მწერლის მისიაა, "ზეციურ ხმათა ახსნა და განმარტება". იგი უნდა დაეხმაროს ღვთისგან გაუცხოებულ ერსა და კაცობრიობას
უფალთან შერიგებაში, მოამზადოს ღვთის სიტყვის მისაღებად, ჭეშმარიტ სამშობლოში, დაკარგულ ედემში, სიყვარულის მხარეში დასაბრუნებლად.
სწორედ ეს როლი და მისია იტვირთა მწერალმა გოდერძი ჩოხელმა. და თავისი უცოდველი და დაუცველი ხელებით დაიჭირა "მამის თვალისმომჭრელი სხივი" და იმ სითბოთი და სინათლით, "ზეციური საკურთხევლის ცეცხლად" რომ ენთო მის გულში, დღესაც გვინათებს ღამეს, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება.
ამ კუთხით გოდერძი ჩოხელის შემოქმედების შესახებ გვესაუბრება ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა კვაჭანტირაძე.
- გოდერძი ჩოხელი მწერალია და ნამდვილი მწერლობის დანიშნულებაც დღემდე ესაა - ადამიანის სულში მადლის მარცვლები დათესოს, სიკეთეს ძალა შემატოს და "ღვთის ხატი" გამოაღვიძოს. ჩოხელი ამას პირდაპირაც ათქმევინებს თავის გმირებს და ირიბადაც - "შთაგრძნობის" ცნობილი ხერხით. ალბათ, გახსოვთ, იგი ხშირად ლაპარაკობს ღმერთზე, ამ სოფლიდან წასვლაზე, ამქვეყნად მოსვლის მიზანზე, ადამიანში ღმერთის წილის განსაზღვრას ცდილობს. მოკლედ, თუკი რაიმეზე წერს, სწორედ ამაზე.
- მოყვასის სიყვარული რამდენად გვევლინება იმ მთავარ ღერძად, რაზედაც მწერლის პიროვნება დგას? უარყოფითი გმირისადმი თავისი პრინციპული დამოკიდებულების მიუხედავად, რამდენად ახერხებს გოდერძი ჩოხელი, იყოს მიმტევებელი?
- ლიტერატურული პერსონაჟები საუკუნეების მანძილზე უწევდნენ მეგზურობას საზოგადოებას სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ნამდვილი მწერლობა დღესაც სწორედ ამითაა დაკავებული, ამ ტრადიციას აგრძელებს, უბრალოდ, ხერხები, ფორმები შეიცვალა, სიახლის მოთხოვნილება გაჩნდა თვით მკითხველშიც. არც დღევანდელი ადამიანია გუშინდელის მსგავსი. დღეს ადამიანს, როგორც არასდროს, ისე უჭირს და მწერლობამ არ უნდა შექმნას ილუზია ამასთან დაკავშირებით. მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია და ვერ მოვთხოვთ მას, უარყოფითი გმირი უყვარდეს. გ. ჩოხელს ადამიანი უყვარს ზოგადად, ადამის მოდგმას და ჯიშს თანაუგრძნობს და ებრალება იგი. თითქოს მკაცრია, ხანდახან სასტიკიც, მაგრამ ყოველთვის მიმტევებელი. ამ მიმტევებლობას მის იუმორში ვგრძნობთ, ირონიაშიც. ის კაცი მახსენდება, ულვაშზე ცხიმს რომ ისვამდა, ამპარტავნებით შეპყრობილს შვილი რომ შემოაკვდა და მერე მის საფლავთან დგომით მუხლამდე ჩავიდა მიწაში. მონანიების ისეთი მაგალითია, შეუძლებელია არ შეგებრალოს. ჰოდა, ჩოხელსაც ებრალება, რაკიღა ამას წერს.
ჩოხელის მხატვრული მეთოდი, შეიძლება ითქვას, ჩაურევლობაა. პერსონაჟების მიმართ მორალისტური ტონი არ ახასიათებს, სულერთია, დადებითია გმირი თუ უარყოფითი. სამაგიეროდ, მისი დამოკიდებულების ამოკითხვა სხვადასხვა გზით შეიძლება და არ უნდა დაგვეზაროს ამ ნიშნების ამოცნობა. ჩოხელი სწორედ ამ პოეტიკის ერთგულია და შესაძლოა, ეს იყოს კიდეც მწერლის ამოცანა. დღეს ყველაფერი ისეთი შეფუთული სახით გვეძლევა, რომ განსხვავება ავსა და კარგს შორის ძნელი ამოსაცნობი გახდა. მეჩვენება, რომ ჩოხელი ამ პოლარული საწყისების ურთიერთშეჭრის ტენდენციას, ფორმათა აღრევას უკვე 80-იან წლებში საკმაოდ კარგად გრძნობდა და ფხიზლად იცავდა "სამანს", თუმცა მორალისტური პოზიცია საგანგებოდ არ შეჰქონდა თავის მოთხრობებში. იქ ამის ადგილი ნამდვილად არ იყო.
- ჩოხელის შემოქმედებაში ერთ მხარეს დგას რწმენისა და სიკეთის ცნებებით გაჯერებული, წარსულის პატივისმცემელი და ტრადიციების მიმდევარი გუდამაყარი, მეორე მხარეს კი - რწმენადაკარგული და ტრადიციების უარმყოფელი დედაქალაქი, თავისი ცივილიზაციით, კულტურით, კანონებით. როგორ გვიხატავს მწერალი კონფლიქტს ცივილიზაციასა და ბუნებას შორის, რომელიც, თავის მხრივ, წარმოშობს გაუცხოებას ადამიანის სულში? სად ხედავს ჩოხელი შერიგების გზას ამ პოლარულ გარემოებებს შორის?
- ქალაქის და სოფლის დაპირისპირება დღეს, ფაქტობრივად, ბუნება - კულტურის ოპოზიციად იქცა, თუმცა ეს მხარეები, ისევე როგორც მათი მნიშვნელობები, დაშორდნენ თავდაპირველ გაგებას და სამყოფ სივრცეს. როგორც ჩანს, ჩოხელისთვის ეს მტკივნეული საკითხი იყო და მხარეთა განლაგებასაც მტკივნეულად აღიქვამდა: ერთი - ქალაქში, მეორე - სოფლად, გუდამაყარში. თუმცა გუდამაყარი, თუ მხატვრულ სახედ განვიხილავთ, და ასეც უნდა შევხედოთ, მხოლოდ "სოფელი" არააAდა ამ დაპირისპირებაში ცოტა სხვაგვარადაა ჩართული. დღეს, როცა კულტურის ცნება კეთილდღეობის, რაციონალიზმის, ტექნიკური პროგრესისა და გლობალიზაციის ცნებებს დაუკავშირდა, ცხადია, ჩვენი სიმპათიები ბუნებისკენ იხრება, როგორც ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის, ტრადიციული კულტურისა და ღირებულებების სამყოფისაკენ, თუმცა რეალურად ამ ცნებათა განლაგების ადგილი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სოფელი, თუნდაც გუდამაყარი. უბრალოდ, გუდამაყარი პირობითი სახელწოდებაა იმ სივრცისა, სადაც მისთვის ძვირფასი ინახება: სიყვარული, სიკეთე, რწმენა, ღირსება და სხვა ადამიანური ქველობები. ჩოხელის მიერ აღწერილი გუდამაყარი ბუნებრივად ესთეტიკური სამყაროა. ეს ბუნებრიობა მის გმირებსაც ახასიათებთ. რაღაც უბრალო, მარტივიც კი, მაგრამ მშვენიერი და სუფთა სახით შენახული.
- ჩოხელი ზოგიერთ ნაწარმოებში ღმერთთან შუამავლობასაც კისრულობს, ადამიანებისათვის დახმარებას ითხოვს. რამდენად არის მწერლის დანიშნულება, გამოექომაგოს დაჩაგრულ უბიწოებას, შებღალულ სიკეთესა და სილამაზეს, შეახსენოს, შეურხიოს მკითხველს ის ღვთით ნაბოძები გრძნობები, რომელიც დროის ტრიალმა გააქრო და დაასუსტა?
- ჩოხელი ქართული მწერლობის და, საზოგადოდ, ჭეშმარიტი მწერლობის ტრადიციის ერთგულია, თუმცა ერთგულება სულაც არ უშლის ხელს, მწერლის მისიის საკუთარი ხედვა, ვერსია შემოგვთავაზოს. არსი იგივე რჩება: მწერალი ადამიანის ქომაგია, მისი "დარდების შემგროვებელი". რეზო ინანიშვილი ბრძანებდა, მწერალს დარაჯის ფუნქციაღა დარჩაო. იგი წარსულიდან მოყოლილ რაღაც-რაღაცებს დარაჯობს ბალახიდან ბავშვებამდეო. მასაც უმწეოდ აქვს გაშლილი ხელები დარაჯივითო. როგორ უხდება ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელს. იგი გუდამაყარს დარაჯობს, გუდამაყარს უდგას მცველად, ანუ იმას, რაც მისი ხილული კონკრეტულობის მიღმა იმალება: სიკეთეს, ერთგულებას, უბრალოებას, გულუბრყვილობას, თავდადებას. მართლაც დარაჯობს და თანაც სწორედ ბალახებიდან ბავშვებამდე. მწერალი ამისთვის ჩნდება, ამისთვის აჯილდოებს ღმერთი ენის განსაკუთრებული შეგრძნებით, თხრობის განსაკუთრებული უნარით, განუწყვეტელ დიალოგში რომ იყოს ადამიანებთან, შეახსენოს, თანაუგრძნოს, რადგან ღმერთი, ლოგოსი - სიტყვაა, სიტყვით მოვლენილი და განხატებული. ყველაზე უფრო სწორად, მწერალს, სიტყვის მომპატრონებელს, სიტყვის მადლით დასაჩუქრებულს შეუძლია საღვთო საქმის კეთება, ამისთვისაა მოვლენილი. ჩვენ განსაკუთრებული განძის მფლობელები ვართ და ეს უნდა გვახსოვდეს. მთის ენას ვგულისხმობ - ამაყსა და ღონიერს, უცნაური მადლითა და ღირსებით მოსილს, ნებისმიერი მკითხველის გულის კარს რომ შეხსნის თავისი ძალითა და სიბრძნით, მათ შორის ისეთებისაც, სულაც რომ არ დაუდგამთ მთაში ფეხი.
- მაინც რა სამანი აერთიანებს დედამიწასა და ცას, სად ხედავს მწერალი ადამიანის ნამდვილ ადგილს და რაზე მიგვანიშნებს უგუმბათო ეკლესია?
- ადამიანის ადგილი ჩოხელისთვის დედამიწაა. დედამიწაა ადამიანებისა და სიცოცხლის სამყოფი სივრცე. ამიტომაც ამბობს: თუ დედამიწას გაუმარჯვდება, სიცოცხლეც გამარჯვებული იქნებაო. დედამიწაზე ჩოხელი ადამიანივით წერს, ადამიანის ტერმინებით აღწერს და შეფასებებიც აქ უნდა ამოვიკითხოთ. მოთხრობაში "წერილი ნაძვებს" ამბობს: სუნთქავს მიწა, როგორც კაცი ამოისუნთქავს და როდის-როდის ჩაისუნთქავსო. რაც შეეხება ცას, იგი ღვთის სადგომია. ამაზეც პირდაპირ ამბობს: "მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ ყველანი დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია... როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსახული სახეები, თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთსა..." ჩოხელის კოსმოსი ერთი მთლიანობაა, დაუნაწევრებელი. განცალკევება დროებითია, საბოლოოდ ყველაფერი - სულიერიც და მატერიალურიც - ერთმანეთს ერთვის. ასეთია ღვთიური კოსმოსის წესი. ამიტომ იქცევიან ადამიანი და ნაძვი ერთსახედ, ამიტომ გრძნობს კაცი ნაძვის ფესვებს და არ ეთმობა ეს ერთიანობა. "ცასწავალა" პატარა უფლისწულის - ლიტერატურული პერსონაჟის ხსოვნას ეძღვნება. ეს მიძღვნა მიგვანიშნებს, რამდენად პირობითი და არაარსებითია ჩოხელისათვის წარმოსახვასა და რეალურს შორის არსებული მიჯნა. მეორე მხრივ, დედამიწის სივრცე გუდამაყრელისათვის მკაცრადაა დასაზღვრული და ამ საზღვარს თუ სამანს ადამიანის მიერ გაკეთებული საქმე მონიშნავს.
სამანს აქეთ და სამანს იქით ორი განსხვავებული სამყაროა, ადამიანურ საქმეთათვის ბოძებული საზღაური - სივრცის სახით. სხვათა შორის, ჩოხელის გმირები სხვა საზღვრებსაც ამჩნევენ, მაგალითად, თამაშსა და სერიოზულობას შორის და მკაცრად იცავენ ამ უკანასკნელს; არ მოსწონთ, ადამიანი რომ საკუთარი პიროვნებიდან გადის და სხვა კაცს თამაშობს.
ჩოხელი ძირითადად ამ სივრცეზე ფიქრობს - ადამიანის ამქვეყნურ სადგომზე, რომელიც ხან ხნულია, ხან საფლავი - ყანწიანი თუ ხელეჩოიანი კაცის გამოსახულებით, ხან კი წვრილი თეთრი ქვებისგან აკინძული, კედელში ჩალესილი ხაზი, კაცის სავალი ბილიკივით, სივრცეს შეაშრებაო, - ამბობს ჩოხელი გაქრობაზე, სიკვდილზე; სულ ფერებში ხედავს სიკვდილ-სიცოცხლის მოძრაობას: "სიზმარივით გადავხუნდებიო", - ამოიკვნესებს. ნახეთ, რამდენი რამით ესაუბრება, როგორ ერთგულებს ამ სივრცეებს, როგორ ეძებს სულის კვლებს და ხატებს ადამიანის სადგომში, მისი ხელით გაკეთებულ საგნებში. როგორ საუბრობენ მკვდრები ამ საგნების მეშვეობით და აუცილებლად იგრძნობთ, რას ნიშნავს ჩოხელისთვის დედამიწა და სიცოცხლე, რაშია ადამიანის დანიშნულება. ერთი ნატვრა მაქვსო, ამბობს: ღმერთმა თავისი ძალა მამცეს, რომ დედამიწა ავიყვანო და ხელისგულზე დავისვაო. რატომ? ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდიო. რით არაა დარაჯი - ბავშვებს, უმწეოებს, დაღლილებს რომ დარაჯობს, მათ შორის ისეთ უცნაურ დაღლილსაც, როგორიცაა დედამიწა?
ცხადია, ჩოხელის გმირები ზეცისკენაც იხედებიან და არც ისაა შემთხვევითი, მისი უსაყვარლესი გმირი რომ დონ კიხოტია. რა მცირე და თანაც რა გადაულახავი ზღვარია ცასა და მიწას შორის და რამხელა მსხვერპლს მოითხოვს ამ მიჯნის გადალახვა. ამას ბუნება გვასწავლის, ერთი პაწია ჩიტი, ცასწავალა რომ ჰქვია.
ჩოხელთან მშვენიერება უცნაურია და სადღაც სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე იშვება. ჩემს ძვლებზე იების ამოსვლას ვინატრებდიო, - ამბობს ათნოხელი გორია და ვხედავთ, როგორ ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იშვება სილამაზე არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ სიკვდილის წიაღშიც. ყველაფერი ერთმანეთში გადადის და ამ გადასვლაშიც ღვთის ხელი ურევია, ღვთის კანონი დგას და ჩოხელისთვის სწორედ ეს კანონია მშვენიერი.
- მწერალი სვამს კითხვებს: საით მივდივართ, რატომ და რისთვის მივდივართ? და ამით ადამიანს ამქვეყნად მოსვლის დანიშნულებას შეახსენებს. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მარადიული სიყვარულის ვარდი ყვავილობსო, - ამბობს. რა არის ეს ვარდი?
- ჩოხელი ხშირად სვამს მარადიულ კითხვებს. ზოგზე აქვს პასუხი, ზოგ კითხვას კითხვადვე ტოვებს. ასე უფრო ბუნებრივია. ყველა კითხვაზე პასუხი არც მწერალს აქვს. ამიტომაც წერს, რათა ცოტა სინათლე შეიტანოს გაურკვევლობაში, სამყაროს საზრისი ამოიცნოს და აბსურდის შეგრძნების გაბატონებას შეუშალოს ხელი. ადამიანი სიყვარულისთვის იბადება. ამ სიყვარულის ხარჯვა და განაწილება, მისი სიცოცხლის აზრი - ასეთია ჩოხელის კონცეფცია. მაგრამ ეს ცოდნა თუ მისია სადღაც დაიკარგა, თითქოს წარსულს გაჰყვა თან. ამიტომაც იხსენებს ძველებს, წინაპრებს, ტრადიციებს. წარსული აქვეა, აწმყოს გვერდით, მხოლოდ დანახვა უნდა შეძლოს ადამიანმა. ამ ცოდნას გუდამაყრელი ტრაგიკულ წამში იბრუნებს და ამიტომაც უყვარს ჩოხელს ეს ტრაგიკული წამი. ტრაგიკული ბგერა მის საზეიმო განწყობასაც ახლავს ხოლმე. ჩოხელი სიკვდილის სილამაზეში გვარწმუნებს და მზესა და მთვარეს ადარებს მას. მწერალი იმისთვისაა, სიკვდილი მოუშინაუროს და მისი შიში დააძლევინოს ადამიანს. ჩოხელი სიკვდილის საზარელი ხატის გამშვენიერებას ცდილობს და მას მოცეკვავე ახალგაზრდა ვაჟის სახით წარმოგვიდგენს. ეს იგივე, ხელოვნებისათვის კარგად ნაცნობი, ცელიანი კაცის ცეკვაა, ოღონდ ჩოხელის ვარიანტით მოწოდებული არა ირონიული, არამედ ტრაგიკული ელფერით, ადამიანთა დაუნდობლობით რაღაცნაირად გასაწყლებული.
დასასრულში დგას დასაწყისი. სიკვდილი და სიცოცხლე ყოფიერების ორი სახეა, ორი სეგმენტი. ისინი ისე ავსებენ ერთმანეთს, როგორც გარიჟრაჟი იშვება ღამისაგან, როგორც მწუხრი ერწყმის ღამის სიბნელეს. სამყარო წიგნია და ამ წიგნის წაკითხვა თუ გინდა, ორივე უნდა აღიარო - დასაწყისიც და დასასრულიც. ამიტომ ამბობს ქართველი კაცი: "ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო". სიკვდილი ფორმას ანიჭებს მედინ ყოფიერებას, სამანს უდებს და ახალსაც თავადვე იწყებს. ჩოხელი ყურს უგდებს ყოფიერების ამ ხმაურს, ამ მიქცევა-მოქცევას და თავის დასკვნასაც აკეთებს: "სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა... სიკვდილიც სევდა არის, ოღონდ ადამიანის არყოფნის სევდა". ამ ბოლო ფრაზას, პირველისგან განსხვავებით, ერთი სიტყვა აკლია, მსაზღვრელი, და ჩოხელის შეფასებაც ესაა. ჩვენ არ ვიცით, როგორია არყოფნის სევდა, არც ჩოხელმა იცის და არ ცდილობს მკითხველის მოტყუებას.
- ჩოხელთან, ვფიქრობ, კიდევ ერთი კონფლიქტია. ერთია ქართულ მითოლოგიაზე, ფოლკლორზე აღმოცენებული რწმენა და მეორეა - ქრისტიანული. როგორ ხდება ამათი მორიგება მწერალთან?
- არა მგონია, ისინი ერთმანეთს უშლიდნენ ხელს და მოსარიგებლად იყოს საქმე. ისინი ორივენი კვებავენ ჩოხელის მხატვრულ აზროვნებას, როგორც ორი დიდი წყარო შთაგონებისა, ხან გაუცნობიერებლად, ხან ცნობიერად. ნიჭიერ მწერალს არ უჭირს, მითს, თქმულებას ქრისტიანული შინაარსი მოარგოს, თანაც სრულიად ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ბუნების, სულდგმულის, ადამიანის ისეთი თანაგრძნობა, როგორიც ჩოხელთან გვხვდება, მხოლოდ ღრმა რწმენის შედეგი შეიძლება იყოს. თუმცა, ცხადია, მწერალს, ხელოვანს ვერ მოვთხოვთ, ამ ყველაფერს საეკლესიო ნორმების ზუსტი დაცვით ახორციელებდეს. პოეტი ბესიკ ხარანაული მახსენდება: "ამ ხალხმა მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ღმერთისგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვეს". გოდერძი ჩოხელი ამ სიძნელით, ამ ძნელი სიყვარულით ცხოვრობდა, ვფიქრობ, ამიტომაც წავიდა ამ ქვეყნიდან ასე ადრე.
