საქართველოს მუზეუმებში დაცული მინანქრის უნატიფესი ნიმუშები მნახველს აოცებენ - მართლაც განსაცვიფრებელია, იმ დროს ასეთი უნიკალური ტექნოლოგია რომ არსებობდა.
"როდესაც მუზეუმში ვათვალიერებდი მინანქრის ხატებს, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მეც შევძლებდი ყოველივე ამის შექმნას", - მოკრძალებით გვიმხელს ქალბატონი ლია დარახველიძე. მაგრამ უფლისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია და ერთ მშვენიერ დღესაც ქალბატონმა ლიამ, გულმიცემულმა რწმენით, რომ "რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგდე ღვთის ხმას" (წმინდა ნიკოლოზ სერბი), მინანქრის დამუშავება დაიწყო. მან ძალიან მალე აითვისა მრავალსაუკუნოვანი საიდუმლო, რომელსაც საკუთარი ნატიფი ხედვა და ფერთა შერჩევის დახვეწილი ალღოც შეაგება და... შეიქმნა მინანქრის მშვენიერი სამყარო, რომელიც მნახველს პირველყოფილი სიწმინდის, სიმშვიდის, დუმილისა და მოწიწების განცდით ავსებს.
- ორიოდე სიტყვით გვიამბეთ მინანქრის ისტორია...
- საქართველოში მინანქრის წარმოების კულტურა VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ამ პერიოდის მანძილზე იხვეწებოდა და ვითარდებოდა მისი დამზადების ტექნოლოგია. ეს კულტურა ბიზანტიიდან შემოვიდა, მაგრამ ჩვენთან განვითარების საკუთარი გზა პოვა, ქართული სულით აივსო. ქართულმა ფერთა სისადავემ და ტიხრების წყობამ შეცვალა ბიზანტიური ხედვა. ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოც მოგეჩვენოთ, მაგრამ თურმე ქართველები ხატის შექმნის დროს წარბის ტიხარს ზევიდან ქვევით კრავდნენ, ბიზანტიელები კი პირიქით, ქვევიდან ზევით. ეს მეცნიერ-მკვლევართათვის ნამუშევრის ამოსაცნობი ერთ-ერთი მთავარი დეტალია.
საზოგადოდ, მინანქარი არა სამკაულებისთვის, არამედ ხატებისთვის შეიქმნა. ქრისტიანული სამყარო ღვთის სიყვარულის მოსაპოვებლად მუდამ მზად არის, პატივისცემა, მორჩილება და სიყვარული საქმით გამოხატოს და ერთ-ერთი ამ საქმეთაგანია ხატწერა - ხეზე, ტილოზე, ქვაზე... ამჯერად კი ძვირფასი ქვით მოისურვეს ხატის შექმნა და შექმნეს კიდეც მინანქარი - გამჭვირვალე, მეტყველი, თავად ქრისტიანობასავით სიყვარულითა და სითბოთი სავსე ხელოვნება.
- როდის აღდგა საქართველოში მინანქრის კულტურა?
- საქართველოში ეს კულტურა ოთხმოციან წლებში აღადგინა ბატონმა ერმილე მაღრაძემ, რომელმაც მინანქარზე მუშაობისთვის და ძველი მეთოდით ფერების გამოსაყვანად მთელი ლაბორატორია შექმნა, მაგრამ დღეს მას, სამწუხაროდ, არავინ ახსენებს. მე მან რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომცა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ. რაც შეეხება იმ ნიჭიერ მემინანქრეებს, რომლებიც ფრანგული ან გერმანული ფერებით მუშაობენ, მათ მინანქარი პოლონელი ოსტატებისგან შეისწავლეს.
- მხოლოდ ხატებზე მუშაობთ თუ სამკაულებსაც ქმნით?
- თავიდან ვერიდებოდი ხატების შექმნას, მინდოდა, ჯერ ხელი გამეწაფა, ამიტომ სამკაულებზე ვმუშაობდი. ამჟამად ხატებზე ვმუშაობ, მაგრამ თუ შემკვეთს სამკაული სურს, ვაკეთებ.
- როგორი გრძნობა გეუფლებათ, როცა ხატს ქმნით?
- როდესაც ხატზე ვიწყებ მუშაობას, შეწევნას იმ წმინდანს ვევედრები, რომლის ხატსაც ვქმნი. შემდეგ შიში და მოკრძალება მიპყრობს. და ყოველი ტიხრის დადებისას შემწეობას ვითხოვ და ვგრძნობ კიდეც - ყოფილა შემთხვევა, მრუდედ დადებული ტიხარი თავად გასწორებულა და თავისი ადგილი უპოვია. როცა ხატი ცოცხლდება, ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს. ამ სიხარულს მარტო მე კი არა, ჩემი ოჯახის წევრებიც განიცდიან.
- რა პრინციპით არჩევთ ფერებს, მათ ხომ სიმბოლური დატვირთვაც აქვს?
- ხატის შექმნისას ხატწერის კანონიკის დაცვა აუცილებელია, რადგან ყოველ ფერს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. საოცარია - უნებურად ფერთა სწორედ ის გამა მიზიდავს, რაც ქართული ფერწერისა და ხატწერისთვის არის დამახასიათებელი და ძალიან მიხარია, რომ გენეტიკურად ამ კულტურის მატარებელი ვარ.
- შეიცვალა თუ არა მინანქრის დამუშავების ტექნოლოგია და გაქვთ თუ არა კავშირი ფესვებთან?
- დღეს მინანქარზე მუშაობის ტექნიკა აბსოლუტურად შეცვლილი და გამარტივებულია. ქიმიურად დამზადებული ფხვნილებით ვსარგებლობთ. უწინ კი მასალას ნიადაგში, ქანებისა და ძვირფასი ქვების სახით მოიპოვებდნენ. შეიცვალა გაპრიალების მეთოდიც: ადრე თუ ძვირფასი ქვების გამოყენებით, ხელით აპრიალებდნენ, დღეს ეს ძრავის მეშვეობით რამდენიმე წუთში კეთდება. ძველი მეთოდებით მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ ძველი ქართული მეთოდით დამზადებულ საღებავებს ნამდვილად შევიძენდი. იმედი მქონდა, ბატონი ერმილეს მიერ დამზადებული ფერები გაიყიდებოდა, მაგრამ ბაზარზე ისინი ჯერჯერობით რატომღაც არ ჩანს.
- თქვენ სასულიერო აკადემიაში სწავლობდით. გეხმარებათ თუ არა სასულიერო განათლება ხატებზე მუშაობისას?
- რა თქმა უნდა, სასულიერო აკადემიაში გატარებულმა წლებმა ბევრი რამ შემძინა. უპირველესად, მივიღე სასულიერო განათლება, შევისწავლე ქრისტიანული ხელოვნების ისტორია და, რაც მთავარია, სასულიერო აკადემია დამეხმარა მართლმადიდებლობის წიაღის შეცნობაში.
- გამოფენებს თუ მართავთ?
- პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, ისე კი რამდენიმეში მიმიღია მონაწილეობა. იმედია, ახლო მომავალში მექნება საშუალება, ფართო საზოგადოებას გავაცნო ჩემი ნამუშევრები.
- თქვენ სამი შესანიშნავი ბავშვის დედა ხართ. რომელიმე თუ დაინტერესდა მინანქარზე მუშაობით?
- ინტერესი სამივეს აქვს, მაგრამ რაღაცის შექმნას მხოლოდ უმცროსი ვაჟი, იოანე, ცდილობს და გამოსდის კიდეც. ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავს, რომ ჩემი შვილები ხელოვნებას აღიქვამენ, აფასებენ და პატივისცემით ეპყრობიან ჩემს შრომას.
- დაბოლოს, რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველს?
- იმაზე მეტს - ვერაფერს, რაც იოანე ღვთისმეტყველმა უსურვა ადამიანებს: გიყვარდეთ ერთმანეთი!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი