ქრისტეს აღდგომა მართლმადიდებელთა უდიდესი დღესასწაულია. ქრისტეს აღდგომით განხორციელდა უფლის მიერ ადამიანისთვის დადებული აღთქმა - მაცხოვრის ჯვარცმამ და აღდგომამ გვიხსნა ცოდვის, ჯოჯოხეთის ტყვეობიდან, სიკვდილზე გაგვამარჯვებინა და საუკუნო სასუფევლისკენ მიმავალი გზა გაგვიხსნა.
ხით ცდუნებული ადამიანი ხისავე მეშვეობით დაუბრუნდა ღმერთს.
ქრისტეს აღდგომის მისტიკური მნიშვნელობა და მისი მხსნელი არსი უძველესი დროიდანვე იქცა ქრისტიან ღვთისმეტყველთა განხილვისა და განმარტების საგნად. ქრისტიანული ხელოვნებაც, თავისი ეკლესიური ფუნქციიდან გამომდინარე, უძველესი დროიდან ქმნიდა ქრისტიანული დოგმების შესატყვის გამოსახულებებს, რომელთა შორის აღდგომა უმთავრესი იყო.
გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, თბილისისი სასულიერო აკადემიის პედაგოგი მარიამ დიდებულიძე.
- აღდგომის იკონოგრაფიული გამოსახულებანი ადრექრისტიანულ ეპოქაშივე გვხვდება. როგორი იყო ისინი?
- საფლავიდან უფლის სხეულებრივი აღდგომის უშუალო მოწმე არავინ ყოფილა, სახარებაში მხოლოდ დაბნეული და თავზარდაცემული მცველების მონათხრობია გადმოცემული, აღდგომის ჭეშმარიტებას მენელსაცხებლე დედებისა და მოციქულების გამოცხადებანი და საქმენი მოწმობს. ამიტომ ადრექრისტიანულ ხანაში (რომაული კატაკომბების მხატვრობაში, ქვის სარკოფაგებისა და სპილოს ძვლის ფირფიტების რელიეფზე) აღდგომას სიმბოლური და ალეგორიული სახეებით გამოსახავდნენ: ლაზარეს აღდგინება, სამი ყრმა სახმილსა შინა და სხვანი. ყველაზე გავრცელებული იყო წინასწარმეტყველ იონას ამბავი. იონას ვეშაპის მუცელში ყოფნა მაცხოვრის ჯოჯოხეთს შთასვლის წინასახე გახლდათ.
გარდა ამისა, ადრექრისტიანულ ხანაში აღდგომის ხატად გაიაზრებოდა ახალი აღთქმის იმ ადგილების ილუსტრაციები, სადაც აღდგომის უწყება და განცხადებაა აღწერილი: ანგელოზის გამოცხადება მენელსაცხებლე დედათა წინაშე, მაცხოვრის გამოცხადება მარიამ მაგდალინელის წინაშე, თომას დარწმუნება და სხვა. მათ შორის ყველაზე შესაფერის გამოსახულებად მიჩნეული იყო მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან: დედები ქრისტეს აკლდამასთან ხედავენ ანგელოზს, რომელიც გადაგორებულ ლოდზე ზის და მაცხოვრის აღდგომას აუწყებს. ეს გამოსახულება გვხვდება, მაგალითად, V-VI საუკუნეების სპილოს ძვლის ფირფიტებზე, VI საუკუნის რაბულას სახარების დასურათებაში და სხვა. ეს ხატი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქრისტიანულ სახვით ხელოვნებაში. საქართველოში მის ერთ უმშვენიერეს ნიმუშს ვხედავთ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის XIII საუკუნის მოხატულობაში, რომლის ცენტრალური ფრაგმენტი - უფლის საფლავთან გადაგორებულ ლოდზე მჯდომი ანგელოზი - შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის სიმბოლოდ იქცა. საგულისხმოა, რომ ყინწვისში ამ კომპოზიციის საპირისპირო კედელზე გამოსახულია თომას დარწმუნება, ხოლო იმავე დონეზე დასავლეთ კედელზე - სამი ყრმა სახმილსა შინა. ორივე ფრესკა აღდგომის თემის განსახიერებაა და, შესაბამისად, მთელი მოხატულობის საღვთისმეტყველო შინაარსს სწორედ განკაცებული უფლის აღდგომა წარმოადგენს.
- ამ გამოსახულებებში აისახა აღდგომის პირველუწყებანი, მაგრამ მათ მაინც უფრო თხრობითი, ილუსტრაციულ-სიუჟეტური ხასიათი ჰქონდა. ეს გამოსახულებები უშუალოდ იყო დაკავშირებული სახარების ტექსტთან და კონკრეტულ ამბებს ასახავდა. ქრისტიანული ხელოვნება კი არა მხოლოდ ამბის ილუსტრირებას, არამედ - და უფრო მეტადაც - მოვლენათა ღრმა მისტიკური არსის გახსნასა და გადმოცემას ესწრაფვის. სწორედ ამიტომ შეიქმნა გამოსახულება, რომელსაც "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა" ჰქვია. რაზე მოგვითხრობს ეს ხატი?
- "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" ხატში სრულად არის განცხადებული უფლის აღდგომის საღვთისმეტყველო შინაარსი და მნიშვნელობა, არსი ქრისტეს ჯვარცმისა როგორც სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე გამარჯვებისა. ამ ხატში მხატვრულად არის განსახიერებული აღდგომის კონდაკი: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
"ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" ხატი აღდგომის დოგმის თეოლოგიური არსის განმარტებაა და არა ამ ამბის თხრობითი ილუსტრაცია. აქ ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა მართლმადიდებლური ხელოვნების სახისმეტყველებითი ხასიათი, "ქადაგება ფერებითა და ხაზებით".
ჯვარზე აღსრულების შემდეგ ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლისა და იქიდან მამამთავართა და მართალთა გამოყვანის ამბავი კანონიკურ ტექსტებში არ არის მოთხრობილი. სამაგიეროდ, აპოკრიფულ ტექსტში, ეკლესიის ტრადიციით აღიარებულ "ნიკოდიმოსის წიგნში", დაწვრილებით არის აღწერილი ქრისტეს ჯოჯოხეთში შთასვლა თვითმხილველების - სვიმეონ მიმრქმელის მკვდრეთით აღდგომილი ვაჟების კარინისა და ლევკიოსის მიერ. იმ დროს, როცა ქრისტემ ჯვარზე სული განუტევა, ჯოჯოხეთის უკუნეთი თვალშეუდგამმა ნათელმა გაანათა. წყვდიადში მყოფი მამამთავარნი, პატრიარქნი, წინასწარმეტყველნი და მართალნი აღივსნენ სიხარულით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ აღსრულდა ნაწინასწარმეტყველები ხსნა ადამის მოდგმისა და გამარჯვება სიკვდილსა და ჯოჯოხეთზე. დავით მეფის ფსალმუნთა გალობით ("აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო...) ეგებებიან მართალნი მაცხოვარს, წინასწარმეტყველნი თავიანთ წინასწარმეტყველებებს იხსენებენ, ხოლო მამამთავარ ადამს თვით წმინდა იოანე წინამორბედი ეცხადება და ახარებს ქრისტეს გამარჯვებას. შეძრწუნებული ჯოჯოხეთი სატანას საყვედურობს, რომ ქრისტეს დაღუპვის მცდელობა ჯოჯოხეთისა და თავად მისი დაღუპვის მიზეზად იქცა და ის, რაც ადამის ცდუნებით მოიპოვეს, ქრისტეს ძელზე გაკვრით დაკარგეს. ჯოჯოხეთის ძალები ვერ აჩერებენ ძლევამოსილ ღმერთს; ნათლით მოსილი, იგი შელეწავს ჯოჯოხეთის ბჭეებს, ფეხით დათრგუნავს სიკვდილს, შეიპყრობს სატანას, გაანათებს წყვდიადს, ხელს გაუწვდის ადამს და სხვებთან ერთად გამოიყვანს მას ჯოჯოხეთიდან საუკუნო სასუფეველში დასამკვიდრებლად. ასეთია "ნიკოდიმოსის წიგნში" მოთხრობილი ამბავი. ქრისტიანულმა ხელოვნებამ კი შექმნა გამოსახულება, რომელშიც განცხადებულია ამ მოვლენის საღვთისმეტყველო შინაარსი.
- ვიცით, რომ არსებობს "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" ხატის უამრავი ნიმუში, რომლებიც ხატწერის კანონიკის ფარგლებში მრავალფეროვანი მხატვრული ფორმითა და ინტერპრეტაციით ასახავს აღდგომის უმთავრეს შინაარსს. ამ ხატის როგორი ვერსიებია ყველაზე მეტად გავრცელებული?
- საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამ ხატის რამდენიმე იკონოგრაფიული ვერსია: უფრო ლაკონური, როდესაც გამოისახება მხოლოდ ადამისა და ევასაკენ დახრილი, ჯოჯოხეთიდან გადაჭდობილ ბჭეებზე მდგომი მაცხოვარი ჯვრით ხელში (ასეთია, მაგალითად, Xს-ის მარტვილის პანაღიის ტიხრული მინანქრის ხატი) და უფრო გავრცობილი და საზეიმო, შემდეგი იკონოგრაფიული სქემის მიხედვით: მთიანი პეიზაჟის ფონზე კომპოზიციის ცენტრში გამოისახება მაცხოვრის დიდი ფიგურა, რომელსაც ცალ ხელში დიდი ჯვარი უკავია (რაც ჯვარცმაზე მიუთითებს), მეორით კი მის წინ ცალმუხლმოდრეკილ, სარკოფაგიდან ამოზიდულ ადამს ეჭიდება. ის ხან მისკენ არის დახრილი, ხან ფართოდ მიაბიჯებს წინ და თან გაიყოლებს ადამს, ხანაც ზეიმურად დგას, თითქოს ზევითკენ ამართული, რითაც ხაზი ესმება არა მხოლოდ მამამთავრის ხსნას, არამედ სხეულებრივ აღდგომასაც. მისი სამოსი ნათლისფერია, ოქროსფერი შლაფირებით დაფარული, რაც ღვთაებრივ ნათელსა და ენერგიას განასახიერებს. ქრისტეს ფეხებსა და ხელებზე, როგორც წესი, გამოსახულია სამსჭვალთა კვალი, რომლებიც მის ჯვარცმას, მის მიერ გაღებულ მსხვერპლს გვახსენებს.
აღდგომის ხატის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს ადამისა და ევას ფიგურები. მათი გამოსახვით მკაფიოდ არის აქცენტირებული ქრისტეს ჯვარცმის მხსნელი არსი, რომელიც სწორედ ადამის "ამოყვანაში" განცხადდება.
მაცხოვრის ორსავე მხარეს სარკოფაგებში (გარდაცვალების ნიშანი) დგანან ძველი აღთქმის მართალნი და წინასწარმეტყველნი, მაცხოვრისკენ მიმართულნი აღიარებისა და განდიდების ჟესტებით. მათ შორის უმეტესად გამოისახებიან წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მეფენი დავითი და სოლომონი (ზოგჯერ - მელქისედეკიც), მართალი აბელი (პირველი მსხვერპლი სიკვდილისა და თვით პირველი მსხვერპლშემწირველი), წმინდა წინასწარმეტყველი ესაია და სხვანი. წმინდა მეფე დავითის გამოსახვით თითქოს აჟღერებულია ფსალმუნთა ტექსტები, რომლებშიც ნაწინასწარმეტყველები იყო ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამარცხება. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა და მართალთა გამოსახვით ხაზი ესმება ქრისტეს მხსნელი მსხვერპლისა და აღდგომის კავშირს ძველ აღთქმასთან. ასევე თითქმის აუცილებელია წმინდა იოანე ნათლისმცემლის გამოსახვა, ვინაიდან "ნიკოდიმოსის წიგნის" ტექსტში იგი მრავალგზის არის ნახსენები და ამავე დროს დამაკავშირებელია ძველი და ახალი აღთქმისა, ქრისტეს მოსვლის უშუალო მაუწყებელია და მისი წინამორბედი მიწაზეც და ჯოჯოხეთშიც.
- როგორ არიან გამოსახულნი ამ ხატზე ჯოჯოხეთი და მისი მთავარი?
- ჯოჯოხეთის წყვდიადის ღვთაებრივი ნათლით განგმირვის ამსახველია ოვალური შარავანდი მაცხოვრის ფიგურის გარშემო, რომელიც თეთრი, ოქროსფერი, ცისფერი ან წითელია და ზოგჯერ (მაგალითად, საფარის XIVს-ის მხატვრობაში) სხივების აღმნიშვნელი რადიალურად გაშლილი თეთრი ან ოქროსფერი ხაზები დაუყვება.
ხატის კომპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქრისტეს ფეხქვეშ, დამსკდარი კლდის ნაპრალებში (ჯვარცმისას მომხდარი მიწისძვრა) გამოსახული ჯოჯოხეთის ბნელი (შავი) სკნელი. შავი ფერი იმ წყვდიადის (ღმერთთან დაშორების) გამოხატულებაა, რომელშიც იმყოფებოდა ცოდვით დაცემული ადამის მოდგმა მაცხოვრის განკაცებამდე. მუქ ფონზე ჩანს ჯოჯოხეთის შელეწილი ბჭეები, კლიტეები, ჯაჭვები - სიმბოლო ჯოჯოხეთის დამარცხებისა, აგრეთვე ჰადესი - ჯოჯოხეთის პერსონიფიკაცია, მუქი, საზარელი, გაბურძგნული, შებორკილი ფიგურის სახით (ზოგჯერ - ჯოჯოხეთის ბატონიც). ხშირად ქრისტეს მაცხოვნებელი ჯვარი ჰადესის ხახაშია ჩარჭობილი (სიკვდილითა სიკვდილისა დათრგუნვის სიმბოლოდ).
ჯოჯოხეთის სკნელის გამოსახულება ზოგჯერ გადატვირთულია დეტალებით, ზოგჯერ კი საკმაოდ ლაკონურია, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჯოჯოხეთის სკნელის გამოსახვით სიკვდილსა და ცოდვაზე ქრისტეს გამარჯვებაა გადმოცემული.
ძალზე საინტერესოა ლაკლაკიძის ხატის ჩარჩოს კომპოზიცია. ქრისტეს ფეხქვეშ გამოსახულია სხვადასხვა მხარეს გადაზნექილი ორი ფიგურა. ერთს, გრძელწვერასა და თმააბურძგნულს, ქრისტეს ჯვარი პირდაპირ ხახაში აქვს ჩარჭობილი, მეორე კი - უწვერო და ფრთოსანი, ეტყობა, დაცემული ანგელოზი, სატანა - ადამს ეჭიდება ფეხზე. ჯოჯოხეთის სკნელში ორი ფიგურის - ჯოჯოხეთის ბატონისა და სატანის - გამოსახვა საკმაოდ იშვიათია ქართულ ხატწერაში.
- კიდევ როგორი ინტერპრეტაციები არსებობს ამ ხატისა?
- გვიანი შუა საუკუნეების ზოგიერთ ნიმუშში კომპოზიციის ზედა ნაწილში, ცის ფონზე, გამოსახულნი არიან ანგელოზები ვნების იარაღებით, რითაც ხაზი ესმება მაცხოვრის მსხვერპლის მხსნელ ძალას.
"ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" ხატი ყველაზე ხშირად უკავშირდება ჯვარცმას - ისინი ან გვერდიგვერდ არიან გამოსახულნი, ან მოპირდაპირე კედლებზე, - ან მენელსაცხებლე დედათა ქრისტეს საფლავთან მისვლის სცენას, რომელიც თავისი შინაარსით სწორედ აღდგომას განასახიერებს. ამ ხატის საინტერესო ინტერპრეტაციას ვხვდებით ჭალის ეკლესიის XVI საუკუნის მოხატულობაში, სადაც ის გაერთიანებულია "იაკობის კიბესთან", თანაც ეს უკანასკნელი უბრალოდ ამბად კი არ არის გადმოცემული, არამედ სახისმეტყველებითად გახლავთ გააზრებული, ვინაიდან კიბის თავში ღვთისმშობელია გამოსახული, რაშიც ჩადებულია საფუძველი ადამის მოდგმის ხსნისა. ყველა ეს ნიმუში ასახავს ადამიანის ხსნას სიკვდილისა და ცოდვის წყვდიადიდან განკაცებული უფლის მაცხოვნებელი მსხვერპლით.
- აღდგომის დოგმის შესატყვის გამოსახულებებში ქრისტიანული იდეების გააზრებისას როგორ აისახა განსხვავება მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის?
- მართლმადიდებელ სამყაროში აღდგომის დოგმას "ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის" სახით გადმოსცემენ, რომელიც მხატვრული სახეების მეშვეობით აღდგომის მისტიკურ არსს ხსნის, კათოლიკურ სამყაროში კი დამკვიდრდა სურათი შეძრწუნებული გუშაგებით გარშემორტყმული საფლავიდან ამომავალი ქრისტესი, რომელიც ჯვრიანი დროშით ხელში ზეცისკენ მიემართება. ეს წმინდა წყლის სიუჟეტური გამოსახულებაა, რომელიც, ისეთ სპირიტუალისტურ ნაწარმოებშიც კი, როგორიც გახლავთ ელ გრეკოს "აღდგომა", მაინც მხოლოდ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ამბავს მოგვითხრობს და არ განმარტავს ამ მოვლენის მისტიკურ არსს.
- მართლმადიდებლურ სამყაროში რა დატვირთვა აქვს ხატწერას?
- ხატს ქრისტიანობაში ქადაგების ფუნქცია ენიჭება. ეკლესიის მამებიც ამას ამბობდნენ. მაგალითად, ხატმებრძოლობის ეპოქის შემდეგ, როდესაც ხატთაყვანისცემა აღდგა, პატრიარქი ფოტიუსი თავის ქადაგებებში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადამიანისთვის გაცილებით მრავლისმთქმელი და ადვილად დასამახსოვრებელია ის, რასაც ხედავს, ვიდრე ის, რასაც ისმენს ან კითხულობს, ამიტომაც ხატთა თაყვანისცემის აღდგენა უბრალოდ მხატვრული სფეროს მოვლენა კი არ იყო, არამედ მართლმადიდებლობის ზეიმი (რაც ეწოდა კიდეც). ხატს ტექსტის ილუსტრირება კი არ აკისრია, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მოვლენის სიღრმისეული არსის გამოსახვა ევალება. ის, რასაც ხატი მოგვითხრობს და განგვიმარტავს, ამბავზე გაცილებით მეტია.
- ქალბატონო მარიამ, თქვენ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრიც ბრძანდებით. თქვენი აზრით, რა შეუწყობს ხელს საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების განვითარებას?
- ეს ცენტრი მისმა უწმინდესობამ ჯერ კიდევ 1988 წელს დააფუძნა. სწორედ მაშინ აგვიხსნა, რომ ჩვენ ტრადიციის ხანგრძლივი წყვეტის გამო ნაკლული ცოდნა გვაქვს და რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რათა ქრისტიანული ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და მხატვრობა აღდგეს. მეცნიერებმა, შემოქმედებმა, მღვდელმსახურებმა - ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ქრისტიანული ხელოვნების აღორძინებაში.
ხშირად ვხვდებით კარგ ოსტატებს, მაგრამ ისინი, უბრალოდ, გადმოიღებენ ხოლმე რაღაც ნიმუშებს, ისე, რომ არ იციან, რა რას ნიშნავს. ქრისტიანულ ხელოვნებაში წარმოუდგენელია რაიმეს ხატავდე და არ იცოდე, რისი სიმბოლოა, რას განასახიერებს ის. არადა, ხატმწერი თითქოს მღვდლის ქადაგებას განაგრძობს, სახეს აძლევს. ჩვენ ვცდილობთ, ყველას მოვუწოდოთ, თავმდაბლად მიუდგნენ თავიანთ საქმეს. ცნობილია, რომ ეკლესიის მხატვრები თავიანთ თავს ოდითგანვე განიხილავდნენ ინსტრუმენტებად, რომელთა მეშვეობითაც უფალი მოქმედებს. საკუთარი ხედვა და მიდგომა მხოლოდ პირად შემოქმედებაშია გამართლებული; თუ მხატვრის ნახელავმა ეკლესიის კედელი უნდა შეამკოს, მის წინაშე ვიღაცამ უნდა ილოცოს, ამ შემთხვევაში მხატვარი უნდა განიმსჭვალოს მოკრძალებით და კარგად უნდა იცოდეს, რას აკეთებს. ეს დიდი ცოდნის ხელოვნებაა და არა სპონტანური აღმაფრენისა და ღვთაებრივი სიშმაგის მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, ქრისტიანული ხელოვნების განვითარებას სწორედ დიდი ცოდნა ედოს საფუძვლად, არა უბრალოდ გადმოღება ძველი ნიმუშებისა, არამედ მათი გაცნობიერებული გარდათქმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი