"ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს"
"ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს"
ილია მართალი წერდა: "პოეზია უცნაური მადლია და პოეტი ამ მადლით მოსილი კაცია. პოეზია ღმრთეებრივი ღონეა, გულის სიღრმიდან ადამიანის გრძნობათა მარგალიტების ამომტანელი , მხატვარია ცხოველმყოფელი და ხორცთშემსხმელი უსხეულო აზრისა, ფიქრისა, გრძნობისა, ერთი სიტყვით, ადამიანის და მსოფლიოს სულის მოძრაობისა"...

დიდია პოეზიის ძალა.

"პოეზია რაღაც უცნაური სუბსტანციაა, შეუვალი ნივთიერებაა, რომელიც არავითარ ალქიმიურ ჩარევას არ ექვემდებარება. მეექვსე გრძნობა უნდა გქონდეს მომადლებული, თუ არადა, ვერაფერს გახდები, როგორც არ უნდა დაანაწევრო ლექსი, მისი ზემოქმედების საიდუმლოს ვერ მიაგნებ... პოეტობა ქვეყნიერების ხედვის სავსებით თავისებური ნიჭია. ეს ნიჭი ღრმა პიროვნებისეულ პლასტებს ამჟღავნებს. ამ ნიჭის მქონე ადამიანი შეიძლება წერდეს ან არ წერდეს ლექსებს, მაგრამ არ შეიძლება თავისებურად არ ხედავდეს სამყაროს და გარკვეულწილად თვითონაც არ იყოს თავისებური", - ასე განმარტავს პოეზიის არსს მწერალი ანდრო ბუაჩიძე. ბატონ ანდროს გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული. 2005 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია "საბა".

- ნამდვილი შემოქმედება შთაგონების მეშვეობით იკრებს ძალას, რაც ემოციური სტიმულის გარეშე შეუძლებელია. ერთგან წერთ, რომ ნიკო სამადაშვილმა თავისი პიროვნების წიაღში პირველად ავარდნილ ცეცხლის ალს, პირველად ამეტყველებულ შთაგონებას "საყდრის ჩიტი" უწოდა ("შენ ჩემში უსტვენ, ვით საყდრის ჩიტი"). და მაინც, როგორ მოიხელთებს პოეტი სამყაროს ღრმა ლირიკულ შეგრძნებას, რომლის საფუძველზეც აღმოცენდებიან ლექსები?

- ნამდვილი პოეზია, ჩემი აზრით, ლირიკული პოეზიაა. ლირიკა არის წინასწარგანუჭვრეტელი რამ. არსებითად კი ლირიკოსი პოეტი დამოკიდებულია წამიერ შთაგონებაზე და არა პირიქით. ეს არის განწყობა, რომელიც პოეტს უნდა დაეუფლოს მოულოდნელად. ეს არ არის დამოკიდებული თვით პოეტის ნება-სურვილზე. ეს შთაგონება, განწყობა შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა ანდა მარტოობამ, ანდა გარკვეულმა ემოციურმა ბიძგებმა. თვითონ პოეტმა კი იმ მომენტში არ იცის, რაზე დაწერს ლექსს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს შთაგონება, გნებავთ მუზა, არის წინასწარგანუჭვრეტელი, მოულოდნელი, მოუხელთებელი რამ. როდესაც მუზა მოუკაკუნებს კარზე, ლირიკოსი პოეტი ცდილობს, ეს განწყობა მოიხელთოს, მისი ვერბალიზაცია მოახდინოს, ენობრივად დააფიქსიროს. სიტყვა და განწყობა, ჩემი აზრით, ერთად მოდის. პოეტს შეიძლება აეკვიატოს სიტყვა, ინტონაცია ან აზრი. ყოველივე ამას, მაგალითად, ალექსანდრ ბლოკი ეძახდა მუსიკას. გარე მოვლენებს იგი აღიქვამდა როგორც ტონალობებს, ინტონაციებს, ჟღერადობებს, მუსიკას არქმევდა ყოველივე ამას და წერდა ლექსებს. ასე მოდიოდა მასთან შთაგონება. სხვათა შორის, ამ შემოქმედებით პროცესზე ბევრი ლექსი დაწერილა. ტიციან ტაბიძესაც აქვს:

"მე არ ვწერ ლექსებს, ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლეც ამ ლექსს თან ახლავს,
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს".


ეს ლექსი, მე თუ მკითხავთ, თავად არის "მოვარდნილი მეწყერი". ლირიკოსი პოეტი მთელი არსებით უნდა იყოს მომლოდინე იმ წუთებისა, როდესაც მას დაეუფლება შთაგონება.

- პოეტური შედევრების წაკითხვისას აღფრთოვანებასთან ერთად ფარული სევდაც გვეუფლება იმის გამო, რომ რასაც ინტუიციურად ვგრძნობდით, სხვამ უმარტივესი სიტყვებით გამოთქვა. პოეტს აქვს რაღაც გრძნეული ნიჭი, სიტყვიერ ფენომენში გაასაგნოს, განფინოს აზრი, წარმოდგენა. რამდენად დიდი ნიჭია აზრის ნატიფად, ნათლად გამოთქმა, ნათლად აზროვნება, რთული სათქმელის მკაფიოდ გამოხატვა, "ფოკუსის გასწორება"?

- ხშირად იტყვიან ხოლმე, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავისთვის ვწერთო. ჩემი აზრით, ასეთი რამ არ არსებობს. ყოველი ნაწერი აუცილებლად გულისხმობს მეორე ადამიანსაც - გამგებს, მკითხველს, მსმენელს. სხვა შემთხვევაში საკუთარი სათქმელის გამოხატვის, აღსარების ასეთი ფორმა უაზრობა იქნებოდა. ასე რომ, ზოგადად, როდესაც პოეტი წერს ლექსს, იგი ყოველთვის გულისხმობს მკითხველს. ამიტომ ნათლად უნდა აზროვნებდეს. ხანდახან გამოხატვის ფორმა შეიძლება რთულია, მაგრამ ეს სირთულე უნდა იყოს ბუნებრივი. რთული სათქმელი რთულად ითქმება. სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებულია პოეზიის ენაც. მაგალითად, სიმბოლისტმა პოეტებმა პრიორიტეტი მიანიჭეს მუსიკას, მუსიკალურ ჟღერადობას. აქ ლაპარაკია ენის მუსიკაზე. ამიტომ მათი პოეზია აღსაქმელად უფრო რთულია და გულისხმობს მკითხველისგან პოეზიის გაგების განსაკუთრებულ უნარს. პოეტმა ნათლად უნდა წეროს, მაგრამ ყოველთვის ვერ მოვთხოვთ, იმდენად ნათელი იყოს მისი ნათქვამი, რომ ბავშვმაც გაიგოს. ზოგჯერ პოეტი ამბობს თავის რთულ ფილოსოფიურ სათქმელს. ვაჟას პოეზია ავიღოთ. ლექსში "კაი ყმა" ვაჟა ჩამოთვლის "კაი ყმისთვის" დამახასიათებელ თვისებებს. აქ ნაგულისხმევია რაღაც ისეთი ზნეობრივი იმპერატივი, რომელსაც თვითონ ადამიანი უნდა იყოს ნაზიარები. ეს ლექსი თავისი სათქმელით რთული ლექსია და მკითხველისაგან მოითხოვს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და, აქედან გამომდინარე, ვაჟას სათქმელის გაგებასაც. ჯეროვნად რომ შეაფასოს და გაიგოს ეს ლექსი, მკითხველი კარგად უნდა ერკვეოდეს ზნეობრივ ღირებულებებში, სწორი ზნეობრივი ორიენტირები ჰქონდეს. ისე კი, თავად ლექსი მაქსიმალურად ნათლად არის დაწერილი.

- ერთგან წერთ: "სიცარიელეში არაფერი იბადება, ყოველივეს აქვს თავისი თავდაპირველი დასაბამიერი წიაღი". მაინც რა იდუმალი არხებით ამყარებს პოეტი კავშირს ტრადიციასთან და რამდენად ახდენს დრო ტრადიციასთან კავშირზე ზეგავლენას?

- მწერლობისთვის ტრადიციასთან კავშირი, უპირველესად, ენის მეშვეობით ხორციელდება. ქართველი პოეტი ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ქართულ ენას - ენის მიმართ იგი უნდა იყოს განსაკუთრებულად მგრძნობიარე. პოეტი ინტუიციურად უნდა ფლობდეს ენის ისეთ შრეებს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისათვის ვერსაგრძნობი და დაფარულია. პოეტურ ნიჭიერებას სწორედ ენის დაფარული შრეების გამომზეურება ავლენს. მაგალითად, გალაკტიონის ხელში ცვილივით დნება ქართული ენა. მას შემოაქვს სრულიად ახალი, უცნაური სიტყვები და სიტყვათა შეფერილობები, რომლებიც რაღაცნაირად განსხვავებულ, თავისებურ ინტონაციებს ქმნიან. ენის ათვისებასთან ერთად მნიშვნელოვანია პოეტური კულტურაც. გარდა საკუთრივენოვანი პოეზიისა, პოეზიის გამოცდილებაში შემოდის ამავე დროს უნივერსალური, უცხოური ნაკადიც. პოეტი უნდა კითხულობდეს ლექსებს უცხოურ ენაზე, ასევე თარგმანებსაც, უნდა გრძნობდეს დროის სულს და იყოს თანამედროვე. მაგალითად, ტიციანი ამბობდა: გავმართოთ ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსითო. ამას ამბობდა იმიტომ, რომ მას სურდა ყოფილიყო თანამედროვე პოეტი, შეეგრძნო და დაენახა სამყარო სწორედ თანამედროვეობის რაკურსით. ადამიანი ისტორიული არსებაა. დრო იცვლება, ყოველ ეპოქას თავისი ნიშნები, ღირებულებები, სატკივარები აქვს. ყოველი ეპოქა განსხვავებულია და ეს განსხვავება პოეტმა რაღაცნაირად უნდა დააფიქსიროს, თანამედროვეობას არ ჩამორჩეს და თვალი გაუსწოროს. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იყო ტიციანის ეს მოწოდება. ცისფერყანწელები ეზიარნენ, ერთი მხრივ, ქართული ლექსის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და მეორე მხრივ, გახსნეს ის დახშული სივრცე, რომელიც თანამედროვეობის თვალსაზრისით არსებობდა და უცხოური პოეზიის მიღწევებსაც გაუხსნეს კარი. სწორედ ამის ხარჯზე შეძლეს, ქართული ლექსის რეფორმა მოეხდინათ, დაეხვეწათ, უფრო მოქნილი გაეხადათ იგი. სხვანაირი გახდა რითმაც, სათქმელიც, სამყაროს შეგრძნების ფორმაც... ასე რომ, პოეტმა ფილოსოფიურადაც უნდა შეხედოს სამყაროს, დაინახოს, თუ რა ძვრები ხდება მის თანამედროვე ეპოქაში, როგორ შეიცვალა ადამიანი, რა ჭირს ადამიანს, საით მიდის, რა ღირებულებებმა წამოიწიეს წინ, რა ღირებულებებმა გადაინაცვლეს უკანა პლანზე... შეიძლება ამ ყველაფერზე უშუალოდ ლექსში არ იყოს საუბარი, მაგრამ შეუძლებელია ეპოქის ნიშნები და პოეტის მსოფლმხედველობა ლირიკაში რაღაცნაირად არ იყოს უკუფენილი.

- წერთ: "თუმცა ლექსების შექმნაში უშუალოდ გონება არ მონაწილეობს, მაგრამ გონების მეშვეობით განჭვრეტილი სიღრმეები უკვე თავისებურ განცდებს აღძრავენ". რა სიღრმეებს ჭვრეტს ლირიკოსი პოეტი და ვინ არის მისი ლირიკული პერსონაჟი?

- ლირიკოსი პოეტის ლირიკული პერსონაჟი გახლავთ საკუთარი თავი. პოეტს უნდა ახასიათებდეს თვითრეფლექსია. ლირიკოსი პოეტის ნიჭიერების გამომხატველი სწორედ ეს არის - მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დანახვა, გახსენება, მოგონება იმისა, რაც გადახდენია, მეხსიერების ყველაზე შეუვალ ტალანებში ხეტიალი, სადაც შეიძლება ყველაზე უფრო შორეული ნივთის მოხელთებაც კი, მოხელთება საგნებისა, ადამიანებისა, რომლებმაც თუნდაც ერთხელ გაიელვეს და მერე სამუდამოდ დარჩნენ მეხსიერებასა და გულში; პოეტს უნდა შეეძლოს საკუთარ სულში ჩახედვა, სინდისის ქენჯნის განცდა, ლირიკული აღსარება, თუ გნებავთ და ა. შ. ლირიკული პოეზიის მთავარი გმირი არის თვითონ პოეტი და იგი ლაპარაკობს თავის თავზე. ის იჩხრიკება საკუთარ თავში, ეძებს და ამზეურებს თავის განცდებს, გრძნობებს, აზრებს. ეპიკურ ნაწარმოებში კი არიან სხვა პერსონაჟებიც და ამ შემთხვევაში მწერალი ზოგჯერ ადამიანთა სულების მჭვრეტელად გვევლინება.

- ზემოთ დრო ვახსენეთ. ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: "ჩვენ ვცხოვრობთ მაღალი სიჩქარეებისა და დაბალი მორალის ეპოქაშიო". რა კავშირი არსებობს პოეზიასა და ზნეობრიობას შორის?

- ხშირად პოეზიაში ეძებენ ზნეობრივ იმპულსებს ან მორალურ შეგონებებს, თვითონ პოეზია თავისი სახით, თავისი პირველქმნილი ნიშნით არის მაღალი ზნეობრივი იმპერატივის მქონე. ნამდვილი პოეზია თავისი ნაივურობით, განცდათა მძაფრი ინტენსივობით ყოველთვის გულისხმობს ადამიანის ზნეობრივ სიმაღლეს. რუსთაველის თქმით, პოეზია - "სიბრძნისაა ერთი დარგი". პოეტი უნდა იყოს ბრძენი. ის, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მქადაგებელი ანდა ფილოსოფოსი, მაგრამ მან თავისი მსოფლმხედველობა სიტყვიერი მუსიკის ენაზე უნდა გამოთქვას. იგი ყოველთვის უნდა შეეხოს რაღაც დრამატულს, ცხოვრების უმტკივნეულეს საკითხებს: ყოფნა-არყოფნას, ღალატს, მეგობრობას, სიყვარულს... და მხატვრულ ენაზე აამეტყველოს ისინი. შეიძლება პოეტი უშუალოდ არ ლაპარაკობდეს ზნეობრივ საკითხებზე და არც არის ეს საჭირო, იმიტომ რომ პოეზია თავისთავად გულისხმობს უკვე ზნეობრივ სიმაღლეზე ყოფნას. პოეტი თავისი ადგილსამყოფელით და დანიშნულებით თავის თავში უკვე შეიცავს ამას. ასე რომ, იმას კი არ უნდა ვთხოვდეთ პოეტს, რომ ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე ტრაქტატები წეროს, არამედ დავინახოთ, რომ მისი სამყარო სწორედ ზნეობრივი ადამიანის თვალით დანახული სამყაროა. არ შეიძლება ეს არ აღიქვას მკითხველმა, თუკი, რაღა თქმა უნდა, თვითონაც აქვს პოეზიის შეგრძნების უნარი.

- როგორ განისაზღვრება პოეტისთვის სამშობლოს ფენომენი და როგორ ენიჭება პოეტური გემოვნებით აღბეჭდილ სიტყვას ეროვნული ელფერი?

- სამშობლოს ფენომენის შესახებაც შეიძლება იგივე ითქვას. შესაძლოა პოეტი თავის ლექსში უშუალოდ არ ლაპარაკობდეს სამშობლოზე, პატრიოტული თემატიკა არ იყოს მის ლექსში წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ პოეტი და პოეზია წარმოუდგენელია ეროვნული ღირებულებების შეგრძნების გარეშე. კულტურა ყოველთვის ეროვნულია და პოეტიც თავისი ეროვნული სამყაროს შიგნით არსებობს ყოველთვის. პოეტისთვის უპირველესი არის ენა. სამყაროს ადამიანი ხომ ენის მეშვეობით ხედავს. ასე რომ, ქართველი პოეტი ქართულად ხედავს სამყაროს. გალაკტიონი ამბობს: "ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს". ქართულ კულტურაში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული: ჩუქურთმა, ენა, პოეზია... აქაც ჩანს, თუ რამდენად ქართველი პოეტია გალაკტიონი.

- ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პოეტის ნიჭიერებაზე, მის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე - ზებუნებრივ შთაგონებაზე, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ლიტერატურული საქმიანობა მხოლოდ ზეშთაგონება, ღვთისგან ნაბოძები ფუფუნება არაა. თომას ვულფი ამბობდა: "მწერალი შთაგონებას არ უნდა დაელოდოს, ვინაიდან მწერლობა ყოველდღიური ჭაპანწყვეტააო". როგორ უნდა იშრომოს პოეტმა, როგორ უნდა მოუაროს და უპატრონოს ღვთისგან ნაბოძებ ნიჭიერებას?

- ალბათ, ყველა პოეტი ფიქრობს ამაზე. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც არ უფრთხილდებიან, დაუდევრად ეპყრობიან თავიანთ ნიჭს. პოეტი ბევრს უნდა კითხულობდეს, ინტენსიურად ცხოვრობდეს, წერდეს, იღვწოდეს, შრომობდეს. ცხოვრებისეულმა წინააღმდეგობებმა იგი არ უნდა დააბრკოლოს, არ უნდა მოსწყვიტოს თავის საქმეს. პოეტმა უნდა გააცნობიეროს ამ ნიჭის მნიშვნელობა და აქედან გამომდინარე, უნდა გაუფრთხილდეს მას, არ ჩათვალოს იგი მეორეხარისხოვნად. ალბათ, გარკვეულწილად თავის თავსაც უნდა გაუფრთხილდეს პოეტი, ზედმეტად ბოჰემური არ იყოს, არ მოსწყდეს თავის განცდებს, გრძნობებს, არ დაკარგოს თავი, არ გაიფანტოს. ვფიქრობ, აქაც რაღაც კონცენტრირებაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია, პოეტი მხოლოდ შიშველ ნიჭსა და შთაგონებაზე არ იყოს დამოკიდებული. გარკვეული სახით შრომა აქაც არსებობს. აქ ხელოსნური მომენტიც არის. ენას უნდა ჩაუღრმავდეს მეტად, ბევრი იკითხოს, ცოდნა და გამოცდილება გაიფართოვოს, სხვა ხელოვნებებსაც ეზიაროს და ა.შ. ძალიან ბევრი პოეტისთვის შთაგონების წყარო იყო მუსიკა. იყვნენ პოეტები, რომლებიც ამავე დროს გატაცებულნი იყვნენ ფერწერით, ქანდაკებით. პოეტი კარგად უნდა იცნობდეს ბიბლიას, მითოლოგიას. ეს ცოდნა რაღაცნაირად მასში უნდა გადაიხარშოს და მისი არსების ნაწილად იქცეს. პოეტი უნდა იყოს სიახლის მომტანი. მან ისეთი რამე უნდა დაინახოს სამყაროში, რაც მანამდე სხვას არ დაუნახავს და შემდეგ ამ თავის ხედვას აზიაროს მკითხველი, უფრო მძაფრად განაცდევინოს საკუთარი არსებობა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat