წმინდა ოთხთავში გვხვდება იგავები მთესველის, ხორბლისა და ღვარძლის, საფუარის, მდოგვის მარცვლის... შესახებ.
ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში, რომელშიც იგავური მეტყველების შესახებაა საუბარი, ილია წერს: "თითონ საღმრთო წერილის იგავნი ამავე ორკეც თვისებისანი და ღირსებისანი არიან" და "მთელი ეგრეთ წოდებული სიტყვაკაზმული ლიტერატურაც ამ საფუძველზედაა აშენებულიო". ქართველი მწერლები თავიანთ მხატვრულ ნაწარმოებებში ფართოდ იყენებდნენ წმინდა წერილის იგავურ სახეებს. ქართული მწერლობის უზენაესი დანიშნულებაც ხომ ოდითგანვე იმ სულისკვეთების გაღვივება იყო, რაც ილიას შემდეგი ფრაზითაა გამოხატული: "Gვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში..." "ეს "წმინდა სიტყვა" ასევე კეთილი თესლია, რომლის მისაღებადაც თავისი გულის ხნულს უნდა ამზადებდეს ყოველი ადამიანი, რომელსაც "გუთანზე ხელი უკიდია" და უკან კი არა, წინ იხედება". (პროფესორი მარიამ ნინიძე).
რა მნიშვნელობით მოიაზრება, რისი სიმბოლურ-ალეგორიული სახეა "თესლი კეთილი" ქართულ მწერლობაში და როგორ იყენებდნენ ქართველი მწერლები იგავურ შედარებებს თავიანთ ნაწარმოებებში - ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ლალი დათაშვილი.
- "თესლი კეთილი" ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება: მოიაზრება, როგორც იესო ქრისტე, სამოთხიდან წამოღებული თესლი (რომლისგანაც აღმოცენდა ლოთის ხე. მისგან კი გამოთალეს ძელი ცხოველი), ნიშნავს უფლისთვის სათნო ხალხს, კონკრეტული ადამიანის შთამომავალსა თუ გზის გამგრძელებელს...
უფლის მიერ ადამიანის სულში ჩარგული ან "კაცად დარგული" "ხეც" თესლი "კეთილის" ფარდია. რუსთველი თავის პერსონაჟებს ხშირად ადარებს ხეებს. მაგალითისთვის გავიხსენებდი ფრიდონის სიტყვებს: "ღმერთსა ჰკადრა: "შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!" ან დავით გურამიშვილის სამადლობელს მისთვის, ვინც "მე, კაცი, ხის დარად, დამრგის, ქვე წყალი მისხისა".
უფლისეული სიკეთის თესლი ადამიანის სულში ღმრთის მიერ ანთებული სანთელია და, ქართული ანდაზისა არ აყოს, "სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს".
- ამჟამად რომელ სახეზე შევჩერდებით?
- "თესლი კეთილი" უფლის ერთ-ერთი სახელია, როგორც ღმრთის სიტყვა, ლოგოსი ან ძე ღმერთი. "თესლი იგი არს სიტყუაი ღმრთისაი" (ლუკა 8,11). სიტყვაა, "პირველითგან" არსებული, რომელიც იყო "ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყუაი იგი" (იოვანე 1,1), რომლისგანაც შეიქმნა ყველა და ყოველი, "თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა" (იოვანე 1,3), და რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანსა თუ სამყაროს, მიკრო თუ მაკროკოსმოსებს: "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (იოვანე 1,4).
უფალია წყარო არსებობისა, შემოქმედი სიცოცხლისა და მომცემი ცხონების გზისა, იგია მთესვარი, არარაისგან ყოვლის საფუძველდამდები. შემდეგ კი, "რამეთუ თვისით თავით ქუეყანაი ნაყოფსა გამოიღებს" (მარკ. 4,28), ადამიანზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოუვლის ღვთის სიტყვას და როგორ შეინარჩუნებს უფლისაგან ნაბოძებ წყალობას, მოუფრთხილდება და გაამრავლებს მაცხოვრისაგან მის სულში ჩათესილ სიკეთეს თუ უდიერად მოექცევა, გაფანტავს და წუთისოფელს დაემონება. ამიტომაც გვმოძღვრავს ლუკა მახარებელი: "კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გულისა თვისისა გამოიღის ბოროტი; რამეთუ "ნამეტავისაგან გულისა იტყვინ პირი მისი" (ლუკა 6,45).
- "თესლი კეთილის" არსის შესაცნობად მაცხოვარი რამდენიმე იგავს მოიხმობს და მათ მნიშვნელობას უხსნის კიდეც მოციქულებს. ესენია "მთესვარის" (მათე 13,3-8; ლუკა 8,11), "იფქლისა და ღვარძლის" (მათე 13,24-30), "მდოგვის მარცვლისა" (მათე 13,31-32; მარკ. 4,31) და "საფუარიანი ცომის" იგავები (მათე 13,33). როგორ აისახა ეს იგავები ქართულ ლიტერატურაში შესაბამისი ინტერპრეტაციის გათვალისწინებით?
- განსაკუთრებით საინტერესოდ გვეჩვენება "აბოს წამებაში" იოვანე საბანისძის მიერ მაცხოვრის მოხსენიება "მდოგვის მარცვლად": "მარცუალ მდოგვის ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თვისსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაითა ურნატსა სულისა ჩუენისასა დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღმაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა".
უფლის ამ სახელის იოვანესეული ინტერპრეტაცია ამგვარად ჩამოყალიბებულად გვესახება: იესოს, როგორც კეთილ თესლს, საბანისძე აიგივებს მდოგვის მარცვალთან, რომელიც ჩათესილია ღმრთის ხატად შექმნილი ყოველი კაცის სულში. იმ ადამიანში, რომელიც მას გულს სასოებით გაუღებს, იგი ფესვებს გაიდგამს, რტოებს გამოისხამს, რათა ჯვრად გადაქცეულმა ეს მორწმუნე აცხონოს.
თეიმურაზ ხევისთავი "ჯაყოს ხიზნებიდან" ნაკაცარი სწორედ იმიტომაა, რომ კაცობის საყრდენს - რწმენას კარგავს, თუმცა ნახუცარ ივანესთან საუბრისას იმ ადამიანებს შენატრის, რომელთაც თუნდაც რაიმესი სწამთ, რადგან აწუხებს გველ-ბაყაყებით სავსე გული და ძაღლის ლეშის სიმყრალე, გულზე რომ ჩამოჰკიდებია ("ძაღლი" წარმართს გულისხმობს "სახარებაში"). ეს სიტყვები და წუხილი იმის მიმანიშნებელია, რომ დამალული და მიყუჩებული, მაგრამ მაინც ცოცხალია მის გულში მდოგვის მარცვლის ხელა რწმენა. ნაწარმოების ფინალში ცრემლით მლოცველ, უფლის წინაშე მუხლმოყრილ თეიმურაზს მიხეილ ჯავახიშვილი "დაყუდებულ შიო მღვიმელს" ადარებს, მკითხველიც იმედოვნებს, რომ მდოგვის მარცვალი ხედ გადაიქცევა და თეიმურაზის სულს ააღორძინებს.
- ჰაგიოგრაფია, როგორც ქრისტიანული კულტურის ერთი უმთავრესი ჟანრი, "თესლი კეთილის" თემას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს... თუმცა ეს თემა შემდგომი ხანის მწერლობაშიც გრძელდება...
- "მთესვარის" იგავის მიხედვით, კეთილი თესლის შესანარჩუნებლად ადამიანს სამყაროსთან დაპირისპირება უწევს, რადგან წუთისოფელი მარადიულად ებრძვის მას. ერთი მხრივ, გამოიკვეთება წმინდანის სულიერი მადლმოსილება და, მეორე მხრივ, ხაზი გაესმის წმინდა და პატიოსანი ოჯახის როლსა და მნიშვნელობას, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის თემებს.
"წამებათა" ჟანრი უფრო მეტად გამოკვეთს უფალს მინდობილი ადამიანის დამოუკიდებელ ნაბიჯებს, მიწიერ კავშირთაგან ამაღლების თემებს, რამდენადაც არსებობენ მშობელთაგან, შვილთაგან, მეუღლეთა თუ ნათესავ-მოყვარეთაგან ნაწამები წმინდანები. მათ სულში უფლისგან ნაბოძები მდოგვის მარცვალი აღორძინდება და "თესლი კეთილი" ძალ-ღონის მოკრებასა თუ იმ ყოველივეს გადალახვაში ეხმარებათ, რაც ცხონების გზაზე სვლისას აბრკოლებთ. მათზეა ნათქვამი: "ვერ ხელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად" (მათე 7,18; ლუკა 6,43). მათ სულში უფლისეული თესლის არსებობა და მისი ძალა გარშემო მყოფებს აკვირვებს კიდეც. მაგალითისათვის წმინდა შუშანიკი და წმინდა აბოც იკმარებდნენ.
თუმცა მტანჯველები არ აძლევენ შესაძლებლობას მოწამეებს, მათ სულებში არსებული თესლის შესაბამისი ნაყოფი გამოიღონ, ამქვეყნად სრულყოფილად იღვაწონ, რადგან უსწრაფებენ სიცოცხლეს. სწორედ ასე გვესმის წმინდა შუშანიკის ჩივილი, რომ ვარსქენმა არ დააცალა შესაძლებლობების რეალიზება: "მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყვავილი ჩემი დააჭნო, შუენიერებაი სიკეთისა ჩემისაი დააბნელა".
"ცხოვრებათა" ჟანრი კი ხაზს უსვამს წმინდანის ოჯახის სიწმინდესა და კეთილშობილებასაც. ამგვარი დამოკიდებულება ნაკვები უნდა იყოს "მთესვარის" იგავითა და სახარებისეული სწავლებით: "ესრეთ ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის" (მათე 7,17). ასეთ შემთხვევაში "კეთილი ნიადაგი", კონკრეტული ადამიანის სულთან ერთად, მის საცხოვრებელ ადგილსა თუ სამოღვაწეო არეალსაც გულისხმობს.
წმინდა ოჯახში აღზრდილ ქრისტიანს უადვილდება საღმრთო სწავლების შეთვისება და შესრულება, იგი ის თესლია, ნოყიერ ნიადაგში რომ მოხვდა და უფალი - "თესლი კეთილი" სულში დაუბრკოლებლად დაიბინადრა. როცა კეთილ თესლს ნიადაგიც კეთილი უხვდება, ნაყოფი განსაკუთრებით ძვირფასია. მათე მახარებელი უფლის იგავს მისივე სიტყვებით განგვიმარტავს: "ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს, რომელმან სიტყუაი-იგი ისმინა და გულისხმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასი, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი" (მათე 13,23). მაგალითისათვის წმინდა ნინოს, წმინდა გრიგოლ ხანძთელის, წმინდა ექვთიმე და წმინდა გიორგი მთაწმინდელების ოჯახებს დავასახელებდი.
ნაყოფიერი ხე, ნოყიერ ნიადაგზე მდგომარე, მრავალნაყოფიერი ხდება. მართლმორწმუნე მშობლები აძლიერებენ შვილს, გზას უკაფავენ, "ობლის კვერი კი გვიან ცხვება". წმინდა გრიგოლ ხანძთელი "ვარდი შუენიერი" და "ნაყოფსავსე ზეთისხილია", აღმზრდელები ხელს უწყობენ მისი ტალანტის გაძლიერებასა და სრულყოფილად წარმოჩენას, წმინდა აბო კი "ვარდი ეკალთაგან გამორჩეული" და "ველური ზეთისხილია", რადგან მშობლიური ნიადაგი მისი სულის "თესლს" დაუბრკოლებლად აღორძინების შესაძლებლობას არ აძლევს, თავისი ოჯახიდან "უცხო და განგდებულია". ამიტომაც გამოიყვანს მას უფალი არაბეთიდან, თითქოს ამით "ჯოჯოხეთიდან აღმოიყვანს" და "კურთხევის ნაყოფად" გარდაქმნის. ასე გვესმის იოვანე საბანისძის სიტყვები: "ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგიპყრა თვისსა მას ეკლესიასა. შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თვისსა სამკვიდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა".
ქართული ანდაზისა არ იყოს, "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". ამიტომაც კაცის სულიერი მდგომარეობა მისსავე ხელშია. ზოგი ადამიანი წუთისოფელთან ჭიდილს ვერ უძლებს და ალქატ, უნაყოფო ხეს ემსგავსება და ზოგი - ნაყოფიერს. "თითოეული ხეი თვისისაგან ნაყოფისა საცნაურ არნ; რამეთუ არა ეკალთაგან შეკრიბიან ლეღვი, არცა მაყუალთაგან მოისთულიან ყურძენი" (ლუკა 6,44). ეს სახარებისეული სწავლებაა საფუძველი სულხან-საბას სიტყვებისა: "ვინ ნახა, ეკალი დაერგოს და ხურმა მაზედ მოეკრიფოს? კეთილი ხე კეთილს მოიბამს, თვარა თავით თვისით ხილი უნერგი კარგი არ იქმნება, და არცა ალქატი ხე რწყვითა და კაზმით გაკეთდება" ("სიბრძნე სიცრუისა"). მათე მახარებელი გვასწავლის: "ნაყოფთა სამე მათთაგან იცნნეთ იგინი" (მათე 7,20).
"მთესვარისა" და "იფქლისა და ღვარძლის" იგავებიდანაც ამოიკითხება დიონისე არეოპაგელისეული საყოველთაოდ ცნობილი სწავლება, რომ უფლისგან მხოლოდ სიკეთე გვეძლევა, იგი მარტოოდენ სიკეთეს თესავს. ამ მრწამსით გაჯერებულია მთელი ქრისტიანული კულტურა.
- XVIII საუკუნის საქართველოს მდგომარეობის დავით გურამიშვილისეული ხედვის საფუძველიც "იფქლისა და ღვარძლის" იგავია...
- პოეტი ქვეყნის უმძიმესი ყოფის მიზეზად უფლის რისხვას მიიჩნევს. ღმერთი კი, მისი რწმენით, იმის გამო განურისხდა ქვეყანას, რომ ღირსეული და უფლისთვის სათნო კაცი იმდროინდელ ქართველთა შორის აღარ იპოვებოდა. იფქლი ანუ პატიოსანი "თესლი" "ღვარძლად" ანუ ეშმაკეულ, დაცემულ, საჯოჯოხეთოდ განწირულ ბრბოდ გადაიქცა. მაცხოვარმაც დასაჯა ცოდვათა სიმრავლისაგან "გაღვარძლებული ქვეყანა":
"იფქლი ღვარძლად გარდაიქცა,
ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი,
ღვთისგან შენაწევრი".
ადამიანის ხსნის საიდუმლოც დიდი რწმენა და მაცხოვრისგან ნაბოძები "თესლის" შენარჩუნებაა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი