გვესაუბრება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი ასმათ ოქროპირიძე.
- ქრისტიანული ხატწერა, თამამად შეიძლება ითქვას, თავიდან ბოლომდე გამოვლინებაა მიტევებისა.
უფალი განკაცდა, რათა კაცი გამოეხსნა ცოდვისა და სიკვდილისგან და სასუფევლისკენ მიებრუნებინა. ამდენად, თვით ქრისტიანობა მიტევების მოძღვრებაა და, ამის კვალობაზე, ხელოვნებაც, რომელიც მის წიაღში იშვა, მიტევების ამსახველი ხელოვნებაა.
ხატწერა არასოდეს მიმართავს ადამიანის თვალს, გულსა და გონებას ამაოებისაკენ, არასოდეს გამოხატავს ყოველდღიურს, ყოფითს. ხატწერა გამოსახავს მხოლოდ იმას, რაც ზეციური, მარადიული თვალით, ჭეშმარიტების განზომილებით არის ღირებული. ამიტომ ხატწერაში ძალიან მკაცრად შეირჩევა თემები.
აპოკრიფული ლიტერატურის თანახმად, ხატწერა თვითონ მაცხოვარმა აკურთხა - მეფე ავგაროზის მიერ წარგზავნილ მხატვარს მან ტილო ჩამოართვა, სახეზე მიიდო და მისი ხატი, საღვთო ნებით, მანდილიონზე გამოისახა. ამგვარად, ხატწერა ღვთის ნებით არის დაშვებული, ხოლო ხატზე განწმენდილი, უხრწნელი ხორცი აისახება.
თავად ხატი ღვთისა უკვე დასტურია მიტევებისა. ძველი აღთქმის ისრაელი არ იცნობს ღვთის ხატს, ვერ ხედავს მას. თვით მოსე წინასწარმეტყველიც კი, რჩეული წინასწარმეტყველთა შორის, რომელსაც მიემადლა ძველი აღთქმის სჯული, სინას მთაზე, ცეცხლსა და ალმურში გახვეული, მხოლოდ უფლის ზურგს ხედავს. ეს იმიტომ, რომ კაცობრიობა ჯერ არ არის მზად უფლის სახილველად. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "ჩვენ უფალს გამოვსახავთ იმდენად, რამდენადაც მან თავად ინება განხორციელება" - და განხორციელდა ისე, როგორც ადამიანს შეეძლო დაეტია. აქედან გამომდინარე, მიტევება უფლის განკაცებიდან იწყება.
თუნდაც სხვა ხატები ავიღოთ. მაგალითად, ხარება. ეს მოვლენა ახალი აღთქმის დასაბამად ითვლება. როდესაც ხარებას გამოვსახავთ, ამით გამოვსახავთ მიტევებას; ხარების ხატი გვიჩვენებს, თუ როგორ ინება უფალმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეულში განკაცება. ამასთანავე, ეს არის ხატი სინერგიისა, რადგან უფლის თავმდაბლობასა და სიყვარულს ეგებება ღვთისმშობლის აბსოლუტური მორჩილება და სიყვარული. ყოვლადწმინდა ქალწულის სიტყვებში: "ეჰა, მხევალი ღვთისა! მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!" - ვლინდება ღვთისა და ადამიანის ნების სრული თანხვედრა, რაც დასტურია მიტევებისა, შეერთებისა და უზარმაზარი სიყვარულისა.
მირქმის ხატზეც უდიდესი მიტევების ფაქტია ასახული. ამ დროს წმინდა სვიმეონისა და ანა წინასწარმეტყველის სახით მთელი ძველი აღთქმა იღებს მხსნელს. ეს არის ძველი აღთქმის მიგებება უფალთან. უდიდესი დღესასწაულია ნათლისღებაც, როდესაც მთელი სამყაროსთვის გაცხადდა ყოვლადწმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმინდა. და, სხვათა შორის, ძალზე ნიშანდობლივია ისიც, რომ სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა - წმინდა მამები აქ ხედავენ ანალოგიას ნოეს მტრედთან, რომელიც შეწყალების მაცნე იყო. ამგვარად, სულიწმინდის გარდამოსვლა მტრედის სახით გახლდათ ნიშანი, რომ უფალმა შეიწყალა კაცობრიობა. ამ დროს უფალი იესო ქრისტე განცხადებულად, კაცებრივად იდგა წყალში. ნათლისღების დროს განიწმინდა იორდანე და ამ გზით - წყლის მთელი სტიქია, განმბანელი ჩვენი ცოდვებისა. ასე რომ, ნათლისღებაც მიტევების ხატია.
ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით ჯვარცმის ხატს. ჯვარცმა უდიდესი ტრაგედიაა, მაგრამ ამასთანავე უდიდესი სიხარული, რადგან უფალი აღესრულა, რათა მკვდრეთით აღვედგინეთ; ჩავიდა ჯოჯოხეთში, რათა ჩვენ ავეყვანეთ ზეცად. სხვათა შორის, აქვე ისიც შეიძლება ითქვას, რომ ჯვარცმის გამოსახვის მართლმადიდებლური ტრადიცია პრინციპულად განსხვავდება კათოლიკურისგან - მართლმადიდებლურ გამოსახულებაში უფლის ჯვარცმასთან ერთად ენობრივად მის მომავალ აღდგომაზეც არის მინიშნება, კათოლიკეები კი გვიჩვენებენ უზომოდ ნაწამებ კაცს და იკარგება მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის სახე. მელ გიბსონის ფილმი "უფლის ვნებანიც" იმით არის სულისშემძვრელი, რომ იქ ნაჩვენებია კაცებრივი წამება და არ ჩანს აღდგომა, ამ წამების გზით მოპოვებული თავისუფლება და განღმრთობა.
დაბოლოს, სულიწმინდის მოფენის ხატი, დაგვირგვინება სამყაროს გამოხსნისა. ის, რაც გაცხადდა იორდანეში ნათლისღების დროს, განსრულდა სულიწმინდის მოფენით. აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოსული სულიწმინდა აღთქმაა იმისა, რომ ჩვენ ყველანი მისი მეოხებით ვიღებთ სასუფევლის მადლს.
- ზემოთ ხატწერის ენა ახსენეთ. რას ნიშნავს ეს? საზოგადოდ, როგორია ხატწერის კანონიკა?
- ქრისტიანული მწერლობა საოცრად მდიდარია. მის წიაღში უამრავი მიმდინარეობა წარმოიშვა: კომენტარები, განმარტებები, ქადაგებები, - მაგრამ არსად არის მითითებული, როგორ უნდა დაიწეროს ხატი. ამ თვალსაზრისით ხატწერა თავისუფალია. ერთადერთი, რასაც წმინდა მამები მიუთითებენ, არის ის, რომ ხატზე არ უნდა გამოისახოს ხრწნადი და ამაო. ხატწერა ასახავს უხილავსა და მარადიულს. ხატმწერი ღრუბელს არ დახატავს, თუ ეს არ არის ის ნათლის ღრუბელი, რომელიც უფალს ახვევია გარს. არც პეიზაჟს დახატავს შემთხვევით. მაგალითად, გამოსახავს არა უბრალოდ ფოთოლს, არამედ ფოთოლს იმ მუხისა, რომელიც ადიდებს ზეცის დასაყრდენ სვეტს, ეს კი სრულიად სხვა რამ გახლავთ.
ხატწერა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში კაცებრივი სხეული გადმოცემულია არა ხრწნილებით - სიბერით, ნაოჭებით, არამედ საღვთო მადლით გაწმენდილი და ანთებული, როგორადაც მართალნი შევლენ სასუფეველში. აქედან გამომდინარე, ხატწერის ენა ამაღლებულია. მისი ხაზები თითქოს ზეციდან იწყება, დაფაზე ხილულ კვალს ტოვებს და ისევ უსასრულობისკენ მიემართება.
ქრისტიანული დამოკიდებულება სხეულის მიმართ სწორედ რომ მის სრულყოფილებას უსვამს ხაზს, მაგრამ არა ხორციელი ვნების აღმძვრელ მშვენიერებას, არამედ სხეულს როგორც ღვთისგან შექმნილ უპატიოსნეს ჭურჭელს, სულის ინსტრუმენტს. ხატწერაში ის ნაჩვენებია თავდაპირველი, შესაქმისეული სიწმინდით. მეტსაც გეტყვით: რა დაუჯერებელიც უნდა მოგეჩვენოთ, XI-XII საუკუნეებში - კლასიკური მართლმადიდებლური ხელოვნების ხანაში - ქრისტიანობამ იდეალური სხეულის ანტიკური მოდელი გამოიყენა. ეს არ იყო ანტიკური ხელოვნების მექანიკური გავლენა; პირიქით - სწორედ ქრისტიანობამ შესძინა იდეალურ პროპორციას ნამდვილი შინაარსი. მან გვითხრა, რომ ეს იდეალური სხეული უფალმა შექმნა იდეალური სულის ჭურჭლად და ინსტრუმენტად.
- როგორ გამოხატავს ტაძარი, ლიტურგიული სივრცე მიტევებას?
- ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, სად დავიბადეთ, რომელ სივრცეში. ჩვენ მართლმადიდებლობის წიაღში მოვევლინეთ ქვეყნიერებას, მართლმადიდებლურ ტრადიციებსა და კულტურაზე ვდგავართ და ხანდახან ვემსგავსებით უზრუნველ ბავშვებს, რომლებიც მდიდარ ოჯახში დაიბადნენ და პურის ლუკმის ფასი არ იციან. ურიგო არ იქნებოდა, ცოტა უფრო მეტად გაგვეხილა თვალი და ის უდიდესი მადლი დაგვენახა, ქრისტიანული ტაძარი და ამ ტაძრის სივრცეში მიმდინარე ლიტურგია რომ იტევს. ქრისტეს განკაცებამდე არსებულ ყველა საკულტო ნაგებობაში, ბერძნულ, ეგვიპტურ, შუამდინარულ ტაძრებში, თვით სოლომონის ტაძარშიც კი, რომელიც ღვთის ნებით აიგო, წმიდათაწმიდა - ტაძრის საკრალური ნაწილი - მკაცრად იყო განმხოლოებული. იქ წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა უმაღლესი მღვდელმთავარი, დანარჩენ დროს მას კრეტსაბმელი ფარავდა. ჩვენ კი ახლა მიტევებულ სივრცეში ვდგავართ, რადგან უფალმა სასუფევლის კარი გაგვიღო, რის ნიშნადაც ჯვარცმის დღეს განიპო კრეტსაბმელი, რომელიც წმიდათაწმიდას ტაძრის დანარჩენი სივრცისგან გამოყოფდა.
- კიდევ როგორ აისახება ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში მიტევების თემა?
- ქრისტიანული ტაძრის გული, მისი უმთავრესი სივრცე, საკურთხეველია. ის სასუფეველს გამოსახავს, სადაც ხდება უფლის მსხვერპლშეწირვა და საიდანაც შემდეგ გამობრძანდება ბარძიმი, რათა ვეზიაროთ და განვიღმრთოთ. მაგრამ მხოლოდ ამ განზომილებით როდია ქრისტიანული ტაძარი მიტევების გამოხატულება; კიდევ ერთხელ გადავხედოთ წარმართულ საკულტო ნაგებობებს. რომელმა მათგანმა იცის გუმბათი? არც ერთმა, გარდა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრისა, მაგრამ იქ მას სხვა დატვირთვა აქვს. ქრისტიანული ტაძრის თავზე აღმართული გუმბათიც გარკვეული აზრით მიტევების გამომხატველია - გუმბათი ზეცის სიმბოლოა, ხოლო ის, რომ მისი სივრცე ტაძრის ძირითად ნაწილს უერთდება, სიმბოლურად ცისა და მიწის გაერთიანებაზე მიანიშნებს. სიმბოლურია ისიც, რომ ცისა და მიწის შეერთების ადგილას ქრისტიანულ ტაძარში ჯვარია. "ჯვარმა მიწისანი ზეცისათა შეგვაერთა". ამდენად, თვით ქრისტიანული ტაძრის სემანტიკურ-კომპოზიციური ფორმულაც ხატია მიტევებისა.
- მართლმადიდებლურ ხატწერას დავუბრუნდეთ. რითია ის განსაკუთრებული და რით განსხვავდება კათოლიკური ხატწერისგან?
- კათოლიკური ხელოვნება ადამიანის გონებას ხშირად უფრო მიწიერი განზომილებისკენ მიმართავს. მაგალითად, მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ ქრისტე კაც იქმნა, რათა კაცი განღმრთობილიყო; მოკვდა იმისთვის, რომ მკვდრეთით აღვედგინეთ; მიწაზე მოვიდა, რათა ზეცად ავეყვანეთ, კათოლიკურ მსოფლშეგრძნებასა და ხელოვნებაში კი ეს ასე ითქმის: ქრისტე კაცია, ქრისტე მოვიდა, ქრისტე მოკვდა... ხოლო ის, რომ მოვიდა, რათა ზეცად ავეყვანეთ, მოკვდა, რათა აღვედგინეთ, - ესე იგი, მთავარი, - იკარგება. ნიშანდობლივია ისიც, რომ კათოლიკურ სივრცეში ქრისტეს შობას - ამქვეყნად მოსვლას - უფრო მეტად ზეიმობენ, ვიდრე მკვდრეთით აღდგომას. რა თვისობრივ განსხვავებას გვაძლევს ეს მართლმადიდებლური მხატვრობის ენასა და კათოლიკური მხატვრობის ენას შორის? - ძალიან მრავალმხრივსა და მრავალშროვანს. ავიღოთ, მაგალითად, ასაკი. წმინდა ნიკოლოზი ჭაღარით გამოისახება, მაგრამ შეხედეთ წმინდა ნიკოლოზის ხატებს. განა იქ დაუძლურებულ მოხუცს ვხედავთ?! უფრო მეტიც - ქრისტიანული ხატწერა ლოყებზე ხშირად იყენებს ღვიას, წმინდა ნიკოლოზი ჭაღარითა და წითელი ლოყებით არის გამოსახული. პირადად მე ამაზე დიდხანს ვიფიქრე და... აი, რას ამბობს ფსალმუნი: "განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი". ქრისტიანობა განღმრთობასა და განჭაბუკებას ნიშნავს, ამიტომ სიბერე ხატებზე უფრო ბიოგრაფიული ელემენტია. ამით ხატმწერი გვიჩვენებს, რომ წმინდა ნიკოლოზი არის ისტორიული პირი, რომელმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლა, მაგრამ გვიჩვენებს არა მის ფიზიკურ სიბერესა და უძლურებას, არამედ განღმრთობას. წმინდანნი სიცოცხლეშივე განიღმრთობიან, უხრწნელებას, უბერებლობასა და სინათლეს აღწევენ, ისინი სიცოცხლეშივე იქცევიან ცოცხალ ხატებად. "ვითარცა ხატნი უხორცონი ხორცითა გამოხატულნი", - ნათქვამია ჰიმნოგრაფიაში. ამდენად, სიბერის ეს ელემენტი მის ბიოგრაფიაზე მიმანიშნებელი ელემენტია და არა ფიზიკურ განზომილებაში ცხოვრების ამსახველი დომინანტი. წმინდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელი გამოისახება მხრებში მოხრილი, ნიშნად იმისა, რომ მან დიდხანს იცოცხლა, რამდენიმე საუკუნე ელოდა უფლის მოსვლას, მაგრამ ხატწერა მას უდიდესი ენერგიით აღსავსეს გვიჩვენებს.
- რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ხატების შემკობას ძვირფასი ქვებითა და ლითონებით?
- ჩვენ ხატებს ოქროსფერ ფონზე გამოვსახავთ, მაგრამ არა მხოლოდ სილამაზისთვის; ეს არის მოწმობა, იგივე მარტვილია. მარტვილი არის ის, ვინც უფლის ერთგულებას წამებით ამოწმებს, ოქრო კი (მოგეხსენებათ, ის უჟანგავი ლითონია) ამოწმებს, რომ არსებობს უხრწნელი სივრცე - სასუფეველი. ოქრო არის ხატი უქრობი, დაუვალი სინათლისა.
ხატებზე ანგელოზთა ფრთები, წმინდანთა შარავანდედი ხშირად მარგალიტით ან მარგალიტისებრი წერტილებით არის შემკული. რატომ მარგალიტით? ეს ტრადიცია სათავეს იღებს სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ კაცი გონიერი გაყიდის ყველაფერს და იყიდის ერთ მარგალიტს "მრავალსასყიდლისას". მარგალიტი "მრავალსასყიდლისაი" კი სხვა არაფერია, თუ არა თვითონ უფალი იესო ქრისტე. ძალზე საინტერესოა თვით ამ ქვის სახისმეტყველება: მარგალიტი თეთრია, თუმცა მასზე სპექტრის ყველა ფერი გადადის. რა კავშირი აქვს ამას ქრისტიანობასთან? - როგორც მაცხოვარმა ერთ სხეულად შეაერთა ცა და მიწა, ღმერთი და კაცი, უკვდავება და მოკვდავი, ასევე აერთებს მარგალიტი ფიზიკურად სითეთრეს - სასუფევლისეული ნათლის ხატს - და წუთისოფლის მრავალფეროვნებას.
არის ასეთი საღებავი - სინგური, რომელსაც შესწევს საოცარი უნარი, მზის სინათლე თვისობრივად შეცვალოს და აქციოს მეტაფიზიკურ სინათლედ - წითელ, მოუხელთებელ შუქად. ხატწერის სიმბოლიკით, ეს მოწმობაა იმ უნივთო ცეცხლისა, რომელიც ღვთის დიდი წყალობით ყოველ წელიწადს ინთება იერუსალიმში.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი