გვანცა კოპლატაძე
ბეთლემი
ცა აირია, შუქმა იალა,
გაკვირდნენ მწყემსნი, ფრთხილობდა ქარი.
მზემ ხმელ ბალახზე იმშობიარა,
სიხარულს ვეღარ მალავდა მთვარე.
ფრთა ანგელოზის მოეხვია სვეტს ნათელს ქოხთან,
შიშმა შეიპყრო მეფე ჰეროდე.
კრთოდა ვარსკვლავი, წინმსრბოლი მოგვთა,
სხივნი სიხარულს მოიმღეროდნენ...
და იშვა მხსნელი, ნათელი ცათა,
ხან ვარდს ფურცლავდა ბაგე, ხან იებს...
მოვიდა მესია, ვინაც ცოდვილთა
შეგონებად თქვა: - მოინანიეთ!
დილის ლოცვა ლექსად
ყოვლადწმიდაო სამებაო,
ერთო, ერთსახეო,
შეგვიწყალენ ჩუენ,
უძლურნი, ჯვარი დაგვსახეო.
უფალო, გვიხსენ
ცოდვისაგან - შენ დაგვიფარეო.
და გვილხინე
მოგვეც შვილებს ძალა და სიმხნეო.
ცოდვათა ჩუენთაგან;
მსჯავრი აგვაცილე,
მეუფეო,
უპყარ ყური შენს საყვარელ შვილებს,
შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი;
მრღვევი სულის წრფელის,
წმიდაო, მოიხილე და განკურნენ
რწმენით
უძლურებანი ჩუენნი
დღეთა ყორნის ფერთა
სახელისა შენისათვის;
სადიდებლად შენდა.
ზმანება
ვიხილე უცხო სინათლის მხარე.
აქ არ იცოდნენ სევდა, ტკივილი,
აქ არ ცვიოდა ფიფქები შავი,
არვინ მიცქერდა მე აქ მწირივით.
იდგა ამინდი, საოცრად თბილი,
იყო სიმშვიდე, ღიმილის თოვა...
ეს უცოდველთა თუ იყო დილა,
მეორედ მოსვლის შემდეგ რომ მოვა.
ბეთანია
ამოსულა თითქოს თეთრი მთებთან ია,
თითქოს თეთრი მოფრენილა ანგელოზი.
აქ მზემ თითქოს აღასრულა მეტანია,
დაიხარა და უცისფრეს კედლებს კოცნის.
დუმს და ფიქრობს მონასტერი, ის ძველია,
ქარებს მოაქვთ თბილი სუნთქვა ლიანების,
მოდის სულთან ღვთაებრივი მისტერია
და ზმანება ლანდთა ორბელიანების.
ეფერება ცა თამარის ნაფეხურებს,
ფრესკის სუნთქვა შერევია ფერთა რიალს
და ნიავი ქალებრ თბილად ჩამჩურჩულებს:
ნეტარია - დედოფალი, ნეტარია - ბეთანია.
***
სულის ღრმულების ამოსავსებად,
ღმერთო, მოგვმადლე სიბრძნე და რწმენა,'
ღამეზე მოსხმულ ფიქრის კუნწულებს
აწვალებს სევდის ქარების ღელვა...
მიჰყვება სული ცისკენ მთვარის გზას...
მაქვს ნატვრა დღეთა შუქით შევსების,
რომ გადაურჩეს დროთა ქარიშხალს
ჩვენი ქართული ადათ-წესები.
***
ჟამნობის დროა, დილაა მშვიდი,
ლოცვად დადგომად მიხმო დიდსულმა.
თითქოს ტაძარი გემია დიდი
და მრევლით სავსე, ცისკენ მიცურავს...
ოქროსფერ სანთლის ბიბინებს მოლი...
ცისფერ სარკმელთან ბორჯღალი ბრწყინავს...
ნათდება თაღი... ისმის გალობა...
მოდიდდა მადლი... მოძღვარი წირავს...
წმინდა მარიამს
რწმენის ყვავილებით სულთა შემმკობელო,
ნეტარდედაო, ნეტარღვთისმშობელო,
შეგთხოვ მარიდო გზას, ცოდვით მოთოვლილს,
მაპკურე ნათელი, შენდამი მოლტოლვილს.
გულიდან ქროლვით სიკეთის ქართა
შემაძლებინე კურნება სხვათა...
ნატვრა ამიხდინე - ოცნებად რომ ქრის...
ვალი აღვასრულო დედათა მოდგმის.
ვაზო, ოქრომტევანსხმულო
ღვთისმშობლისადმი
ვაზო, ოქრომტევანსხმულო,
დედათ მზეო, ცით მოსულო.
უბიწოო, საკვირველო,
ღელვისაგან ჩვენო მხსნელო.
მეოხებით ძისა შენის მონანულთა ზეთმცხებელო,
ობოლთ ხელის გამმართველო
და კურნებით შემხებელო.
გვალულ სულზე ღვთიურ ცვარო,
დედათ შორის დედოფალო,
რწმენის პურო, სათნოების
ნაკადულო დაუმშრალო...
დედავ ჩვენო, ჩვენთა სევდის
და ტკივილთა გამგებელო,
ჩვენთა სულის გამოხსნისთვის
უფლის კარის გამღებელო.
ვაზო, ოქრომტევანსხმულო,
დედათმზეო, ცით მოსულო,
ჩვენი უფლის უტკბეს დედას
გიძღვნი ამ წრფელ ქებათ-ქებას.
***
ნეტარლოცვანო... შარბათნო სულის...
ნათელმკმეველნობთ, რომ ვიყოთ სრულნი,
თქვენით ვპურდებით, თქვენით ვიზარდეთ...
თქვენით გვეხსნება გზა უფლისაკენ.
შვიდგზის გღაღადებთ, პწკარნო - შრშნებო,
ძალნო სიცოცხლის... შვების მომცემნო...
დასაბამიდან მოშუქმომწვანობთ...
ღვთით კურთხეულნო, ნეტარლოცვანო...
მოიღე ჩემზედ შენი წყალობა
შენს ხატთან მინდა ლექსით ვილოცო,
მოგიძღვნა მაღალს ლოცვა-გალობა.
მამაო, შენი მადლით დამცვარე,
მოიღე ჩემზედ შენი წყალობა.
მიბოძე სიბრძნე ჟამს ლექსის წერის,
სიამედ მექცეს ოცნებით თრობა.
შემაძლებინე დიდ სიხარულში
მოყვასთა შორის თავმდაბლად დგომა.
ფიქრს ვასხეულებ უფლის სიტყვებით
ლექსის წერისას, ასე მგონია,
ვქმნი ლოცვის სხეულს და სულს მივყვები...
სიყვარულს ვუკმევ გულის ფორიაქს,
ფიქრს ვასხეულებ უფლის სიტყვებით.
სიყვარულს ვუკმევ სტრიქონებს თოთოს
და ჩემი სისხლის ბურთულით ვკვებავ...
თბილ ოცნებათა კვირტსა და ფოთოლს
მადლით აპურებს მაცხოვრის ნება.
ლექსის წერისას, მგონია ასე,
ჩემთან არს ღმერთი და ძალას მმატებს.
რწმენის სინათლით, იმედით მავსებს
ოცნებით დაღლილს და ღამენათევს.
ღვთაებრივია ყოველი წამი,
როს ვწერ, მგონია, ვქმნი ლოცვის სხეულს.
ინებე, ღმერთო, ჩემი სულის წვა
მიეც სინათლედ ამ ათასწლეულს.
***
მადლობელი ვარ, ღმერთო, წყალობის,
მე ვფლობ კიდობანს,
სავსეს სტრიქონთა ბრილიანტებით...
მხოლოდ მშვიდობას.
სანეტარო მხოლოდ მშვიდობას
გთხოვ...
აქვეა სხვა ყველაფერი.
მე ველოდები მაცხოვრის სიტყვას
რწმენის სინათლეს, სივრცეებს ფერადს
სევდის სიზმრები აღელვებს ჯერაც.
იქნებ ჩურჩულებს ალვით და იფნით
ზეცა მოსახდენს ამ დღეთა იქით.
ფერად სიზმრებში, მსხვრევისას სხივთა,
მე ველოდები მაცხოვრის სიტყვას...