შურის გზაზე ნუ შედგებით
შურის გზაზე ნუ შედგებით
მოშუღართა შერიგება ქართულ ლიტერატურაში
მართლმადიდებლურ სამყაროში არსებობს ლოცვა მოშუღართა შერიგებისათვის.…

"გმადლობთ შენ, მეუფეო კაცთმოყვარეო, ხელმწიფეო საუკუნეთაო და მომცემელო ყოვლისა სიკეთისაო, რომელმან დაარღვიე ზღუდენი მტერობისანი და ადამის ძეთა მშვიდობაი მოჰმადლე, აწცა მოეც მშვიდობაი მონათა შენთა, დაჰნერგე მათ შორის შიში შენი და ურთიერთარს სიყვარული განამტკიცე: დააცხვრე ყოველივე შუღლი, განაგდე საცდურნი ყოვლისა ცილობისაი, რამეთუ შენ ხარ მშვიდობაი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

ადამიანის მიზანი სამყაროსა და საკუთარი თავის გაკეთილშობილებაა, ამიტომ ქართული მწერლობა ყოველთვის გვიჩვენებდა გზას უფლისკენ, ზნეობრივი ამაღლებისკენ, სიკეთისკენ.

ჩვენი მწერლობის ამოსავალი ბიბლიური სიბრძნე და ჭეშმარიტებაა: "ვერასოდეს მიაგნებს და შექმნის ადამიანი იმას, რაც ბიბლიაში არაა; მწერლის უპირველესი და უმთავრესი მოვალეობაა, ბიბლიის მარადი სიბრძნეები თუ გაფრთხილებები მთელი თავისი მწერლური ხერხებითა და საშუალებებით მიაწოდოს მკითხველს" (გ. დოჩანაშვილი).

ისეთი მარადიული თემები, როგორიცაა: სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა, მოყვასის სიყვარული, მტრის დანდობა, მრისხანებისა და სიძულვილის დაოკება... ქართული მწერლობისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. ღრმა ქრისტიანული მრწამსი და სულისკვეთება ჩანს თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებაშიც.

ქართული საგმირო ბალადის ბრწყინვალე ნიმუშის, "ლექსი ვეფხისა და მოყმისას" გამოძახილს ვხვდებით გოდერძი ჩოხელის მოთხრობაში "აგუნდა". ეს მოთხრობა განმსჭვალულია ამაღლებული მწუხარებით, კაცთმოყვარებითა და თანაგრძნობით.

"აგუნდა ქართველი ქალი იყო, ხევსური.
აგუნდას საქართველო უყვარდა.
აგუნდას ყველა და ყველაფერი
უყვარდა, რაც კი სამზეოზე ებადა".


აგუნდა - ქართველი ქალის განზოგადებული სახეა, მისი საუკეთესო თვისებების კრებითი ხატი - ერთგული, მოსიყვარულე, ძლიერი, სათნო. "აგუნდას ისეთი გული ჰქონდა, ერთთავად ღვთის ანგელოზები გალობდნენ შიგნით".

აგუნდას შვილი მოუკლეს. მის სულში გარდატეხა მოხდა: "აგუნდას სულში ხევსურმა იყივლა".

მას სურს სისხლის აღების წესი აღასრულოს: "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ"... დედის რწმენით, შვილის სული მხოლოდ მაშინ დამშვიდდება, როდესაც მკვლელი დაისჯება.

"იარაღი აისხა მთელმა სოფელმა -
უნდა მოკვდეს მკვლელი!
უნდა მოკვდეს!"


აგუნდას შვილის მკვლელი დაჭრეს, მაგრამ ვერ მოკლეს, შური ვერ იძიეს. ამიტომ:

"აგუნდას სძულს ეს ქვეყანა.
ლამის არის ღმერთიც შესძულდეს".


აგუნდაში თითქოს ორი არსება იბრძვის. მის გონებაში, გულში, საქციელში ერთნაირად ძლიერადაა ჩაბეჭდილი მართლმადიდებლობაც და წარმართობაც. აგუნდა მოკვდა. შვილის დარდს გადაჰყვა.

"მერე მოხდა ის, რაც იშვიათად ხდება.
გაცოცხლდა აგუნდა.
წამოდგა.
წავიდა შვილის მკვლელის სოფელში.
მივიდა დაჭრილის სარეცელთან.
დაიჩოქა.
აკოცა შვილის მკვლელს.
მოუბრუნდა უკან ადევნებულ ხალხს და თქვა:
არ მოკლათ, ხალხო!
წავიდა, თავის სარეცელზე დაწვა და განაგრძო სიკვდილი".


ბოლოს მაინც ქრისტიანულმა მიმტევებლობამ გაიმარჯვა - აგუნდამ მიუტევა შვილის მკვლელს.

მოთხრობის ავტორისეული შეგონება კი ასეთია: "ღმერთმა ყველას გიცოცხლოთ შვილები..."

