კონსტანტინე გამსახურდია "დიდოსტატის მარჯვენაში" მეფე გიორგის ათქმევინებს: "ჩვენი უბედურება ეგაა: ჩვენში მოღალატეები სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავისი ხალხის მოღალატეები.
კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვრებში ნახევარი ბიზანტიელებს ჰყავდათ მოსყიდული, ნახევარი - სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას... თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვიათ მშიშრებსა და მსტოვრებს".
ორი საუკუნე გავიდა კრწანისის ველზე მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიის შემდეგ და კვლავაც ისეთივე სიმწვავით ისმის კითხვა: რატომ დავმარცხდით? ნუთუ იმ ღალატის გამო, რის შესახებაც კარგად ვუწყით?! ნუთუ ეს ყოველივე გარდაუვალი სასჯელი იყო, ჩვენი ერის თავზე გამოვლენილი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ცოდვების გამო?!
კრწანისის ომის დამარცხების ნამდვილი მიზეზების წარმოჩენას ემსახურებოდა 1899 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნებული წერილი ალექსანდრე ვახტაგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანისა "აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ტფილისში". ეს წერილი სანდო წყაროებს ეყრდნობა - უშუალოდ ამ ბრძოლის მონაწილეთა ნაამბობს.
ეს არის მეტად ცოცხალი მონათხრობი. ჩვენც კვალში ჩავუდგეთ ამ მონათხრობს. დასკვნები და ანალიზი კი თქვენთვის მოგვინდვია, "წამკითხველო, კარგად განჩხრიკე!"
საქართველოში მეფე ერეკლეს წინააღმდეგ სამი ფარული დასი მოქმედებდა: 1) სომხების დასი, რომელთაც კარგად იცოდნენ საქართველოსა და მისი სამეფო სახლის ამბები და ყველგან ჩუმი აგენტები ჰყავდათ, თვითონაც მავნებლობდნენ და მეფის უკმაყოფილო დასსაც მის დასაღუპად ხელს უმართავდნენ; 2) თავად გარსევან ჭავჭავაძის დასი, რომელიც დაუფარავად ცდილობდა, რომ საქართველო რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყო; 3) მეფის უკმაყოფილო დასი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდა და მეფეს ხალხს უმხედრებდა. თავისი განზრახვებით ეს დასი სომხებთან ერთობას ამჟღავნებდა.
ამდენი მოღალატის საიდუმლო საქმიანობის გამო ბოლო ხანებში მეფეს ღონე ჰქონდა გამოლეული: "ძლიერს აღელვებულს ზღვაში მაგარი ჩინებული ხომალდი რომ იღუპებოდეს, სწორედ ამ ხომალდს ჰგვანდა ერეკლეს მდგომარეობა: იღუპებოდა, მაგრამ მაინც კიდევ შეუპოვრად იბრძოდა თავის უკანასკნელს სულის ამოსვლამდინ თავის საქართველოსთვის და თავის ქართველებისთვის...
მაგრამ ამდენი მორეული საშინელება მაინც კიდევ ვერას უზამდნენ ვერც ერეკლეს, ვერც იმის ოჯახს და ვერც საქართველოს, თუ ის ქალაქ ტფილისის ზოგიერთი სომხები არ ყოფილიყვნენ... სადაც ყოველი წინააღმდეგობა, ანუ გაძლიერებული მტრობა იყო, ამათგან იყო; აღა-მაჰმად-ხანიც ამ სომხებმა მოიყვანეს და საქართველოც იმათ დაღუპეს".
აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლამდე ჩვენს ქვეყანას მტერი თითქმის აღარ ჰყავდა. ლეკებთან ერეკლე მეფეს ერთობა ჰქონდა, ოსმალებსა და ყიზილბაშებს არაფრად აგდებდა. ერთ-ერთი ნადიმისას უთქვამს: "ძლივს ლეკებიც შემოგვიერთდნენ და ახლა ღვთის მოწყალების იმედი მაქვს, საქართველოს ყველა საქმეს კარგად მოვაგვარებ, რადგან ჩვენი სამეფო გაერთიანდა, ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს გაძლიერებას, ამისთვის კი ღმერთს ყველამ მადლობა უნდა შევწიროთო".
საქართველოს ფარულმა მტრებმა ერეკლეს ეს ნათქვამი რომ შეიტყვეს, მაშინვე ღვთის საწინააღმდეგო საქმეს შეუდგნენ - აღა-მაჰად-ხანი საქართველოში შემოიყვანეს. თავდაპირველად ეს უსჯულო მბრძანებელი მეფესთან დამეგობრებას ცდილობდა, მაგრამ როდესაც ერეკლეს რუსეთთან დაახლოების ამბავი შეიტყო, დიდად გაწყრა. თან მეფის მოწინააღმდეგეებიც შეუჩნდნენ, - წადი საქართველოში და ერეკლე დასაჯეო. ბევრ აუგს ეუბნებოდნენ მასზე. აღა-მაჰმად-ხანმა თავიდან ელჩი გამოუგზავნა ერეკლეს, რუსეთთან მეგობრობაზე ხელი აიღეო. რუსეთის ერთმორწმუნეობას მინდობილმა მეფემ კი ელჩი ცივი უარით გაისტუმრა და მტრის დასახვედრად სამზადისს შეუდგა. დაუყოვნებლივ შემოიკრიბა დიდგვაროვნები და მოითათბირა, თუ როგორ დახვედროდნენ მტერს. ერეკლეს მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრების იმედი ჰქონდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ამ ბრძოლაში 25000 ლეკის ჯარი შეეწეოდა, კახეთიდან და ქიზიყიდან 16000 მეომარი მოვიდოდა, იმერეთიდან - 10000, ქართლიდანაც - 10000, არაგვეთიდან და ჩერქეზეთიდან - 10000, ყაზახ-ბორჩალოდან და შამშადილიდან - 10000 დარჩეული ვაჟკაცის იმედი ჰქონდა. გარდა ამისა, რუსთა ხელმწიფეს სთხოვდა 2000 მხედარს და 6 ზარბაზანს. თან ფიქრობდა, ნუთუ რუსეთის მეფე ამ მცირედითაც არ შემეწევა, აკი რუსეთის ერთგულების გამო მთელი ოსმალო და ყიზილბაშები დაუძინებელ მტრებად მოვიკიდეო; ამით რუსეთს არაფერი დააკლდება, ჩვენთვის კი დიდი ნუგეში იქნება, აკი რუსეთის ხელმწიფისაგან გამოგზავნილი ელჩებიც გვარწმუნებენ, - ბევრს კარგს მოელოდეთ ჩვენგანო. მეფე ერეკლეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ამხელა ჯარით ყიზილბაშებს მოსრავდა და ქართველებს დიდ ნადავლს ჩაუგდებდა ხელში. ის კი აღარ უწყოდა, რომ "საქართველოს დასაგესლად უამრავი მიწაზე მძრომი გველი დაცოცავდა, არათუ სასახლის კარზე, არამედ იქაც, თათბირზეც". მეფის მტრებს ამ თათბირიდან ასეთი ამბავი გამოუტანიათ: "მეფე ირაკლისთან რჩევების მაგიერად რწყილზედ იყო ლაპარაკი და თავად მეფე კი სთვლემდაო". მაშინ, როდესაც ოცდაოთხ საათში ჭარმაგ მეფეს მხოლოდ სამი საათი ეძინა თურმე. ამისთანა ჩუმი მტრები ჰყუანდა და კიდევ სხვას რაებს არ უგონებდნენ... რაღა უნდა ვსთქუათ იმ გაუგებლებზე და იმ გამყიდუელს ისკარიოტელებზე?"
იმედის მიუხედავად, ჯარები არსაიდან ჩანდნენ. ქიზიყში შეყრილი 9000 კაცი სიღნაღის ბოლოს დაშალეს. ფშავ-ხევსურეთის, თუშეთისა და კახეთის ჯარი არც კი შეკრებილა. იმერეთიდან სოლომონ მეფემ 3000 მეომარი ჩამოიყვანა, დანარჩენი 7000 კი აღარ მოუვიდა. ქართლელთა 10000-კაციანი ჯარის შეკრებაც ჩაიშალა. ჩერქეზების, ყაზახ-ბორჩალოსა და შამშადილის ჯარებიც არსად ჩანდნენ. რუსთა ხელმწიფის შუამდგომლის, კავკასიის გენერლის - ღუდოვიჩის იმედი კი სავსებით გადაეწურა ერეკლეს. ასე დარჩა იგი თავისი 4000 მეომრის, 3000-კაციანი იმერეთის ჯარისა და სოლომონ მეფის იმედად.
მეფე ვარაუდობდა, რომ ეს ჯარები 20 აგვისტოს მაინც მოიყრიდნენ თავს თბილისში. მაგრამ 23 აგვისტოც გათენდა და ქალაქში არავინ იყო. ერეკლეს კი ჰპირდებოდნენ, ჯარი მოვაო. ამით გამხნევებული მეფე 7000 მეომრით დაიძრა ყაზახისკენ. ქართველთა ჯარი მტკვრის მახლობლად, სოღალუხის მინდორში 40000 ყიზილბაშის პირისპირ აღმოჩნდა. მაინც ფიქრობდა ერეკლე, რომ თბილისში დიდძალი ჯარი დახვდებოდა, მაგრამ... "არსაიდან არა იყო რა, არამცთუ ჯარი, არამედ მსროლელიც კი". აქ კი იეჭვა მეფემ, "უეჭველად ღალატია, მაგრამ ვის ღალატობენ, მე თუ მამულსა? თუ ჩემთანა აქვთ მიზეზი რამე, მამულს რაღას ემართლებიან?!" როდესაც მეფე ერეკლე ყაზახისკენ თავისი ჯარით დაიძრა, მისმა მტრებმა თბილისში ხმები დაყარეს, ვითომდაც მეფე ერეკლე და სოლომონი აღა-მაჰმად-ხანმა დაღუპაო. ქალაქი შფოთმა მოიცვა. მოქალაქეები დარეჯან დედოფალს მიადგნენ, ქალაქიდან აყრას ითხოვდნენ. გულშეძრულ დედოფალს უთქვამს: "თქვენ ყველას ნება გეძლევათ, სადაც გსურთ, იქ წახვიდეთ, მაგრამ მე ვერსად ვერ წავალ. ვინც ჩემი ქმარი, შვილიშვილი და ჩვენი ჯარი დაღუპა, მეც იმის ხელით დავიღუპებიო". ამ სიტყვების შემდეგ მოქალაქეები შეწუხდნენ, მაგრამ სიცოცხლე ყველასთვის ძვირფასი იყო. მათ სახლები დატოვეს. ნახევარი თბილისი აიყარა. ნახევარიც მეორე დილით აპირებდა აყრას, მაგრამ ამასობაში მეფე ერეკლეს კაცი მოვიდა და სამშვიდობო ამბავი მოიტანა.
ამ ხმების გამავრცელებლები თურმე თავად რევაზ ანდრონიკაშვილის კაცები ყოფილან. როდესაც ქიზიყის მოურავმა, ზაქარია ანდრონიკაშვილმა რჩეული 2000 თავადი და ქიზიყის გამოჩენილი მეომრები შეკრიბა, რევაზ ანდრონიკაშვილმა იმ ღამეს თავადები საიდუმლოდ დაიბარა და ერეკლეს საწინააღმდეგო შეთქმულება მოაწყო: - ჩვენ აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ომი არ შეგვიძლია, ის გვირჩევნია, ცოლ-შვილს გავუფრთხილდეთ, თორემ დამპყრობლები ჩვენს მხარეს ერთიანად მოსრავენო. გადაიბირა ერეკლეს ერთგული 2000 მეომარი. ისინი იმ ღამესვე გაეპარნენ მეფეს. მეორე დღეს, როდესაც ერეკლემ ეს ამბავი შეიტყო, დიდად იწყინა, მაგრამ არ შეშინებულა - "თავისდაგვარად გამაგრებული იყო". სხვა რაღა დარჩენოდა - 5000-იანი ჯარით უნდა შებმოდა მტერს. თავისი გამჭრიახობითა და მხედართმთავრული ნიჭით ისე უნდა განელაგებინა მეომრები, რომ ნაკლებად დაზარალებულიყო ჩვენი მხარე. ბრძოლის წინ ასე მიმართა ქართველებს:
"ჩემო საყვარელო შვილებო, მხნენო ქართუელ-იმერლებო! როგორიც თქუენის ვაჟკაცობისგან ვიცოდე, ისეთი ვაჟკაცობა აჩუენეთ ყიზილბაშებს; რომ მაგათ თავის დღეში ჩვენში ვეღარ გაიჭაჭანონ. თქვენ იცით და თქვენმა ვაჟკაცობამ!"
ქართველთა ჯარი თავისი სიმაგრის წინ გამოფენილიყო. მშვიდად, უშიშრად იდგა და შეტევაზე გადმოსულ ყიზილბაშებს "განსვენებულის გულით" უყურებდა. აღა-მაჰმად-ხანს მტრის სიხალვათე რომ უხილავს, სიცილით უთქვამს: - "ეს საწყლები არიან ჩვენი მეომრები? ამ საცოდავებს სულ მტკვარში გადავყრითო". დაიწყო უთანასწორო ბრძოლა. ქართველთა ჯარის სიმამაცე რომ იხილა, აღა-მაჰმად-ხანმა გაკვირვებით შესძახა თურმე: "რაც გამეგონა ქართველთა ვაჟკაცობაზე, იმაზე უკეთესნი ყოფილანო". ყიზილბაშების ჯარის შუაგულში თამამად შეჭრილი ქართლელ-იმერლები და მათი ხმლების ტრიალი რომ დაინახა, მოხუცებულმა ერეკლე მეფემ მებაირაღეს აზატ-ხანის დამმარცხებელი ბაირაღის მოტანა უბრძანა და 500-კაციანი ჯარით ბრძოლის ველზე ჩავიდა. ამის შემხედვარე სოლომონ მეფეს გულმა ვეღარ გაუძლო და პაპას კვალში მიჰყვა. ბაირაღის ერთ მხარეს ღვთისმშობელი იყო გამოსახული ყრმით ხელში, მეორეზე კი - შუბით ვეშაპის გამგმირავი წმინდა გიორგი. თავისი საყვარელი მეფე რომ დაინახეს გაფრიალებული ბაირაღით ხელში, მეომრები გამხნევდნენ, თითქოს ახალმა სიცოცხლის სულმა შთაბერათო, "რანიც იყვნენ, ერთი სამად შეიქმნენ". აღა-მაჰმად-ხანმა დროებით უკან დაიხია. ქართველებმა ჯარის სიმცირის გამო მტრის ბოლომდე მიყოლა ვეღარ გაბედეს. წუხდნენ - ის 2000-კაციანი ქიზიყის ჯარი ჩვენთან რომ ყოფილიყო, დღეს აღა-მაჰმად-ხანს ბოლოს მოვუღებდითო. განსაკუთრებით ავად რევაზ ანდრონიკაშვილს ახსენებდნენ. მხოლოდ მეფე არ იღებდა ხმას. ფიქრობდა, როგორ ეშველა საქმისთვის.
აღა-მაჰმად-ხანმა გადაწყვიტა, მეორე დღეს ბრძოლის ველზე კვლავ შებმოდა ქართველთა ჯარს. ხოლო დახმარების შემთხვევაში კი აიყრებოდა და წავიდოდა. ომიდან გამობრუნებულმა ერეკლემ მახლობელ სოფლებში კვლავ გაგზავნა ხალხი და ჯარები დაიბარა, მაგრამ ავგანმზრახველებმა სოფლის მკვიდრნი შეაშინეს: საჩქაროდ აიყარენით, აღა-მაჰად-ხანი 200000 კაცითაა მოსული, მეფე ერეკლე თავისი ჯარითურთ მოუსრავს და ახლა აქეთკენ მოდისო. თავზარდაცემულმა სოფლელებმა ტყეებს მისცეს თავი. ქალაქის ხალხი კი საომრად არ ვარგოდა - "ძირითადად მოვაჭრეები იყვნენ".
ერეკლე ცხადად ხედავდა, რომ ღალატი იყო, თუმცა ვერ ხვდებოდა, საიდან. "ახლა, ცხადია, ვხედავ, რომ ღალატია ჩემზე და ის არ ვიცი, საიდან რა უნდა იყოსო". არადა ღალატი სულ უფრო და უფრო იკრებდა ძალებს: "არაჩნურთის ოსეფა არღუთოვისაგან იყო ერთი შემოჩენილი რუსეთიდგან არტემ არარაცკი, მეფის ირაკლისა და საქართველოს დასაღუპად. იმან პირველად იმოქმედა აღა-მაჰმად-ხანის მოყვანა საქართველოზედ".
ერეკლე ღმერთის ნებას სასოებდა: თუკი აღა-მაჰმად-ხანი საქართველოდან წავიდოდა, თბილისი ისევ დააბრუნებდა აყრილებს. ხოლო თუ ომი გაჩაღდებოდა და ძალები არ ეყოფოდათ, მაშინ კახეთისკენ წავიდოდა, საიდანაც ხუთ-ექვს დღეში 12000 კარგ ცხენოსან ვაჟკაცს გამოიყვანდა. სოლომონ მეფეს შეუთვალა, მისი ბრძანებისამებრ მოქცეულიყო და ზარბაზნებთან მდგომი 1000 კაცი არსად წაეყანა. სასახლის კარზე ყველას ჰქონდა ერეკლეს იმედი, რადგან "გამმარჯვებელი ბედი მარადის წინ უძღოდა მას".
ქალაქში მობრუნებულმა სოლომონ მეფემ მოსახლეობის აყრის შესახებ მეფე ერეკლეს ბრძანება გაავრცელა, მაგრამ ქალაქის მოსახლეობა ამ ბრძანებას არ დაემორჩილა - რაკი აღა-მაჰმად-ხანი წასვლას აპირებს, საფრთხე აღარ გვემუქრებაო. სასახლის კარი კი მწუხარებამ მოიცვა. მაშინვე აყრის თადარიგს შეუდგნენ. კათალიკოსი ანტონი, დედოფალი დარეჯანი, ლოგინად ჩავარდნილი ბატონიშვილი ალექსანდრე და თავად-აზნაურთა ამალა მთიულეთისკენ გაემგზავრნენ.
მეფე ერეკლემ თბილისის მელიქს, დარჩია ბებუთაშვილს აღა-მაჰმად-ხანის ელჩი გაუგზავნა და შეუთვალა, კარგად გაუფრთხილდი, არ გაგექცესო. ელჩი მელიქმა სხვას გადააბარა, თვითონ ცოლ-შვილით ქალაქიდან გაიქცა. რა თქმა უნდა, ისიც მოღალატე იყო, მას შემდგომ ლექსიც გამოუთქვეს: "აბა, ჩემო მელიქო, ფინიაობა დაიწყე, ბაგრატიონთ სისხლითა გულმუცელი აივსე". შემდეგ არტემ არარატსკიმ ღამით ქალაქიდან ეს ელჩი გააპარა. მან აღა-მაჰმად-ხანამდე მიაღწია და დაარწმუნა: მეფე ერეკლეს იმაზე მეტი ჯარი არ ჰყავს, რამდენიც თქვენ ნახეთო. აღა-მაჰმად-ხანმა იგი 5000 მეომრით გამოისტურმა და თვითონაც ქალაქისკენ გამოსწია.
ამდენ უბედურებას ნისლიც დაერთო. დილით ისეთი ბურუსი ჩამოწვა, რომ ას ნაბიჯზე არა განირჩეოდა რა. მეფე დაღონდა - ამაში აშკარად ღვთის განგება ჩანსო და სოლომონ მეფეს შეუთვალა, ზარბაზნებთან დამხვდი შენი ჯარითო. შემდეგ კი თავადაც გამოსწია. მაგრამ ყიზილბაშებმა გადმოასწრეს და ზარბაზნებს თავზე წამოადგნენ. მთელი დღის ნისლი თითქოს საგანგებოდ იმისთვის გადაიყარა, ყიზილბაშებს ზარბაზნები რომ დაენახათ. იმერელმა მომხრეებმა კი ნისლგადაკრულში ყიზილბაშები დაინახეს ზარბაზნებთან და გაიფიქრეს, მეფე ერეკლეს ჯარი ამოუწყვეტიათო, ქალაქში ჩამოვიდნენ და ერეკლეს ჯარის დაღუპვის ამბავი ჩამოიტანეს. სოლომონ მეფემ ეს ამბავი დაიჯერა, აიყარა და იმერეთისკენ გასწია. ქალაქში ხმა დაირხა, იმერლებმა გვიღალატესო...
ბატონიშვილ დავითსაც ღალატი გამოუვიდა. მას დიდხანს უმალავდნენ თავისი ბიძის, რევაზ ანდრონიკაშვილის ღალატის ამბავს, მერე ყველაფერი ერთბაშად საიდუმლოდ უთხრეს. ისიც გაფიცხდა: "საწყალს პაპაჩემს, მეფე ერეკლეს, ყველამ უღალატა. აქ მარტო ჩვენ რაღა უნდა შევძლოთ?" ზარბაზნები ხევში გადაყარა და კახეთისკენ წავიდა. ყიზილბაშთა ჯარმა მთის მოკლე გზაზე რომ გამოიარა, ერთი მსროლელიც არავინ დახვდა წინ.
ყიზილბაშებმა რომ დაინახეს, ზარბაზნებს ჯარი არ ჰყავდა, ქალაქში შემოსავლელად დაიძრნენ. ამ დროს ზარბაზნები გავარდა, იმერლებისგან მიტოვებულმა მაიორმა გურამიშვილმა გადაწყვიტა, მარტოს, მცირე რაზმით ეომა: "მამულისთვის და კარგი მეფისთვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვსდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედა".
შეიქმნა მძვინვარე ომი. იმერლების დაკლებამ საბედისწერო როლი ითამაშა. სპარსელებმა ერეკლეს ჯარს უკან დაახევინეს. მეფეს კვლავ იმერლების იმედი ჰქონდა, მაგრამ იმათი წასვლის ამბავიც მოახსენეს და დავითისაც ზედ დაურთეს. "უბედურმა მეფემ თავი გადააგდ-გადმოაგდო, დაღონებულმა სხვა კი არარა თქუა რა, ამისთვის, რომ ძალა იმის მეფობისა მოკლულ იყო მტრისაგან, რომლებსაც ღმერთი სწამდათ და მისი მტრები კი იყვნენ ის უსვინდისონი".
მეფე საგურამოსკენ წაბრძანდა. გზაში ფიქრობდა: "მივბრუნდები უკან, მეც ჩემს შვილებთან მოვკვები ამ ქალაქის ხალხში და იმათ ვნებას ვეღარ ვნახავო, მაგრამ მისმა ერთგულმა ბატონიშვილებმა ცხენს ხელი უტაცეს და უკან გამოაბრუნეს. გულმოკლული, დაღონებული მეფე მწარედ გოდებდა: "ოჰ, ღმერთო, რასა ვხედავ, ან რა ხმა მესმის? ჩემო საყვარელო შვილებო, მე თქვენს ამაღლებას ვცდილობდი, მე თქუენის ბედნიერებისთვის ვზრუნავდი, თქვენი მცირე მწუხარება ჩემთვის სასიკვდინო იყო და სიხარული - ბედნიერება! მე თქვენთვის უნდა მოვმკვდარიყავ და თქვენ ჩემთვის იხოცებით, აბა, რიღას მეფე ვარ, რით დაგიფაროთ?!"
ამ მოთქმაში მისი მხლებელი ქართველები უკან ედგნენ და ცრემლად იღვრებოდნენ. ბოლოს მისი სიძე, ივანე მუხრან-ბატონი, მივიდა და დიდი ხვეწნით სთხოვა, გაჩუმებულიყო, მაგრამ ეს ორიოდ სიტყვა მაინც თქვა: "რაც განძრახვა მქონდა, იმ დაწყობილებით რო დავმარცხებულიყავით, ვიტყოდით, ღმერთმა არ ინებაო და ისე შესაწუხებელი აღარ იქნებოდა. რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი ომში არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა? - რა კარგი, ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის. არ ვიცი, ეს ამისთანა უსვინდისო ღალატი საიდგან რა უნდა იყოს, ვფიქრობ და ვერა გამიგია რა".
ამ უკანასკნელი სიტყვებით თავი ჩაჰკიდა და დანაღვლიანდა.
"ამ დროს ერთი ადრებეჟანის ხანი მოადგა თავისი ჯარით - მეფე ერეკლეს ყიზილბაშების ჯარი არსად მოეწიოს, გავაფრთხილებო.
ყოვლისა ძალისაგან მოსპობილ მეფე ირაკლის და საშინელს ღალატში ჩავარდნილსა რაღა უნდა ექნა? ამის მეტი ვეღარა მოიფიქრა რა, გატრიალდა თავის ქართველებთან და იმ ღამეს საგურამოში ავიდნენ და იქვე დადგნენ, დაღლილ-დაწყვეტილები და მწარედ შეწუხებულები.
მაშინ ვინც მეფე ირაკლისთან იყვნენ, თავიდგან უკანასკნელამდისინ, იმათი სახელები არ უნდა დაიკარგოს, იმათი სახელი უნდა დაიწეროს აქა".
ამ ომში თავი გამოიჩინეს: 1) მეფის ძემ - ალმასხან-ვახტანგ ბატონიშვილმა. სწორედ მან მოიყვანა 300 ცხენოსანი აზნაური, 300 არაგველი, რომლებიც ომში დაიხოცნენ. მას უფრო მეტი მეომრის მოყვანა შეეძლო, მაგრამ ჩაუშალეს; 2) მეფე გიორგის ძე ივანე ბატონიშვილმა. იგი ბევრჯერ გადასდგომია მეფეს წინ და სეტყვასავით წამოსული ტყვიებისთვის საკუთარი მკერდი შეუშვერია. მასაც შეეძლო 1000 ცხენოსნის გამოყვანა, მაგრამ 50 ძლივს გამოიყვანა. ესეც ღალატით მოხდა; 3) ერეკლე მეფის სიძე ივანე მუხრან-ბატონმა. იგი განუყრელად თან ახლდა მეფეს, ზურგს უმყარებდა. მასაც შეეძლო 1000-მდე კაცის გამოყვანა, მაგრამ 60-მდე ძლივს მოახერხა; 4) ერეკლეს სიძემ თავადმა ზაქარია ანდრონიკაშვილმა და თავადმა ივანე აბაშიძემ; 5) ოთხმა ამილახვარმა.
ამ ომში უამრავმა თათარმაც გაწირა თავი ერეკლესა და ქართველების ერთგულებისთვის. აღა-მაჰმად-ხანს ამბავი მოუვიდა, ქალაქი ავიღეთო. დიდად გაიხარა და მეფის სასახლის სანახავად წამოვიდა. ძალიან მოეწონა. მეფის სალარო რომ ნახა ამდენი სიმდიდრით, გაოცდა. მერე აბანოში იბანავა და იქიდან გამოსულმა საქართველოზე თარეში ბრძანა. სოფლები აიკლეს. ვინც შეეწინააღმდეგა, დახოცეს. დანარჩენი ტყვედ წაასხეს. ქალაქი შემუსრეს, მეფე ერეკლეს სასახლე გაძარცვეს და სპარსეთისკენ დაიძრნენ, ვაითუ მეფემ ქალაქი განგებ დაგვანება და ჩუმად უნდა შემოიყვანოს ჯარებიო.
ამის შემდეგ მეფე ერეკლე თელავში გადავიდა. ხალხს ანუგეშებდა და ამხნევებდა. ღვთის შეწევნით, შემდეგ ტყვეებიც გამოიხსნეს. ხელმეორედ მოვიდა ამბავი: აღა-მაჰმად-ხანი ისევ აპირებს მოსვლასო. მეფემ დიდგვაროვნები იწვია და მათაც ერთხმად შეჰფიცეს: "გავწყდებით და აღა-მაჰმად-ხანს სამაგიეროს მივაგებთო". მზადება დაიწყეს, ქალაქში ჩამოვიდნენ, მაგრამ ამ დროს მახარობელი ეახლა მეფეს - აღა-მაჰმად-ხანი ყარაბაღში მოკლესო. ყველა ეკლესიაში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. ღმერთმა წყალობის თვალით გადმოგვხედა, თორემ უფრო საშინელი ღალატი იყო მომზადებული, მთელი საქართველოს მოოხრებას აპირებდნენ. ამ განზრახვით მოძრაობდა აღა-მაჰმად-ხანი. ეს სურდა შაჰ-აბასსაც.
ამის შემდეგ მეფე ერეკლემ განჯის ციხე აიღო. განჯის ხანი ჯავათ-ხანი გამოიყვანა და დაიახლოვა. ქართველთა ღალატის ამბავიც მას უამბია მეფისთვის. ამ საიდუმლო ამბების გაგონების შემდეგ მეფის პირმა "აღარ გაიღიმა და კიდევაც დასნეულდა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი