ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ტაძრამდე საკმაოდ საინტერესო გზა განვლო კულტურის სამინისტროს ხელოვნების კოლეჯის სახვითი განყოფილების გამგემ, მხატვარმა და მოქანდაკემ გია ამირანაშვილმა. ამაში მისი ნაუბარიც დაგარწმუნებთ:
- მოსწავლეობისას პიონერთა (დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის) სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი. სწორედ იმხანად გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე. კომუნისტური რეჟიმი, მოგეხსენებათ, ტაძარში სიარულს გვიკრძალავდა. მე და ჩემი მეგობრები გავიპარეთ, უჩუმრად მივედით სიონთან, ხეზე ავძვერით და იქიდან ვადევნებდით თვალს პროცესიას. ამ ბავშვურ ცნობისმოყვარეობას ჩემი შარვალი შეეწირა, რის გამოც მშობლების საყვედურიც დავიმსახურე, მაგრამ დამრჩა კითხვა: რა იყო მიზეზი, რატომ არ გვრთავდნენ ეკლესიაში სიარულის ნებას, რა ხდებოდა იქ ასეთი მიუღებელი?
- პასუხი მალე იპოვეთ?
- რა თქმა უნდა, ვერა. რაკი უფროსებმა ბუნდოვანი პასუხი გამცეს, ვეცადე, თავად გამერკვია ეს ყველაფერი. გარკვეული ინტერვალებით, იოლად რომ არავის მოვხვედროდი თვალში, რიგრიგობით დავიწყე ქაშვეთსა და სიონში სიარული. ვათვალიერებდი და თუმცა ყველაფერს ბავშვური თვალითა და გულით ვზომავდი, ვხვდებოდი, თანდათან როგორ ემორჩილებოდა ჩემი გონება უცნაურ კანონზომიერებას, გამუდმებით როგორ მეწეოდა რაღაც იმ სიმშვიდისა და მყუდროებისკენ, ტაძრის კედლებში რომ სუფევდა.
- რაიმე განსაკუთრებული მოვლენაც ხომ არ გახსოვთ იმ წლებიდან?
- რამდენიმეჯერ გავხდი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ფარული შეხვედრების უნებლიე მოწმე. მაშინ ზვიადი ჩემთვის კლასიკოსის შვილი იყო და ამით გახლდათ საინტერესო, მაგრამ შემდგომში, როცა თანამოაზრეებთან გამართულ მათ საუბრებსაც შევესწარი, ჩემში სამშობლოს მძაფრმა სიყვარულმა გაიღვიძა და მივხვდი, მხოლოდ საკუთარი კარ-მიდამო, წყნეთი ან თბილისი კი არა, საქართველოს მიწის ყოველი გოჯი, მასზე აღმოცენებული ყოველი ხე, ყოველი ქვა, ჰაერი და ცაც მთელი არსებით უნდა მყვარებოდა და მისთვის თავი გადამედო.
ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში სწავლისას მეგობრებთან, დღეს უკვე ტიხრული მინანქრის ცნობილ ოსტატთან პაატა პაატაშვილთან და მოქანდაკე პაკო ელბერაშვილთან ერთად კვირაობით ვრჩებოდი ბეთანიაში. იმჟამად იქ არც მამათა მონასტერი იყო და არც ღვთისმსახურება აღევლინებოდა. ის, სხვა ტაძრების მსგავსად, ისტორიულ ძეგლად ითვლებოდა და ჩვენც, როგორც მომავალ მხატვრებს, უმთავრესად ამ თვალსაზრისით გვაინტერესებდა, თუმცა ჩვენდაუნებურად მაინც ვივსებოდით ღვთაებრივი მადლით. საოცრად შეგვიყვარდა დარაჯი, უკეთილშობილესი ძია ვანო წიკლაური, რომელიც რითაც შეეძლო გვეხმარებოდა, რომ იქ ცხოვრება არ გაგვჭირვებოდა და ირგვლივ ყოველივეს მიმართ უფაქიზესი დამოკიდებულებით გვაოცებდა. მერე, როცა უკვე აკადემიაც დავასრულე, სურვილი გამიჩნდა, ძია ვანოსავით მეც მომევლო, მოვფერებოდი მიტოვებულ, შეურაცხყოფილ ეკლესია-მონასტრებს და მათთვის პირვანდელი პატივის დაბრუნებაში მცირედი წვლილი მაინც შემეტანა.
- მით უფრო, რომ თანდათან გალხვა ყინული და ხალხმა ეკლესია-მონასტრებს მიაშურა...
- დიახ, ღვთის მადლით, ეს პროცესი დაიწყო და არ შემეძლო, განზე ვმდგარიყავი. მე წყნეთელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, თუმცა სკოლა თბილისში დავამთავრე. იქვე, ჩემს სახლთან ახლოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ძველი ეკლესია იყო, რომელიც ოდესღაც სათავსოდ გამოეყენებინათ. მე და ჩემმა მეგობრებმა გავწმინდეთ, ათასგვარი ზედმეტი წვრილმან-მსხვილმანისგან გავათავისუფლეთ და სულ მალე, პატრიარქის კურთხევით, ტაძარი ამოქმედდა კიდეც. შედარებით რთულად იყო საქმე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, სადაც ფურნე მოეწყოთ. ადვილი არ გამოდგა მათი იქიდან გამოყვანა, თუმცა კეთილი ადამიანების დამხარებით ეს საქმეც მოგვარდა. მართალია, ტაძარში წირვა-ლოცვა ჯერ არ აღევლინება, მაგრამ "კოკა-კოლას" პრეზიდენტ თემურ ჭყონიას მეუღლეს, ექიმ მარინა გუნიას, დიდი სურვილი აქვს, აქ დედათა მონასტერი გაიხსნას, რის განხორციელებას, ვფიქრობ, მალე მოახერხებს.
- როგორც მივხვდი, ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებდით და ღვთის სამსახურში ჩადგებოდით.
- სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ოდესმე არათუ სტიქაროსანი, ეკლესიის რიგითი წევრი მაინც გავხდებოდი... ღვთის ნებით, ახალამოქმედებული ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად მამა დავითი (ამჟამად - მეუფე დანიელი) დანიშნეს. წირვა-ლოცვებსაც ვესწრებოდი, გაუგებარ საკითხებზეც ვესაუბრებოდი, მაგრამ უფრო ინტერესის გამო; აღსარების ჩაბარება აზრადაც არ მომდიოდა. მერე და მერე, ეტყობა, საამისო ნიადაგიც მომწიფდა და პირველი ზიარებაც მივიღე. ეს სვეტიცხოველში, სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს მოხდა - მამა დავითმა იქ დამიბარა აღსარებისთვის, რადგან მოძღვართა სიმცირის გამო იქაც მსახურობდა.
- წარმომიდგენია, რამდენად აღმატებული იქნებოდა პირველი ზიარების განცდა ამოდენა დღესასწაულის დროს!
- ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო, თუმცა დიდი განსაცდელი შემემთხვა ზიარებამდე - გადმოვედი თუ არა სამარშრუტო ტაქსიდან, იქვე, მაღაზიაში შევიარე, სიგარეტი შევიძინე, გავხსენი, ერთი ღერი ამოვიღე და ის-ის იყო, პირში უნდა ჩამედო, რომ სვეტიცხოვლის ეზოში იღბლად გამოსული მორჩილი ნიკოლოზი (დღეს - ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი) ხელში მწვდა, სიგარეტი გადამაგდებინა და მითხრა, რომ ეს არაფრით არ შეიძლებოდა... იმ დღიდან ზუსტად თხუთმეტი წელიწადი გავიდა, მაგრამ ცდუნებებთან ბრძოლა დღემდე არ დამისრულებია. ეტყობა, კიდევ დიდხანს მომიწევს ეშმაკის რქებსა და ჩლიქებთან ჭიდილი.
- იმ ნამუშევრების შესახებ გვიამბეთ, რომლებიც ასე მოეწონა უწმინდესს.
- უფალი ნიჭს იმისთვის გვაძლევს, რომ ღვთის სათნო საქმე ვაკეთოთ. ეტყობა, ჩემი მოქანდაკეობაც იმისთვის იყო საჭირო, მცირეოდენი ღვაწლით შევწეოდი ჩემს გაპარტახებულ ქვეყანას. რაც შევძელი, ეს არის და ყველას შეუძლია იხილოს. ეს ყველაფერი იოლი არ ყოფილა. სწორედ იმ პერიოდში ორჯერ მოიტეხა ხელი ჩემმა ვაჟიშვილმა, აბაზანაში წაქცეულ ჩემს მეუღლეს კი ოთხი საათი უკეთებდნენ ოპერაციას. უსიამოვნება შემემთხვა ახლობლებთან, იყო უამრავი კონფლიქტიც, რომლებმაც ძალიან მატკინა გული, მაგრამ ვიცოდი - რაც მეტი იყო განსაცდელი, მით მეტი იყო მადლი. რად ღირს თუნდაც ის, რომ ჩემი ოჯახის ყველა წევრი ეკლესიური გახდა, ჩვენი ტაძარი კი დამშვენდა და მრევლით აივსო... ახლა ჯვარცმაზე ვმუშაობ და მალე მასაც დავასრულებ.
- იქნებ მართლმადიდებლური რელიეფის შესახებაც გვითხრათ ორიოდე სიტყვა...
- მართლმადიდებლური რელიეფი ქანდაკების ნაირსახეობაა. მასზე მუშაობას პატრიარქის კურთხევით შევუდექი. ტაძრის კედელზე გამოსახული ღვთისმშობლის ხატისა და ტრაპეზის სცენების შესასრულებლად მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ სიწმინდეების საკეთებლად დაშვებული შამოტის ფხვნილი გამოვიყენე. ის, ფაქტობრივად, თიხაა (უფალმაც ხომ თიხისაგან შექმნა ადამიანი!) და გამძლეობისთვის რამდენიმე კომპონენტი აქვს დამატებული. გარდა ამისა, მისი გამოწვა 1300 გრადუსზე ხდება, რითაც ის ქვაზე უფრო მტკიცდება. რაც მთავარია, შამოტი ქმნის სიძველის შთაბეჭდილებას. ამიტომ ბევრს ღვთისმშობლის რელიეფიც ტაძრის ასაკისა - XIV საუკუნისა ჰგონია. ისევე, როგორც რელიეფი, თემურ ჭყონიას ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა ტრაპეზი და კანკელიც, რის გამოც მას მთელი წყნეთი ემადლიერება.
მგონი, ყველა დავრწმუნდით იმაში, რომ ნათლისაკენ სავალი გზა ტაძრიდან იწყება და ნეტავი მას, ვინც ამ გზას სასოებით შეუდგება...
მოამზადა
თამარ კაპანაძემ
თამარ კაპანაძემ