- ჩოხელის გმირები ცას შეჰყურებენ იმედის თვალით, ცისკენ მიილტვიან, გაფრენას ლამობენ. მის ნაწარმოებებში ჩანს სულისა და სხეულის კონფლიქტი. სული უნდა განთავისუფლდეს სხეულისგან. სულის ხსნა კი რწმენის საქმეა. როგორ დგას მწერალთან ეს საკითხი: რწმენის ტრაგედიის და რწმენის გამარჯვების (ანუ პესიმიზმის და ოპტიმიზმის)?
- სულისა და სხეულის მარადიული კონფლიქტი ჩოხელთან ცოტა სხვაგვარად წყდება: სულისა და გაუხეშებული, სახეცვლილი მთის ტრადიციის კონფლიქტი, ადამიანის სულისა და სოციალური კანონების კონფლიქტი, ოცნებისა და რეალობის დაპირისპირება. "ჩრჩილის აღსარებაში" ამბობს, სულში სხვანაირი სინათლე ჩამეღვარა და მივხვდი, რომ ეს ქვეყანა სულის დროებითი სუდარაა, განსაწმენდელია, სადაც საკუთარ ლეშზე უნდა აღზევდეო. ხორცი იგივეა, რაც წიგნისთვის ქაღალდი. სოფელი წიგნსა ჰგავს, წამკითხავნი ჩვენ ვართ სუყველა, წიგნში ვკითხულობთ სოფლის ამაოებასო. იმასაც ამბობს, სულის გარდა ყველაფერი უკუიქცევაო. რაც შეეხება მწერლის ამქვეყნად მოსვლის მიზანს, თავის მისიას, ალბათ, ისე ხედავდა, როგორც ერთ მოთხრობაში ამბობს: "დაწერეთ ისეთი წიგნი, როგორიც ბავშვის ტირილია. მაშინ თქვენ ჭეშმარიტად დიდი მწერალი იქნებით. ეცადეთ სიცოცხლეშივე მოიპოვოთ თქვენი სულის გარდაცვალება".
აი, ასეა. ჩოხელი გარდაცვალებაზე ლაპარაკობს და არა სიკვდილზე. ეს გარდაცვალება და არა სიკვდილი არის გაკეთებულ საქმეთა საზღაური. მოთხრობაში "გუდამაყრელი დედაკაცები" სიტყვისა და გუდამაყრელი ქალის მსგავსებაზე ლაპარაკობს. ეს სიტყვა - "ავაჰმე" - დატირებასავითაც ჟღერს და ჰიმნივითაც. როგორი გულწრფელია ამ შედარების ფონზე მისი ბოლო ამოძახილიც: "რად, რად გიღონავთ გული... რა, რა გიშველოთ... ავაჰმე, მოგიკვდეთ ჩემი თავი!"
მოთხრობაში "რატომ ტირის ადამიანი" ბევრ კითხვაზეა პასუხი გაცემული. დასასრული არ არსებობს, დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას. "შეიძლება სხვაგნიდანა ვართ მოსულნი და რაკი ვეღარ წავედით და აქ უნდა დავიმარხოთ, იმიტომ ვტირით. ამ განცდას ეგზისტენციალისტები "გადმოსროლილობას", "მიტოვებულობას" ეძახიან. იმიტომ ტირის, რომ "თავისუფლება უნდა", ცასწავალასავით. მერე აღარ იტირებს, რადგან "თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია".
- არის სხვა დაპირისპირებებიც: სიკეთეს ებრძვის ბოროტება და უსამართლობა, სილამაზეს - უსახურება. როგორ ხატავს მწერალი ამ ბრძოლას და რამდენად ცდილობს გადაარჩინოს, აამაღლოს, განწმინდოს, გაანათოს რეალობა და მკითხველი დააფიქროს სიკეთისა და სილამაზის უძლეველობაზე?
- ჩოხელის თითქმის ყველა მოთხრობა სწორედ ამ ბრძოლაზე და ადამიანში სიკეთისა და სილამაზის გადარჩენაზეა დაწერილი. რა ემახსოვრება შენს სულს? - კითხულობს ჩოხელი და პასუხობს: ადამიანები, სიხარული და მწუხარება, მარტოობის სევდა, ცოდვა-მადლი, ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში. მიწა, რომელზედაც დადიოდი, საგნები, რომელთაც შეეჩვიე. შენს სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში. ჩოხელის გმირებმა იციან, რომ ადამიანად ყოფნა ტვირთია და ამ ტვირთის ტარება ზოგჯერ იმდენად მძიმე და უიმედო ეჩვენებათ, რომ ადამიანობაზე უარს ამბობენ და თევზად იქცევიან. მოტივაცია დამაჯერებელია, თუმცა ეს წამიერი, დროებითი ფიქრია. მოთხრობის ბოლოშივე, შეძრწუნებულ ხალხს რომ უყურებს, ჩოხელს უკვე აქვს პასუხი კითხვაზე - ღირს თუ არა ადამიანად ყოფნა: "ღირს! ღირს!" - ამ სიტყვებს რწმენა და სიყვარული ამბობს მწერლის პირით.
- არის სხვა კონფლიქტიც - წარსულსა და მომავალს შორის. ერთი მხრივ, არსებობს საქართველოს გმირული წარსული და, მეორე მხრივ, რეალობა. მხოლოდ წარსულით ვერ ვიცხოვრებთ. საჭიროა განახლება ("განახლება ან სიკვდილი"). როგორ არიგებს წარსულსა და მომავალს გ. ჩოხელი?
- როგორც ჩოხელი ამბობს, სულს "გაფხავება" უნდა. მას ეკიდება შენი წარსული. არსენა (მოთხრობიდან "მეფის დაძახილი") საქართველოს სიყვარულს აღმა-დაღმა სირბილით გამოხატავს. გაქურდულ ფშაველ გამახარეს კი მხოლოდ ის ადარდებს, ფშავის მთები ისევ დგანან თუ არა. ორივე მოთხრობა ღიმილნარევი გულისტკივილითაა დაწერილი. ორივეს პერსონაჟები "შერეკილები" არიან. სწორედ მათი პირით ამბობს სიმართლეს ჩოხელი. "შერეკილები" 80-იანი წლების ქართული ლიტერატურისა და კინოს საყვარელი თემა იყო, ძალზე საჭირო და აქტუალური, რადგან რეალობაც, ტრადიციაც და "საღი აზრიც" თითქოს ადამიანებისთვის გასაგებ და მისაღებ საზღვრებს კარგავდა, კარგავდა ავტორიტეტს და აუდიტორიას.
- დაბოლოს, თითოეული ადამიანი - მოთხრობაა, მთელი სამყაროა, რომელსაც თავის სათაური აქვს: "სუყველას ზურგზე ჰკიდია თავის თავგადასავალი". როგორ არქმევს მწერალი თითოეულ მოთხრობას (ადამიანს) თავის სათაურს?
- ჩოხელი თავგადასავალს, მოვლენის არსს იღებს და სათაურად გამოაქვს. თითქოს სათაური წინასწარ მოხაზავს ძირითად სათქმელს. ხან პერსონაჟის სახელს არქმევს, ხან მოვლენისას. საერთოდ, მის მოთხრობებში ბევრი სახელია - კაცების, ქალების, მთების, მდინარეების. ეს სახელები გუდამაყარს ფერადოვნებას მატებს. სახელები მხოლოდ კოლმეურნეობის თავმჯდომარეებსა და ბრიგადირებს არ ჰქვიათ. ვფიქრობ, ეს პრინციპია. სახელს მეხსიერება ახლავს, სულის მეხსიერება, და შესაძლოა, უსახელობა უსულო ადამიანების მიმართ გამოტანილი სამომავლო განაჩენიც იყოს მწერლის მხრიდან. ყოველი კოსმოლოგიური აქტი ხომ, როგორც წესი და შემოქმედის კანონი, სახელის შერქმევით იწყება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი