რამ დაგვიბა თვალი მასზედ, რასაც "ჩემობის" ფერი ადევს და არა "ჩვენობისა"?
ყველას გვახსოვს არაკი "ძალა ერთობისა", რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი მეფე ფინეზს ათქმევინებს:
"მეფე ვინმე იყო დიდებული. ოცდაათი ვაჟი ჰყვა. რა მოაწია დრო სიკვდილისა მისისა, მოუწოდა ძეთა თვისთა, მოაღებინა ოცდაათი ისარი, შეკრა მაგრა ერთად და მოზიდა, რათა გატეხოს, და ვერ გატეხა. მერმე თითო-თითო მოზიდა და ყოველივე დალეწა. უთხრა შვილთა თვისთა: თუცა ერთად ხართ და ერთსა პირსა ზედა სდგეხართ, მტერი ეგრე ვერ გაგტეხსთ, ვითა მე წეღან შეკრული ისარი ვერ გავტეხე; თუ გაიყრებით, ესრეთ თითო-თითო დაგლეწოსთ მტერმან, თავიცა მოსთხაროთ და მოყვარეცა". სულხან-საბა, მსგავსად ქართლის ბედით გულდამწვარი მამულიშვილებისა, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისა, ერთობას გვიქადაგებს. მათ კარგად ესმოდათ, რომ შეკავშირება იყო ყოველთვის ქართული სახელმწიფოს ძლიერების წყარო. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ წყლულად ისინი სწორედ ერთობის დარღვევას, ძმათა შორის გათიშულობასა და ქიშპს, პარტიკულარიზმსა და შინა ომებს მიიჩნევდნენ. ჟამთა სიავისა და ძნელბედობის ხანის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე დავით გურამიშვილიც სასტიკად გმობდა და ამათრახებდა პოლიტიკური ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგეებს, კინკლაობის მოთავეებს, ინტრიგის ქსელის გამბმელებს:
"მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!"
ძმობა და ერთობა ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც ქართველი ერია, ყოველთვის იყო და კვლავაც არის ის კლდე, რომელზეც "უნდა აშენდეს დიდი სასახლე ჩვენი ცხოვრებისა". "გრძნობა ადამიანობისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა - სხვა რა არის, თუ არ გულისტკივილი ყველასათვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით. აი ეს, სწორედ ეს გრძნობაა ის ღონე უღონოსი, ის შემძლებელობა შეუძლებელისა, რომელიც სასწაულს აქმნევინებს ხოლმე ადამიანს და რომლის საოცარი მაგალითები ძლევამოსილობისა არა ერთი და ორია ისტორიაში" (წმინდა ილია მართალი).
ქართველთა ერთობა ყოველთვის აშინებდა და თავგზას უბნევდა ძლევამოსილ მტერს, ამიტომაც ერთობის იდეა მუდამ საშური და სანატრელი იყო ჩვენთვის. ერთსულოვნების როლი და მნიშვნელობა მრავალმხრივ და ფართოდ არის წარმოჩენილი სიტყვაკაზმულ ქართულ მწერლობაში. ამ თემაზე გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო (მარიამ) ღლონტი.
- სანამ ერთსულოვნების ფენომენის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნება, ჯერ თვით ცნება "ერთსულოვნებას" მივხედოთ. მაგალითად, სულხან-საბას "სიტყვის კონაში" ეს სიტყვა არ გვხვდება, სამაგიეროდ, ამ მნიშვნელობით მას ჩაწერილი აქვს სიტყვები: "ერთპირად", "ყოველთა ერთხმად", "ერთად", "ერთობილად" - ყოველ მათგანში ერთობაა გამოხატული. ძველ ქართულში არსებობდა სიტყვა: "ერთსულ", "ერთსულად", რომელიც ახალ ქართულში "ერთსულოვნებად" გაფორმდა. "ერთი" და "სული" ამ კომპოზიტში შემთხვევით არ უნდა იყოს შეწყვილებული. "სულს" ძველ ქართულში არაერთი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა წმიდა სულს, სულიწმიდას, მაგრამ ბოროტი სულის მნიშვნელობითაც ხშირად გვხვდება წმიდა წერილში. მეორე მხრივ, სიტყვა "სულში" მოიაზრება ყოველივე სულიერი, თავად სული კაცისა, ანუ მისი პიროვნება, ასევე ჰაერი, ორთქლი, სუნთქვა, ქარი და სხვა. ცხადია, ჩვენ "ერთსულოვნების" შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის სულთან და ამ სულთა, სულიერთა ერთობლიობასთან. ძველ ქართულში არსებობდა კიდევ ერთი საგულისხმო სიტყვა: "ერთსიტყვა-ყოფა", რაც ნიშნავს ადამიანთა გაერთიანებას საერთო იდეითა და აზრით, შეთანხმებულ მოქმედებას.
ვფიქრობ, მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება, გავიხსენოთ სიტყვა "ერთსულოვნების" თანამედროვე განმარტება. დღევანდელ ქართულში "ერთსულოვნება" ნიშნავს აზრის, გრძნობის, სულისკვეთების, მოქმედების სრულ თანხმობას. მაშასადამე, ერთსულოვნების შინაარსის გამომხატველია თანხმობა - თანა-ხმობა (ძველი ქართული "ხმობა" მოწოდებაც არის, დაძახებაც და დათანხმებაც!), ერთი სულითა და ერთი მოწოდებით შეკავშირებულთა ერთსულოვნება მათი ერთხმად მყოფობაა.
როგორც ვხედავთ, ერთსულოვნებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხმას (მაგალითად, არჩევნებისას ვამბობთ, ხმა მივეციო...). კაცთა ხმების ერთობა, ანუ თან-ხმიერება, სხვადასხვა ხმათა კეთილშეწყობით მიიღწევა. ვფიქრობ, ერთსულოვნების ზეციურ ხატებას წარმოადგენს სასუფევლისეული გალობა. სასუფევლის ყველა მკვიდრი ხომ ერთად - ერთხმად, თანხმიერად აღავლენს ღვთის სადიდებელ გალობას, რაც ჩვენს ენაზე იმას ნიშნავს, რომ ზეციერი ქმნილებანი სანატრელი ერთსულოვნებით მკვიდრობენ. ჩემთვის, ქრისტიანი ქართველისათვის, ამის ხილული, ამსოფლიური გამოხატულებაა ქართული საეკლესიო საგალობელი და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერა. ერთიც და მეორეც მზესავით გამოსცემს სხვადასხვაგვარ სხივნათელ ხმას, მაგრამ მსმენელის გულს მადლმოსილი თანხმიერებით ათბობს და სანეტარო სიხარულით აღავსებს... ეს მე მაგონებს სამება ღმერთის ერთარსობას, რომლის ხილულ მაგალითად ეკლესიის წმინდა მამები სწორედ მზეს ასახელებენ: მზე ერთია, მაგრამ სამსახოვნად ვლინდება - დისკო, სინათლე და სითბო.
- რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ერთსულოვნება სუფევდეს კაცთა შორის?
- ამის პასუხად ყოველ ღვთისმსახურებაზე ჩვენ ვისმენთ საოცრად ამაღლებულ საგალობელს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!" ამაზე სრულფასოვანი და სრულყოფილი ფორმულირება ერთსულოვნებისა მე არ მეგულება. ერთსულოვნების ჭეშმარიტი განცდაც მხოლოდ მაშინ შეიძლება დაგვეუფლოს, როცა ერი ერთხმად ადიდებს ზეციერ პატრონს, ერებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობა ბატონობს, ჩვენი თვალსაწიერი და გულისხმა კი სათნოებათა ცისარტყელისკენაა მიმართული. სწორედ ეს არის ამქვეყნადვე დამკვიდრებული სასუფეველი. ერთსულოვნების ტაძარი სიყვარულის საძირკველზე შენდება. არ შეიძლება რომელიმე სათნოებაზე საუბარი სიყვარულის გარეშე. ღმერთი სიყვარულია და ამიტომაც წმინდა ლიტურგიის დროს სასულიერო პირის მიერ წარმოსათქმელ სიტყვებში შემთხვევით არ არის ერთობასთან ნახსენები "სიყვარული": "ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ!" წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს ყოველთვის, განსაკუთრებით კი ღვთისმსახურების ჟამს, უდიდეს საქმედ მიაჩნია: "ერთობა, ყოველთა - დიდთა და მცირეთა, მღვდელთა და ერთა, ქალთა და კაცთა - შეერთება ერთი გრძნობით, ერთი აზრით, ერთი სიყვარულით, და მოგვეც ჩვენ, უფალო, ერთითა გულითა და ერთითა პირითა დიდებად და გალობად, როგორც ამას წირვაზე ვთხოვთ ღმერთს. ჭეშმარიტი ღმრთისმსახურება და მსხვერპლშეწირვა ეს არის; ღმერთი ამას მოითხოვს და არა მხოლოდ ლოცვის ხმამაღლა კითხვასა და გალობას", - ვკითხულობთ მის ერთ-ერთ ქადაგებაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი: შემთხვევითი არ გახლავთ ის, რომ ჩვენმა მადლიანმა ქართველმა სიტყვათშემოქმედმა "ერთობას" "სულიც" მიამატა და "ერთსულით" გამოთქვა სულთა საღმრთო ერთობის ბოროტისმძლეველობა. ჩვენი ერი ქრისტიანობამ, მის მოძღვრებაში განფენილმა სულიერებამ გადაარჩინა: "ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში".
- ჩვენი მწერლობა გავიხსენოთ. განსაკუთრებით რომელ ნაწარმოებებშია ეს თემა წარმოჩენილი?
- ამ მხრივ საგულისხმო სათქმელს იტევს "ვეფხისტყაოსანი". როსტევანის თათბირი გავიხსენოთ. როსტევანი მოიწვევს ვაზირებს, რათა აცნობოს, რომ მისი მეფობის დრო უკვე გარდასულა და მოწეულია ჟამი მისი ასულის - თინათინის გამეფებისა. "ვეფხისტყაოსნის" ყველა კომენტატორი ერთხმად აღიარებს, რომ, რაღა თქმა უნდა, როსტევანს თავისი ასულის გამეფების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, როგორც ეს სჩვევიათ მეფეებს. მაშინ, რაღა აზრი ჰქონდა ვაზირების მოწვევას?! - ვფიქრობ, მეფე როსტევანს სწორედ ერთსულოვნების დამკვიდრება ამოძრავებდა. მეფეს შეეძლო უბრალოდ განეცხადებინა: მე ვამეფებ ჩემს ასულსო - განა რომელიმე ვაზირი შეჰკადრებდა მეფეს წინააღმდეგობას?! მაგრამ მეფე როსტევანი საღმრთო სიბრძნით განაგებს: მან უწყის, რომ სამეფო კარსა და ქვეყანაში ერთსულოვნებისა და სიყვარულის დამკვიდრებას განუწყვეტელი რუდუნება, ზრუნვა, საზრდოს მიცემა სჭირდება. სიყვარულის თესლი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს და ღვივდებოდეს საქმით. ამ საქმეს კი, როგორც წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს, ჰქვია - ზრუნვა სიყვარულისთვის. ერთსულოვნების საზრდო არის ერთობლივი მონაწილეობის მიღება საერთო, ღვთის სათნო და კაცთათვის სასარგებლო საქმეში. როსტევან მეფემ სწორედ ამ მიზნით მოიწვია ვაზირები და მონაწილეობა მიაღებინა ახალი მეფის გამეფებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საქმეში. სწორედ ეს არის საღმრთო სიბრძნე, რომლის გათვალისწინებას რუსთველი როსტევანის თათბირით გვავალდებულებს და ყოველ პატრონს, დიდსა თუ მცირეს, შეგვაგონებს: საერთო სასიკეთო საქმეში ყველა უნდა იყოს ჩართული და თითოეული თავისი შეძლებისამებრ იღებდეს მონაწილეობას; კეთილგონივრული თანამონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია ურთიერთსიყვარულისა, ერთსულოვნებისა.
- ფსალმუნში ვკითხულობთ: "რამე კეთილ ანუ რამე შვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად", მაგრამ ხომ არსებობს თანხმობა და ერთობა ბოროტებაშიც. მეფსალმუნე ნეტარად მიიჩნევს იმ ადამიანს, რომელიც: "არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა... დასაჯდომელსა უსჯულოთასა არა დაჯდა". უღმრთოებასა და ბოროტებაში ერთობის მაგალითებიც ხომ უხვად გვხვდება ქართულ მწერლობაში...
- ხშირად გვესმის სიტყვები: "ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი აერთებს". ადამიანთა შორის სიყვარულს სწორედ ეშმაკი არღვევს და დაშრეტს. ბოროტი ძალები ერთსულოვანნი, უფრო სწორად - ერთიანნი არიან თავიანთ ბოროტებაში და მართლაც შესაშურად ემსახურებიან ადამიანთა გაყოფის საქმეს. არის ერთი ქართული ანდაზა: "ეშმაკს არ სძინავს". წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ერთადერთი, რაშიც გვმართებს მივბაძოთ ეშმაკს, ეს არის - სიფხიზლე. ეშმაკი განუწყვეტლივ ფხიზლობს. იგი თავის მსახურებს იმსგავსებს. თუ შეგიმჩნევიათ, ბოროტმოქმედნი როგორ ემსგავსებიან ერთმანეთს გამომეტყველებით, მანერებით, ქცევით.
ბოროტებაში ერთობის მაგალითად მინდა მოვიყვანო საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული ჩაქოლვის ბარბაროსული ტრადიცია. სიძულვილით აღვსილ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ერთობლივად იღებს ქვას, რათა დამნაშავე ჩაქოლოს. ამ მხრივ საგულისხმოა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "ეშმაკის ქვა". ამ მოთხრობის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სოფიოს იმდენად გადაედება აგრესიული და გამძვინვარებული ბრბოს სიძულვილი, რომ ისიც აიღებს ბოლო ქვას და ესვრის დამნაშავეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ეს ქვა იქამდე მიაღწევს თუ არა. ყველაფერი რომ დამთავრდება, სოფიო საბედისწეროდ გამოერკვევა, მთელი სიგრძე-სიგანით გაითავისებს იმ ქვის სიმძიმეს, მტკივნეულად განიცდის თავის დანაშაულს, ანუ მიუტევებლობას. საბოლოოდ, იგი ავადდება და შეშლილივით ერთსა და იმავეს იმეორებს: "მე? - მე არა, მე არავის, ეშმაკმა მასროლინა!" ეს უკვე პიროვნების გაორებაა. თვითონ ადამიანშია დარღვეული ღვივმიმადლებული სამოთხისეული ერთობა სულისა და ხორცისა. ცოდვითდაცემის შემდეგ ადამიანში დღემდე იბრძვის სული და ხორცი, მადლი და ცოდვა. წმინდა პავლე მოციქულს დავესესხები: "...თუ იმას ვჩადი, რაც არა მსურს, მე კი არ ვჩადი მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში" (რომ. 7,14-20). კაცთა მოდგმა იმ პირველი ცოდვის მარადიული ტყვეა და მის ქცევასაც ეს ცოდვა განსაზღვრავს, თუმცაღა ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს თავისუფალი ნება, ანუ არჩევანის შესაძლებლობა. იგივე "ეშმაკის ქვა" უჭირავს საზოგადოებას, რომელიც ჯოყოლა ალხასტაისძეს, ალუდა ქეთელაურს, მარიტას და სხვებს ულმობლად სჯის და თავის თავზე იღებს საღვთო სამსჯავროს საქმეს.
გიორგი ლეონიძე უბადლო მხატვრული ხერხებით ასურათხატებს საეშმაკო საქმით გაერთიანებული, ერთარსებად ქცეული ბრბოს უსახო სახეს: "ახლაც თმები მებურძგნება იმ სასტიკ სანახაობაზე. სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით, გაონავრებული, გაძალიანებული... აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას, მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად... არც ერთი ხმა... არც ერთი შეძახილი... ეს იყო გასაკვირველი... ბრბო ჩუმად, უჩინარად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!"
ამ მხრივ საგულისხმოა ასევე ილია ჭავჭავაძის მძაფრსიუჟეტიანი მოთხრობა: "სარჩობელაზედ". მკვლევარი მარიამ ნინიძე წერს: "ილიას სხვა თხზულებების მსგავსად ამ მოთხრობაშიც მწვავედ დგას ადამიანთა შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა. აქ ხიდი ჩატეხილია პიროვნებასა და მთელ საზოგადოებას შორის და არა მხოლოდ განსხვავებულ წოდებებსა და საზოგადოებრივ ფენებს შორის. ეს რომ ასეა, ამაზე აშკარად მიუთითებს უმცროსი ძმის სიტყვები: "სამუდამოდ მოვწყდი ქვეყანას, როგორც წინადვე მოტეხილი ტოტი, უკანასკნელ ძაფზეღა დაკიდებული..." "მძულს ქვეყანა და ადამიანი უფრო, ჩვენ-შუა საბოლოოდ ჩავტეხე ხიდი. მე ერთი აქეთ პირას დავრჩი, თქვენ, მრავალნი, იქით..." ამ ნაწარმოებში ყველაზე უფრო რთული და წინააღმდეგობრივი მოხუცი პეტრეს სახეა. მას, თავისი გულუბრყვილობით, ქალაქის შუაგულში აღმართული სახრჩობელა და ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობის ცერემონიალი თეატრალური წარმოდგენა ჰგონია. ამ სანახაობას ჰყავს გულგრილი მაყურებელი, ხალხის მასა, რომელიც იმდენად გადაგვარებული და გრძნობადაჩლუნგებულია, რომ სხვისი უბედურების ცქერით იკლავს ცნობისმოყვარეობის ჟინს და სეირს უყურებს. პეტრეც ამ მასას უერთდება, მას აეჭვებს: იქნებ, რეალობაა ეს ყველაფერი და არა სანახაობა; მაგრამ შეკითხვას ვერ ბედავს, რადგან ეშინია, არ დასცინონ, ჩამორჩენილობასა და სოფლელობაში არ ჩაუთვალონ ეს შეკითხვა. პეტრეს ებრალება სასიკვდილოდ განწირული ახალგაზრდა ყმაწვილი, რომლის გზიდან აცდენაში, სხვათა შორის, ისევ და ისევ გარემომ, საზოგადოებამ და არა მისმა ადამიანურმა ბუნებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, მაგრამ იგი ამ შემთხვევაში "პასიურ, არამებრძოლ სიკეთეს" განასახიერებს. პეტრე სიკეთეს დაცინვის შიშით თმობს. ამ მოთხრობით, ისევე როგორც თავისი შემოქმედებითა და ცხოვრებით, ილია ჭავჭავაძეს იმის თქმა სურს, რომ ადამიანები დაქსაქსულან, საკუთარ "მე"-ში ჩაკეტილან და სხვისი ჭირი და მწუხარება გულთან ახლოს არ მიაქვთ. ამაშია სწორედ ჩვენი ტრაგედია. გავიხსენოთ წმინდა ილია მართლის შესანიშნავი განმარტება, რომელიც ქრისტიანი მოძღვრის დიდებული ქადაგების რანგშია აღყვანილი: "...რამ დაგვიბა თვალი და ყური მარტო მასზედ, რასაც "ჩემობის" ფერი ადევს და არა "ჩვენობისა"? ჩვენს ისტორიას რომ შევხედოთ, მაგის მიზეზს ვერ ვიპოვით. ერთს წუთს რომ ჩვენი თვალი და ყური მარტო "ჩემობაზედ" გაჩერებულიყო და "ჩვენობა" დავიწყებას მისცემოდა, მაშინვე სულს გავაფრთხობდით და ჩვენი ერი მტვერსავით აღიგვებოდა დედამიწის ზურგიდამ. ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენი ეროვნული სიმტკიცე და დაურღვევლობა მარტო იმაში იყო, რომ ყოველ ჩვენგანს ჯერ "ჩვენ" ჰქონდა სახეში და მერე "მე". ეს კარგად იცოდნენ ჩვენთა წინაპართა და ამიტომაც საცა და როცა მძლავრი "ჩვენ" წამოდგებოდა, მაშინ ყოველი კაცი თავის საკუთარს "მე"-ს უკან დააყენებდა. საიდამ შემოგვეპარა, საიდამ შემოგვეჩვია და როგორ დაიჭირა უგემურმა "მე"-მ იმის ადგილი, საცა ამოდენა ხანს მბრძანებლობდა მარტო "ჩვენ" ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ? რამ წაგვახდინა ასე? ეგ სენი ახალი სენია და საიდამ არის მოსული, ვისგან დანერგილია - ეგ ადვილი მისახვდომია იმისგან, ვისაც უძლური "მე" უფრო უხდება, ვიდრე ძლიერი და ძალ-გულოვანი "ჩვენ" ... დღეს ყოველს ჩვენგანს საზოგადო საქმეს ხელს უცრის, სწყლავს, ათახსირებს, გზა-კვალს ურევს და სულს ართმევს ჩვენი გულგრილობა, ჩვენი მომაკვდინებელი მოძღვრება თვითოეულისა ცალკედ; თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედ ნუ იქნებაო".
ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან! ვეცადოთ, ილიასებური ერთსულოვნებით გამოვზარდოთ ჩვენი გულიც და სულიც.