ერასტი ვაჩნაძის მოგონებებიდან
"შვიდი წლისამ ქართულ გიმანზიაში დავიწყე სწავლა, ცნობილი პედაგოგები მასწავლიდნენ:
- ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, პეტრე მირიანაშვილი, თამარ ლომოური, ნინო ბაქრაძე, იაკობ ნიკოლაძე და ზაქარია ფალიაშვილი. ამ პლეადას ამშვენებდა ფიზიკური და სულიერი სილამაზით შემკული პიროვნება, რომელშიც ჰარმონიულად იყო შერწყმული სასულიერო და საერო კაცობა... ეს მომხიბვლელი ადამიანი გახლდათ დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, რომელიც გიმნაზიაში არა მარტო საღვთო სჯულს ასწავლიდა, არამედ მაღალი ზნეობის და კეთილშობილების უხმო მქადაგებელი იყო. კარგად მახსოვს წლები, როდესაც ქართული გიმნაზიის შენობაში კალისტრატე ცინცაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი დააარსა და ამ ტაძრის გუნდის ლოტბარი (რომელშიც მეც ვგალობდი) დიდი ზაქარია ფალიაშვილი იყო...
მართალია, ამის შემდეგ დრო და ვითარება შეიცვალა და დიდი ისტორიული ძვრები მოხდა, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს მხედველობის არედან არ მოვცილებივართ...
1938 წელს დედაჩემთან ერთად ქაშვეთის ტაძრის ეზოში დავსახლდით. სწორედ მისი ჩუქურთმებით მორთული აღმოსავლეთის კედლის მხრიდან ბუნებრივად აღდგა წარსულის მოგონების ხატები...
ეკლესიის ეზოში, ეპისკოპოს დიმიტრისთან (ლაზარიშვილთან) მოსულ მის უწმინდესობას (კალისტრატე ცინცაძეს) ხშირად ვესაუბრებოდი, ვხუმრობდი სიონთან მდებარე კათალიკოსის ბინაშიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი მოვლენა ამ ურთიერთობაში ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოხატვა იყო. ყოველთვის მეფიქრებოდა, - ტაძარი როგორ დარჩა მოუხატავი-მეთქი...
მახსოვს, ლადო გუდიაშვილი პარიზიდან რომ ჩამოვიდა, ვხვდებოდით, ვსაუბრობდით, ახლო მეზობლობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა და მისი ბინის აივნიდან ხშირად შევცქეროდით მთვარიან ღამეებში შუქჩრდილით მოცულ ქაშვეთს... ერთ-ერთ ასეთ საღამოს ლადოს ვკითხე: - ტაძარი რომ მოსახატი შეიქმნეს, არ მოხატავდით-მეთქი?!
ლადო აენთო და იმ დღიდან სიმშვიდე დაკარგა...
უნდა ითქვას, რომ იმ დროისათვის (1946-48 წწ.) ასეთი იდეის ხორცშესხმა თითქმის გამორიცხული უნდა ყოფილიყო, თუმცა რუსეთში ზოგიერთი ტაძრის რესტავრაცია და აღდგენა ხდებოდა...
ამრიგად, ერთ საღამოს, სავსე მიზანსწრაფვით და მტკიცე რწმენით, რომ მის უწმიდესობას დავითანხმებდით, მის სამუშაო კაბინეტში მშვიდად მოვახსენე ჩემი განაზრახის შესახებ.
ჩემი ძვირფასი მასწავლებელი გაჩუმებული, გაოცებული იყო, არ მოელოდა, თუ შეიძლება ითქვას, ამგვარ "სინამდვილეს" მოკლებულ ამბავს... საუბარი დიდი მღელვარებით მიმდინარეობდა, ბოლოს კი დამშვიდებულმა ეს მითხრა: - "მე ფული არ მაქვს, წადი, დიმიტრი ნახე, მოელაპარაკე მას" და დამშვიდობებისას დამლოცა.
მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსი დიმიტრი დინჯი პიროვნება იყო, ჩვენი საუბარი შედეგიანად დაგვირგვინდა, ხეტყე შეიძინა და ხარაჩოებიც აიგო...
ლადო კი ესკიზების დამზადებას შეუდგა.
როგორც ჩვენი საუბრიდან გაირკვა, სურდა, ტაძარი მთლიანად ქართული ტაძრებისათვის დამახასიათებელი ეპიზოდებით მოეხატა, მაგრამ რომ გაგვეგო, მის უწმიდესობას, როგორც შემკვეთს, ფრესკების როგორი სტილი მოეწონებოდა, წამობრძანდა ნიმუშების გამოფენაზე, რომელიც საქართველოს მუზეუმის დარბაზებში ბატონი ივანე ჯავახიშვილის მიერ იყო მოწყობილი...
მის უწმიდესობას მოეწონა ახტალის სერობა, რომელმაც მხატვარს გარკვეული ორიენტირი მისცა... კონსულტანტად, გუდიაშვილის სურვილით, შალვა ამირანაშვილი მოიწვიეს.
ერთ მშვენიერ დღეს ქაშვეთში შედგა იმ ესკიზის განხილვა, რომელიც დღეს საკურთხევლის კედელზეა ასახული... ესკიზი მოიწონეს და ლადო გუდიაშვილი ხარაჩოებზე ავიდა...
მისი უწმინდესობა დიდ ენთუზიაზმს იჩენდა, ქაშვეთშიც ხშირად მობრძანდებოდა ხოლმე...
ერთ დღეს პატრიარქმა დამიბარა და გამოთქვა სურვილი, რომ მოციქულთა სახეებში ამ საქმეში მონაწილეთა სახეები გამოსახულიყო... ლადოს მისი უწმიდესობის ახალგაზრდობის სურათი მივუტანე და ქრისტესთან მდგომი პირველი მოციქული სწორედ კალისტრატე ცინცაძის სახით გამოისახა...
აი, ძალზე მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა მოხატვა. აქ არ მსურს დაწვრილებით გადმოცემა იმისა, თუ რატომ შეწყდა ტაძრის მოხატვა, როგორი რეზონანსი ჰქონდა მას და სხვა, მაგრამ ერთი რამ უდავოა: - მისმა უწმიდესობამ დიდი ღვაწლი დასდო ჩვენი საუკუნის ქართულ საეკლესიო სახვით ხელოვნებას და თავისი სახელი საუკეთესო და რჩეულ კათოლიკოსებს შორის ამ მხრივაც უკვდავყო..."