ქართველი მწერალი ჯერ მამულიშვილი იყო და მხოლოდ შემდეგ - შემოქმედი.
"ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწვოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული", - ბრძანებს წმინდა ილია მართალი.
"საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ", - ამბობს ვაჟა-ფშაველა.
"ჩემი ერის საკვნესავი უცხოდ ვერ დარჩება ჩემთვისაც და ჩემი არსება გადაბმულია ჩემი ქვეყნის არსებასთან უხილავის ძალით, სადაც უნდა ეტკინოს ჩემს ერს, მისივე ტკივილი მეც მაგრძნობინებს და მისი ნუგეშის გვარად მოაწყობს ჩემს გუნებასაც. ამ ფიქრმა, ამ აზრმა დაბადა ჩემი პიესები, მოთხრობები და ლექსები", - შენიშნავს ალექსანდრე ყაზბეგი.
ქვეყნის მძიმე ხვედრზე დაფიქრებული ქართველი მწერლები ამხელდნენ ერის დაცემის მიზეზებს. ისინი კეთილისა და ბოროტის პირუთვნელი მსაჯულნიც იყვნენ და მათივე ხალხის "წყლულების მოზარე" ჭირისუფალნიც. მხილების თემაზე ქართულ მწერლობაში გვესაუბრება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლალი დათაშვილი.
- ჟამთააღმწერელი ბრძანებს: "ისტორია ჭერშმარიტების მეტყველება არს და არა თვალახმა ვისთვისმე". "მართლის თქმის" პრინციპი ავის კარგად გასაღებას გამორიცხავდა. რამდენად ჰქონდათ შეგნებული ჩვენს სასიქადულო მწერლებს მხილების აღმზრდელობითი მნიშვნელობა?
- გაჭირვება ამოატივტივებს ხოლმე ადამიანთა ყველაზე ცუდ თვისებებს. საქართველოს ისტორია კი, რამდენიმე ბედნიერ ათწლეულს თუ არ ჩავთვლით, ტანჯვა-წამების გრძელი ჯაჭვია. მძიმდებოდა ყოფა და დიდი მამულიშვილები მოთქვამდნენ ერის გადაგვარებას. იოვანე საბანისძე არაბობის დროინდელ ქართლს დასტიროდა, ჟამთააღმწერელი - მონგოლთაგან იავარქმნილს; XVII-XVIII საუკუნეებში სპარსეთსა და ოსმალეთთან დაუსრულებელი ომებისგან "სუნით მოიცვა მთა-ბარი ჩვენის მკვდრის მძორთა ყროლამა" (დავით გურამიშვილი); XIX - ღამურად გადაქცეულ ქართველთა საუკუნეა...
მკითხველს დავით გურამიშვილის სიტყვები: "ჭეშმარიტად ცოდვა უძღვის კაცსა კაცის განმკითხავსა" - უფლის სწავლებას გაახსენებს: "ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ" (მათე 7,1-2).
მხილება და განკითხვა მთქმელის დამოკიდებულებითა და მიზნით განსხვავდება. მხილება კეთილი განზრახვითა და სიყვარულით მითითებაა თანამოძმის გამოსასწორებლად, განკითხვას კი საფუძვლად მოყვასის სიძულვილი და დაცინვა უდევს.
- მხილების როგორი გზები იცოდა ქართულმა მწერლობამ?
- ქართულმა მწერლობამ მოსინჯა მხილების ორი გზა: შეფარული და პირდაპირი. შეფარული მხილების მაგალითია სულხან-საბას იგავ-არაკები, რომლებშიც მწერალმა ცხოველებსა და ფრინველებს მიაწერა ერისათვის დამღუპველი მრავალი თვისება. საბას, როგორც მოუსყიდავ მსაჯულს, უკრიტიკოდ არ დარჩენია არც ერთი საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენელი, თუკი იგი მხილების ღირსი იყო. შეფარული მხილებისას მკითხველს არ აღიზიანებს გადატანით ნათქვამი სიმართლე.
საბა "სიბრძნე სიცრუისას" მკითხველთან ერთად დაასკვნის: "ყოველი კაცი ხარბია", "არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი", "კარგისთვის კარგი არავის უქმნია", "რა კაცი კაცს გაუმტერდება, სიქიშპე ვეღარას დაანახვებს", "რასაც კაცს მამის ანდერძი არ დაუსწავლია, უარესიმც დაემართებაო"; ხან კი მოხერხებულად გვარიგებს: "ცოდვის უამესი ცოტა ხანს არა არის რა და ბოლოს სამსალა არის და საწყენი. ავსა და ცუდსა საქმესა ბოლო მოკლე და საწყენი აქვს".
შეფარული მხილების ნიმუშია ადამიანის ნაკლოვან მხარეებზე ზოგადი საუბარი, რის მაგალითიც უამრავია ქართულ ლიტერატურაში. შოთა რუსთველი გავიხსენოთ თავისი მხილება-შეგონებებით: "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა", "თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია", "მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს", "ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა", "ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს"...
შეფარული და პირდაპირი მხილების ერთგვარი ნაზავია ქადაგებანი ადამიანის ნაკლოვან მხარეებზე.
არჩილ მეფე "საქართველოს ზნეობანში" უამრავ რჩევას აძლევს მკითხველს, როგორ იცხოვროს უფლისა და კაცისათვის მოსაწონად. შენიშნავს, რომ მთავარი ცოდნის გამოყენება და მისი საქმედ გადაქცევაა, თორემ ერთის სწავლითა და საპირისპიროს კეთებით "სოფლის რიტორები", მზაკვრები და თვალთმაქცები ვხდებით.
ხედავს რა რაოდენ მომრავლდა ცრუ ფიცი, მზაკვრობა, უნამუსობა, მლიქვნელობა, გულიდან ღვთის შიშის გადაგდება, ფიქრობს, რომ სამყაროს აღსასრული მოახლოვდა. ამიტომაც დაუწერია ამ ტიპის ნაწარმოები, რომ ვისაც ამისი სურვილი ექნება, ეს წიგნი ზნეობის სახელმძღვანელოდ გამოიყენოს. ამბობენ, საქართველოში 365 ზნეა, მე თუ მკითხავთ, 5000 იქნებაო, - ამბობს ის.
- პირდაპირი მხილების, შეულამაზებელი კრიტიკის ნიმუშები გვხვდება დავით გურამიშვილის შემოქმედებაში. იგი საოცარი სიზუსტითა და ობიექტურობით აღწერს ,,ქართლის ჭირის" შემზარავ ეპიზოდებს და მისი შეფასება გაჯერებულია წმინდაწერილისეული სულით...
- დავით გურამიშვილის განზრახვა ერის მკურნალობა, მისი უფალთან მიყვანაა. ეს საუკეთესო მიზანი ბოროტებასთან წილნაყარი ნამდვილად არაა, ამიტომ სჯერა პოეტს, რომ მისი სიტყვები მხილებაა და არა - განკითხვა:
"ავზედ ავი ითქმის, კარგს არავინ გაჰკიცხავსა...
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო,
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?"
დავითის რწმენით, მხოლოდ სიმართლეა უფალთან მიმყვანებელი. ამ გზით ფიქრობს იგი საკუთარი თავისა და სამშობლოს გადარჩენას, სამშობლოსი, დაცემული და წამხდარი რომ იყო, სიმართლე ძრახვას რომ უტოლდებოდა. ამიტომაცაა, რომ დავით გურამიშვილი, სადაც კი სიმართლეს გულისხმობს, ყველგან "ძრახვას" ამბობს. პოეტისთვის განსაკუთრებით რთული სწორედ ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩენაა, როდესაც გწამს, რომ ტყუილი "ქვე ყოფნას" იწვევს, სიმართლე - "ზე აბარგვას", რადგან "უფალსა უყვარან მართალნი". არადა, სიმართლე გულისხმობს მხოლოდ მხილებას, ნაკლზე მითითებას, რადგან გადაგვარებულ ქართველობას საძრახავად გახდომია საქმე.
რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში შემოქმედმა? ტყუილით ამსოფლიურ სიმშვიდეს შეინარჩუნებს, თუმცა სულს წარიწყმედს, რადგან "სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა - ავი, კარგსა - კარგი". სიმართლით უფლის სათნო გახდება, მაგრამ მტერს მოიმრავლებს და ცხენის შესაკაზმად გაუხდება საქმე, თავს დატეხილ რისხვას გაქცევით რომ გადაურჩეს. ამიტომ ყოყმანობს და ეშინია, არ შეიძულონ პირდაპირი, შეუფარავი მხილებისთვის:
"ტყუილი ვთქვა, ჩემი თქმული შეიქმნების რა სავარგი?
მართალი ვთქვა, მეშინიან, ვათუ გავხდე დასაკარგი..."
- მხილება "შინაგანი სიმართლის" ხმითა და პატიოსნების ღრმა გრძნობით არის ნაკარნახევი, თუმცა სიმართლის აღიარება საშიშია და დიდ გაბედულებას მოითხოვს...
- ერი სინანულს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, თვალი თუ აეხილება და საკუთარ დაცემას, გახრწნასა და გადაგვარებას ინანებს. პოეტი თავისი სიმართლით შუამავალია ერსა და ღმერთს შორის და, თუ მისი ქადაგება მიზანს მიაღწევს, საქართველო ნინევიასავით გადარჩება მონანიებით ახლად შობილ ქართველთა წყალობით - ეს არის მხილების მიზეზი და მიზანი "დავითიანში".
- წმინდა ილია მართლის თითქმის მთელი შემოქმედებაც მხილებაა...
- ერის გამოსწორება, მკვდრეთით აღდგენა და ჭეშმარიტების გზით წარმართვა წმინდა ილია მართლის მთავარი მიზანი და ცხოვრებისეული ამოცანა იყო. ლიტერატურასაც იგი უყურებდა მხოლოდ როგორც ერთან საუბრის საუკეთესო საშუალებას. რადგან პოეზია ღმრთის მადლად, "დიდის ღმერთის საკურთხევლიდან" ნაბოძებ ნაკვერჩხლად ესმოდა, სწამდა, როგორც პოეტი, უფლის შვილი იყო და მის სიტყვას უთარგმანებდა თანამემამულეებს. ამ სიტყვას კი ხალხის წინამძღოლობისთვის, უფლის სათნო ერად ქცევისთვის იყენებდა. ამიტომ ამბობს:
"ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა".
წმინდა ილია მართალი მკაცრად ამხელდა "ერის წყლულებს". იგი ხედავდა დაშლილ ერს, მომრავლებულ მეძავ-მრუშობას, სიხარბეს, ანგარებას, მტრობას, გადაგვარებულ ქართველობას; ქალი აღარ ქალობდა, კაცი აღარ კაცობდა; წამხდარი იყო ქართველთა სახელი და წეს-წყობა. სანთლით საძებარი გამხდარიყო მამულზე მოფიქრალი, მასზე მზრუნველი ქართველი ("მგზავრის წერილები").
უმწეო, უნუგეშო, "გაუქმებული ტაძარივით მიტოვებული" ქვეყანა შვილთა სიავით დაწყლულებულიყო, ხოლო თუ ვინმეს კიდევ სურდა ქვეყნის "სახსრად" ეღვაწა, ერთურთს ხელს უშლიდნენ მხოლოდ, დასანგრევს აშენებდნენ და ასაშენებელს ამხობდნენ ("აჩრდილი").
ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: "ბედნიერი ერი", "ჩემო კალამო", "კაცია ადამიანი?!" იმ ნაკლოვანებათა მხილებაა, მწერალს ერისთვის დამღუპველად რომ მიაჩნდა. ქვეყანაში ვაგლახად ფეხმოკიდებული "საზოგადო ჭირი" ერის მხილებას აიძულებდა, რათა ჭირი შეემცირებინა მაინც, თუ ვერ აღმოფხვრიდა.
პოეტი იძულებული იყო, ემხილებინა "ქედდრეკილი, ქვემძრომელი, ყოვლად მთმენი, ვით ჯორცხენი, მუნჯი, ყრუ, ცრუ, ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი, გზამრუდო, მტვერწაყრილი, თავდახრილი, არრის მქონე, არრის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი" ერი ("ბედნიერი ერი"). ემხილებინა, რადგან დიდი, პატარა, თავადი, გლეხი სრულიად უაზროდ, ამაოდ ცხოვრობდა; მამათა ნაღვაწი კი ერთ ფლურადაც არ უღირდათ ვაიმემკვიდრეებს, ამიტომ იყო, რომ "დაჟანგებულ ბორკილზე ცვლიდნენ მამულის თავისუფლებას" ("აჩრდილი"). ემხილებინა, რადგან ბეთლემი ნადირთათვის დაეთმოთ, წმინდა კაცი აღარ იყო ქვეყანაში და იქ, სადაც ადრე დიდი, წმინდა მამები ღმერთს განადიდებდნენ, ახლა ნადირი ღმუოდა ("განდეგილი"). ემხილებინა, რადგან "ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ" (დავით გურამიშვილი).
- თუმცა მარტო ილია როდი ფიქრობდა ამგვარად XIX საუკუნის ქართველობაზე. სხვა მწერლებიც შთამბეჭდავი მხატვრული ხერხებით ხატავდნენ და წარმოგვიდგენდნენ იმ ეპოქის ქართველთა სულიერი ცხოვრების დაძაბუნების მძიმე და გულისმომწყვლელ სურათებს...
- ნიკოლოზ ბარათაშვილი წუხდა "ბედი ქართლისაში", რომ ჩრდილოეთის ქარმა "ცხოველი გული გარდაუცვალა" მის თანამემამულეს, მის მიზნად საკუთარი კეთილდღეობა იქცა, ამიტომაც ამბობდა:
"ჯანი გავარდეს აწ შვილსაც, მამულს,
ოღონდ ვაამოთ ჩვენს საკუთარ გულს".
აკაკი წერეთელი გულმოკლული დასტიროდა ღამურად გადაქცეული, რუსეთუმე ქართველებისა და "ხარაბუზა ღენერლების" ხელში ჩავარდნილ მამულს.
"თათქარიძეებს" ახასიათებს ვაჟაც "კაი ყმის" ფინალში, თავისი დროის "ვაჟკაცებს" რომ ამხელს:
"თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ
არც როს არ გამასდგებითა...
უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,
უქმად საფლავში სწვებითა;
არ იცით, დასჩნდით რისადა
ან რისათვისა ჰკვდებითა".
- წმინდა ილია მართალი "ოთარაანთ ქვრივში" არჩილს ათქმევინებს: "წინდახედული მხილება ჭკუამ იცის და შესაწყნარებელია, ხოლო წინდაუხედავი კადნიერება კი - ურცხვობამ იცის და საწყენიაო". რა იგულისხმება ამ ნათქვამში?
- წმინდა ილია მართალი ცდილობდა მკითხველისთვის უფრო ნათელი გაეხადა თავისი განზრახვა და თავისებური, ალერსიანი ტონით გვარწმუნებდა: "მე, ამისა ქვემორე ხელის მომწერელი, მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა, მე მინდა, ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი... ვიცი, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, თქვენში, მკითხველო, ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება გაუსწოროს. ვიცი ეს და მაინც კიდევ პირში - როგორც მოყვარე გეტყვი, რომ ლუარსაბი და დარეჯანი შენს კალთაში დაბადებულან და შენის ძუძუთი გაზრდილან...
მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს, გასწორების განზრახვა შენში გაიღვიძებს" ("კაცია ადამიანი?!").
კიდევ ერთხელ ითხოვდა დიდი ილია მკითხველისგან შენდობას და მზად იყო თავგანწირვისთვის, ოღონდ რაიმე ერგო თავისი ერისთვის...
არც ჭორმა დააყოვნა, არც - ლაფმა და არც - ტყვიამ, თუმცა მწერალმა მაცხოვარს მიბაძა და ყველას ყველაფერი მიუტევა, უფლისავე სიტყვებით: "შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან" ("ლოცვა").
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვების ჭეშმარიტებაში: "ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი