განსაცვიფრებელი ზღაპრის სამყაროზე მინდა გიამბოთ, რომლის შემოქმედი კეთილი და სათნო ქალბატონი, ექიმი - მადონა ნატრიაშვილი გახლავთ. ყველაფერი 10 წლის წინ ვაჟიშვილის, ჯიმიკოს მოულოდნელი გარდაცვალებით დაიწყო.
მას შემდეგ აეხილა სულის თვალი, სხვაგვარი ძალმოსილებით შეიგრძნო სამყარო და უფლის პოვნით გამოწვეულ სიხარულს ახლა თავის ზღაპრებში აქსოვს.
ქალბატონი მადონა ქმნის სამყაროს, რომელიც დასახლებულია "სულელი" და "ფათერაკა" ადამიანებით, რომელთაც ეს საწუთრო - დედინაცვალი დევნის, როგორც "გერსა" და "უცხო თესლს"; გამდიდრების მოსურნე ადამიანებით, რომელთათვისაც უცხოა "სხვისი ჭირი და სატკივარი". ზოგი სულ თავის ბედზე ჩივის, ზოგი კი იმითაც ხარობს, რაც აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ თურმე ერთადერთი, რაც უნდა აგროვოს კაცმა ამ ქვეყანაზე და რასაც უნდა გაუფრთხილდეს - სიყვარულია. ამ ზღაპრებში ცხოვრობენ ურწმუნო, უგულო, კაცთმოძულე დედოფლები, რომელთაც ცხოვრებაში არ იციან ცრემლი და ასევე ადამიანები - მიწაზე მოსიარულე ანგელოზები, რომელთაც "ფრთების ნაცვლად სითბოთი, სიკეთით სავსე თვალები და მოყვასის სიყვარულით სავსე გულები აქვთ"; სოფლის მიღმა დამალული მზეთუნახავები, რომლებიც "ჯადოსნურ მხარეში" ცხოვრობენ, გასაიდუმლოებულნი, წუთისოფელს მოშორებულნი, იქ, სადაც ამა სოფლის ბატონობა არ ვრცელდება. ისინი სეფექალებისგან იგებენ ქვეყანაზე არსებული ბოროტების ამბებს და განმარტოებულნი, მთელი გრძნობით მღერიან, რათა გაამხნევონ განსაცდელში ჩავარდნილნი, იმედს უსახავენ იმედდაკარგულებს და მომავალ ნათელ ცხოვრებას ჰპირდებიან ბედკრულთ; ობლები, რომელთაც წრფელი გულისა და უმწიკვლო სინდისის გარდა ქვეყანაზე არაფერი გააჩნიათ. სულიწმინდა უკვალავს მათ გასავლელ გზას. ერთი ზღაპარი, "ობლის კვერი", ასეთი შეგონებით მთავრდება: "მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება გზაჯვარედინია. გზა წუთისოფლის - კეთილსა და ბოროტს შორის გასავლელი. ნუ ჩაბღაუჭებიხარ დახეულ კაბაზე ამ წუთისოფელს. ნუ აჰყოლიხარ მაცდუნებელ, ეშმაკისეულ გულისთქმას. ნუ გეშინია, გაუშვი ხელი და შენს გასავლელ გზაჯვარედინს სულიწმინდა გაგიკვალავს".
ამ ზღაპრებში ორი სამყაროა: "ეს სოფელი" და "ჯადოსნური მხარე" - "ზესთასოფელი", საიდანაც სასწაულმოქმედი ნივთები გამოჩნდებიან ხოლმე. ამ სამყაროების ზღვარი ამავე დროს ადამიანური შესაძლებლობების მიჯნაა. მას მხოლოდ განსაკუთრებული ადამიანები - მორწმუნე და ფერნაცვალი გმირები გასცდებიან ხოლმე, ამ სამყაროებს აკავშირებენ და თავისუფლება და სიკეთე მოაქვთ. ეს ამბები დროისა და სივრცის მიღმა ხდება. "ბარში აწმყოს დაედო ბინა, მწვანეში ჩაფლული კოპწია სახლები, გულდაგულ მოვლილი ბაღ-ვენახები მისი საკუთრება იყო. კიდევ უფრო დაბლა, მდინარის პირას, მესერშემოვლებული ერთი გოჯი მიწა არც წარსულს ეკუთვნოდა და არც აწმყოს. შუაგულში, პატარა ბორცვზე ხის ჯვარი იყო დაბრძანებული. მის წინაშე თვით ულმობელი დროც კი იხრიდა ქედს. იქ იმედი დამკვიდრებულიყო". ამ იმედის ექოდ გაისმის მამლის სიტყვებიც, რომელიც კიდევ ერთი მშვენიერი დღის გათენებას აუწყებს სამყაროს: "მალე გათენდება. სანამ დილა გამოიღვიძებს, გაიზმორება და მედიდურად წარმოგვიდგება... ცისკარი დადგება. მერე ირიჟრაჟებს. ეს ის დროა, როცა ცის კარი გაიღება, როცა ლოცვა-ვედრება განსაკუთრებით შეისმინება. პირველი - ჩემი თვალები ხედავს ამ ღია კარს და ყოველ ცისმარე მადლობას ვწირავ უფალს, კიდევ ერთი დღე რომ მაჩუქა. მიყვარს სიცოცხლე... მიყვარს გამოღვიძება. მინდა თქვენც ისე გიყვარდეთ, როგორც მე! მინდა ჩემსავით გიხაროდეთ! ამიტომ გიფრთხობთ ძილს, ამისთვის გაღვიძებთ. ადექით! დრო არ დაკარგოთ! ადიდეთ უფალი ყოველი ნაჩუქარი დღისთვის!" ამ იმედით და სიცოცხლის სიყვარულით, ადამიანში სიკეთის გამარჯვების რწმენით არის დაწერილი თითოეული ზღაპარი. ამ ზღაპრებში უსინდისო ადამიანები მერე ფერს იცვლიან, "ქვის გულები" უფლისა და მოყვასის სიყვარულით ევსებათ, ყველა მრუდე ნაბიჯს ინანიებენ, ღმერთს შველას სთხოვენ და სასწაულიც არ აყოვნებს: მთელი ცის სამყარო მოდის საშველად, "პირში ჩალაგამოვლებული" ეშმაკები კი უჩინარდებიან.
"ლოცვა ბორკილებს ამსხვრევს და სიკეთით ავსებს მტრის გულსაც". თითქმის ყოველი ზღაპრის ბოლოს ადამიანები, გარკვეული მსხვერპლის ფასად, მაგრამ მაინც იჯერებენ, რომ "ღმერთია მათთან, მათში" და ამქვეყნად მკვიდრდება სიყვარული, სიკეთე, კაცთმოყვარეობა.
ასეთია მადონა ნატრიაშვილის თვალით დანახული წუთისოფელი. "სული თვალის ბროლივით გამჭვირვალეა. თვითონაც დიდი, ნათელი თვალია", - წერს ერთგან. ქალბატონი მადონაც იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ხელეწიფებათ, წუთისოფლის მიერ მიყენებული ყოველგვარი ტკივილი და ტანჯვა სულის ქურაში ღვთის დიდებად და მადლობად გარდაქმნან, "ცხოვრების ლაბირინთებში" შეგროვილი ყოველგვარი შხამი "სიტკბოდ" აქციონ და იპოვონ კუნძული, სადაც "ტკივილები და ცრემლები ყვავილობენ". ეს "კუნძული" სასუფეველია, რომელიც ადამიანის გულშია დავანებული.
ზღაპარში, რომელსაც "ცრემლის წყარო" ჰქვია, ასეთი ამბავია მოთხრობილი: "იყო ერთი პატარა და ლამაზი სოფელი, რომელიც უფლის მადლს არ ხედავდა. დღენიადაგ ჩიოდა, კვნესოდა და მოთქვამდა. ღვთისაგან მოვლენილ ყოველდღიურ პატარა განსაცდელს დიდ უბედურებად მიიჩნევდა და ყოფას იწყევლიდა. ზოგს კარ-მიდამო არ ჰყოფნიდა, ზოგს - სარჩო-სანოვაგე. კაცი კაცს ემტერებოდა და ორივე ერთად - სოფელს. იკმარე, ხალხო, გმინვა და გოდება. უსაფუძვლო ჩივილით ნუ შეაწუხე მამაზეციერი. დასანახი მანამ დაინახე, სანამ თავს თვითონ დაგანახვებთო, - ქადაგებდა მოძღვარი, მაგრამ ვინ იყო შემსმენელი?
ერთ დღეს კი მოხდა უცნაური რამ - მთის მდინარე გაუჩინარდა და ყოველი სულდგმული მწყურვალი დარჩა. მრევლი მამაზეციერს ევედრებოდა და შველას სთხოვდა. დასახმარებლად ღმერთმა მათ ერთი ყმაწვილი გამოუგზავნა, რომელმაც სოფლის მკვიდრთ პატარა თასი მისცა და უთხრა: თითოეულმა თქვენგანმა მოყევით თქვენი გასაჭირი და სიმწრის ცრემლები შიგ ჩაღვარეთ. ჭურჭელი რომ აივსება, მდინარის სათავეში ჩაასხით. თუ ეგ ცრემლი ჭეშმარიტად უბედურებისაა, უფალი განწმენდს და ანკარა წყაროდ ააჩუხჩუხებსო.
ეკლესიის ახლოს ერთი შვილმკვდარი შავოსანი ქალი ცხოვრობდა. ადრე მხიარული და სტუმართმოყვარე, დღეს ნაკლებად ჩნდებოდა ხალხში. მუდამ თავდახრილს, თავმობურულს, მოტეხილს სალოცავში თუ ნახავდა კაცი. მან შეკრებილ ხალხს უთხრა: - წადით შინ, საქმეს მიხედეთ, ეს თასი კი მე დამიტოვეთ. თქვენ რა იცით, რა არის სიმწრის ცრემლი! ნურც ნურასოდეს გაგაგებინოთ გამჩენმა. ვიცი, ყველა თქვენგანს თავისი სატკივარი აქვს, მაგრამ გულმოწყალე უფლის შეწევნით ყველაფერს ეშველება. დღეს თუ არა, ხვალ თვალზე ცრემლი შეგაშრებათ, დარდი სიხარულით შეგეცვლებათ, სიძულვილი - სიყვარულით. შეხედეთ ამ წალკოტს, ჩაიხედეთ თქვენს გულებშიც და დაინახავთ, რომ ის, რითაც სხვა ნაკლულია, თქვენ უხვად გაქვთ. პირჯვარი გადაიწერეთ და მამაზეციერს შეჰღაღადეთ: - გმადლობთ, უფალო! როგორც ალმოდებული სანთელი იღვენთება, სანამ არ ჩაიწვება, ასევე მგლოვიარე დედის ცრემლები არ დაშრება, სანამ ამქვეყნად იქნება, - სევდიანად ამოიოხრა ქალმა და გაუყვა ბილიკს".
ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალო, განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყი მე სიხარული". სწორედ ამ დაუშრეტავი ცრემლის საუნჯით არის მდიდარი ქალბატონი მადონას სულიერი სამყარო. იგი მდიდარია იმით, რომ შეუძლია სხვა შეიცოდოს, ნუგეში სცეს მოყვასს, სითბოდ და სინათლედ ექცეს ადამიანებს, "წყლად ექცეს დამაშვრალს", თავშესაფრად - მიუსაფარს. "ბედნიერია პატარა ქოხი - დაღლილთათვის კარგაღებული - მას მზე ადგება. ეს გადაგარჩენს". სწორედ ეს ქოხია იმ ზღაპრების სამყარო, რომლის კარებიც განხმულია, რათა ნათელი მოჰფინოს ადამიანებს, უხილავ შემწედ ექცეს მათ.
ქალბატონი მადონა ერთ-ერთ თავის პერსონაჟს მაგონებს - სოფლის მასწავლებელს, რომელიც ეცნობოდა სოფლის ჭირ-ვარამს, ისმენდა საინტერესო ამბებს, თხზავდა ზღაპრებს, ლეგენდებს და "უფლისგან დიდი მჭევრმეტყველების ნიჭით, საღი გონებით დაჯილდოებული, საღამოს წყაროსთან შეკრებილ, ნაჯაფარ გლეხებს უყვებოდა". მისი სიტყვა კი შეუფასებელ საქმედ იქცა და კეთილი ნაყოფი გამოიღო. "წიგნი კაცის სიტყვაა ბევრის მთქმელი, თუმცა, არა იმაზე მეტის, რაც ღმერთკაცს უთქვამს ცხოვრების წიგნშიო", - წერია ზღაპარში. მადონა ნატრიაშვილის ზღაპრების სიუჟეტებიც უფლის სიტყვებზეა აგებული და მათ თავისებურ განმარტებასა და განვრცობას ემსახურება.
- ქალბატონო მადონა, როგორ დაიწყეთ ზღაპრების წერა?
- შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ამ ცხოვრებისკენ მობრუნებაში დიდი როლი მიუძღვით ჩემს აწ უკვე გარდაცვლილ მოძღვარს - მამა ნიკოლოზ მინდიაშვილს და მამა შიო გაბრიჭიძეს, რომელმაც მირჩია, იქნებ ზღაპრების წერა დაიწყოო. ამ სიტყვებმა საოცრად იმოქმედა ჩემზე. დავიწყე წერა. პირველი წიგნი "ოქროს კვერცხი" იყო. ჩემი უახლოესი მეგობრის ხელით ეს ზღაპრები მამა ტარიელ სიკინჭალაშვილს გავუგზავნე. სწორედ იმ დროს იგი პატრიარქთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრებოდა. როგორც მერე გავიგე, თურმე საღამოობით უწმინდესი და უნეტარესი და მამა ტარიელი ამ ზღაპრებს კითხულობდნენ. ამან საოცარი სტიმული მომცა. საპატრიარქოში დამიბარეს და ზღაპრების წიგნად გამოცემა შემომთავაზეს. ასე შეიქმნა წიგნები: "ოქროს კვერცხი", "ლოცვის ძალა", "ნება შენია", "იმედი"... მას შემდეგ სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. სხვა სამყარო აღმოვაჩინე. მძიმე და გაუსაძლის მიწიერ ყოფას შემოქმედებით მოგვრილი სიხარულის განცდით ვუმკლავდები. სულიერი შფოთვა თითქოს სადღაც გაქრა. ეს ზღაპრები რუსულადაც ითარგმნა და ინგლისურადაც. სამადლობელი წერილები მომდის სხვადასხვა ქვეყნიდან, რითაც უზომოდ ბედნიერი ვარ. ასე მგონია, ამქვეყნად ალბათ იმიტომ დავრჩი, რომ რაღაც სიკეთე მეც მეკეთებინა. ვწერ და ბავშვებს ვახარებ, ჩემნაირ დედებს ვანუგეშებ.
ერთი უსაყვარლესი შვილიშვილი მყავს. ჩემი მეუღლე - გია ნატრიაშვილი ცნობილი პედიატრია. წლების განმავლობაში პატარა პაციენტები გვსტუმრობდნენ. ყველას ვეფერებოდი... ყველა ბავშვს ვჩუქნი ზღაპრებს.
- ვინ არის თქვენი ზღაპრების პირველი შემფასებელი?
- პირველი ზღაპარი რომ დავწერე, მაშინ უფრო გაბედული და თამამი ვიყავი. ახლა კი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიმძაფრდა. ჩემი ზღაპრები რელიგიური შინაარსისაა. სასულიერო პირის რეკომენდაციის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია სასულიერო თემასთან შეხება. სულ მეშინია, რამე შეცდომა არ გამეპაროს. ამიტომ რჩევას მამა ტარიელს ვეკითხები.
ერთ ზღაპარს "სინდისი" ერქვა. აქ სინდისი ოქროს კვერცხად მყავს გამოყვანილი. ზღაპარი აგებულია იმაზე, თუ როგორ დაკარგავს ერთი პერსონაჟი ამ ოქროს კვერცხს და გახდება უსინდისო. შემდეგ ისევ იპოვის და დაიბრუნებს ძველ ღირსებას. უწმინდესმა შეცვალა ამ ზღაპრის სათაური და "ოქროს კვერცხი" დაარქვა. კვერცხი, როგორც საწყისი და დამბადებელი ყველაფრისა, რომლიდანაც მრავლდება კაცობრიობა. სინდისიც საწყისია კაცობისა და იგი განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას. ეს აზრები, თემები - ყველაფერი წმინდა წერილიდან, ბიბლიიდან არის აღებული. მე მხოლოდ შემდგენელი ვარ. საუკუნეების წიაღიდან მოდის ეს სიბრძნე. მე მხოლოდ ვალაგებ მათ. განა შეიძლება კაცმა შექმნას იმაზე მეტი, რაც ბიბლიაში წერია?
- ზღაპრების წაკითხვისას აშკარად იგრძნობა, რომ ძალიან გიყვართ თქვენი გმირები, უარყოფითიც კი.
- დიახ, მიყვარს თითოეული ჩემი გმირი და ამავე დროს, საოცრად მენატრება. არ იფიქროთ, რომ მომასვენონ. ისე მომენატრებიან ხოლმე, რომ ვიღებ წიგნს და ვკითხულობ. პირველ პლანზე წარმოჩენილნი არიან გმირები, რომლებიც ღვთისმოსავად და ჭეშმარიტების მსახურად გვევლინებიან. უარყოფითი გმირებიც თავისებურად მიყვარს. "ოქროს კვერცხის" ერთი პერსონაჟი, სიკო, თავიდან ბოროტი ბატონი იყო, მერე გამოსწორდა. როდესაც გარდაიცვალა, ჩადენილი ბოროტების გამო ეშმაკებს გავატანე. უწმინდესს ზღაპრის ფინალი არ მოეწონა და მამა ტარიელის პირით შემომითვალა: "რა დააშავა ამ კაცმა საიმისოდ, რომ მისი სული ეშმაკებმა წაიყვანეს, აკი მოინანიაო?" და გადავაკეთე სიუჟეტი.
- საიდან მოდიან თქვენი ზღაპრების გმირები?
- ცხოვრებიდან. სიუჟეტებიც ჩვენს დღევანდელობას ეხმიანება. წმინდაწერილისეული შეგონებები ზღაპრული სიუჟეტებით არის გაცოცხლებული. ვფიქრობ, ასე უკეთ ილექება ბავშვის ფსიქიკასა და მეხსიერებაში. უფლის მცნებები ყველა დროში ერთია. ისინი არ იცვლება, ისევე, როგორც ზღაპრის მარადიული ღირებულებები. ზოგიერთი ზღაპარი ათი მცნების ან ცხრა ნეტარების რომელიმე მუხლზეა აგებული და გვასწავლის, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ეს მცნება ყოფაში, რეალურ ცხოვრებაში. მაგალითად, ყველამ იცის, რომ დედ-მამას პატივი უნდა სცეს, მაგრამ თუ რას ნიშნავს კონკრეტულ სიტუაციაში ეს პატივისცემა, ზღაპრის სიუჟეტებშია განფენილი. მცნების დამცველი და კეთილი გმირები კი ყოველთვის მიბაძვის სურვილს აღძრავენ. ამქვეყნად იმიტომ მოდის ადამიანი, რომ ლამაზად იცოცხლოს, ყოფნის არსი შეიცნოს. ჩემი ზღაპრების მორალიც ასეთია: თუკი ადამიანი ივლის უფლის მიერ მითითებული გზით და საწუთროს არ შეიყვარებს მოყვასზე მეტად, ჭეშმარიტ ცხოვრებას და სიხარულს დაიმკვიდრებს. ხოლო თუ გული შურითა და ბოღმით ექნება სავსე, ასეთი ცხოვრება არ ღირს. უფალი გვეუბნება, რომ სასწაული ყოველ წუთას ხდება, ოღონდ დანახვა უნდა შეგვეძლოს. ყოველი დღე სასწაულია. ზღაპარიც ხომ წუთისოფლის მიერ სისულელედ შერაცხულ სიბრძნესთან გვაზიარებს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებულია იქ, სადაც წუთისოფლის ლოგიკა აღარ ვრცელდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი