კლაივ სტეიპლზ ლუისი
სინამდვილეში ესეს სათაურია: "What are we to make of Jesus Christ?", ანუ დაახლოებით "რა მოვუხერხოთ იესო ქრისტეს?".
ამ შეკითხვის გულუბრყვილობა, გარკვეული თვალსაზრისით, ღიმილსაც კი იწვევს. წარმოიდგინეთ ბუზი, რომელიც სპილოზე ზის და ფიქრობს: "რა ვუყო ახლა მე ამას?" ალბათ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი კითხვა უჩნდებათ, სინამდვილეში სულ სხვა აქვთ მხედველობაში, მათ სურთ გაერკვენ: "როგორ მოაგვარონ ისტორიული პრობლემა, რომელიც მათში იესო ქრისტემ თავისი სიტყვით და საქმით წამოჭრა". ამიტომ, უფრო სწორი იქნებოდა გვეკითხა: "რა ვუყოთ იმას, რაც ჩვენში გაჩნდა?" და "რას მოიმოქმედებს იესო ქრისტე ჩვენს მიმართ?". ამ კითხვებში ორი მნიშვნელოვანი და ზოგადად ფენომენალური გარემოებაა გაერთიანებული: ერთი მხრივ, ეს სახარების თითქმის საყოველთაოდ აღიარებული სიღრმე და მორალური სიწრფელეა. სერიოზულ საუბარში ამას ქრისტიანობის თავგამოდებული ოპონენტებიც კი არ უარყოფენ (პირადად ჩემი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა, რომ ქრისტიანულ "მორალს" ყველაზე უფრო აქტიური ათეისტებიც კი ეთანხმებიან) და მართლაც, იესოსა და მისი უახლოესი ადამიანების სწავლებაში ყველაზე ნათლად და გასაგებად მორალური ნაწილია გამოკვეთილი. ქრისტიანული მორალი არ არის ჩვეულებრივი უქმი იდეალიზმი, როგორც დეტალებში, ისე ერთიანობაში ეს სრულიად რეალისტური, საღი, ამაღლებული, სიბრძნითა და სიმტკიცით აღვსილი მოძღვრება და ჭეშმარიტად ფხიზელი გონებით შექმნილი პროდუქტია.
მოძღვრების მეორე მხარეს იესოს მიერ გამოთქმული გამომწვევი თეოლოგიური განცხადებები წარმოადგენს. ალბათ გასაგებია, რომ მე არა მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში გაკეთებული ცალკეული გამონათქვამები მაქვს მხედველობაში, ისეთი, როგორიც, მაგალითად, მღვდელმთავრის შეკითხვაზე გაცემული პასუხი იყო, რომელსაც იესოს ჯვარცმა მოჰყვა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: "... იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა? უთხრა იესომ: შენ თქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით" (მათ. 26:63-64). როგორც ითქვა, მაცხოვრის ასეთი გამოწვევები მხოლოდ ცხოვრების ყველაზე დრამატულ მომენტში, სიკვდილის წინ არ ჩნდებოდა. თუ იესოს სიტყვებს ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ადამიანურ სინამდვილესთან მიმართებით მსგავს პრეტენზიებს ის საკმაოდ ხშირად გამოთქვამდა. ამავე დროს, მას სხვა სახის გამოწვევებიც ჰქონდა: იესო ცოდვებს პატიობდა. ერთი შეხედვით თითქოს ეს გამოწვევაც არ არის, რადგან როდესაც გაგვანაწყენებენ, ჩვენც ვპატიობთ...
თუ ვინმემ 10 ლარი მოგპარათ, თქვენ ალბათ იტყვით: "მე მას ვპატიობ და მოდით დავივიწყოთ ეს ამბავი". საინტერესოა, რას იტყოდით, თუ ვინმე 100 ლარს მოგპარავდათ. მე ნათქვამი მაქვს: "არა უშავს, მე მას ვპატიობ". როდესაც მიმტევებლობის მასშტაბებზე ვფიქრობთ, გავიხსენოთ ერთი ფრაზა, რომელიც იესომ, მაშინ როდესაც იგი იერუსალიმს დასცქეროდა და ღვთის ქალაქის როგორც წარსულს, ისე მომავალს ჭვრეტდა - თითქმის უნებლიეთ წარმოთქვა: "იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!" (მათ. 23: 37-39). უნდა ითქვას, რომ სახარების ამ მუხლის შინაარსი ნებისმიერი ეგზეგეტიკოსისათვის საკმაოდ ძნელი ასახსნელია. კიდევ ერთ ისეთ ფრაგმენტს მოვიყვან, რომელიც მარხვასთან არის დაკავშირებული და თავისი შინაარსით მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს შეიძლება უკავშირდებოდეს: "მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ? ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ" (მათ. 9:14-15). ჭეშმარიტ მმარხველს მართლაც ძლიერი შინაგანი განცდა უნდა ჰქონდეს.
ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტე ძეა ღვთისა და შესაბამისად - თავად არის ღმერთი, მაგრამ ახლა ყველაფერს იმ მსმენელის თვალით შევხედოთ, ვინც ეს ჯერ არ იცის და დავინახავთ, რომ მას ბუნებრივად უჩნდება კითხვა: ვინ არის ეს ადამიანი, რომ მის გვერდით ყველა ჩვეული წესი და ნორმა უნდა გაუქმდეს? და რატომ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის აბსოლუტურად უდანაშაულო და უცოდველია? როდესაც იესო ადამის შთამომავლობას ცოდვით შეპყრობილს უწოდებს, პირადად მას ეს სიტყვები სრულიად არ ეხება. და კიდევ, სახარებაში ვკითხულობთ: "უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ" (იოან. 8:58), გიორგი მთაწმინდელთან: "აბრაჰამის ყოფამდე მე ვარ". ებრაულ ენაზე "მე ვარ" - ღმერთის პიროვნული სახელია და ამ სიტყვის წარმოთქმას იუდეური წესი კრძალავდა, რადგან ასეთი თვითნებობა ადამიანს შეიძლებოდა სიცოცხლის ფასადაც დასჯდომოდა. ამრიგად, ერთი მხრივ, ჩვენ იესო ქრისტეს სრულიად გასაგები, კონკრეტული მორალური და ზნეობრივი სწავლება ვიცით, ხოლო, მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ისეთ ადამიანთან, რომლის მისწრაფებებთან შედარებით ნაპოლეონისა და ალექსანდრე მაკედონელის სურვილები და მიზნები ბავშვურ თამაშად შეიძლება მოგვეჩვენოს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ვინმეს ბუდასთვის დაესვა კითხვა: "შენ ბრაჰმას (შემოქმედი ღმერთი) შვილი ხარ?", ბუდა უპასუხებდა "თქვენ ხომ არ გაგიჟებულხართ?". ან შევეცადოთ, ჩვენს ფანტაზიაში სოკრატე დავარწმუნოთ, რომ ის - ზევსია. პასუხად გულწრფელ სიცილს მივიღებთ. თუ მუჰამედს ვკითხავთ, თავად ის ხომ არ არის ალაჰი, უეჭველად შემოიხევს ტანსაცმელს და ამის შემდეგ ალბათ თავის გარეშეც დავრჩებით. თუ ვკითხავთ კონფუცის, ის ხომ არ არის ბუნების დედა: კონფუცი შებრუნდება, მხრებს აიჩეჩავს და ხითხითით გაგვშორდება. ამიტომ როდესაც ზნეობის ისეთი ბრწყინვალე მასწავლებელი გვმოძღვრავს, როგორიც იესო ქრისტეა, თუ ეჭვი გაგვიჩნდა, ეს მომენტი ან ხიბლში ყოფნად უნდა მივიჩნიოთ, ან შევიგნოთ, რომ საქმე მართლაც ღმერთთანა გვაქვს და ამ საოცრების გაცნობიერება გავაგრძელოთ.
საუბრის დასასრულს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო ქრისტე, მისი მიწიერი ცხოვრების დროს, არავის მიაჩნდა ჩვეულებრივი, მაღალი ზნეობის ადამიანად. ის ზოგადად ხალხსა და თავის უახლოეს ადამიანებზე სულაც არ ტოვებდა ასეთ ბუნებრივ შთაბეჭდილებას. მაგრამ, ვინაიდან ეს ჩვენც გვეხება, გვინდა დავუმატოთ და ვთქვათ: ვინც მას შეხვდა, გულგრილი არავინ დარჩენილა: ზოგი შიშმა შეიპყრო, ზოგს სიძულვილი დაეუფლა, ზოგიც კი ცხოვრების ბოლომდე სრულიად აღფრთოვანებული იყო მისი პიროვნებით...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი