რას ნიშნავს ეკუმენიზმი
ბოლო ხანებში ბევრს წერენ და ქადაგებენ ეკუმენისტურ გაერთიანებებზე, ეკუმენისტურ ღვთისმეტყველებაზე, ეკუმენისტურ შეხვედრებზე და ა.შ.
თუმცა ბევრმა, მათ შორის მრევლის ნაწილმაც, არ იცის, თუ რას ნიშნავს ეკუმენიზმი, რას ისახავს მიზნად ეს მოძრაობა და რა დამოკიდებულება უნდა იქონიოს მართლმორწმუნე ქრისტიანმა მასთან. გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.
- ვიდრე "თანამედროვე ეკუმენიზმის" - ეკუმენისტური მოძრაობის შესახებ ვისაუბრებთ, განვმარტოთ, რას ნიშნავს ეკუმენიზმი. იგი წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან "ოიკუმენი" - ნიშნავს "მსოფლიოს", "საყოველთაოს", იმას, რაც დედამიწასა და მის მკვიდრთ ეხება. წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიას ბერძნულად ასევე ეწოდება ეკუმენური და არსებითად ასეთიცაა, რამეთუ მისმა დამფუძნებელმა, განკაცებულმა უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა, რომ იგი მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო.
თანამედროვე ტერმინი "ეკუმენიზმი" შემოიტანა მასონთა ცნობილმა ლიდერმა ჯონ მოტმა. ეს მოხდა "საერთაშორისო მისიონერული საბჭოს" კონფერენციაზე, რომელიც 1910 წელს მისივე თავმჯდომარეობით შედგა ედინბურგში - შოტლანდიაში. სწორედ იმ დროს დაედო სათავე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელსაც "მსოფლიო მოძრაობის" პრეტენზია აქვს, მაგრამ იგი მსოფლიო ერთიანობას, ერთობას ჭეშმარიტი სარწმუნოების წიაღში მართლმადიდებლობისაგან განდგომილი კონფესიების მექანიკური შეერთებით ცვლის. ეკუმენისტურ მოძრაობას, მის საქმიანობას წარმართავს 1948 წელს ამსტერდამის ასამბლეაზე შექმნილი "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო" (ე.მ.ს.), რომლის ცენტრიც ჟენევაშია.
"თანამედროვე ეკუმენისტები" ეკუმენიზმს უწოდებენ "ჩვენს დროში სულიწმინდის მოძრაობას" და მიაჩნიათ, რომ შეიძლება ახლებურად ლაპარაკი ღმერთზე, იესო ქრისტეს საიდუმლოებებსა და წმინდა ეკლესიაზე. არაფრად აგდებენ მართლმადიდებლურ დოგმატებს, კანონებს და წმინდა გადმოცემებს.
- ე.ი. "თანამედროვე ეკუმენიზმის" ანუ ე.წ. ჟენევის ეკუმენიზმის გარდა არსებობს ჭეშმარიტი - მართლმადიდებლური, სახარებისეული ეკუმენიზმიც.
- ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ეკუმენიზმი, რომელიც დღემდე არსებობს და მარად იარსებებს, ჟენევის "ეკუმენიზმის" გაჩენამდე კარგა ხნით ადრე წარმოიშვა. ესაა ეკუმენიზმი ანუ მსოფლიო საყოველთაობა წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელიც დააარსა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რათა მისი მეშვეობით მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო მის მიერ განცხადებული ჭეშმარიტება და აღსრულებულიყო ადამიანთა ცხონება. ჭეშმარიტად ეკუმენური ეკლესია ყოველთვის ისწრაფოდა და დღესაც ისწრაფვის სულიერი ერთობის, გაერთიანებისაკენ, მაგრამ ჭეშმარიტების - მართლმადიდებლობის, ჭეშმარიტი სარწმუნოების წიაღში, რასაც ჟენევის ეკუმენიზმი მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობათა გაერთიანების, სულიერი ერთობის მცდელობით ცვლის. ამიტომაცაა თანამედროვე ეკუმენიზმი სრულიად ახალი მოვლენა და მიუღებელი ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის.
ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი გაგებით ნამდვილი ეკუმენისტები ვართ, როგორც წევრები "ერთი წმინდა კათოლიკე (საყოველთაო) სამოციქულო ეკლესიისა", რომელსაც დაარსების დღიდანვე "მსოფლიო" (ეკუმენური) ეწოდება! მართლმადიდებლობის უპირატესობა სწორედ ისაა, რომ იგი ერთადერთია ყველა ქრისტიანულ აღმსარებლობას შორის, რომელიც ყოველთვის სწორად ასწავლიდა და ასწავლის ღმერთის, ქრისტეს, მისი ეკლესიისა და ყველა საღმრთო საიდუმლოს შესახებ. დასაბამიდან მართლმადიდებლური სარწმუნოება უცვლელად ინახავს ღვთივგამოცხადებულ სწავლებას და წმინდა გადმოცემას. ევანსტონის 1954 წლის ეკუმენისტური ასამბლეის მართლმადიდებელ მონაწილეთა დეკლარაციაში კარგადაა ნათქვამი, რომ "ერთადერთმა წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინახა სავსებით და შეურყვნელად სარწმუნოება. და ეს ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს სურს დაიცვას "საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაითა გარდარეული იგი ძლიერებისაი იყოს ღმერთისაი და არა ჩვენგან" (2 კორ. 4,7).
ჟენევის ეკუმენიზმსა და ჭეშმარიტად ეკუმენური (საყოველთაო) მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულებებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ იგი აშკარაა თვით საღმრთისმეტყველო საკითხებში გაუთვითცნობიერებელი ქრისტიანებისთვისაც და ეს განსხვავება მასში ეკუმენისტური მოძრაობისადმი სამართლიან უნდობლობას იწვევს. ახლანდელი ეკუმენიზმი ძველისძველ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შორდება და უცხო აღმსარებლობებს უახლოვდება, რომლებიც, იობის მეგობრების მსგავსად, არ ამბობენ სიმართლეს.
ახლანდელი ეკუმენისტური მოძრაობა "საყოველთაოს" ცნებაში სულ სხვა, ძველი დროისთვის უცნობ შინაარსს დებს. წმინდა მამებისეული ცნება მსოფლიო ეკლესიისა (ხარისხობრივის მნიშვნელობით) გულისხმობს ჭეშმარიტების დამცველ, უცდომელ მართლმადიდებელ ეკლესიას. მისგან განსხვავებით "ეკუმენისტური მოძრაობა" რიცხობრიობის მნიშვნელობით აერთიანებს "ეკლესიებად" წოდებულ რელიგიურ საზოგადოებებს, რომლებიც სხვადასხვა ქრისტიანული აღმსარებლობისგან არიან შეკოწიწებულნი, რომლებშიც ჭეშმარიტება და სიცრუე გვერდიგვერდ არსებობენ.
დოქტორი ფილიპ პოტერი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი, აფართოებს "ეკუმენისტურის" ცნებას და ამტიცებს, რომ იგი მხოლოდ "ეკლესიების" დაახლოებასა და ურთიერთობას კი არ გულისხმობს, არამედ მთელი "დასახლებული მიწის ერთობლიობას". როგორც ფილიპ პოტერი ასკვნის, "ეკუმენისტური მოძრაობა ყველგან ჩნდება, სადაც ქრისტიანები და სხვა ადამიანები ასე თუ ისე ცდილობენ კაცობრიობის ერთიანობას ემსახურონ". აქედან ცხადია, რომ ეკუმენიზმის საბოლოო მიზანი ე.წ. "ეკლესიების" ერთიანობა კი არაა, თუნდაც ეკუმენისტური გაგებით, არამედ კაცობრიობის რაღაც დაგეგმილი გაერთიანება... ეკუმენისტები "საყოველთაოს" ცნებას ხშირად ანიჭებენ გეოგრაფიულ გაგებას: "ვერავითარ ეკლესიას ვერ ექნება საყოველთაოს პრეტენზია, თუ ჩვენს საპლანეტო საუკუნეში პროვინციული დარჩება", - წერს ერთ-ერთი ეკუმენისტური ჟურნალი. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა მაიკლ მერმა შეკითხვას, როგორ გესმით ეკლესიის ერთიანობაო, უპასუხა: - იგი ერთიანია, როგორც უხილავი ეკლესიაო. ხოლო როდესაც ჰკითხეს, ვინ ეკუთვნის ამ უხილავ ეკლესიასო, მტკიცედ განაცხადა, - ყველა ქრისტიანიო; ანუ ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიაში რთავენ ყველა დენომინაციას, სექტასა და დაჯგუფებას, რომლებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ კარგა ხნის წინ განკვეთა ქრისტეს ჭეშმარიტებისაგან მწვალებლური გადახვევების გამო.
მიტროპოლიტ ფილარეტის "ვრცელ ქრისტიანულ კატეხიზმოში" ნათქვამია, რომ ეკლესია არის საყოველთაო ანუ კათოლიკე, რამეთუ იგი არ არის შემოსაზღვრული არც ადგილით, არც დროით, არც ეროვნებით, არამედ თავის თავში შეიცავს ყველა ადგილის, დროისა და ეროვნების ჭეშმარიტ მორწმუნეებს.
წმინდა პავლე მოციქული, რომელმაც პირველმა უწოდა ეკლესიას "ხორცი ქრისტესი" (I კორ. 12,27), ხოლო ქრისტეს - "თავი ეკლესიისა" (ეფეს. 1,22) და რომელსაც მშვენივრად ესმოდა მისი უხილავი, მისტიკური არსი (ეფეს. 5,32), არსად უწოდებს მას უხილავ ეკლესიას, არამედ ყველგან ლაპარაკობს ეკლესიაზე, როგორც ხილულ სიდიდეზე - კრებულზე, რომელშიც ცხონდებიან ქრისტეს მორწმუნენი, როგორც მართალნი, ასევე ცოდვილნი, სადაც არსებობს ხილული იერარქია, სრულდება ხილული მაცხოვნებელი საიდუმლოებანი, რომელთა მეშვეობითაც ღმერთის უხილავი მადლის მიღების ღირსნი ვხდებით უხილავ ღმერთთან ერთობისა და თანაზიარებისთვის.
- თავდაპირველად ეკუმენისტური მოძრაობის მიზანი იყო მხოლოდ ქრისტიანულ მიმდინარეობათა სულიერი გაერთიანება. XX საუკუნის II ნახევრიდან კი გადაიქცა პანეკუმენისტურ ანუ საერთორელიგიურ მოძრაობად, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოში (ეკუმენა) არსებულ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ რელიგიათა გასაერთიანებლად. საერთორელიგიური ეკუმენიზმის მრწამსის თანახმად, ადამიანთა ცხონება უნდა მოხდეს სხვადასხვა გზით, მათი რწმენის შესაბამისად, რადგან მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტება მეტ-ნაკლებად ყველა რელიგიაშია და ცხონება ყველგან არის შესაძლებელი. ე.ი. ეკუმენისტური მოძღვრებით, ყველა რელიგია - როგორც ქრისტიანული, ასევე არაქრისტიანული - ამა თუ იმ ზომით ღვთივგამოცხადებულია და თითოეულში არსებობს მაცხოვნებელი ღვთის მადლი. არადა ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქრისტიანული და არაქრისტიანული მიმდინარეობები სრულიად შეუთავსებელი არიან. რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?
- ჯერ კიდევ 1938 წელს ეკუმენიზმის ერთ-ერთმა მოღვაწემ, პოლ ანდერსონმა განაცხადა, - "ჩვენ იმდენად შეზღუდულები როდი ვართ, მხოლოდ სხვადასხვა აღმსარებლობის ქრისტიანთა გაერთიანებას რომ ვესწრაფოდეთ. ჩვენ ახლა ერთი ღმერთის იდეის გარშემო ვერთიანდებით, ამიტომ ეკუმენიზმში შევლენ იუდეველები, მაჰმადიანები და სხვები". ამსტერდამის ასამბლეაზე მიღებულ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს კონსტიტუციაში ეკლესიის წინაშე დასახულ ამოცანათა შორის ერთ-ერთი - მსოფლიო აღმსარებლობებთან და სხვა ეკუმენისტურ მოძრაობებთან კავშირის დამყარებაც იყო. უფსალის IV ასამბლეაზე კიდევ უფრო ნათლად ითქვა, აუცილებელია თანამშრომლობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთანო.
მსოფლიოში არსებული არაქრისტიანული რელიგიები თავისებურად გადმოსცემენ ადამიანთა ტკივილს და გვთავაზობენ თავიანთ გზებს ანუ მოძღვრებებსა და ცხოვრების წესებს, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, არ იცნობენ ან უარყოფენ იესო ქრისტეს, რომელიც არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოანე 14,6). ამ ჭეშმარიტების მიუხედავად, აწ განსვენებულმა პაპმა იოანე-პავლე II-მ 1986 წლის 26 თებერვალს ყველა ქრისტიანს, იუდეველსა და მაჰმადიანს მოუწოდა ერთი ღმერთის გარშემო გაერთიანებისაკენ. მან 1986 წლის 27 ოქტომბერს ასიზში (იტალია) მიიწვია მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიის 150 წარმომადგენელი საყოველთაო მშვიდობისთვის ერთობლივად ლოცვისთვის. მართლაც, იტალიაში თავი მოიყარეს დედამიწის ზურგზე არსებული თითქმის ყველა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლებმა, თვით აშკარად სატანის მსახურმა აფრიკისა და ამერიკის ინდიელთა ტომების წარმომადგენლებმა. ამ ჯგუფის ერთობლივი ლოცვა ასიზის სანტა-მარია დელ ანჯელის ქრისტიანულ ბაზილიკაში ჩატარდა. შეკრებაზე ბუდისტები და ველური კერპთაყვანისმცემელი ტომების ბელადები თავ-თავიანთ შესამოსელში გამოწყობილები ჩამოვიდნენ: "მშვიდობა დედამიწაზე უნდა დამყარდეს მანამ, სანამ მას ჩვენს გულებში მოვიპოვებთ", - განაცხადა ერთ-ერთმა ბელადმა, რითაც გამოხატა თავისი რელიგიის სრული დაპირისპირება ქრისტიანობისადმი. როგორც მოგახსენეთ, ქრისტეს, ადამიანთა ცხონებისთვის დედამიწაზე ჩამოსულ განკაცებულ უფალს, ყველა არაქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობა უარყოფს.
ქრისტეს გარეშე კი ცხონების, მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვება შეუძლებელია: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტებაი და ცხორებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემს მიერ", - ბრძანებს მაცხოვარი იოანეს სახარების თანახმად. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის, მის მიერ ნაქადაგები სარწმუნოებისა და მოცემულ მცნებათა ზუსტი, შეუცვლელი დაცვა-აღსრულების გარეშე ადამიანი ჭეშმარიტ ღმერთს ვერ მიუახლოვდება, ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. ქრისტეს მიერ მოცემულ მცნებებს და სარწმუნოებას უცვლელად მხოლოდ მართლმადიდებლობა იცავს. გამოდის, რომ სულის ცხონება არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ მიმდინარეობათა მეშვეობითაც შეუძლებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არ უარყოფენ იესო ქრისტეს, არც ერთ მათგანს არ სწამს ისე, როგორი სახით რწმენასაც მოითხოვს უფალი. თუკი ის ქრისტიანული მიმდინარეობები, რომლებიც აშკარად არ უარყოფენ იესო ქრისტეს, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლა- მოძღვრებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, "წმინდა წერილის" არასწორი განმარტების გამო თავიანთ თავს განაყენებენ ჭეშმარიტებისგან და მწვალებლობის გზით მიდიან, ვერ მოახერხებენ ადამიანთა ცხონებას, ჭეშმარიტ ღმერთამდე მიყვანას, მით უფრო ვერ შეძლებენ ამას არაქრისტიანული რელიგიური მიმდინარეობები. ისინი ხომ პირდაპირ უარყოფენ კაცობრიობის მხსნელს, განკაცებულ უფალს, იესო ქრისტეს. აქედან გამომდინარე, მათ შორის სულიერი ერთობის მოღწევაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამდენად, საერთორელიგიური ეკუმენისტური მრწამსი, მიზანი თვალნათლივ ადასტურებს ეკუმენისტური მოძრაობის ცდომილებას. საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ არც ცალკეულ არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ მიმდინარეობებს, არც ეკუმენისტურ თუ პანეკუმენისტურ მოძრაობებს არ შესწევთ ძალა ადამიანის სულის ცხონებისა. ეს მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოების მეშვეობითაა შესაძლებელი...
IV საუკუნის მამის, წმინდა ათანასე დიდის სარწმუნოების სიმბოლოში ვკითხულობთ: "თუ ვინმეს ცხონება სურს, პირველ ყოვლისა, საყოველთაო მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა დაიცვას, ხოლო თუ კაცი მას უვნებლად და განუხრწნელად არ ინახავს, საუკუნო წარწყმედა ელის!" საიდუმლოთა მცნობელი წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვიბრძანებს, არაფერი შევცვალოთ იქიდან, რაც თავიდან მივიღეთ ანუ არც გამოვაკლოთ და არც მივუმატოთ რაიმე იმას, რაც სულიწმინდის მიერ მოგვეცა (გამოც. 22,18-19), თორემ მოვაკლდებით ქრისტესმიერ ცხოვრებას. იგივე იოანე მოციქული გვაფრთხილებს: "რომელი მოვიდეს თქვენდა და ესე მოძღვრებაი არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქვენთა და "გიხაროდენ" ნუ ეტყვი მას..." (2 იოანე, 1,10-11), და კიდევ: "თქვენ უკუე, რომელი იგი გესმა პირველთაგან, თქვენ თანა ეგენ. უკუეთუ თქვენ თანა ეგოს, რომელი იგი გესმათ პირველთაგან და თქვენცა ძისა თანა და მამისა თანა ეგნეთ" (I იოანე 2,24). ამრიგად რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც არ იმარხავს ღვთივგამოცხადებულ სწავლებას, იესო ქრისტესგან წმინდა მოციქულთა მეშვეობით გამოცხადებულს, ის უცხოა ღმრთაებრივი და ცხოველმყოფელი სამებისთვის და საუკუნო წარწყმედა ელის.
როდესაც ეკუმენიზმისა და მისი დამღუპველი გავლენის საკითხს გამოვიკვლევთ, უამრავ მნიშვნელოვან მიზეზს აღმოვაჩენთ, რომლებიც მართლმადიდებლებს ეკუმენიზმის თანაგრძნობისა და მასში მონაწილეობის არავითარ უფლებას არ აძლევს. ჩვენ ეს მიზეზები უნდა გავუზიაროთ ყველას, ვისაც გულწრფელად სწამს ღმერთი და სურს მოიპოვოს საუკუნო ცხოვრება იესო ქრისტეს მიერ, წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთობით. "ჩვენ არ გვაეჭვებს ჭეშმარიტება და არ ვეწინააღმდეგებით მას, არამედ ერთი და იმავე სარწმუნოებითა და ჩვენი თავდაპირველი სარწმუნოების ბეჭდით ვართ დაცულნი. რამეთუ ისე არაფერი განაწყობს ადამიანებს თანამოაზრეობისათვის, როგორც თანხმობა ღმერთის შესახებ სწავლებაში და არაფერი ქმნის ისეთ განხეთქილებას, როგორც ამ სწავლებაში შეუთანხმებლობა", - ბრძანებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. მაშინ როგორღა მოიპოვებენ ურთიერთთანხმობასა და სულიერ სიახლოვეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაერთიანებულ რელიგიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლები, თითოეულ მათგანს ხომ თავ-თავისი ურთიერთგამომრიცხავი სწავლა-მოძღვრება აქვთ და ცხადია, მათი მოძღვრებები არ თანხვდებიან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ სწავლებაში.
ქრისტეს ეკლესია მთელი მსოფლიოსთვის განკუთვნილი ჭეშმარიტების მატარებელი და, შესაბამისად, საყოველთაოა დაარსების დღიდან, როდესაც სულ 120 კაცისგან შედგებოდა (საქ. 1,16) და 12 მოციქული ედგა სათავეში. უფალმა მათ დიდი მისია დააკისრა - მთელ მსოფლიოში გაევრცელებინათ ქრისტეს ჭეშმარიტება: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა" (მათე 28,19). ამ ჭეშმარიტი სარწმუნოების მთელ მსოფლიოში გავრცელება ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები: "ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი" (ფს. 18,5). ეს წინასწარმეტყველება მწვალებლებსა და ცრუმოძღვრებებს არ ეხება, აქ ლაპარაკია მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, რადგან იგი ერთადერთია, რომელიც ყოველგვარი დამახინჯების გარეშე ქადაგებს ღვთივგამოცხადებულ, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებას.
"საყოველთაობისა" და "მართლმადიდებლობის" ცნებები ჯერ კიდევ ადრექრისტიანული დროიდან იყო ერთმანეთთან გაიგივებული და იმ დღიდან წმინდა ეკლესია "მსოფლიო სარწმუნოებაში" "მართლმადიდებელ სარწმუნოებას" გულისხმობს. ბერძენი ღვთისმეტყველი, პროფესორი ანასტასიუ წერს: "ის, რაც მსოფლიო (ეკუნიკონ) იყო, იყო მართლმადიდებლურიც (ორთოდოქსონ). ის, ვინც არ იყო მართლმადიდებელი, განიკვეთებოდა მსოფლიო ანუ საყოველთაო ეკლესიისგან და მისგან უარყოფილად ითვლებოდა".
მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველგან და ყოველთვის - უწინაც და დღესაც - ერთიანად მიიჩნევენ თავს სწორედ ერთი სარწმუნოების გამო, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული. იოანე ოქროპირის თქმით: "ეკლესია არის სამყაროს სვეტი", იგი მსოფლიოა (საყოველთაოა), რამეთუ იცავს ჭეშმარიტებას, რომელიც არის და უნდა იყოს საყოველთაო (მსოფლიო).
- რას გვეტყვით ერთობლივი ლოცვის პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც აღევლინება ეკუმენისტური შეხვედრების დროს? რა დამოკიდებულება უნდა იქონიოს მართლმორწმუნე ქრისტიანმა ერთობლივი ლოცვის მიმართ? რას გვაუწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა წერილი?
- წმინდა წერილის თანახმად, ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრებს ეკრძალებათ სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან ერთად ლოცვა და რელიგიური კონტაქტები: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ. 3,10), და კიდევ: "გლოცავ თქვენ, ძმანო, ეკრძალებოდეთ მათგან, რომელი-იგი წვალებასა და საცთურებას იქმან გარეშე მის მოძღვრებისა, რომელნი თქვენ გასწავიეს, და განეშორეთ მათგან" (რომ. 16,17). "განეშორეთო", ბრძანებს პავლე მოციქული და არა "დაუახლოვდითო". ეკუმენიზმი კი სწორედ მწვალებლური მიმდინარეობებისა და მართლმადიდებლური სარწმუნოების წარმომადგენლების დაახლოებას ცდილობს. ეკუმენისტებს შორის უკვე გაისმის საუბარი "ინტერკომუნიონზე" ანუ სხვადასხვა აღმსარებლობის, რელიგიურ საზოგადოებათა საიდუმლოებისმიერ ერთობაზე, მაგალითად, უკვე ეზიარებიან ძველ კათოლიკეებთან და მეთოდისტებთან ერთად, რომლებიც ლიბერალურად უყურებენ ხილულ ეკლესიას. 1963 წლიდან ანგლიკანებს სრული ლიტურგიკული ერთობა აქვთ ფილიპინების დამოუკიდებელ ეკლესიასთან. 1965 წლიდან ამ კავშირს ძველი კათოლიკური ეკლესიაც შეუერთდა.
მსგავსი მკრეხელური ქმედებები ეწინააღმდეგება საღმრთო წერილს, მართლმადიდებლურ მოძღვრებას ეკლესიის, როგორც ქრისტეს ერთიანი სხეულის შესახებ, წმინდა კანონებს და წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საუკუნოვან პრაქტიკას: "ძველი ეკლესია უფლის ტრაპეზს მხოლოდ მათთან იყოფდა, ვინც სრულ ერთობაში იყო ეკლესიასთან სარწმუნოებისა და კანონიკური წყობის საფუძველზე". მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო კრებების მიერ მიღებული, დასაბუთებული გადაწყვეტილებების თანახმად, გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი მწვალებლებთან - არიანელებთან, ნესტორიანელებთან, მონოფიზიტებთან, ხატმებრძოლებთან და ა.შ. დღეს კი ეკუმენიზმი შეიწყნარებს ამ და კიდევ მრავალ სხვა მწვალებლობას და მოითხოვს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ლოცვით ერთობაში შევიდეს მათთან, არადა ლოცვის ერთიანობა, ერთობლივი ლოცვა ნიშნავს სარწმუნოებრივ ერთობას, ერთი სარწმუნოებისა და ერთი სასოების გამოხატულებას, რაც არ არსებობს ეკუმენისტურ წიაღში გაერთიანებულ რელიგიურ მიმდინარეობათა შორის, რომელთა სწავლა-მოძღვრებები მხოლოდ სიცრუეზეა აგებული. "სიცრუის მამა" კი არის კაცობრიობის მტერი ეშმაკი.
- გამოდის, რომ ეკუმენისტური ერთობლივი ლოცვის დროს ერთობის მიღწევა ხდება არა ჭეშმარიტებაში, არამედ სიცრუეში. ამდენად, თუკი მართლმადიდებელი ეკუმენიზმის მომხრეა, მით უმეტეს, ეკუმენისტურ თანალოცვაში მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ სწორი სარწმუნოების მიმდევარია, სულს დაიღუპავს. მას მხოლოდ გულწრფელი სინანული თუ განაშორებს სამუდამო სატანჯველისაგან.
- ეკუმენიზმი ერთიანად დამღუპველია მართლმადიდებლებისთვისაც და არამართლმადიდებლებისთვისაც. არამართლმადიდებლები ეკუმენიზმის გზით ვერასოდეს ეზიარებიან ჭეშმარიტებას, მართლმადიდებლები კი განეშორებიან მას და სულს წარიწყმედენ. VII მსოფლიო საეკლესიო კრების საქმეებში წერია: "ვინც მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტებას იპოვის, კვლავ განაგრძობს რაღაცის ძიებას, სიცრუეს დაეძებს. სიცრუის პოვნა კი სადამდეც მიგვიყვანს, ადვილი მისახვედრია. თანაც თუკი მართლმადიდებელი სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან დაამყარებს რელიგიურ კონტაქტებს, არა მხოლოდ საკუთარ თავს, მათი სულის დაღუპვასაც შეუწყობს ხელს, რადგან არც კი შეახსენებს, რომ ცდომილებაში არიან და არ მოუწოდებს დაუბრუნდნენ ჭეშმარიტი მაცხოვნებელი სარწმუნოების წიაღს. ბრძნულად შენიშნავს წმინდა კვიპრიანე კართაგენელი, რომ "მწვალებლები არასოდეს მოვლენ ეკლესიაში, თუკი ჩვენ განვუმტკიცებთ რწმენას, თითქოს მათ თავიანთი ეკლესია და საიდუმლოებები ჰქონდეთ".
- თუკი მართლმადიდებლური სარწმუნოება ასე მკაცრად უდგება ეკუმენისტურ მოძრაობას, საინტერესოა, რატომ იყო ზოგიერთი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის საქართველოსი, გაერთიანებული ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში გაწევრიანებას ძალზე განიცდიდა ქართველი მორწმუნე საზოგადოება. ეს ხომ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც საქართველოში საერთოდ იდევნებოდა რელიგია - 1979 წელს. საბედნიეროდ, ღვთის წყალობითა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გადაწყდა, რომ საქართველოს ეკლესიას დაეტოვებინა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. ეკუმენისტურ მოძრაობას ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც გამოეთიშა. იმედია, მათ მაგალითს სხვა ქვეყნების მართლმადიდებელი ეკლესიებიც მიბაძავენ. ზოგიერთ მათგანს დაწყებული აქვს სერიოზული მოძრაობა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლის თაობაზე. მათ შეკრებაზე არც თავიანთ წარმომადგენლებს გზავნიან.