ჭირსა თუ ლხინში, შრომისა თუ დასვენების ჟამს ქართველ კაცს განუშორებლად თან ახლდა სიმღერა. სიმღერით იბადებოდა და წუთისოფელსაც სიმღერითვე ეთხოვებოდა, სიმღერით ეგებებოდა სამზეოს მოვლენილ სიცოცხლეს, სიმღერით ამარცხებდა მტერს და გამარჯვებული შინ სიმღერითვე ბრუნდებოდა.
ხშირად სრულებით არ ემღერებოდა, მაგრამ მაინც მღეროდა... სიმღერა ამხნევებდა, სიცოცხლის ხალისს, გამარჯვების იმედს უბრუნებდა ბრძოლითა და შრომით დამაშვრალ მეომარსა თუ გუთნისდედას, მალამოსავით ესალბუნებოდა შეყვარებული ახალგაზრდის სათუთ სულს...
წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობდა, თუ ადამიანი თავის ცხოვრებას სიმღერად აქცევს, უფრო ახლოს იქნებაო სიცოცხლესთან.
ყველასთვის საყვარელი პოეტისა და მომღერლის, ნაადრევად გარდაცვლილი მშვენიერი ქალბატონის ინოლა გურგულიას სიმღერებს რომ ვუსმენ, უნებლიეთ ბავშვობის სანუკვარი ხანა მაგონდება - ჩემმა თაობამ ხომ ამ სიმღერებით აიდგა ენა, ამ ანკარა, სულში ჩამწვდომი ჰანგების მეშვეობით ეზიარა ფიქრს სილამაზეზე, სიკეთეზე და იმაზე, რომ "პირველად იყო სიმღერა"...
ქალბატონი ინოლას ცხოვრება ბულბულის ტკბილხმოვან გალობას ჰგავდა. იგი უგალობდა ზენაარის, სამშობლოს, ადამიანების სიყვარულს, სიყვარულს ყოველივე იმისა, რაც გადაარჩენს და უკვდავყოფს ადამიანის სულს. გარდაცვალების წინ უთქვამს: "იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყოო"... მისი ჰანგები დღესაც იდუმალი ძალით გვანუგეშებენ, ლმობიერებით გვავსებენ, მიტევებისთვის, ურთიერთდანდობისთვის განგვაწყობენ.
ინოლა გურგულიას სიცოცხლე მის შვილებსა და შვილიშვილებში გრძელდება. მუსიკის ნიჭი ყველას გამოჰყვა.
ჟურნალის სტუმარია ქალბატონი ინოლას ვაჟი დავით შუღლიაშვილი, ანჩისხატის სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდის წევრი. დათო ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალურ აუდიო-ვიზუალურ ცენტრში მუშაობს. ჩვენი საუბარიც სწორედ იქ შედგა.
- სიმღერის სიყვარულს ოჯახში ვეზიარე. მამა პროფესიით მუსიკოსია. დედა მუსიკოსი არ ყოფილა, მაგრამ მისთვის სიმღერა უახლოესი და უსაყვარლესი სფერო გახლდათ.
აღარც კი მახსოვს, პირველად როდის ავმღერდი. თავისთავად ცხადია, დედის სიმღერებით ვიზრდებოდი. ის სულიერი საზრდო იყო ყველა ჩვენგანისთვის. გარდა ამისა, ერთგვარი ოჯახური ტრადიციაც გვქონდა - ხალხური სიმღერების აჟღერება. როცა ჩვენთან წვეულება იმართებოდა ან ჩვენ თვითონ მივდიოდით სტუმრად, მთელი ოჯახი ერთად ვმღეროდით ამ სიმღერებს.
დაწყებითი მუსიკალური განათლება მივიღე მუსიკალურ სკოლაში, სადაც მამაჩემი ასწავლიდა. მამის ხელმძღვანელობით კლასიკური მუსიკა შევისწავლე. ხალხური სიმღერის მიმართ ჩემი პროფესიული დამოკიდებულება საკმაოდ გვიან გამომჟღავნდა. უკვე კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როცა გადავწყვიტე, ხალხურ სიმღერებს უფრო პროფესიულად მივდგომოდი. სხვათა შორის, ამ გადაწყვეტილებისკენ კონსერვატორიის მასწავლებლებმა, შესანიშნავმა ფოლკლორისტებმა ოთარ ჩიჯავაძემ და სოსო ჟორდანიამ მიბიძგეს, ხოლო გ. ჭოხონელიძემ, რომელიც იმხანად კათედრის გამგე გახლდათ, ხელი შემიწყო, რომ ხალხური სიმღერების ფაკულტეტზე გადავსულიყავი. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა ანჩისხატის ეკლესიის მგალობელთა გუნდი. მის დაარსებას ხალხური შემოქმედების სიყვარული, მის მიმართ ინტერესი დაედო საფუძვლად. ამ გუნდმა შეასხა ხორცი ხალხური მუსიკისადმი ჩემს სიყვარულს, შემაძლებინა მისი შესწავლა და აჟღერება.
- როგორ ჩამოყალიბდა ანჩისხატის ეკლესიის მგალობელთა გუნდი?
- გუნდის წევრები თავიდან თითქმის არ ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა კონსერვატორიაში ვხვდებოდით ხოლმე. მხოლოდ 1987 წლის ოქტომბერში შევიკრიბეთ. ბორჯომში, კომპოზიტორთა სახლში, მრავალხმიანობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ჩვენ, სტუდენტები, კოტეჯებში ვცხოვრობდით. მიმზიდველი ატმოსფერო და სასიამოვნო განწყობა სუფევდა. სწორედ მაშინ დავახლოვდით. თავიდან ხუთნი ვიყავით. ბორჯომიდან ჩამოსვლის შემდეგ, მალხაზ ერქვანიძის ინიციატივით, ჩვენი შეხვედრები სისტემატური გახდა. მალხაზის სახლში ვიკრიბებოდით და ახალ-ახალ სიმღერებს ვსწავლობდით. იმ სიმღერებს შორის, რომლებიც პირველად შევისწავლეთ, იყო სამტრედიის რაიონის სოფელ გულაშში მცხოვრები ცნობილი მომღერლისა და ლოტბარის ბენია მიქაძის გუნდის რეპერტუარი. ორიენტაცია იმთავითვე ძველ ჩანაწერებზე, ნამდვილ ხალხურ, ავთენტურ შესრულებაზე გვქონდა აღებული. უმთავრესად მივიწყებული და ნაკლებად ცნობილი სიმღერების შესრულებას ვცდილობდით.
- როდის შეიტყვეთ ძველი ქართული საგალობლების არსებობის შესახებ?
- პირველად ოთარ ჩიჯავაძის ლექციაზე გავიგე, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტში საგალობელთა ხელნაწერები იყო დაცული. ძალიან დავინტერესდი, ვიკითხე, ნოტებით თუა-მეთქი ჩაწერილი. გავიგე, რომ თურმე არსებობდა XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში გამოცემული სანოტო კრებულებიც. ეს კრებულები მოვიპოვეთ, ხელნაწერებზეც მიგვიწვდებოდა ხელი. ისღა დაგვრჩენოდა, მათი აჟღერება გვეცადა. ვფიქრობ, ღმერთმა წყალობა მოიღო ჩვენზე, რადგან თავიდანვე სიყვარულითა და ინტერესით მოვეკიდეთ ამ საქმეს. მანამდე გავრცელებული მოსაზრება, რომ ეს საგალობლები არაზუსტად გახლდათ ჩაწერილი და მათი აჟღერება შეუძლებელი იყო, მხოლოდ ნაწილობრივ გამოდგა მართალი. გარკვეული კორექტირება ამ ჩანაწერებს, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა - ქართული ჟღერადობა სანოტო სისტემაზე უნდა გადაგვეტანა, რაც, ცხადია, რთული იყო, მაგრამ აჟღერება მაინც შესაძლებელი აღმოჩნდა. კარგად მახსოვს ის დღე, პირველად რომ გავეცანით ამ საგალობლებს. ვარჩევდით, ვადგენდით შესაძლო ვარიანტებს... ეს წლობით მიმდინარეობდა. ამ ყოველივეში წამყვან როლს მალხაზ ერქვანიძის ინიციატივები ასრულებდა, რაშიც მთელი გუნდი აქტიურად იყო ჩართული (მალხაზი შემდეგ გუნდის ხელმძღვანელი გახდა). ბედნიერნი ვიყავით, საგალობლების შესწავლა რომ მოვახერხეთ.
1988 წელს ბეთანიის მონასტერში სააღდგომო წირვა-ლოცვა ჩავატარეთ. ყველაფერი სიხარულით იყო სავსე. საუკუნეების მანძილზე დადუმებული ქართული საგალობლები, შეიძლება ითქვას, პირველად სწორედ იმ დღეს აჟღერდა. რაკი გამოუცდელნი ვიყავით, მცირე შეცდომები, ალბათ, დავუშვით კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი გადაფარა საყოველთაო კეთილგანწყობამ და მადლმა, რომელიც ამ გალობას ახლდა თან.
ეს ამბავი მალე პატრიარქის ყურამდეც მივიდა. მან თავისთან მიგვიწვია, გვთხოვა, რამე გვეგალობა. "ქრისტე აღსდგა" წამოვიწყეთ. გაღიმებულმა პატრიარქმა პირჯვარი გადაისახა. არასოდეს დამავიწყდება ეს სურათი... ფაქტობრივად, მაშინ შედგა ჩვენი გუნდის კურთხევა.
სწორედ იმ ხანებში გაიხსნა ანჩისხატის ტაძარიც, სადაც მას აქეთ უცვლელად ვმსახურობთ.
- თქვენ კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის თანამშრომელიც ბრძანდებით. როგორია თქვენი საქმიანობის სფერო?
- კონსერვატორია ჯერ არ დამემთავრებინა, როცა ფოლკლორის კათედრაზე ლაბორანტად დავიწყე მუშაობა. ამ კათედრაზე თავმოყრილია უამრავი საექსპედიციო მასალა. აუდიოჩანაწერების უმრავლესობა მაშინდელი ტექნიკური პირობების გამო დაბალი ხარისხისაა, მაგრამ მათი მოსმენისას ენით გამოუთქმელი განცდა მეუფლება - თითქოს ჩემს თვალწინ ისხამს ხორცს და ცოცხლდება ჩვენი ისტორია.
მიუხედავად იმისა, რომ ფოლკლორის კათედრის თანამშრომელი ვარ და მუდმივად ხალხურ სიმღერებთან მაქვს საქმე, მუშაობის ძირითად სფეროდ მაინც საგალობლების მეცნიერული კუთხით შესწავლა ავირჩიე.
- ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიო-ვიზუალური ცენტრის ფონდში რა საგანძურია თავმოყრილი?
- ბიბლიოთეკაში მართლაც დიდი საუნჯე ინახება: სანოტო მასალები და აუდიოჩანაწერები, ძირითადად - ფირფიტები. აქ არის ყველა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებები, ტექსტობრივი ჩანაწერები, გამოჩენილ ადამიანთა ხმები... ფონდის გარდა გვაქვს დარბაზი, რომელსაც ტექნიკური განახლება სჭირდება, რადგან აპარატურა საკმაოდ ძველია, მაგრამ მკითხველი და მსმენელი ჩვენს განყოფილებას მაინც არ აკლია.
- ქართულ ხალხურ სიმღერას მუდამ ჰყავდა დამფასებელი და არა მარტო საქართველოში. როგორია დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ინტერესი ხალხური სიმღერების მიმართ?
- სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხალხური სიმღერა ხელოვნების არცთუ ისე დიდ მიღწევად მიაჩნდა, ზოგს თანამედროვე მუსიკა უფრო აინტერესებდა, ზოგი კი კლასიკურ მუსიკას ამჯობინებდა. საბედნიეროდ, ბოლო დროს მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. უცხოელების მხრიდანაც ჩვენი ფოლკლორის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იზრდება და ცხოველდება. ჩვენ კი ამას კიდევ უფრო მეტი სიმღერის შესწავლითა და გაცოცხლებით უნდა ვუპასუხოთ.
- როგორ გაიხსენებდით დედას?
- 13 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა. დღემდე ცოცხლობს ჩემს მეხსიერებაში ადამიანებთან ურთიერთობის მისეული ნიჭი. ჩვენთან უამრავი ხალხი, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი დადიოდა სტუმრად. დედა ყველასთან პოულობდა საერთო ენას. საოცარი სითბო და სიყვარული იცოდა, სულ ადვილად განაწყობდა კაცს გულახდილობისთვის. დედას სიყვარული ადამიანების მიმართ მის ლექსებსა და სიმღერებშიც ჩანს, მაგრამ მგონია, რომ მისი სულის სიდიადე მათში ბოლომდე მაინც ვერ მჟღავნდება.
სიტყვებსა და ჰანგს ერთდროულად ქმნიდა. ბუნდოვნად მახსოვს ფორტეპიანოსთან მჯდარი. ყველაზე უკეთ იმ სიმღერების თხზვის პროცესი მაგონდება, ჩვენთვის, ბავშვებისთვის რომ იწერებოდა.
- არცთუ დიდი ხნის წინ ინოლა გურგულიას საიუბილეო საღამო ჩატარდა, რომელსაც თქვენ და თქვენი და ია უძღვებოდით. ამ საღამოსთვის გამოიცა ქალბატონი ინოლას სიმღერების სრული კრებული, რომელშიც მისი აქამდე უცნობი ნაწარმოებებიც შევიდა. როგორ მიაგენით ამ სიმღერებს და როგორ შეძელით მათი აჟღერება?
- დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მამაჩემმა ნოტებზე ჩაწერა მისი სიმღერები. მაშინ გამოიცა წიგნიც, სადაც შესული იყო ლექსები, თარგმანები და რამდენიმე სიმღერა. დედაჩემს მაინცდამაინც არ უყვარდა სიმღერების ნოტებზე გადატანა. შინ გვაქვს სიმღერების რვეული, რომლებშიც მხოლოდ ტექსტებია ჩაწერილი დედაჩემის ხელით, რამდენიმე მათგანის გვერდით კი კითხვის ნიშანია დასმული იმის ნიშნად, რომ თვითონაც აღარ ახსოვდა ამ სიმღერის მელოდია... დედას გარდაცვალების შემდეგ ბობინების გროვაში მისი ძველისძველი ჩანაწერი აღმოვაჩინეთ. იქ აღმოჩნდა ის სიმღერებიც, რომელთაც რვეულში კითხვის ნიშანი ჰქონდათ დასმული. ძველ ჩანაწერში სიტყვები თითქმის არ ისმის, მაგრამ რაკი ტექსტები უკვე მქონდა, მათი აღდგენა შევძელით.
- რამდენადაც ვიცი, თქვენს ოჯახშიც ყველა მღერის...
- თამუნას, გაცილებით ადრე, ვიდრე ჩემი მეუღლე გახდებოდა, ძალიან უყვარდა ინოლა გურგულიას სიმღერები... ის, გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლეა, საუკეთესო მეგობარიც არის. ჩემს გოგონას სახელად ინოლა ჰქვია და ამსგავსებენ კიდეც ბებიას. მთლად ბებიასავით ნიჭიერი არ არის, მაგრამ ურიგოდ მაინც არ მღერის. ჩემს ბიჭს ლევანსაც აქვს მუსიკალური მონაცემები, თუმცა გული უფრო ტექნიკური სფეროსკენ მიუწევს. ვისურვებდი, სიმღერის სიყვარული ისე გაღვივებულიყოს ამ ბავშვებში, რომ დედ-მამის დაუხმარებლად შესძლებოდეთ ჩვენი ძვირფასი საგალობლებისა და ხალხური სიმღერების შესწავლა და აჟღერება.
- რას უსურვებთ "კარიბჭის" მკითხველს?
- ვუსურვებ, თქვენს ჟურნალში ამოკითხული ინფორმაცია სიახლის მიმცემი, ცნობიერების განმანათლებელი ყოფილიყოს მისთვის და მოლოდინი, რომლითაც ჟურნალის თითოეულ ნომერს ხვდება, ყოველთვის გამართლებოდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი