2009 წლის 15 და 16 იანვარს გორის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. აქცია ჩატარდა სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსის მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო ტიხრული მინანქარი, ქანდაკება, გობელენი, ფერწერული ნამუშევრები, მჭედლობა, ოქრომკედი, ნაქარგობები, სამკაულები...
გვესაუბრება მეუფე ანდრია (გვაზავა):
"მოგესალმებით!..
ეს გამოფენა ჩვენთვის, გორელებისთვის, კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გავიცნოთ ჩვენი ქალაქის პოტენციალი, ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ, გავიცნოთ მათი შემოქმედება, მათი მსოფლმხედველობა და აღქმა ქვეყნიერებისა. ამავე დროს, ჩვენ ყველანი ესტეთიკურ სიამოვნებას ვიღებთ. ამ ყველაფერს ზნეობრივი დატვირთვა აქვს - სიკეთეს ემსახურება.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდებათ ხელმოკლე და უპოვარ ადამიანებს. ვფიქრობთ, რომ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ამაღლებას, მისი გულის, სულის, მისი გემოვნების დახვეწასა და ზნეობრივ ზრდას. ამიტომ სარწმუნოებასთან კავშირით ყოველთვის მივაღწევთ შედეგს - ჭეშმარიტ ხელოვნებას.
მონაწილენი ძირითადად გორელები არიან, რომლებიც ცხოვრობენ, იღვწიან ამ ქალაქში და ძალიან მოკრძალებულად, საოცარი სიმდაბლით, მაგრამ დიდი სიყვარულით აკეთებენ თავიანთ საქმეს.
მიხარია ხალხმრავლობა გამოფენაზე... ყველა გამოფენილი ნიმუში საინტერესო, ლამაზი და განსაკუთრებულია. ბევრი აქ წარმოდგენილი ხელოვანი ნამდვილად უბადლო ოსტატია თავისი საქმისა..."
ვესაუბრებით ტიხრული მინანქრის ოსტატს ბატონ ერმილე მაღრაძეს:
- რა გიბიძგებთ მუშაობის დაწყებისკენ?
- განსაზღვრული არაფერია, ხან იმპულსურად ხდება, ხან ცნობიერი მომენტია.
ელენე ბოჭორაძის ნამუშევრები ბატონ ერმილეს ნამუშევარი
ჩემს საქმეს, ტიხრულ მინანქარს, ძალიან ღრმა ფესვები აქვს ისტორიაში გადგმული, შორს, ადრეულ საუკუნეებში იკარგება... ეს კი ჩემთვის საფუძველია ამ საქმის კეთებისა.
- როდის რწმუნდებით, რომ მიზანს მიაღწიეთ და ჩანაფიქრს ხორცი შეასხით?
- შეიძლება წლების შემდეგ დაინახო, შეიძლება მაშინვე მიხვდე. ძალიან ძნელია, უცბად ვერ იტყვი და ვერ შეაფასებ, რომელია საუკეთესო ნამუშევარი... დაწუნებული ნამუშევარიც მომწონებია წლების შემდეგ, ან პირიქით - ძალიან რომ მომწონდა, ის დამიწუნებია...
- როგორ არჩევთ თემებს?
- თემა ულევია, თუმცა მე ძირითადად ბიბლიურ თემაზე ვმუშაობ, რადგან ბიბლიიდან ამოდის ყველაფერი. ჩვენ ყველანი მაინც ბიბლიიდან მოვდივართ, ეს არის ულევი საგანძური თემებისა, დაუშრეტელი წყარო სულიერებისა.
- რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც მუშაობის პროცესში შეგხვედრიათ?
- ყველა მხატვარი, და მათ შორის - მეც, ცდილობს, ერთი და იგივე არ გაიმეოროს, რომ მოსაწყენი არ გახდეს. სიახლე კი ყოველთვის სირთულეა, მით უმეტეს, როცა ცდილობ, კარგი გამოვიდეს. ნახელავში კი სანამ გულს არ ჩააქსოვ, მანამდე ნამუშევარი არ არის.
- ბატონო ერმილე, როგორი განწყობა გაქვთ დღეს?
- ბედნიერი ვარ, რომ მოხერხდა ამ გამოფენის გამართვა. გორელმა მხატვრებმა შეძლეს შეკრება, ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი, ბევრი საინტერესო თემა წარმოჩინდა...
ჩემს ნამუშევრებს გაყიდვით არ გავყიდი - ისინი საეტაპო ნამუშევრებია. საერთოდ იშვიათად ვყიდი ნამუშევრებს, რადგან მათზე თვეობით ვმუშაობ და ასეთი დღისთვის ვინახავ.
მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი