ქართველი კინოდოკუმენტალისტები სინაზე
1988 წლის შემოდგომაზე საქართველოს ტელეფილმების სტუდიის კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი რეჟისორ კარლო ღლონტის ხელმძღვანელობით ეგვიპტეში გაემგზავრა
სინას მთის ძველქართულ ხელნაწერთა და რელიკვიათა გადასაღებად. შემოქმედებითი კოლექტივი მიზნად ისახავდა წმინდა ეკატერინეს ლავრაში მოხვედრას და ამ უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობისას დოკუმენტური ფილმის შექმნას სინას მთის უძველეს ქართულ სავანეებში მოღვაწე ჩვენს სახელოვან წინაპრებზე, რომლებმაც ფასდაუდებელი სულიერი და მატერიალური კულტურა დაუტოვეს შთამომავლობას.
ვიდრე ფილმის რეჟისორთან, ბატონ კარლო ღლონტთან ვისაუბრებდეთ, გთავაზობთ ფრაგმენტს დოკუმენტური ფილმიდან "სინას მთა":
"სინა, ანუ ევროპულ ენებზე მხოლოდ "სინაიდ" წოდებული ნახევარკუნძული, მდებარეობს ორი კონტინენტის - აფრიკისა და აზიის გზაგასაყარზე. მეწამულ ზღვაში შეჭრილი სინაი საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვან სავაჭრო და კულტურულ გზაჯვარედინს წარმოადგენდა.
სინას ნახევარკუნძულის სამხრეთის მთებისაკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ ფარაონებს გაუყვანიათ.
ამ გზით ივარაუდება ეგვიპტიდან ისრაელთა გამოსვლა ბიბლიური მოსეს წინამძღოლობით.
სინას უკიდურესი სამხრეთის მთები კაიროდან დაახლოებით 450 კილომეტრზეა. ამ უდაბნოთი უვლიათ რომაელებს, იგივე გზა გაუვლიათ მექასა და მედინაში მიმავალ მუსულმან მლოცველებს.
უძველესი დროიდან ქართველი ბერები, პილიგრიმები თუ მეცნიერები დიდი მოთმინებით მიიკვლევდნენ გზას ამ უკაცრიელ უდაბნოში.
აქედან ჩასულან სინას მთის ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი, მეოცე საუკუნეში კი, 1902 წელს - ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი.
თანდათან ვუახლოვდებით ჩვენს სანუკვარ მიზანს - სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერს. ფაქტობრივად, აქედან იწყება ის წმინდა ადგილები, რომლითაც სინას მთა ქრისტიანული კულტურის ისტორიაში შევიდა.
ნახევარკუნძულის თითებზე ჩამოსათვლელ ოაზისს შორის ფეირანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
წმინდა ეკატერინეს მონასტრისა და ირგვლივ მდებარე ეკლესია-სადგომებისაკენ მიმავალი გზების გარშემო, ზედ სალ კლდეებსა და შვერულებზე, ამ რამდენიმე წლის წინ ორი ათეული ქართული წარწერა აღმოჩნდა. მათ შორის უძველესი მეშვიდე საუკუნეზე ადრეული პერიოდით თარიღდება.
აღნიშნული ეპიგრაფიკული ნიმუშები აქ ქართველთა უძველეს კვალზე მიგვანიშნებს. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ქართველები სინაზე უკვე მეექვსე საუკუნეში გამოჩენილან, ხოლო რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ წარწერებს, ისინი წმინდა ადგილთა მოსალოცად მოგზაურ ქართველ პილიგრიმებს ეკუთვნით. წარწერებში მოიხსენიება მლოცველთა სახელები: ევსევი, ბასილი ჯაბანის ძე, გიორგი ჯვარელი და სხვანი, რომლებიც შეწყალებას სთხოვენ ღმერთს, იესო ქრისტეს, ღვთისმშობელს და წმინდა ეკატერინეს".
ვესაუბრებით ფილმის რეჟისორს, ბატონ კარლო ღლონტს.
- ბატონო კარლო, რამ შთაგაგონათ შეგექმნათ ფილმი სინას მთაზე?
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 1984 წელს სინას მთა მოინახულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ქორების მთის მწვერვალზე რომ ასულიყო და საქართველოს გადასარჩენად ელოცა, ფეხშიშველმა აიარა ქვის ოთხი ათასი საფეხური და ასე შეავედრა უფალს თავისი ერი: "მამაო სახიერო, გევედრები სახელითა ძისა შენისათა, ნუ განეშორები ერსა ჩვენსა შეცოდებათა გამო ჩვენთა; მოგვიძიენ, ვითარცა მამა მოიძიებს ძესა თვისსა წარწყმედულსა; შეგვინდევ ურწმუნოებაი, გულფიცხობაი, შური და ვერცხლისმოყვარებაი. გეაჯებით, აღხოცენ ცოდვანი ჩვენნი და განკურნენ სულნი ჩვენნი ვნებულნი. მოგვმადლე სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, სიყვარული უძლეველი, ძალი წყლისა და ძლიერება ცეცხლისა, აღგვავსე მადლითა ყოვლადწმიდისა სამებისა..." - ეს არის ფრაგმენტი სინას მთაზე პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვიდან, რომელსაც როგორც კი წავიკითხავ, მაშინვე ვმშვიდდები.
გადაღების დაწყებამდე, 1988 წლის მაისში, თბილისში იმყოფებოდა კაიროს ტელევიზიის დელეგაცია აღმოსავლეთმცოდნის, ალექსანდრე მანწკავას თანხლებით. დელეგაციას შეხვდა მაშინდელი საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი არმაზ სანებლიძე, რომელიც ყველა კარგი წამოწყებისა და ეროვნული საქმის ქომაგი და მხარდამჭერი გახლდათ. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოსა და კაიროს ტელევიზიებს შორის თანამშრომლობისა და შემოქმედებითი ჯგუფების გაცვლის საკითხი.
დრო არ ითმენდა. დავიწყეთ სინას მთაზე არსებული მასალების მოძიება და შესწავლა. უწმინდესის ინიციატივით, ჩვენს ჩასვლამდე ორჯერ გაიგზავნა ქართველ მეცნიერთა ჯგუფი აკადემიკოს ზაზა ალექსიძის თაოსნობით ხელნაწერთა გასაცნობად და გამოსაკვლევად. პატრიარქთან შეხვედრისა და მისგან კურთხევის მიღების შემდეგ იმავე წლის ნოემბრის მიწურულს ეგვიპტეში გავემგზავრეთ ოპერატორი ილია ვაჩნაძე, რედაქტორი ალექსანდრე მანწკავა და თქვენი მონა-მორჩილი. ალეკო მანწკავასგან უკვე ვიცოდით, თუ კაიროდან სინას მთა 450 კილომეტრით მაინც არის დაშორებული, იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრიდან წმინდა ეკატერინეს ლავრა სულ რაღაც 250 მეტრში მდებარეობს. როცა მტერი ჯვრის მონასტერს შემოესეოდა, ჩვენს წინაპრებს გამოჰქონდათ მონასტრიდან ხატები, ხელნაწერები, საეკლესიო სიწმინდეები და საიმედო ადგილას შეაფარებდნენ. ვინაიდან წმინდა ეკატერინეს მონასტრის ჭერქვეშ არაბთა მეჩეთი იყო მიშენებული, ვეღარავინ გაბედავდა ამ ტერიტორიაზე შემოჭრას და მის დარბევას. ძნელბედობის ჟამს თვითონაც წმინდა ეკატერინეს მონასტერს აფარებდნენ თავს. ასე გადარჩა ჩვენი ეროვნული საგანძური.
მინდა აღვნიშნო აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის დიდი ამაგი, რომელიც ჩემს ფილმებზე მიუძღვის. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ იგი ჩემი კლასელი, ბავშვობის მეგობარი და ოჯახის ნათელ-მირონია. ჩემი ფილმების წარმატება დიდწილად მისმა ერუდიციამ და პროფესიონალიზმმა განაპირობა. იგი ჩემი რამდენიმე ფილმის სცენარის თანაავტორია.
- ბატონო კარლო, მინდა ერთ მნიშვნელოვან საკითხსაც შევეხოთ. დოკუმენტურ ფილმში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავად მოუთხრობს მაყურებელს, რა სირთულეები წარმოიშვა წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენისა და ბევრი ხელნაწერის დაწვის შემდეგ. კარგი იქნება, ამის შესახებაც თუ გვიამბობთ...
- ამ მეტად არასასიამოვნო შემთხვევამ მაშინ მთელი მსოფლიო შეაშფოთა, რადგან ცეცხლი მოედო ბიბლიოთეკის იმ კედლის ნაწილს, სადაც უძველესი ხელნაწერები ინახებოდა. როდესაც უწმინდესი დაინტერესდა ქართული ხელნაწერების ბედით, უპასუხეს, ხელნაწერთა დიდი ნაწილი განადგურდა, მხოლოდ სომხური ხელნაწერები გადარჩაო. თავად რომ დარწმუნებულიყო ამ ინფორმაციის უტყუარობაში, ჩვენმა პატრიარქმა პრინციპულად მოითხოვა ეჩვენებინათ მისთვის სომხური ხელნაწერები. პატრიარქის დაეჭვება, ჩვენდა საბედნიეროდ, საფუძვლიანი აღმოჩნდა, რადგან ეს ხელნაწერები სომხური კი არა, ქართული, ნუსხური აღმოჩნდა, რამაც ძალიან გაგვახარა.
- როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ დაამთავრეთ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის ჯერ სამსახიობო, შემდეგ კი სარეჟისორო ფაკულტეტი. როგორც მსახიობს რამდენიმე სპექტაკლსა და ფილმშიც მიგიღიათ მონაწილეობა. საბოლოოდ მაინც რეჟისორის პროფესიას უერთგულეთ. რომელ რეჟისორს გაიხსენებდით განსაკუთრებული მადლიერებით და რამ განაპირობა, რომ თქვენი ფილმები ძირითადად რელიგიურ თემატიკას ეძღვნება?
- ასეთები ბევრნი არიან. პირველ რიგში დავასახელებ ქალბატონ ლილი იოსელიანს და მიხეილ თუმანიშვილს, რომლებიც ჩემი პედაგოგები იყვნენ; ბატონ რეზო ჩხეიძეს, რომელიც შვიდი წელი გახლდათ ჩვენი სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი. აღარაფერს ვამბობ ელდარ შენგელაიაზე, რომელიც არა მარტო საინტერესო რეჟისორი, არამედ უწესიერესი პიროვნებაც ბრძანდება, ყველას დამხმარე და გვერდით მდგომი. ნიკალა ფიროსმანის არ იყოს, მეც სიამოვნებით მივუჯდებოდი იმ სამოვარს და ვისაუბრებდი ხელოვნებაზე, რომელშიც ბატონი ელდარი მოადუღებს ჩაის... დავასახელებდი ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს და კიდევ სხვებს.
ახლა ჩემს გზას ხელოვნებაში ჩემი შვილები და შვილიშვილები განაგრძობენ. ჩემი ვაჟიშვილის ლევან ღლონტის მიერ გადაღებულმა ფილმმა "დღე" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი პრიზით დაჯილდოვდა. ამ ფილმში მთავარ როლს მისი ძმა, ილო ღლონტი ასრულებს. ჩემი შვილიშვილის, ილიას ფილმსაც დიდი წარმატება ხვდა. მის ფილმში "ხუთი ვარიაცია" ჩვენი ოჯახის თაობათა განსხვავებული ინტერესებია დანახული. ფილმმა ანაპის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიღებ რელიგიურ ფილმებს, ალბათ ეს მეტწილად უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან ურთიერთობამ განაპირობა.
მინდა ერთი რამ გიამბოთ. როცა ბულგარეთში უნდა წავსულიყავით პეტრიწონის გადასაღებად, ჩვეულებისამებრ, ჩვენი პატრიარქი მოვინახულეთ. იმდენად გულახდილი საუბარი გვქონდა, პატრიარქს გულწრფელად მოვახსენე: თქვენო უწმინდესობავ, მე საბჭოთა ეპოქაში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ და მაპატიეთ, რომ ეკლესიურობით არ გამოვირჩევი-მეთქი. მან ღიმილით მითხრა: არა უშავს, შვილო, მოვა, მოვაო. ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვდა.
როდესაც ტაო-კლარჯეთში გამგზავრებამდეც ვესტუმრეთ უწმინდესს კურთხევის გამოსათხოვად. დაინტერესდა, რამდენი კაცი მიდიხართ და მივლინების თანხა რამდენი მოგცესო. მოვახსენე, ოთხ კაცს 1500 დოლარი მოგვცეს-მეთქი. ხუთი წუთით დამელოდეთო, - გვითხრა. როცა შემობრუნდა, ხელში კონვერტი ეჭირა. გადმოგვცა და გვითხრა: ამაში 900 ევროა, წაიღეთ, რომ მშივრები არ დარჩეთო.
ტაო-კლარჯეთში ჩასვლისთანავე ავარიაში მოვყევით - ისე მკვეთრად ავუხვიეთ, მანქანა კლდეს შეეჯახა და კინაღამ გადავიჩეხეთ. ადგილობრივმა მძღოლებმა შეგვატყვეს, რომ უცხო ქვეყნიდან ვიყავით და რაც შეეძლოთ, დაგვეხმარნენ. კარგა ხანს გაოგნებული ვიყავით. მოგვიანებით განვაგრძეთ გზა. ძალიან დაღლილი ვიყავი და მანქანაშივე ჩამეძინა. სიზმრად ჩვენი პატრიარქი გამომეცხადა და ადრე ნათქვამი თავისი სიტყვები შემახსენა: "ხომ გითხარი, შვილო, შენთანაც მოვა-მეთქი".
როგორც კი საქართველოში დავბრუნდი, იმწუთას ჯვარს დავუწყე ძებნა და მას შემდეგ ვატარებ. დარწმუნებული ვარ, მაშინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ გადაგვარჩინა. ტაო-კლარჯეთში გადაღებული ფილმი "მოტივები ტაო-კლარჯეთის ისტორიიდან", რომელშიც თანარეჟისორობა ჩემმა ვაჟმა ლევანმა გამიწია, 2007 წელს ბათუმის მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე "წმინდა ანდრიას ჯვრით" დაჯილდოვდა.
- ბატონო კარლო, ამჟამად მუშაობთ სქელტანიან წიგნზე, რომელშიც თქვენი მრავალწლიანი სარეჟისორო მუშაობის შესახებ მოუთხრობთ მკითხველს...
- ეს იქნება ჩემი მემუარების კრებული, რომელიც თითქმის გამზადებულია დასაბეჭდად. საქართველოს კულტურის მინისტრი ბატონი ნიკა რურუა დამპირდა დახმარებას ამ წიგნის გამოცემაში. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ვფიქრობ, წიგნს ინტერესით მიიღებს მკითხველი, რადგან მასში არა მარტო ჩემს ფილმებზე იქნება მოთხრობილი, არამედ ბევრ საინტერესოს შეიტყობენ იმ ადამიანებზეც, რომლებიც ჩემთან ერთად ეწეოდნენ შემოქმედებით საქმიანობას. მათ შორის ისინიც არიან, ვინც უკვე სამუდამო განსასვენებელში დაიმკვიდრა ადგილი.
ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: როდესაც ბულგარეთში გადაღებებს ვასრულებდით, ფინალის გადასაღებად პეტრიწონის ტაძრის გუმბათზე აღმართული ულამაზესი ჯვარი ახლოდან რომ დაგვეფიქსირებინა, ოპერატორი სახურავზე უნდა ასულიყო. ვიცოდი, საბჭოთა კამერა "დრუჟბა" ძალიან მძიმე იყო და ოპერატორ ირაკლი ონოფრიშვილის მიერ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს ქვემოდან დაძაბული ვაკვირდებოდი. სასულიერო პირები და მონასტრის მრევლიც მღელვარებით ადევნებდნენ თვალს ოპერატრის ყოველ მოძრაობას. ირაკლი ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ბოლოს, როგორც იქნა, მიუახლოვდა ჯვარს და რამდენიმე დუბლის გადაღების შემდეგ ნელ-ნელა გამობრუნდა უკან. კამერაც საიმედო ადგილას მოათავსა და რომ მეგონა, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დაშვებას იწყებდა, ის ისევ ჯვრისკენ წავიდა. ისევ ავნერვიულდი და ქვემოდან ვეძახი: გაგვაგებინე, სად მიდიხარ, რას შვრები, რა მოხდა-მეთქი. ხმას არ იღებდა. როცა ჯვარს მიუახლოვდა, დაიჩოქა, ორივე ხელი შემოხვია, გულში ჩაიკრა და ლოცვას რომ მორჩა, ამბორით გამოეთხოვა. ძირს რომ ჩამოვიდა, თვალებზე ცრემლმორეულს ვეღარაფერი ვუთხარი. დარცხვენილმა თავის მართლებასავით დაიწყო: "არ ვიცი, რა მომივიდა, რაღაც ძალამ დამიმორჩილა და სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდიო". სამწუხაროდ, იგი არა მარტო პეტრიწონის გუმბათის ჯვარს, თითქოს ჩვენც გამოგვეთხოვა - მას შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, მოულოდნელად გამოგვეცალა ხელიდან...
- დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ მოგონებისთვის და გისურვებთ, კვლავაც გაგეხარებინოთ თქვენი ხელოვნების გულშემატკივარნი.