თუ როგორ იმარჯვებს "ახალი აღთქმის" სიყვარულით გამთბარი მორალი "ძველი აღთქმის" მკაცრ და შეუვალ პრინციპებზე, კარგად ჩანს გოდერძი ჩოხელის კიდევ ერთ მოთხრობაში: "გაცოცხლებული მიცვალებული".

ცნობილია, რომ ვაჟკაცის, "კაი ყმის" ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიიჩნეოდა მტერზე შურისძიება. გავიხსენოთ ფოლკლორი:

"მტრისაგან სისხლის აღება
ძველთაგან ვაჟკაცთ წესია,
სულ ერთად მოვამკვეინებთ,
რაც ჩვენზე დაუთესია..."


სწორედ ასეთი ვაჟკაცი იყო ბერაი ჩოხელი. 16 წლისა უკვე შურისძიების გზაზე შედგა. რამდენ ქისტსაც დაინახავდა, ყველას კლავდა. ყოველი მოკლულის მერე კი ჭდეს აკეთებდა თოფის ლულაზე. "მარტოკა მგელივით დარბოდა ქისტის ციცაბო მთებში და ჩოხის წმინდა გიორგი ნისლებს ახვევდა გარშემო, მტერს რომ არ ჩაეგდო ხელში მისი ყმა". მაგრამ ერთხელაც ერდოდან ჩამოსროლილმა თოფის ტყვიამ შეუნგრია მკერდი. მისი გმირული სულისკვეთება ჩოხელების გვარში სამაგალითოდ დარჩა, რადგან მან "თავისი სალოცავის რწმენას, გვარსა და შურისძიებას შეალია სიცოცხლე". "მისი ვაჟკაცობის ამბებზე იზრდებოდნენ თაობები და მისი სახელის ხსენების გარეშე არც ერთი დღეობა არ ჩაივლიდა".

38 წლისა აღესრულა უშვილძიროდ. ხევის იქით დამარხეს, ელიას წმინდა მთაზე, რომელიც "თითქოს მთა კი არ არის, წმინდა წიგნია, სადაც ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ნიშნები იკითხება. ამავე მთაზეა წარმართული ნიშნები და ყველაფერი ეს მთვარის მკრთალი შუქით არის განათებული". სწორედ ამ მთაზე ესმოდა სიცოცხლეში ბერაი ჩოხელს ძველი აღთქმიდან მონაქროლი ხმა, საუკუნეებიდან გადმოწვდენილი: "მტერს ვალი არ შეარჩინო, თვალი თვალისა წილ, სისხლი სისხლისა წილ, კბილი კბილისა წილ..." ეს ხმა იმკვიდრებდა ადგილს მის გულში და "უბიძგებდა ბავშვობიდან სიკვდილამდე". ბერაიც მტრის კვალს იყო ადევნებული. აბა, "რად უნდოდა სიცოცხლე სირცხვილიანს?!"

ერთ დღესაც სათემო გორზე ჩოხელებმა ბერაის "საგმირო ლექსის დასაძახებლად" შესანდობარი ფერხული გამართეს. ამ დროს ზვავის ხმა გაისმა. ნიაღვარმა საფლავების ფერდობზე ამოხეთქა და თან გაიტაცა სამარის ლოდები. მდევრები კუბოებს დაედევნენ. Bბერაის კუბო ძლივს გამოსტაცეს წყალ-მეწყერს, რომელიც მთელი სისწრაფით მიაქანებდა არაგვისაკენ, სასაფლაოზე წაასვენეს და სარქველი რომ ახადეს, გაოცდნენ: მიცვალებული გაცოცხლდა! საიქიოდან სამზეოზე დროებით დაბრუნებული ბერაი მოძმეთ ეუბნება: "ღმერთს სთხოვეთ, რომ მაპატიოს შურის გზაზე ჩადენილი ჩემი ცოდვები. შეევედრეთ, რომ შემიშვას სასუფეველში. მე კი თქვენ გევედრებით, რომ შურის გზაზე ნუ შედგებით და ნუ დახოცავთ ხალხს. ეცადეთ, თოფ-იარაღით კი არა, ერთურთის სიყვარულით, ღვთის სიყვარულით და თუნდაც მტრის პატივისცემით გალიოთ ეს წუთისოფელი. კარგია, როცა გვარი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე, მაგრამ სააქაოს ჩადენილი ცოდვა წინ ეღობება ჩამდენს და მის სულს სასუფეველში არ უშვებს".

ლომგულ ვაჟკაცში სათუთი სულის ადამიანმა გაიღვიძა. ბერაი დარწმუნდა, რომ "სისხლი სისხლით არ განიბანება" და ბოროტებაზე გამარჯვება შეიძლება არა ძალმომრეობით, არამედ სიყვარულით.

მრისხანებისა და სიძულვილის დათრგუნვა, შენდობა და პატიება არის გზა, რომელიც სასუფევლისკენ მიგვიძღვის. მოთხრობა მთავრდება ლოცვით: "ღმერთმა ნურასოდეს შეგაყენოს შურისძიების გზაზე. ია-ვარდითამც გაგელიოს სულეთის ქვეყნისკენ მიმავალი ამ წუთისოფლის შარაგზა!"

ჩვენი ეპოქა ადამიანთა სისასტიკით, გაუცხოებით, "დიდი უმეგობრობით" არის აღბეჭდილი. ამას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან შემოქმედი ადამიანები, ისინი, რომელთა ძალა ტანჯვის უნარსა და სისათუთეშია. ადამიანთა თანაგრძნობის, ცოდვის ძლიერი განცდის, ტკივილის უნარიც ხომ ნიჭის შემადგენელი ნაწილია.

ბესიკ ხარანაულის პოეზია ჩვენი დროის სათქმელით, ღრმა პიროვნული გამოცდილებით არის გაჯერებული.

ზოგიერთ მის ლექსში სახარებისეული მოტივები ჟღერს.

ხომ იყვნენ ღმერთშემოსილი წმინდანნი, რომელთაც კაცთა უსამართლობა, სიძულვილი, ცილისწამება, ღალატი და ტანჯვა-წამება ვერაფერს აკლებდათ, რადგანაც პირობითი მტრისგან მიყენებული ყოველი წყენა თუ ტკივილი ამ ადამიანების უსპეტაკესი სულის ღვთაებრივ ქურაში ღვთის დიდებად და მადლობად გარდაიქმნებოდა.

რას უპირისპირებს შემოქმედი ადამიანთა უხეშობას, სისასტიკეს?! - ისევ და ისევ მხოლოდ საკუთარი სულის სიღრმეს, თანაგანცდას, სიწმინდისა და მშვენიერების ერთგულებას, რწმენას, რადგან ამ შემთხვევაში ცხოვრების ყოველგვარი "ჩხვლეტა" ვიწრო და ეკლიან გზას გვახსენებს და მათ,

"ვისაც ცხოვრების ძნელ გზაზე
გაჭირვებით მიაქვთ ფეხები".
("ეპიზოდი")


მართლაც დიდი ნიჭია "ცხოვრების ლაბირინთებში" შეგროვილი ყოველგვარი შხამის "სიტკბოდ გარდაქმნა" და "ჰპოვო კუნძული, სადაც ტკივილები ყვავილობენ". ეს "კუნძული" კი სასუფეველია, რომელიც ადამიანის გულშია დავანებული:

"რამდენი ჭრილობაც ჩემს გულზე არის,
იმდენი ყვავილი მომირთმევია".


ბოლოს და ბოლოს, ამაღლებამდე ხომ გოლგოთაა. აქ, ამქვეყნად, ტკივილებისა და განსაცდელების ცეცხლში იწრთობა და იწმინდება სული, როგორც ოქრო - ცეცხლში:

"ესაა მიწა,
მე აქა მცივა და აქა მცხელა,
ესაა ხალხი -
ჩემი მტრები და ჩემი ძმები.
და რად ვებრძოლო
ან სულმოკლედ რატომ მიყვარდეს?
განა მათ არ შემქმნეს პოეტად
თავიანთი უხეში ხელით?"


ასე რომ, ვნებათაგან გათავისუფლებისა და პიროვნული სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე "მტრები" შეიძლება ჩვენს კეთილისმყოფელებად იქცნენ.

"შეხედეთ მის კოშკს,
ყველაზე მბრწყინავ
ჩუქურთმად იქცა
თქვენი გინება"
("სიცოცხლის ნება").

ასეთი ხედვა ხომ უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი რწმენით არის ნაკარნახევი. ქრისტეს ჯვარცმის შედეგად ადამიანთა სულებში დაიწყო ახალი, სულიერი ტაძრის დიადი მშენებლობა, რომლის თავკიდური ლოდი, თავი და საფუძველი, საწყისი და დასასრული არის ქრისტე - სამყაროს მაცხოვარი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
11.12.2017
არამეულის შემდეგ მამა სერაფიმემ ქართულად პირველად იგალობა - ლამაზი საგალობელი,
10.05.2017
გთავაზობთ ნანა ფერაძის გუნდის მიერ შესრულებულ საგალობლებს. ამ უნიკალური შესრულებით უკვე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ადამიანები მოიხიბლნენ. უფალმა დალოცოს ჩვენი კულტურა
30.10.2016
-საათივით აწყობილ სამყაროში ყოველთვის მეტის დანახვა მინდოდა, ვიდრე ამას საკუთარი თვალებით ვახერხებდი.
23.02.2016
საბრალო მარიამი, თავისი ნაღვლიანი გამომეტყველებით, ყოველთვის მოღუშული და ჩაფიქრებული ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე.
23.01.2016
შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბვრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა და 30 წუთზე ვდგებით, წინდებს ამოვაცმევ ხოლმე ბეჩავს,
06.01.2016
ოცდახუთსა დეკემბერსა, ალილო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო
ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფალმა იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდგომ წარმოგზავნა 12 მოციქული, რათა ყოველი მისი სიტყვა ხალხისთვის გადაეცათ. უფლის მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში გაემართნენ საქადაგებლად.