"ვეფხისტყაოსანში" თავმოყრილი და განფენილია იმდროინდელი ეპოქის ძირითადი ინტელექტუალური მონაპოვარი, ნასაზრდოები და გაჟღენთილი ქრისტიანული მსოფლმხედველობით.
შოთა რუსთველის ქრისტიანული მსოფლმხედველობის წარმოსაჩენად ერთი უმთავრეს საკითხთაგანია განგების კონცეფცია, რომელიც რამდენიმე რუსთველოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. ამ თემაზე გვესაუბრება ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის სრული პროფესორი ლიტერატურის მიმართულებაში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნესტან სულავა.
- როგორ ვლინდება "ვეფხისტყაოსანში" განგება, როგორია განგების რუსთველური კონცეფცია?
- "ვეფხისტყაოსანში" ღმერთი და განგება თავიანთი არსით სხვადასხვანი არიან. ღმერთი უზენაესი არსებაა, რომლის წინასწარზრახვაა განგება. "ვეფხისტყაოსანში" ღმერთის სახელად განგება არ არის მოხმობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ღმერთი განაგებს ყველაფერს - სამყაროს, არსს, განგება კი ღვთის ნება - წინასწარგანზრახვაა, რომლის ზოგადი არსი ცნობილია ადამიანისათვის, მაგრამ მისი კონკრეტული გამოვლინება საქმის აღსრულებამდე მისთვის უცნობი რჩება. განგება არის ღმერთის ზრუნვა, შემწეობა, მფარველობა ადამიანზე. ცხადია, ღმერთისა და განგების აღრევა არ შეიძლება.
განგების რუსთველური კონცეფცია საღვთისმეტყველო ლიტერატურას ემყარება, რაც კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოებს შოთა რუსთველის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. განგების რწმენა პოემის გმირებისათვის მოქმედებისა და მომავალი გამარჯვების სათავეა, მათ ქმედებას, ბრძოლას ღვთის განგების სასოება წარმართავს. განგების აღსრულებას ყოველთვის წინ უძღვის გმირის თხოვნა ღმერთისადმი, გმირის ლოცვა კეთილი საქმის აღსასრულებლად. შემთხვევითი არ არის, რომ ავთანდილი ანდერძში სწორედ განგების მოიმედეა, ვინაიდან სჯერა:
"არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა...
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა".
განგება, წინასწარხილვა, გონებით წინაგანჭვრეტა არის ღვთის ნების შეხამება ადამიანურ თავისუფლებასთან, იგი ყოველი არსის თავისუფალ ქმედებათა წინასწარხილვაა. ეს არის ნება, რომელიც ადამიანის სულის ხსნას ორიენტირებს, რომელსაც შეუძლია ადამიანს სასარგებლო საქმე აკეთებინოს, ვინაიდან იგი სიკეთითაა გასხივოსნებული. თუ ადამიანს მისი შეცნობა შეუძლია, ცთუნებას აერიდება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი თავისი განგებითი მოქმედებით ადამიანთა თავისუფლებას კიდეც ზღუდავს და კიდეც აფართოებს. ღმერთი მოქმედებს თავისუფალი ნების გამოსახატავად, თავისუფალი არჩევანის აღსასრულებლად, იგი მოქმედებს ადამიანისათვის თავისივე ბოძებული თავისუფლების შესაბამისად, თავის ქმედებებს უქვემდებარებს თავისი შექმნილი არსებების ქმედებებს, რათა თავისი წინასწარგანზრახულება და თავისუფალი ნება აღასრულოს, დაცემული სამყარო ისე წარმართოს, რომ მათ არ დაურღვიოს მათთვის მინიჭებული თავისუფლება. ღმერთმა კი არ დათრგუნა ადამიანში თავისუფალი ნება და არჩევანი, არამედ მიანიჭა იგი. გრიგოლ ნოსელის თვალსაზრისით, ადამიანის განსაცდელში ჩავარდნის მიზეზი პიროვნების არჩევანი, ბოროტი არჩევანია. ღვთის განგებას ადამიანის დასაზღვრულ-შემოფარგლული გონება ვერ ჩასწვდება, იგი ღვთაებრივი საიდუმლოა, დაფარულია. ადამიანისთვის ღმერთი "უცნაური და უთქმელია", "ძალი უხილავია", რომელიც ყოველივეს ჭვრეტს. განგება ისევე შეუცნობელია, როგორც თვით ღმერთი, მხოლოდ დასახული საქმის აღსრულებით სწვდება ადამიანის გონება ღვთის ნებას. ამიტომ ადამიანისთვის ღმერთი საცნაური გახდა ძე ღმერთის, იესო ქრისტეს, ლოგოსის განსხეულებით. განკაცებამდე იგი იყო სიტყვა (იოანე 1,1-2). განგებით, ღვთის წინასწარგანზრახულებით, ღვთის ნებით უნდა მოვლენოდა კაცობრიობას მხსნელი, მესია ცოდვათა განსაწმენდად, რაც არაერთგზის არის ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში. ღვთის ნება აღსრულდა, განგება გამჟღავნდა, როდესაც ღმერთი განკაცდა, აქედან მიეცა დასაბამი განგების აღსრულებას, ღმერთის კეთილი ნების, ადამიანებზე მზრუნველობის გამოხატვას. განგებაა ის, რაც საღვთო წერილში სულიწმინდის მეშვეობით დაიწერა, განგებით მოხდა ყოველივე ის, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებით განხორციელდა, განგებით ეცვა ჯვარს იესო ქრისტე, რაც ევანგელურ თხრობებში არაერთგზისაა მითითებული. მართალია, განგება დაფარულია, აქედან გამომდინარე, მისტიკურია, მაგრამ "არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადნეს" (მათე 10,26), რაც მის აღსრულებადობას მიანიშნებს.
"ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, განგების აღსრულებისათვის აუცილებელია ცდა, აქტიური ქმედება; განგება და ადამიანის ქმედება თანხმიერია, ადამიანის ქმედებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იგი ღვთის წინასწარგანზრახულებით, ნებით ხდება. "ვეფხისტყაოსანში" განგების აღსასრულებლად აუცილებელია წინააღმდეგობათა დაძლევა, გასაჭირის ატანა, ვინაიდან ღმერთი არის "ზოგჯერ მომცემი პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათა". ავთანდილის ეს სიტყვები იმ პატიჟთ, იმ ვნებებს გულისხმობს, რომლებიც ღვთის ნების წინააღმდეგ ქცევით ევლინება ადამიანს. ღმერთი თავის დამოკიდებულებას ადამიანისადმი განგების აღუსრულებლობისას დაბრკოლებით ამჟღავნებს, ე.ი. პატიჟი მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც ადამიანის ქმედება სცილდება განგებას, ღვთის ნებას. ადამიანი თავად იახლოვებს ვნებას, პატიჟს, რომლის გადასალახავად საჭიროა "გამორჩევა და თათბირი".
"ვეფხისტყაოსნის" გმირები რჩეული საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები არიან, რომლებიც პიროვნული სრულყოფილების მისაღწევად, სულიერი ამაღლებისათვის, დაკარგული ჰარმონიის აღსადგენად იბრძვიან. ისინი ზრუნავენ ადამიანის არსებობის იდეალის განხორციელებისათვის.
- რა წარმართავს პოემის მთავარი გმირების ქმედებას?
- რა თქმა უნდა, ღვთის განგება. იმთავითვე განსაზღვრულია, რომ მათ ამქვეყნიური ცხოვრება, წუთისოფელი ტრაგიკულად არ უნდა განვლონ და დაასრულონ, ვინაიდან მათ ცხოვრებისეულ გზას, ამქვეყნიურ გზას თავად ღმერთი განაგებს და წარმართავს, საკუთრივ ადამიანის მცდელობასთან ერთად. ისინი სოფელს მინდობილნი არ არიან, ღმერთმა სოფელი ადამიანისათვის მინიჭებული თავისუფალი ნებისა და არჩევანის შესაბამისად ზესთასოფლის მიმსგავსებით შექმნა. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნას სიკეთე უდევს საფუძვლად. ამიტომ ღმერთი განგებით მხოლოდ სიკეთის დასამკვიდრებლად და სულიერი სრულყოფილების მოსაპოვებლად მიმართავს ადამიანის მოქმედებას. ადამიანმა განგებით უნდა მიაგნოს ადამიანის არსებობის აზრს, რაც ზეცისაკენ სწრაფვით რეალიზდება.
"ვეფხისტყაოსანში" ადამიანის, ვითარცა სუბიექტის, ვითარცა პიროვნების ქმედება პირდაპირ კავშირშია ღვთის განგებასთან, ისინი ერთიანია, რაც ამკვიდრებს ჰარმონიას.
რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე გვასწავლის, რომ ყველაფერი ხდება ღვთის განგებით, ვინაიდან "არავინ ჩუენგანი თავით თვისით ცოცხალ არს, და არავინ თავით თვისით მოკუდების" (რომ. 14,7). ყოველივე ის, რის გადატანაც უწევთ ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ავთანდილსა და თინათინს, ღვთისაგან განგებულია. ღმერთი მუდმივ კავშირშია ადამიანთან, იგი მისი ქმედების წარმმართველი და წინამძღოლია, მისი მომავლის წინაგანმგებელია. ღმერთი განგებას სულიწმინდის მეშვეობით ახორციელებს, იგი ადამიანის სულის მღვიძარების დასტურია (რომ. 8,6-9). განგება ადამიანის სულის მხსნელია, თუ იგი გამოიცნობს მას. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას, სრულად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები. განგებას უკავშირდება ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სიკეთისა და ბოროტების არსობა-უარსობისა. "ვეფხისტყაოსანში" არაერთგზის ვლინდება სიკეთის ღმერთისაგან მომდინარეობა და ბოროტის უარსობა, რომლის გათვალისწინებით, კეთილის შემოქმედი, მოწყალე ღმერთი განგებით, მზრუნველობით ექცევა ადამიანს, იგი "ყოველთათვის ტკბილად მხედია" და მისი განგებაც, წინასწარგანზრახულებაც კეთილია. სწორედ ღვთის განგება განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას სიკეთის განსახორციელებლად. როდესაც ბოროტება იჩენს თავს, იქ განგებით სიკეთეა შესუსტებული ადამიანის ბუნების გამოსაცდელად. "ვეფხისტყაოსნის" გმირებმა უნდა გაუძლონ გამოცდას და სულიერად ამაღლებულნი, განწმენდილნი წარდგნენ ღვთის წინაშე.
"ვეფხისტყაოსნის" გმირთა მომავალს განსაზღვრავს მათი ზნეობა და ფსიქოლოგიური თავისებურება. თუ იგი "გული გონიერით" შეიგრძნობს საკუთარ თავში, რომ ღმერთმა მასში თავისი ნება, წინასწარგანზრახულება განახორციელა სულიწმინდის მეშვეობით, თუ იგი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გრძნობადით, ინტელექტუალურითა და ნებელობითით, ე.ი. სულიერი ცხოვრებით უერთდება ღმერთს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ნება აღსრულდა. განგების რწმენა მათში ინტელექტუალურ სფეროში მარადიული ცხოვრებისაკენ სწრაფვას, ზესთასამყაროს სულიერებასთან შეხების გრძნობას აღვიძებს და ასაზრდოებს; გრძნობად სფეროში ღმერთისადმი, უზენაესისადმი ამაღლებული სიყვარულის შეგრძნებას უმკვიდრებს; ნებელობით ანუ პრონოეტულ სფეროში ღვთის წინასწარგანზრახულებისადმი, ნებისადმი შეგუების, მისი გამოცნობის ღრმა წადილსა და მისადმი სრულ ერთგულებას უნერგავს. ყოველივე ამას, ცხადია, ქრისტიანული მსოფლმხედველობა უდევს საფუძვლად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი