იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად დადგა ფეხი საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდება. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის - ფარავნის პირას მდებარეობს.
მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა 37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი 20 გრადუსია. ცუდი გზებისა და კლიმატური პირობების გამო მონასტერი ექვსი თვის განმავლობაში - ნოემბრიდან მაისამდე სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს.
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობისა და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობდა მონასტრები, ხოლო საქართველოში მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული. ამიტომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს - ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტერი. მონასტრების დამკვიდრება ძნელად და დიდი გაჭირვებით მიმდინარეობდა. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა, სხვა სირთულეებიც იყო.
XVII საუკუნემდე ჯავახეთი, როგორც სრულიად საქართველო, ქრისტიანული მხარე იყო, მაგრამ 1625 წელს იგი ოსმალეთმა დაიპყრო და 200 წელი იბატონა. ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონის ქართველებმა დაკარგეს თავიანთი სარწმუნოება და გამაჰმადიანდნენ. 1828 წელს ჯავახეთი საქართველომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაიბრუნა, მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს, რომლებიც დამკვიდრდნენ, მომრავლდნენ და ამჟამადაც აქ სახლობენ. ტრადიციით ისინი გრიგორიანული მრწამსის მიმდევრები არიან.
აი ამ მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის პირობებში ხდებოდა ამ ორი მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება. მათ დაარსებამდე ფოკაში სხვა მონასტერი არ არსებობდა, მხოლოდ XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.
მონასტრების დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით მონასტრები გაძლიერდა და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
წმინდა ნინოს დედათა მონასტერი თვით სოფელში მდებარეობს, XI საუკუნის წმინდა ნინოს ტაძრის გვერდით. ამ უძველესი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს. მამათა მონასტერი კი სოფლიდან კილომეტრნახევრითაა დაშორებული. ტიპიკონი მონასტერში საკმაოდ მკაცრია, - ლოცვა ღამის ორ საათზე იწყება, წირვა კი ყოველდღე აღესრულება. სამონასტრო დღესასწაულია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე - 1 ივნისი.
მონასტრებს 25 ჰექტარი მიწა აქვს, რომელზედაც მოჰყავთ ქერი და ხორბალი. აქვთ მცირე მეურნეობაც, მისდევენ მესაქონლეობასაც.
დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა და სამედიცინო კაბინეტი, სადაც მონაზვნები მცხოვრებთ უანგაროდ მკურნალობენ, ადგილობრივ ბავშვებს ასწავლიან ქართულს, ინგლისურს, მუსიკას და რაც მთვარია, თანდათან მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვიძებას ცდილობენ ამ მხარეში. მონასტრები მისიონერული მოღვაწეობითაც არიან დაკავებული - არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობით, არამედ ახალგაზრდობასთან კავშირითაც. ყოველ ზაფხულს ერთი თვით აქ ჩამოდიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და ფიზიკური შრომით ეხმარებიან მონასტრებს. ისინი მონასტრის სულიერ ცხოვრებაშიც მონაწილეობენ, ესწრებიან წირვა-ლოცვებს, ტარდება სხვადასხვა შეხვედრები, კონფერენციები, გასვლები ამ მხარის წმინდა ადგილების მოსალოცად.
მონასტრების დამკვიდრებისა და აღორძინების მიუხედავად, პრობლემები უამრავია. ორივე მონასტერს სჭირდება გალავანი, კარგი იქნებოდა მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის მეტად განვითარება, რათა შეეძლოთ თავიანთი თავის სრულად შენახვა. მისიონერული მოღვაწეობისთვის საჭიროა მეტი შენობა, ლიტერატურა, აპარატურა. ტბის სიახლოვის გამო შესაძლებელია თევზის რეწვაც. დედათა მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო, რომელშიც ხატები და ღვთისმსახურებისთვის საჭირო ყველანაირი ნივთი თუ ჭურჭელი მზადდება.
წმინდა ნინოს ფოკის დედათა მონასტერი პირველია საქართველოში, რომელმაც ძველი ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი. ტიხრული მინანქრის და საოქრომჭედლო სახელოსნოს ხელმძღვანელთან დავით კაკაბაძესთან (უმცროსი) ერთად ხატები, ღვთისმსახურებისთვის საჭირო საგნები იქმნება. მონასტერში გაკეთებული ნებისმიერი ნივთი ერთადერთი ეგზემპლარია.
დავით კაკაბაძე:
- ფოკის დედათა მონასტრის წინამძღვრის დედა ელისაბედის ძალისხმევით, მონასტერში ტიხრული მინანქრის სახელოსნო დაარსდა. 2001 წლის ბოლოს ნინო ავაზაშვილი მონაზვნად აღკვეცეს. დედა ნინო მე დამიკავშირდა და ტიხრული მინანქრის სწავლა დავიწყეთ. ერთი წლის შემდეგ მონასტერში ავიტანეთ საჭირო ნივთები და საოქრომჭედლო მინანქრის სახელოსნ მოვაწყვეთ. ჩვენი მიზანია, ძველი, ტრადიციული ტიხრული მინანქრის, ხატების შესწავლა. ხელოვნების მუზეუმში ოქროს ფონდში დაცული ესკიზებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ყველა ნამუშევარს. საფუძველი არის ძველი ქართული ტიხრული მინანქრის ხატწერა. მერე მისმა უწმინდესობამ ლოცვა-კურთხევა მოგვცა შეგვექმნა საეკლესიო ნივთები, კანდელები, ბარძიმი, ფეშხუმი... დავიწყეთ მოძიება, თუ როგორი იყო ადრე საქართველოში, ბიზანტიურ მართლმადიდებელ ქვეყნებში. ბიზანტიაში და ქართულ ეკლესიებზე არსებული ოქრომჭედლური ორნამენტებით იქმნება ჩვენს სახელოსნოში ქართული კანდელები. თითქმის ყველა ნივთი ვერცხლისაა, ხატები ყველა ვერცხლია და ოქროს ფირფიტებით შესრულებული. მონასტრის სახელოსნომ დიდი სამების ტაძრისთვის აღსავლის კარები შექმნა, ასევე დიდი ხატი ზედ გამოსახული თორმეტი მოციქულით და ყველა მღვდელმთავრით, ბარძიმი, სამების ხატი, კანკელების სრული კომპლექსი. ჩვენი ნამუშევრებია რამდენიმე მონასტერში - სამთავროში, ზედაზენზე; ბოდბეში - წმინდა ნინოს საფლავის შარავანდედი. პანაღიები, სამღვდელმთავრო კვერთხი, სკვნილები, პატრიარქის კვერთხი, შესრულებული ტიხრულ მინანქარში, ოქრო-ვერცხლით, ფილიგრანით, ფირუზით, ძოწით და მარგალიტით გამშვენებული... სულ 500-მდე ნამუშევარი გვაქვს.
- როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი? ტიხრული მინანქარი განსაკუთრებულ მუშაობას მოითხოვს?
- მუშაობის პროცესი ძალიან რთულია, რომელსაც რამდენიმე ეტაპი უძღვის წინ. ჯერ მასალის დამუშავებაა საჭირო, საფუძვლის გაკეთება, შემდეგ უნდა გაკეთდეს ტიხრები. ტიხრები თმის ღერის სისქემდე წვრილდება. იხატება ესკიზი და მასზე ლაგდება ოქროს ტიხრები. ამით ხატის მონახაზი კეთდება, შემდეგ დუღდება საფუძველზე და ფერებით ვავსებთ. ეს ფერები იწვება ღუმელში. ამ საქმეს ოქრომჭედელი ასრულებს. ხატმწერი ხატს ქმნის. მონახაზს, ესკიზს მე ვაკეთებ. მაგალითად, ერთი მედალიონის გაკეთებას ერთი დღე სჭირდება. ბარძიმს რვა თვე ვაკეთებდით.
ჩვენი მიზანია ქართული საეკლესიო ტიხრული მინანქრის ნივთების შექმნა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების შემკობა ქართული საეკლესიო ნივთებით. ყოველი დღე გამოაჩენს ჩვენს მომავალ საქმეს.
დედა ნინო:
- ლოცვის გარეშე შეუძლებელია ხატის შექმნა. მუშაობის დაწყების წინ ლოცვას ვამბობთ. მონასტრის წინამძღვრის დედა ელისაბედის სურვილი იყო ტიხრული მინანქრის აღორძინება. ამის ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ახლა მოხდა მისი აღორძინება და ამით ძალიან გახარებული ვარ. პირადად მე ყველა ნივთის გაკეთებაში მცირედი წვლილი მიმიძღვის. მაგალითად, ოქროს ბარძიმი და რამდენიმე ხატი გავაკეთე. ძირითადად ხატებს ვაკეთებ. ყველაზე ძალიან წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხატი მინდა გავაკეთო. დათომ გააკეთა და გული დამწყდა, რომ დამასწრო. ძალიან მიყვარს ეს წმინდანი. ჩემი გაკეთებულია ასევე ღვთისმშობლის ხატი, პანაღია, სერაფიმ საროველის, წმინდა გიორგის ხატები, მედალიონი, მაცხოვრის ხატი. ტიხრები შიგნით ოქროთი, მარგალიტებით, ლალებით და სხვადასხვა ძვირფასი თვლით არის შემკული. ფერებს პალიტრის მიხედვით ვარჩევთ. ღვთისმშობლის ხატს თავისი კანონიკა აქვს ფერთა შეხამებაშიც. დანარჩენს ძველი ხატებიდან ვიღებთ.
მონასტერში ფოტოლაბორატორიაც გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი დედაო, დედა რებეკა, ფოტოებს იღებს. ჩვენს გალერეაში მისი ფოტოებიც არის წარმოდგენილი.
- დედაო, თბილისში, სიონის ტაძართან ახლოს, ფოკის დედათა მონასტერთან არსებული ტიხრული მინანქრის გალერეა გაიხსნა.
- ამ სახელოსნოს ჰქვია "ფოკანი", რომლის ხელმძღვანელია დავით კაკაბაძე. გალერეა მუდმივმოქმედია და მასში წარმოდგენილია ის ნივთები, რაც მონასტრის სახელოსნოშია შესრულებული. ვიღებთ შეკვეთებსაც. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და შეიძინოს ტრადიციული მინანქრით შესრულებული საეკლესიო ნივთები. პირადად მე მონასტერში ვიმუშავებ და ნამუშევრებს თბილისში გამოვგზავნი ხოლმე. რამდენიმე ხნის წინ გალერეის გახსნას მისი უწმინდესობა დაესწრო. დავითი ქართული ტიხრული მინანქრის აღორძინებაში შეტანილი ღვაწლისთვის ღვთის სადიდებლად, ხალხის მოსაქცევად და გასახარებლად სიგელით და მაცხოვრის ვერცხლის ხატით დააჯილდოვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი