2011-12 წლებში ქალთა ფოლკლორულ ანსამბლს დაერქვა "ელეონი", რაც, სულხან-საბას განმარტებით, არის "ცის იერი მთისა თავსა".
ანსამბლის წევრები პროფესიონალი მუსიკოსები არიან: მარიამ სუთიაშვილი (მგალობელი, რეგენტი), სოფიო ბექაური (აკადემიური გუნდის დირიჟორი), თამარ მამისაშვილი (მგალობელი, რეგენტი), გიული პაპაშვილი (სოლო სიმღერა), ლია სონღულაშვილი (მუსიკათმცოდნე) და თამარ ყორღანაშვილი (ხელოვნებათმცოდნე).
ანსამბლის რეპერტუარი საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორულ სიმღერებს მოიცავს. "ელეონი" ეტაპობრივად იხვეწება და დღევანდელი რეპერტუარით ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ეროვნულ ფოლკლორს.
ანსამბლი სოლო კონცერტით მსმენელის წინაშე მხოლოდ წელს, 30 ივნისს წარდგა ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში, სადაც ბავშვთა ანსამბლებთან "იარამაშაისა" (მერიის შ. შანიძის სახელობის მე-20 ხელოვნების სკოლა) და "არსიანთან" (საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი) ერთად წარმოადგინეს ფოლკლორული საღამო "...აპირებს გათენებასა". ამ საღამოზე გაჟღერდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერები, თუმცა ყველაზე მეტად ქართლური ფოლკლორი იყო წარმოდგენილი. ეს იყო თეატრალიზებული სცენა ქართლელი გლეხის ცხოვრებიდან - ალიონის მამლის ყივილიდან მეორე დღის ალიონამდე. სამივე ანსამბლი ერთმანეთს ენაცვლებოდა და ქართლელი გლეხის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოადგენდა ჭირითა და ლხინით, მუსიკალური ფოლკლორით.
საღამოს დადებითი და თბილი შეფასებები მოჰყვა. პროფესიონალი მუსიკოსები და ფოლკლორისტები ერთხმად აღნიშნავდნენ ამ საღამოს აქტუალობას იმ კუთხით, რომ ქართლური სიმღერები, რომელიც წლების განმავლობაში შეზავებული იყო კახურთან, გამოიყო და დამოუკიდებლად გაჟღერდა. არაერთი ქართლური სიმღერა პირველად გაცოცხლდა სცენაზე.
ამ კონცერტისთვის დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა. უპირველესად, მინდა დავასახელო საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" და მისი მესვეური მეუფე პეტრე, რეჟისორი ზურაბ ორთავიძე და ქორეოგრაფი თამაზ ბეიტრიშვილი, დიზაინერი თეონა წამალაშვილი, ილია ჯღარკავა და ზურა ქოროღლიშვილი.
- საბავშვო ანსამბლებზეც გვიამბეთ?
- ამ პროექტში დიდი როლი შეასრულეს ბავშვთა ანსამბლებმა - "იარამაშაიმ" და "არსიანმა". ანსამბლი "იარამაშაი" მე-3 წელია აქტიურად მონაწილეობს ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებში. ფოლკლორის ცენტრმა მიიწვია ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალში "მთაწმინდის ჰანგები" (2011) და "თბილისობა-2011". ასევე, დაუვიწყარი იყო საპატიო სტუმრობა 2010 წელს კონსერვარტორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ტრადიციული მრავალხმიანობის მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმზე. "იარამაშაი" ბათუმის ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორის IX-X საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი და სიღნაღის "ფოლკლორული დღეების" ყოველწლიური სტუმარია. მონაწილეობდა თბილისის მერიის ხელოვნების სკოლების მოსწავლეთა დათვალიერება-კონკურსში, სადაც 2011 წელს - მეორე, ხოლო 2012 წელს პირველი ადგილი დაიკავა.
"არსიანთან" ერთი წელია ვმუშაობ. ამ მცირე დროში მათ შეძლეს "ელეონის" და "იარამაშაის" გვერდით დამაჯერებლად წარმოედგინათ თავიანთი შემოქმედება. 2012 წელს "არსიანი" გახდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და მოზადთა რესპუბლიკური (საერთაშორისო) ფესტივალის, "მომავლის ვარსკვლავების" ლაურეატი.
- ანსამბლის რეპერტუარში თუ გაქვთ ინსტრუმენტული ნომრები?
- ჩვენ ძირითადად ხალხურ ფანდურს ვიყენებთ, რადგან კლასიკური (ქრომატიული) ინსტრუმენტების გამოყენება ქართული ფოლკლორისთვის სრულიად მიუღებელია (წყობიდან გამომდინარე), ვცდილობთ, შევისწავლოთ ხალხური წყობის ინსტრუმენტები - ჩონგური, ჭუნირი, ლარჭემ-სოინარი. ჩვენს ერთ-ერთ მომღერალს, მარიამს დიდი სურვილი აქვს, შეისწავლოს ჭიბონი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი საკმაოდ დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს და ძირითადად მამაკაცები უკრავენ.
***
ანსამბლ "მზეთამზის" წევრი, ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი: - 30 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში "ვიმოგზაურეთ" ერთი საუკუნის წინანდელ ქართლის სოფლებში, ვნახეთ მათი ლხინი, შრომა, იუმორი, ცეკვა-სიმღერა... სამწუხაროდ, ამ სიმღერებს დღეს ქართლში თითქმის აღარავინ მღერის. ამ სიმღერების უმეტესობა 1900-იან წლებში გიორგი სვანიძემ სწორედ ქართლის სოფლებში ჩაიწერა და ბევრი მათგანი დღეს ამ სცენაზე პირველად გაცოცხლდა.
"თუ გინდა, სიმღერა არ მოკვდეს, ბავშვებს უნდა ასწავლო", - ბრძანებს ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ეს სრული ჭეშმარიტებაა.
საუკუნეების განმავლობაში ქართველი ბავშვები ლხინსა თუ შრომაში უფროსების მხარდამხარ იდგნენ და ამგვარად, ყოფაში, ბუნებრივ გარემოში ეზიარებოდნენ უკიდეგანო საუნჯეს - ქართულ ფოლკლორს და ქართულ ხალხურ სიმღერას.
მაგრამ გამოხდა ხანი, გავიდა საუკუნეები და, აგერ, ჩვენს დროში, გუთანი და თოხი ტრაქტორმა ჩაანაცვლა, სოფელი თანდათან ქალაქს დაემსგავსა, სოფლელებმა ქალაქს მოვაშურეთ და - ასე თანდათან ქართულმა ხალხურმა სიმღერამ ყოფიდან სცენაზე გადაინაცვლა... ასე რომ, დღევანდელ ბავშვებს ისღა დარჩენიათ, ქართულ საუნჯეს ფოლკლორულ სტუდიებსა და ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლებში ეზიარონ.
ძნელია, სხვადასხვა თაობის ადამიანების ერთ ფერხულში ჩაბმა, მათი ნაფიქრ-ნააზრევის, ნამღერ-ნაცეკვის ერთ ლამაზ იდეაში გაერთიანება, შეკვრა და ასე არაჩვეულებრივად მიტანა მსმენელთან. ბარაქალა დალი დაბრუნდაშვილის პროფესიონალიზმს და შემართებას.
ანსამბლ "ელეონის" წევრი თამუნა მამისაშვილი:
- 2007 წლიდან ანსამბლის'წევრი გახლავართ. სამუსიკო კოლეჯში სწავლისას გავიცანი ანსამბლის ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი. პარალელურად ვარ წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის რეგენტ-მგალობელი. ეს ყველაფერი თეატრალურ უნივერსიტეტში პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში მეხმარება. ანსამბლ "ელეონის" სახე, მისი რეპერტუარიდან გამომდინარე, სრულიად განსხვავებულია დღევანდელი ქალთა ახალგაზრდა ანსამბლებისგან. ხელმძღვანელთან ერთად ვცდილობთ, რეპერტუარი გავამდიდროთ სხვადასხვა ჟანრის და კუთხის სიმღერებით. გვსურს ჩავრთოთ ხალხური ინსტრუმენტები - ფანდური, ჩონგური, ჭუნირი, რაც უფრო მრავალფეროვანს გახდის ანსამბლის რეპერტუარს. ანსამბლი სრულყოფილი ვერ იქნებოდა, მისი წევრები რომ არ მეგობრობდნენ. ვცდილობთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი აზრები და შეხედულებები მღერის მანერასთან, სტილსა და კუთხურობასთან დაკავშირებით. ეს გვეხმარება ახალი პროექტების განხორციელებაში. ასევე, ჩვენი მუსიკალური გემოვნების თანხვედრა განაპირობებს ანსამბლის წარმატებას. ანსამბლში გარკვეული რეპერტუარის დაგროვების შემდეგ გაჩნდა იდეა, გაგვემართა სოლო კონცერტი, რათა ჩვენი ანსამბლი გაეცნო ფართო მასებს. მსმენელის რეაქცია დადებითი აღმოჩნდა, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია. იმედი გვაქვს, სიახლეებით გავახარებთ მსმენელს.
ანსამბლ "ელეონის"წევრი მარიამ სუთიაშვილი:
- ანსამბლში როგორც პროფესიონალურ, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებ. მეგობრული გარემო ერთმანეთის მიმართ მოტივაციაა იმისა, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ ჩვენი საქმე, ვიმუშაოთ მეტი და მივაღწიოთ წარმატებებს.
"ელეონში" სიმღერის პარალელურად, 2005 წლიდან ვგალობ სოფელ დიღმის კავთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ამჟამად ვარ ამავე გუნდის რეგენტი. რაც უფრო უახლოვდები და ნელ-ნელა შედიხარ სიმღერა-გალობის ამ მდიდარ სამყაროში, მით უფრო მძაფრდება სურვილი, ისწავლო მეტი, სხვებსაც გაუზიარო ცოდნა, განაბნიო მომავალ თაობაში. სასიხარულოა ისიც, რომ დღითი დღე იზრდება ქართული სიმღერა-გალობის შესწავლის მსურველთა სია, დაინტერესებულია ყველა ასაკის ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები. ეს გვაიმედებს, რომ მეტი ყურადღება მიექცევა ჩვენს საგანძურს, რათა თაობიდან თაობას გადაეცეს.
ანსამბლ "ელეონის" წევრი, მუსიკათმცოდნე ლია სონღულაშვილი:
- 2012 წლის 30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის საბავშვო თეატრში გაიმართა ფოლკლორული საღამო "...აპირებს გათენებასა", რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც გახლდით. კონცერტს წინ უძღოდა დაუღალავი და ნაყოფიერი რეპეტიციები დალი დაბრუნდაშვილის ხელმძღვანელობით.
16 წლის განმავლობაში პროფესიული მუსიკის დაუფლებისა და შემდგომ 25 წლის პედაგოგიური მოღვაწეობის მიუხედავად, თითქოსდა ახლა მძაფრად შევიგრძენი ქართველი ხალხის წიაღში აღმოცენებული ჰანგების სითბო და სიყვარული.
- დალი, რა სიახლეებს გვპირდებით მომავალში?
- ნოემბერში ანსამბლი "ელეონი" მიწვეულია ბათუმში, სიმღერისა და გალობის საერთაშორისო ფესტივალზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორსა და დამფუძნებელს ქალბატონ ხათუნა მანაგაძეს.