნელი სვეტია, რომელიც მიწიდან ორი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა და დღესაც დგას სვეტიცხოველში. ეს არის სვეტი ერის ნათლისღებისა, ექვსი სვეტი კი, რომლებმაც ტაძრის კედლები შეკრეს და თავ-თავიანთ ალაგას აღიმართნენ, ეკლესიის ექვსი საიდუმლოა: მირონცხება, ზიარება, მღვდლობა, სინანული, ქორწინება, და ზეთის კურთხევა. აქედან იწყება ახალი, სამარადჟამო ეკლესიის შენება.

ეკლესია ღმერთის სახლია, ანუ ტაძარია, სადაც უფალი სუფევს. ჩვენ არ ვიცით, ვინ იხილა წმინდა ნინომ ჭაბუკის სახით, მაგრამ სავარაუდოა, რომ ახალშობილ ქართულ ეკლესიაში გამოთლილი ბოძი ხელთუქმნელ სვეტად მაცხოვარმა გარდაქმნა. მაშინ ის სამი სიტყვა, რომელიც წმინდა ნინოს ჩაესმა, წმინდა სამება: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა - უნდა ყოფილიყო, რადგან "წმინდა სამების გარეშე არაფერი ღვთაებრივი არ ხდება".

ამას გარდა, პავლე მოციქული თავის წერილებში გვამცნობს იერუსალიმის ტაძრის სამი ჭეშმარიტი დასაყრდენის: მაცხოვრის ძმის იაკობის, პეტრესა და იოანეს - როგორც "სათაყვანებელი სვეტების" შესახებ. მოციქული ბრძანებს: "ბურჯებად (გიორგი მთაწმინდელთან - სვეტებად) მიჩნეულმა იაკობმა, კეფამ და იოანემ თანაზიარობის მარჯვენა გამოგვიწოდეს მე და ბარნაბას" (გალ. 2:9). ეს არ არის უბრალოდ მეტაფორა; ამ ხატში ქრისტიანული საზოგადოება ახალი ტიპის ერთობად, ახალ ტაძრად წარმოგვიდგება, ხოლო ეს უდიდესი მოციქულები ამ ტაძრის საყრდენები არიან.

სახარებაში მორწმუნეების ანალოგიად ის ქვაა გამოყენებული, რომლისგანაც ტაძარი შენდება: "როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს" (1 პეტ. 2:5). შემდეგ ეს აზრი ძლიერდება და ქრისტიანობა წარმოგვიდგება საზოგადოებად, რომლის ყოველი წევრი თავად შეიძლება სვეტად აღიმართოს: "მძლეველს სვეტად აღვმართავ ჩემი ღვთის ტაძარში, და აღარ გავა გარეთ; და დავაწერ მას სახელს ჩემი ღვთისას, სახელს ჩემი ღვთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, ზეცით რომ ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს" (გამოცხ. 3:12).

***
ჩნდება კითხვა: მაინცდამაინც მცხეთაში რატომ დამკვიდრდა სვეტი ცხოველი?

მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოყვანის მერე არაერთი სასწაული მოხდა, ხოლო მაცხოვრის მობრძანების შემდეგ მრავალი ქვეყანა და ხალხი გაქრისტიანდა, ასეთი მოვლენა არც ერთი ერის ისტორიაში აღარ დაფიქსირებულა.

გავიხსენოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც მცხეთასა და ჩვენი თანამემამულე ებრაელების ცხოვრებასთან არის დაკავშირებული: იერუსალიმში იესოს ჯვარცმისას საქართველოდანაც ჩავიდნენ ურიები - ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა ელი მღვდელმთავრის ტომიდან იყო. სწორედ მან გააფრთხილა ვაჟები, უფლის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ამასვე ევედრებოდა ელიოზს და სიდონია. მაცხოვრის ჯვარცმისას ლურსმნების დაჭედების ხმა თურმე მცხეთაში მოესმა ელიოზის დედას. წამოუძახებია: "მშვიდობით, მეფობავ ისრაელთა, რამეთუ უგუნურებით მოკალით უფალი და მაცხოვარი ყოველთა!" ქალს მწუხარებით იქვე დაულევია სული. უფლის კვართი ელიოზმა მცხეთაში წამოიღო. მცხეთის კარიბჭესთან სიდონია მას ტირილით შეგებებია, მკერდში ჩაუკრავს "ყოველთა სასურველი კვართი მხსნელისა" და "თავისი დედის ძილით მიუძინებია".

როგორც ვხედავთ, როდესაც ებრაელებმა ახალი აღთქმა უარყვეს და მაცხოვარი ჯვარს აცვეს, მათგან გამორჩეულებმა ღვთის ნებითა და თავიანთი სურვილით მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს და ებრაელი ქალის სიდონიას ნეშტთან ერთად მცხეთის მიწას მიაბარეს.

მაცხოვრის კვართი ჭეშმარიტად ხელთუქმნელია, რადგან მაცხოვრის ბავშვობაში მოქსოვილი მასთან ერთად იზრდებოდა. კვართს მიწიერი ბუნება რომ ჰქონოდა, ასეთი ძალა არ ექნებოდა.

არც ის მოხდებოდა, რასაც წმინდა გადმოცემა შემდგომი მოვლენების შესახებ გვაუწყებს: "მიცვალებული სიდონია მეფე ადერკს უნახავს და კვართი მოსწონებია. ბევრს ცდილან, მიცვალებულისთვის კვართი გამოერთმიათ, მაგრამ ამაოდ. ბოლოს კვართითვე ლიბანის ნაძვებთან დაუკრძალავთ. რამდენიმე წლის შემდეგ ადერკის შვილიშვილს, მეფე არმაზელს მოუნდომებია სიდონიას საფლავის გათხრა და კვართის პოვნა, მაგრამ ამის გამო ღვთისგან სასჯელი მიუღია - უეცრად დაბრმავებულა". შემდგომში ვერც აბულ ყასიმი, ვერც შაჰ-თამაზი, ვერც შაჰ-აბასი და ვერც სხვა ურწმუნო დამპყრობელი მრავალი მცდელობის მიუხედავად კვართს ვერ შეხებია. უფლის კვართი დაკრძალვის შემდეგ აღარავის უხილავს. თუმცა დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ შესაძლოა უფლის კვართი უწმინდურებმა საქართველოდან რუსეთში გადააბრძანეს. მაცხოვრის კვართის მიმართ განხორციელებულ ყოველგვარ მკრეხელურ ქმედებასა თუ მოსაზრებასთან დაკავშირებით კი პავლე მოციქულის მასწავლებლის, გამალიელის სიტყვები გვინდა გავიხსენოთ: "თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ" (საქ. 5:38-39). ქართველებს ყოველთვის სწამდათ, რომ მაცხოვრის კვართი სწორედ სვეტის ამაღლების ადგილას იყო დაფლული, ხოლო თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა, ღვთისგან განისწავლებოდა.

***
მცხეთაში მაცხოვრის კვართი და სვეტი ცხოველი დროს ელიან. კვართი ქართულ მიწაშია დაფლული, ხოლო სვეტი ორი წყრთით არის მიწიდან ამაღლებული. ერთიც და მეორეც კაცთათვის ხელშეუხებელი და უხილავია. გავიხსენოთ: სანამ წმინდა ნინოს მოსწავლეებს არ ჩაეძინათ (მხოლოდ აბიათარ მღვდლის ქალიშვილი სიდონია ფხიზლობდა) და ღვთისმშობლის რჩეულმა ლოცვა არ აღავლინა, უსიცოცხლო ბოძი მიწაზე იდო და დროს ელოდა. დრო წმინდა ნინოს მხურვალე ლოცვით მოახლოვდა, რის შემდეგაც უფლის ნებით ბოძი ცხოველ ცეცხლოვან სვეტად მოევლინა გაქრისტიანებისთვის განმზადებულ ქართულ მიწას.

მცხეთის მიწაში ებრაელი ხალხის ჩამოტანილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი მაცხოვრის კვართი ებრაელ ქალს უპყრია ხელთ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, კვართი მას ხელიდან ვერ გამოართვეს. რას უნდა მიგვანიშნებდეს ეს უპრეცედენტო ფაქტი, რომელშიც ებრაელი ხალხი, მაცხოვრის შესამოსელი და სვეტი ცხოველი ერთად წარმოგვიდგება? იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სიდონიას ებრაელი ხალხის იესო ქრისტეს კვართით შემოსვა მოუსურვებია. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ალბათ პავლე მოციქულის სიტყვები გაგვახსენდება: "რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: "მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს" (რომ. 11:25-27).

ეს დრო დადგება, კვართისა და სვეტიცხოვლის საიდუმლოც სწორედ მაშინ განცხადდება. და ეს მოხდება ქართულ მიწაზე, ქალაქ მცხეთაში.
ბეჭდვაელფოსტა
15.10. 2017
ლევანი
ნათლობა არ გამორჩენიათ, სვეტი ცხოველი ნათლისღებად არის დაწერილი და დანარჩენი 6 სვეტი კი ეკლესიის 6 საიდუმლოდ, ე. ი. სულ 7 საიდუმლო.
29.06. 2017
ნანა
ეკლესიის შვიდი საიუდუმლოა, ნათლობა გამოგრჩათ
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat