ქართული ლიტურგიკული პოეზია სათავეს დაახლოებით VII საუკუნიდან იღებს. თავდაპირველად ქართველები ჰიმნებსა და საგალობლებს სხვა ენებიდან, უფრო ბერძნულიდან, თარგმნიდნენ.
IX-X საუკუნეებში, როდესაც ქართულმა ჰიმნოგრაფიამ განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია, ქართველმა ჰიმნოგრაფებმა ბერძნული წარმოშობის ლიტურგიკულ კრებულებში ბერძნულ ელემენტს გვერდი აუქციეს და საკუთარი, ქართული შინაარსი ჩადეს. აღმავლობის მწვერვალზე იდგა ორიგინალური შემოქმედებაც. გამოჩნდნენ ბრწყინვალე ჰიმნოგრაფები, რომელთაც მოხდენილად შეამკეს არა მარტო ქართველი, არამედ მსოფლიო ეკლესიის წმინდანები და დღესასწაულებიც. მანუსკრიპტებმა მრავალი მათგანის სახელი შემოგვინახა: მიქელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, ეზრა, იოანე ქონქოზისძე, სტეფანე ჭყონდიდელი-სანანოისძე, ზოსიმე, ნიკოლოზ გულაბერისძე, დავით აღმაშენებელი, იოანე პეტრიწი, იოანე შავთელი, იოანე ანჩელი, არსენ ბულმაისიმისძე, საბა სვინგელოზი...
ორიგინალური ჰიმნოგრაფია განსაკუთრებით XVIII საუკუნეში აყვავდა. ყველაზე მეტი შრომა ამ სფეროში ანტონ კათოლიკოსმა გასწია, რომელმაც შეადგინა იმ დროისთვის არსებული თითქმის ყველა ქართველი წმინდანისა და დღესასწაულის საგალობელთა კრებულები.
მას შემდეგ კიდევ ორი საუკუნე გავიდა. უამრავი წმინდანი გამობრწყინდა ზეციური საქართველოს ცაზე და შეემატა ქართველ წმინდანთა დასს, ეკლესიური ცნობიერების, ეროვნული თვითშეგნებისა და კულტურის გამოღვიძებამ კი თავისთავად მოიტანა ახალი საგალობლების შექმნის საჭიროება. თანამედროვე ქართველი ჰიმნოგრაფები საუკუნეებით განმტკიცებულ ტრადიციას არ ღალატობენ, რუდუნებით ეცნობიან ახალშერაცხულ წმინდანთა ბიოგრაფიებს და ქმნიან საგალობლებს, რომლებშიც ამ წმინდანებს განადიდებენ.
ჩვენი სტუმარი სწორედ ამ დარგში მოღვაწე ქალბატონი ნანა ლაზარიშვილი გახლავთ, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის ერთგული მრევლია და პირველი ჰიმნიც სწორედ ანჩისხატს მიუძღვნა.
- ქალბატონო ნანა, პროფესიით ექიმი როგორ გახდით ჰიმნოგრაფი?
- დავიბადე და გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში, სადაც წიგნიერების კულტი ყველაფერს ჯაბნიდა. გადაუჭარბებლად ვიტყვი: განათლების საძირკველიც და ზედნაშენიც მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა შემიქმნეს. უსაზღვროდ მიყვარდა წიგნი და ყრმობიდანვე ბევრს ვკითხულობდი. მამამ შემიმუშავა თავისებური სისტემა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ასაკში მხოლოდ გარკვეული ლიტერატურა უნდა მეკითხა, თუმცა, ცოდვაგამხელით, არაერთგზის წამიკითხავს მალულად "აკრძალული" წიგნები. მრავალი წლის შემდეგ მივხვდი ამ "აკრძალვის" სამართლიანობას... სკოლაში ყველა საგანს კარგად ვსწავლობდი, თუმცა მაინც გამოკვეთილი ჰუმანიტარი გახლდით. ვწერდი ლექსებს, ნარკვევებს, ვთარგმნიდი (თარგმნილი მაქვს შექსპირის სონეტები, მაინ რიდის, ოსკარ უაილდის რამდენიმე მოთხრობა, შელის ლექსები). იმთავითვე ლინგვისტობა მინდოდა და თითქოს არც ოჯახი იყო წინააღმდეგი, მაგრამ X კლასში გადასულს გამომიცხადეს: მხოლოდ სამედიცინო ინსტიტუტი! თავიდან დავიბენი, წავუტირე კიდეც, მაგრამ, როგორც მორჩილმა შვილმა, უარი ვერ გავბედე. ასე გავხდი ექიმი, თუმცა წერისთვის არასოდეს მიღალატია: მაქვს ლექსთა კრებული და ე.წ. "პუნქტუალური მინიატურები". რამდენიმე წელი ვასწავლიდი სამედიცინო დარგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საგანს - პათოლოგიურ ანატომიას. შემდეგ დაიწყო 1991-1992 წლების საბედისწერო მოვლენები და თითქოს ერთბაშად ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდა. იმ ძნელბედობის ჟამს დედაეკლესიას მივაშურე და აღარც გავშორებივარ. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ჟამი მუხლჩაუხრელი შრომისა, როცა სიცივესა და სიბნელეში ხელებდაკრუნჩხული ვიჯექი, სულმნათ წინაპართა დანატოვარს ვეცნობოდი და ვსწავლობდი. ერთხანს წმინდა მამათა თხზულებების თარგმნასაც მივყავი ხელი, ბერძნულის შესწავლაც გადავწყვიტე, მაგრამ მივხვდი, ეს არ იყო ჩემი საქმე, რომელშიც ბოლომდე დავიხარჯებოდი. ასე მივადექი იმ მიუვალ მწვერვალს, ჰიმნოგრაფია რომ ჰქვია სახელად.
- რამ გაგიჩინათ ჰიმნოგრაფიაში მოღვაწეობის სურვილი და რომელი წმინდანები განადიდეთ?
- როდესაც მეტ-ნაკლებად გავეცანი ქართულ ჰიმნოგრაფიას, ჩემდა გასაოცრად, აღმოვაჩინე, რომ ბევრი უდიდესი წმინდანის შესახებ არათუ განგება, ოხითაიც (ახლა ტროპარს რომ ვუწოდებთ) კი არ გაგვაჩნდა. იმ დღიდან აღმეძრა კადნიერი სურვილი, ხარკი გადამეხადა იმ ღირსთა და ღმერთშემოსილთა მოღვაწეთათვის, რომელთა მეოხებითაც სულდგმულობს მართლმადიდებელი საქართველო ვიდრე "მოდღეინდელად დღედმდე".
პირველი ჰიმნი 1996 წელს ჩემს სათაყვანებელ ანჩისხატს მივუძღვენი. ეს იყო აკათისტო, რომლის ახალ რედაქციასაც მალე მივაწვდი ჩვენს მლოცველ ერს - საგალობელი: "პარაკლისი ზეშთანათელისა პირისა ღმრთისა ანჩისხატისა". შემდეგ, 1997 წელს, დაიწერა ჩემი უსაყვარლესი წმინდანისა და შემწის, გრიგოლ ხანძთელის, პარაკლისი და დაუჯდომელი. როცა შ1464 ხელნაწერს გავეცანი (ანტონ I კათოლიკოსის "სადღესასწაულო"), აღმეძრა სურვილი, შექმნილიყო მსახურება ანუ განგება "ხანძთის დაუვალი მზისადმი". კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით განგება 1998 წელს დასრულდა. ამ ჟამიდან მოყოლებული "ტაოკლარჯული სენი" შემეყარა: დაიწერა რამდენიმე განგება ღირსთა მამათა: მიქაელ პარეხელისა, სერაპიონ ზარზმელისა, არსენი დიდისა, ეფრემ დიდისა (მაწყვერელისა), ღირსთა მამა-დედათა კლარჯეთისათა, გიორგი მაწყვერელისა და აშოტ დიდისა კურაპალატისა (1999-2005 წ.წ.).
- ტაო-კლარჯეთში თუ ყოფილხართ?
- ტაო-კლარჯეთისა და მის მადლიან მიწაზე განბრწყინებულთა მიმართ განსაკუთრებული მოწიწება, ალბათ, ჩემი ფესვების ბრალია - ჩემი უშორესი წინაპრები კლარჯეთიდან იყვნენ, რაც განსაკუთრებული სიმძაფრით გასულ წელს შევიგრძენი, უფლის წყალობით ტაო-კლარჯეთი რომ მოვილოცეთ. ვიყავით ხანძთის მონასტერში. სიტყვები არ მყოფნის მისი ნგრეული დიდებულების აღსაწერად. ეს ყოველივე უნდა იხილო, რომ განიცადო! - ანჩისხატის ცნობილი გუნდის თანხლებით ზემოხსენებული განგება აღვასრულეთ. გამოუთქმელი იყო ის გრძნობაც, რაც ოთხთა ეკლესიაში ტაო-კლარჯეთში მოღვაწე მამა-დედათა განგების აღსრულებამ მოგვგვარა მლოცველთ.
ტაო-კლარჯეთის თემა ჩემთვის იმდენად მშობლიური, იმდენად ტკივილიანი და ძვირფასია, რომ ერთი კი არა, რამდენიმე ინტერვიუც არ ეყოფა.
- ამა თუ იმ წმინდანის განდიდების სურვილი, ალბათ, მათ მიმართ თქვენმა განსაკუთრებულმა მოწიწებამ წარმოშვა...
- მოგეხსენებათ, ანჩისხატის ეკლესიაში განისვენებს წმინდა მღვდელმოწამე ევდემოზ კათოლიკოსი - ერთადერთი კათოლიკოსი მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელიც საკუთარმა მეფემ... მოაშთო. მიუხედავად მის შესახებ ისტორიული მასალის უკიდურესი სიმწირისა, მეყო კადნიერება მსახურების შესაქმნელად.
ჩემი ხორციელად დაბადების დღე 3 (16) ივლისია, როცა აღესრულება ხსენება უდიდესი მოღვაწისა - გიორგი დაყუდებულისა (ის გიორგი მთაწმინდელის სულიერი მოძღვარი გახლავთ). ამის გამო დაიწერა მსახურება. ორი განგება შეიქმნა ჩვენი დიდი განმანათლებლების - ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელისათვის.
ამ 12 განგების გარდა, დაიწერა ე.წ. სინანულის პარაკლისი (უპირატესად დიდ მარხვაში საკითხავი) და ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს პარაკლისი (მართალია, არსებობს მჭედლიშვილის მიერ შექმნილი პარაკლისი, მაგრამ ეს შესაწირავი "მწვლილი" გახლავთ ჩემი უდიდესი სეხნია წმინდანისადმი - ნათლისღებით ნინო გახლავართ). ჩემი ნათლობა 13 (26) სექტემბერს, ქეთევანობას, აღესრულა. ამიტომაც დაიწერა ქართველთა მნათობის, წმინდა ქეთევან დედოფლის დაუჯდომელი.
- ჰიმნოგრაფიას აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე ყამირს უწოდებდა. მის შესახებ, სამწუხაროდ, არც სახელმძღვანელო არსებობს, არც ფუნდამენტური ნაშრომი. დღესდღეობითაც ბევრი რამ გაურკვეველი და ბურუსით მოცულია. როგორ ახერხებთ მუშაობას?
- როგორც გამოცდილი არქიტექტორ-რესტავრატორი აღადგენს ნამსხვრევებისგან უმშვენიერეს დოქსა თუ ფიალას, ასევე ჩვენც, იმ მწირი ნეშტისგან, ხელთ რომ გვაქვს, ვკრავთ შეძლებისდაგვარად მყარ კარკასს და ვიწყებთ "სიტყვით ხუროობით ტაძრის მშენებლობას". ეს არის და ეს...
უანგარო თანადგომისთვის უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბატონ ედიშერ ჭელიძეს (სურს თუ არა, სცალია თუ არა, ჩემს შეუცვლელ რედაქტორს), ბატონ მიხეილ ქავთარიას, ქალბატონ მანანა ჭირაქაძეს, ქალბატონ დ. კუხიანიძეს. განსაკუთრებულ მადლობას შევწირავ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს, დეკანოზ რევაზ ტომარაძეს, მღვდელ ირაკლი ოთხმეზურს, მონაზონ ნინოს და ყველა ჩემს ერთგულ გულშემატკივარს.
- რა არის საჭირო იმისათვის, რომ ეს დარგი საქართველოში სამომავლოდ უფრო განვითარდეს?
- ასე მოგიგებთ: იყავნ, უფალო, ნებაი შენი! ვისურვებდი, სამომავლოდ სათანადო პატივი აღუდგეს ჰიმნოგრაფიას, ლიტურგიკის ამ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს ნაწილს. დღეს, მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, როცა აშენდა და შენდება მრავალი დიდებული და მტკიცე ტაძარი, როცა დაიწერა და იწერება უამრავი ხატი (მათგან არაერთი სასწაულთმოქმედი), არ ეგების ჰიმნოგრაფიის ჩრდილში ყოფნა. ამისთვის კი არც ისე ბევრი რამაა საჭირო. სასურველია, სათანადო დაფინანსებით შეიქმნას მეცნიერთა ბირთვი (ასეთი მეცნიერი კი, ღვთის მადლით, ბევრი გვყავს), რომელიც მუდმივ ზედამხედველობას გაუწევს ჩვენი დროის ჰიმნოგრაფთა მუშაობას, რომ არ გავრცელდეს ისეთი უსახური პარაკლის-დაუჯდომლები (თარგმნილნი თუ ახალნი), სავალალოდ, ამ ბოლო დროს რომ მომრავლდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი