მოთელილი მატყლის ნაწარმს - ნაბადს, ქეჩას და თექას ოდითგან მრავალმხრივი გამოყენება ჰქონდა და აქვს საქართველოში, გობელენის დამზადება კი მოგვიანებით დაიწყეს.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ ამ საქმის მცოდნე და მასწავლებელი სილვა წერეთელი. ქალბატონი სილვა სპეციალობით ფერმწერია. იგი სრულყოფილად არის დაუფლებული თექის, ფარდაგისა და გობელენის ხელოვნებას და უკვე 28 წელიწადია ასწავლის თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მეორად ფაკულტეტზე (სადაც ციური გიგაურთან ერთად დააარსა გობელენის სახელოსნო), თბილისის სასულიერო აკადემიაში ამ საქმეს.
- ქალბატონო სილვა, როგორ დაინტერესდით გობელენით?
- ჩემი აზრით, გობელენი არის მხატვრული აზროვნება ფერებში, რომლის გამომსახველობითი საშუალება, ფერწერისგან განსხვავებით, ზეთის საღებავების ნაცვლად, ფერადი ძაფებია. ესთეტიკური მომენტის გარდა ცნობისმოყვარეობამაც გარკვეული როლი ითამაშა - როგორ შეიქმნებოდა ფუნჯისა და საღებავის გარეშე მდიდარი ფერადოვანი პალიტრით არაჩვეულებრივი კომპოზიციები. მერე უკვე დავეუფლე ტექნიკურ საქმიანობას - თელვას, ძაფის ღებვას, ქსელის გაბმას და ა.შ.
- როდის ჩაისახა გობელენის ხელოვნება ისტორიულად და რა მიზნით გამოიყენებოდა იგი?
- გობელენის ხელოვნება ჩაისახა აღორძინების პერიოდის საფრანგეთში. არისტოკრატები თავიანთი მდიდარი აპარტამენტების კედლებს სხვადასხვა სიუჟეტური კომპოზიციებით ამკობდნენ.
- როდიდან არსებობს ჩვენში თექა და ფარდაგი?
- თექა და ფარდაგი არსებობს იმ დროიდან, რაც ადამიანმა ქსოვა ისწავლა. იქიდანვე იღებს დასაბამს ქსოვილის მხატვრული დამუშავების ტრადიციაც, რომელსაც, წმინდა უტილიტარულთან ერთად, ესთეტიკური ღირებულებაც გააჩნია. ფარდაგი და თექა იხმარებოდა ტახტზე გადასაფარებლად, იატაკზე დასაგებად, კედელზე გასაკრავად. შესამოსლად გამოიყენებოდა: ნაბადი, ქუდები (სვანური, კახური), ჯუბები და ა.შ. მაგალითად, გარდა იმისა, რომ ნაბადი მწყემსს სიცივისგან იცავდა, იგი წყალგაუმტარი კარვის ფუნქციასაც ასრულებდა; მასში ტყვიაც ძნელად ატანდა. იმერულ ფაფანაკს მზისა და ბასრი იარაღისგან თავის დასაცავად იხურავდნენ და ა.შ. თექას სამედიცინო დანიშნულებაც ჰქონდა - ადამიანს სახსროვანი დაავადებებისგან იცავდა.
- როგორ მზადდებოდა თექა?
- თექა მზადდებოდა მატყლის მოთელვით. საამისოდ იხმარებოდა წყალი და საპონი. ინამებოდა მატყლი და შემდეგ ითელებოდა. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელსაც დიდი ძალა სჭირდება.
- ძველად აუცილებელი იყო, ყველა ქალს სცოდნოდა ხელსაქმე...
- ხელსაქმის ცოდნის აუცილებლობას განაპირობებდა ცხოვრების წესი და მოთხოვნილებები. შეზღუდულ ეკონომიკურ ურთიერთობებში საზოგადოება და კონკრეტული ოჯახი თვითკმარ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა. ფიზიკურად მძიმე შრომას მამაკაცები ეწეოდნენ - ხოლო საოჯახო საქმეს ქალები უვლიდნენ - ამზადებდნენ ოჯახის წევრებისთვის ტანსაცმელს, წინდებს, თავსარქმელებს, ხურჯინ-აბგებს, ჩითებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს. მშვენიერებით ტკბობა ადამიანის ესთეტიკური მოთხოვნილებაა, რაც გამოიხატებოდა ქსოვილის მხატვრულ დამუშავებაში - ულამაზესი ორნამენტითა და ფერთა შეხამებით. ხელსაქმის ცოდნა მოეთხოვებოდა ყველა ქალს, მათ შორის - არისტოკრატიული ოჯახების ქალიშვილებსაც.
- რა შინაარსის კომპოზიციები გამოისახებოდა თექებსა და ფარდაგებზე?
- თექებზე უფრო მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტები, ჯვრები. ფარდაგებზე იყო ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებები, ნადირობის, ჟანრობრივი სცენები, სააღდგომო სიუჟეტები: პასქა, სააღდგომო ბატკანი, წითელი კვერცხები. ფარდაგს გარს შემოვლებული ჰქონდა მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტების არშია. ხალხური შემოქმედების ამ დარგში აისახა ჩვენი წინაპრების მრწამსი და ესთეტიკური მსოფლაღქმა.
- როგორი ძაფები და საღებავები გამოიყენებოდა?
- ძირითადად გამოიყენებოდა ბუნებრივი საღებავები; იხმარებოდა შალისა და აბრეშუმის ძაფები.
- ფერების შერჩევისას რა ფაქტორებს ექცეოდა ყურადღება?
- ფერთა თანხმობას თავისი მხატვრული კანონზომიერება აქვს, რომლის წვდომის უნარი მხოლოდ ღვთივმომადლებული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს აქვთ. ადამიანმა შეიძლება ბრწყინვალედ აითვისოს თექა-გობელენის, ფარდაგის დამზადების ტექნოლოგია, მაგრამ თუ ფერთა შეგრძნება არა აქვს, ნამზადი ჭყეტელა გამოუვა. ეს სიტყვა იმიტომ ვიხმარე, რომ ქართველებს ნაკლებად მყვირალა და უფრო მკაცრი ფერებისადმი გვქონდა მიდრეკილება. ერთ-ერთი ესთეტიკუტი თეორიის თანახმად, თუ გარემომცველი ბუნება ფერადოვანია, ხელოვანი ნაკლებად ეძებს ფერებს და ისე ალაგებს მათ, რომ ქაოსური სიჭრელისგან განწმინდოს.
- რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ქრისტიანულ ხელოვნებაში გობელენს, ფარდაგს თუ თექას?
- მაგალითად, ხევსურთა კოსტიუმი (ქალისა თუ კაცისა) ქრისტიანული სიმბოლიკის შემცველი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ჯვაროსნებსაც უწოდებდნენ. ბოლო დროინდელი გამოკვლევები აბათილებს ადრინდელ შეხედულებას, თითქოს საქართველოს მთის მოსახლეობა წარმართად დარჩა. თუ ხევსურულ სამოსში უხვად ჩართული ჯვარი ადრე რაღაც წარმართულ-ასტრალური სიმბოლოს გადმონაშთად მიიჩნეოდა, ამჟამად უკვე გარკვეულია, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანულ ჯვარს გულისხმობს. აღნიშნული მოტივი გაცოცხლდა დღეს ასე პოპულარულ წრიულ ქუდებში. ასე რომ, ამ კუთხით ნაქარგობას, ფარდაგს თუ თექას დიდი პერსპექტივა გააჩნია.
რაც შეეხება უშუალოდ ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციულ დარგებს, მათში უკვე შეიჭრა ხალიჩისა და გობელენის ხატები, რომელთა მიზანშეწონილობა საეჭვოდ ჩანს. მაგრამ გობელენისა და თექის ტექნიკით შესრულებული სამეუფეო არწივები უკვე გარკვეულად პოპულარული გახდა. ამ ტიპის თექა, სააღდგომო სიუჟეტით, მთელმა ჯგუფმა უწმინდესს გადავეცით.
- როგორ გამოიყენება ეს ხელოვნება თანამედროვე ყოფაში და თუ არიან დაინტერესებულნი ამ საქმიანობით თანამედროვე ახალგაზრდები?
- ჩვენი სტუდენტები, რაც გასაკვირია და სასიხარულო, გოგონებიცა და ვაჟებიც, აქტიურად არიან ჩართულნი ამ საქმეში. წარმატებებიც აქვთ. გაზაფხულზე უნივერსიტეტში გამოიფინა მათი ნამუშევრები. წარმოდგენლი იყო როგორც ხატწერის, ასევე გობელენისა და თექის ნამუშევრები, ახლახან გამართულ ფესტივალზე თექის სახელოსნოს ნამუშევრებიც აჩვენეს.
დღეს ძალიან პოპულარულია თანამედროვე ჩაცმულობაში თექის ელემენტების ჩართვა, ეს თბილისის ქუჩებში გავლისას იოლად შეიმჩნევა. ამის მაგალითებია: კოსტიუმები, პალტოები, საქორწინო კაბები, ჩანთები და ა.შ.
- რა არის საჭირო ჩვენში ამ დარგის უფრო განსავითარებლად?
- ჯერჯერობით ამ დარგს ზედმეტი რეკლამა და პოპულარიზაცია არ სჭირდება - თბილისის სხვადასხვა გალერეაში ხშირად იმართება გამოფენები, მაგრამ გააჩნია, რა მიმართულებით განვითარდება საბოლოოდ ეს დარგი. ზედმეტმა სიახლეებმა და მოდერნიზაციამ შეიძლება მას ტრადიციული სახე დაუკარგოს და ფესვებს სრულიად მოსწყვიტოს. მე ვცდილობ, ძველ ტრადიციასთან კავშირი უფრო მჭიდროდ შევინარჩუნო, თუმცა ზომიერ სიახლეებზე უარის თქმაც, ცხადია, გაუმართლებელია.
- დიდი მადლობა, ქალბატონო სილვა, საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი