ქართული მწერლობა ქრისტიანობის წიაღში ჩაისახა, ამიტომ იგი ერთგულია ამ მოძღვრების იდეალებისა და პრინციპებისა. "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია" - რუსთაველის ეს გენიალური სიტყვებიც ამის დასტურია.
ქრისტიანობა ადამიანის სულიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. სულიერი სიძლიერის მიხედვით კი, ზოგადად, ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება არ არის. ილიასეული "დედაკაციც" სწორედ იმას მიგვანიშნებს, რომ ყველანი ადამიანები ანუ კაცები ვართ: ქალებიცა და მამაკაცებიც, რომელთაც სული გვაქვს, შესაბამისად - სინდისი, ღირსება და ყველა სულიერი თვისება.
ეს თემა მრავალმხრივაა წარმოდგენილი ქართულ ლიტერატურაში. გვესაუბრება ამერიკული აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მედიევისტიკის დოქტორი ლევან გიგინეიშვილი.
- ღვთის წინაშე მამაკაცისა და დედაკაცის თანასწორობაზე ლაპარაკისას წმინდა შუშანიკი თითქმის იმეორებს პავლე მოციქულის სიტყვებს: "განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ... სადა არა არს რჩევა მამაკაცისა და დედაკაცისა, სადა მე და მან სწორი სიტყვა ვთქვათ წინაშე ღმრთისა ჩვენისა იესუ ქრისტესა". თუმცა სხვა დროს და სხვა ვითარებაში იგი წინ აღუდგება იმდროინდელ საზოგადოებაში დამკვიდრებული წესრიგის დარღვევას: "ოდეს ყოფილ-არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" რით აიხსნება ეს, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი მიდგომა?
- იმდროინდელ საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებულია გარკვეული წესები. ამ წესების თანახმად, ქალს განსაზღვრული აქვს სტატუსი. წმინდა შუშანიკმა იცის ეს წესები და ემორჩილება კიდეც მათ, მაგრამ როდესაც დადგება მეტისმეტად პრინციპული საკითხის წინაშე, მაშინ გამოდის წმინდა წერილში დამოწმებული ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური სიმართლიდან, რომლის თანახმადაც ქალი და მამაკაცი თანასწორია. წმინდა შუშანიკი ვარსქენს ეუბნება: "არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხუ...", ანუ ჩემი თავისუფალი ნება იყო, რომ ცოლად გამოგყევი და შენი ხატი აღვმართე, მაგრამ მევე დავამხობ მას, იმიტომ რომ შენ აღარ ემორჩილები ყველაზე მნიშვნელოვან წესებს. ეს წესები ყოველგვარ მიწიერ, საზოგადოებრივ შეთანხმებებზე მაღლა დგას.
ქრისტეში არ არის დედაკაცობა და მამაკაცობა. ქრისტე არის სათნოებების, ღირსებების სრულყოფილება და ამ სათნოებებში მონაწილეობა ქალსა და კაცს თანაბრად შეუძლიათ. თუმცა სხვაგან პეტრე მოციქული ამბობს, რომ: "ქმარნი... ვითარცა უუძლურესსა ჭურჭელსა, დედათა მისცემდით პატივსა" (1 პეტრ. 9,7), მაგრამ ეს არ ამცირებს ქალს მამაკაცთან შედარებით, არამედ კაცს აკისრებს უფრო მეტ პასუხისმგებლობას. იგი მოვალეა უფრო ფრთხილად მოეპყრას ამ "სუსტ ჭურჭელს", მეტი ფუნქცია იტვირთოს ოჯახში. ქალს უნდა ეშინოდეს ქმრისა: "ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა... ცოლსა ეშინოდეს ქმრისა". წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ეს არ არის მონური შიში, არამედ გარკვეული კრძალვაა. ქმარს კი მართებს სიყვარული ცოლისა: "ქმართა გიყვარდენ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია... ესრეთ ჯერ არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა; რამეთუ რომელსა უყვარს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს".
- აგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშებში წინ არის წამოწეული საზეო, საღვთო მიჯნურობის თემა. ქალ-ვაჟის მიწიერი ტრფობისა და სიყვარულის თემას, როგორც ამაღლებულსა და ღვთაებრივთან წილნაყარს, პირველად რუსთაველი შეეხო...
- დიახ, ქალისა და მამაკაცის ტრფიალების მომენტი მანამდე არ იყო განხილული ქართულ ლიტერატურაში. თუკი მაინც იყო, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. თავისთავად ცოლქმრობა და ტრფიალება სხვადასხვა კატეგორიებად აღიქმებოდა. მხოლოდ რუსთაველთანაა ცოლქმრობა და მიჯნურობა ორგანულად დაკავშირებული ერთმანეთთან. რუსთაველი ამბობს, რომ მიჯნურობა არ არის მხოლოდ ხორციელი ნდომა, რომელიც დემონურია ანდა ბოროტი. პირიქით, მიჯნურობა შეიძლება იყოს დაკავშირებული მარადიულთან, მას შეიძლება ჰქონდეს პედაგოგიური დანიშნულება სულის ამაღლებისათვის, რადგანაც ამ მიწიერი ეროსით ადამიანი ზეციურ სიყვარულამდე მაღლდება: "ვსთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან; მართლ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან". რუსთაველთან მიჯნურობა და ქორწინება ორგანულ კავშირშია. პრინციპი ასეთია: უნდა იქორწინო მასთან, ვინც გიყვარს, ვის მიმართაც გაქვს ეს ძალიან პირადი, ხანდახან რაციონალურად სრულიად აუხსნელი ეროსი. ამ შემთხვევაში ქორწინება არ არის სოციალურ-ეკონომიკური ანდა პოლიტიკური ინსტიტუტი. პირადი სიყვარული პოლიტიკაზე მაღლა დგას. უფლისწულ ხვარაზმშას კლავენ, რადგან მისი და ნესტან-დარეჯანის დაკავშირება პოლიტიკურ საფუძველზე უნდა მოხდეს. პოლიტიკური ქორწინება კი ღვთის ნება არ არის. უცნაურია, უდანაშაულო ადამიანს კლავენ და ამ ფაქტს "ქმნა მართლისა სამართლისას" უწოდებენ. რუსთაველის მიხედვით, "მართალი სამართლის" აღსრულება არის, ცხადია, არა მკვლელობა, არამედ ის, რომ გულწრფელი სიყვარულით ხდება ქორწილი და არა პოლიტიკური გარიგებით.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ კაცმა არ უნდა მოიყვანოს ცოლი ანგარებით, რადგან ამით იკარგება მისტიკურობის განცდა, რომელიც ქორწინების საიდუმლოშია. რაღაც ღვთიურია ჩადებული ცოლ-ქმრის სიყვარულში. ეს გრძნობა ყველა სხვა გრძნობაზე უფრო ღრმაა. "საიდუმლო ესე დიდ არსო", - ამბობს პავლე მოციქული და ადამიანმა არ უნდა ამსახუროს ეს საიდუმლო სოციალურ ან პოლიტიკურ დაკვეთას და მით უმეტეს მერკანტილურ ინტერესებს.
- ვაჟა-ფშაველას პერსონაჟებიც ამტკიცებენ, რომ ღირსების მიხედვით ქალი და კაცი თანასწორნი არიან...
- "ბახტრიონი" გავიხსენოთ. ლელას სურს ომში ლაშქართან ერთად წასვლა. ხოშარაული ცდილობს მის გადარწმუნებას: ქალს რა უნდა ომში, სჯობს წახვიდე და მამაშენს მოუაროო. საფიქრებელია, რომ ხოშარაული უფრთხილდება არა იმდენად ლელას, როგორც ქალს, შესაბამისად, სუსტსა და ნაზ არსებას, არამედ უფრთხილდება მის სოციალურ სტატუსს. ხოშარაული შიშობს, რომ ამ ფაქტით არ დაირღვეს ძალაუფლების ბალანსი მთის სოციალურ სტრუქტურაში. "სტუმარ-მასპინძელი" გავიხსენოთ. აღაზა თავის ინდივიდუალურ ნებას გამოხატავს. ხედავს, რა არის ღირსეული და იქცევა ღირსების მიხედვით, თუნდაც ეს არ ეთანხმებოდეს სოციუმს. საინტერესოა ის, რომ, წმინდა შუშანიკისგან განსხვავებით, აღაზას არა აქვს ბიბლიური ტექსტი, რომელიც მის საქციელს გაამართლებს. მან მკაფიოდ არ იცის, მხოლოდ გრძნობს შინაგანად, რა არის ჭეშმარიტი, რა არის მცდარი და ამიტომ გაორებულია, თავის თავთან იბრძვის. სოციუმი დევნის მას. ძმებიც კი წყევლიან, აყვედრიან, ზვიადაური რომ დაიტირა. იგი გამორბის სასაფლაოდან. ერთი მხრივ, ხედავს, რომ სწორად მოიქცა, გრძნობს ამ შინაგან სიმართლეს; მეორე მხრივ კი გაორებულია, რადგან მას არა აქვს რელიგიური მოტივი, რომელსაც დაეყრდნობა და განამტკიცებს თავის სიმართლეში. ამ გაორებაშია, როდესაც დაინახავს, რომ ძაღლი მორბის ზვიადაურის ცხედრის დასაჯიჯგნად. აღაზა კენჭებს ესვრის ძაღლს, რათა ცხედრამდე არ მიუშვას. "საით მიდიხარ, ქოფაკო, ვინ გაჭმევს კაი ყმის ლეშსა". "ამას ამბობდა აღაზა", - წერს ვაჟა და აქ პირველად დაასახელებს "აღაზას". თითქოს ამ მომენტში დაიბადაო აღაზა, როგორც პიროვნება. მიუხედავად ამ ბრძოლებისა, მან მაინც გადადგა ნაბიჯი, რადგან ძაღლი არ მიუშვა ზვიადაურის ცხედართან, ანუ ეს ბრძოლა გადაწყვიტა იმ ჭეშმარიტების სასარგებლოდ, რომელიც შეიცნო. სწორედ ამ წუთას დაიბადა აღაზა, ანუ აღზევდა თემზე. ეს სახელი ეტყობა შემთხვევითი არ არის. აღზევდა, ანუ იმ მომენტში მიეცა სახელი, როცა მან ეს დილემა გადაწვიტა და გამთლიანდა, როგორც პიროვნება.
- თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ პრობლემას ილია ჭავჭავაძე ლელთ ღუნიას პირით გამოთქვამს: "უწინა ქალაი ქალობდის, ვაჟაი ვაჟობდის, აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაფუჭდისო", ანუ ქალმაც და კაცმაც ფუნქციები დაკარგეს. რამ გამოიწვია ეს?
- ავიღოთ თუნდაც "კაცია-ადამიანი?!". ლუარსაბის პრობლემა ეპოქის არაადეკვატურად აღქმაში მდგომარეობს. ეპოქა და, შესაბამისად, ღირსების ფორმები (და არა მისი შინაარსი) შეიცვალა. ფეოდალური ჯარის ნაცვლად არსებობს რუსეთის იმპერიის ჯარი, წესრიგის დამცველი არის ჟანდარმერია. ადამიანს უკვე აღარ აკისრია ვალდებულება, რომ თვითონ ატარებდეს ხანჯალს და ასრულებდეს პოლიტიკურ ფუნქციასაც. მაშ, ადამიანის ღირსეული ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტს გარკვეულწილად აღარ წარმოადგენს სამხედრო სიქველე. არადა ძველ დროში ვერ იქნებოდი ღირსეული კაცი, თუ არ ფლობდი იარაღს და ბრძოლა არ შეგეძლო. მაგრამ დრო შეიცვალა. ლუარსაბის პრობლემა სწორედ ის არის, რომ ახალ დროს და ახალ სიტუაციას ალღოს ვერ უღებს. ახლა უკვე შემოდის განათლება, რომელიც ლუარსაბს ქალის საქმედ მიაჩნია ("წიგნი რა ვაჟკაცის ხელობააო"). ლუარსაბი ფუნქციას და, მაშასადამე, ღირსებასაც კარგავს, იმიტომ რომ ძველი ფუნქცია ღირსებას აღარ გამოხატავს. რაღა რჩება? რითღა უნდა დაამტკიცოს კაცმა თავისი უპირატესობა ქალთან შედარებით და ის, რომ ქალზე მეტად ძლიერია? ეს სივრცე ლუარსაბს, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. ვინაიდან ბრძოლის სივრცე დაიკარგა, მამაკაცისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ლუარსაბს აღარ აქვს, ის უკვე აღარ არის მებრძოლი. ხოლო სხვა ატრიბუტით - სწავლა-განათლებით ცოლი - დარეჯანი სჯობნის. ამიტომაც ოჯახში დარეჯანს აქვს უპირატესობა. ლუარსაბმა იცის, რომ დარეჯანი სჯობნის, ამიტომ ბუზების დათვლა არ არის შემთხვევითი რამ. ამით ლუარსაბს უნდა აჩვენოს, რომ მას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რითაც დარეჯანზე მაღლა დგას. ბუზებს თვლის იმიტომ, რომ დარეჯანს აჯობოს ჭკუაში. განა მე არა მაქვსო გონება? - ამბობს დარეჯანი. როგორ არა გაქვს, მაგრამ კაცის გონება და ქალის გონება სხვადასხვააო, - გამოეპასუხება ქმარი. ლუარსაბი ტრაგიკულად განიცდის, რომ ცოლი სჯობნის. მას ოჯახში დაკარგული აქვს ფუნქცია, აღარა აქვს მთავარი ხმა. ყველაზე საინტერესო ის არის, დარეჯანმაც კარგად იცის, რომ ის უპირატესია ოჯახში. გახსოვთ, ჩიხირთმასა და ბოზბაშზე კამათის დროს დადგა კულმინაციური მომენტი. ლუარსაბს მოგების შანსიც კი ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც დარეჯანი ეტყვის: "ჩიხირთმას რომ წარმოვიდგენ, მაშინვე ნერწყვი მომადგება პირზე. როცა მშიერი ვარ - მით უფროო", - ლუარსაბი დაფიქრდება და მიუგებს: "შენ ხომ ჩიხირთმა მშიერს გგვრის ნერწყვს, მე კი ბოზბაში მაძღარსაცო". ანუ ლოგიკით ლუარსაბმა აშკარად აჯობა ცოლს, მან მოიგო ოჯახის "დიდგორი", მაგრამ გამარჯვების ეიფორიაში მყოფს უცებ წამოსცდება: "ეს ისეთივე ცხადია, როგორც რომ თართია თევზების მეფეო". აი, აქ კი უკვე დარეჯანი გამოეკიდება მის ამ ერთ პატარა შეცდომას და ამას გამოიყენებს, რომ ლუარსაბის ეს "დიდგორის" გამარჯვება ჩაფარცხოს. ეს კამათები შემთხვევითი არ გახლავთ, არამედ იმის მაჩვენებელია, თუ რამხელა ტრაგედია შეიძლება იყოს კაცის უფუნქციოდ დარჩენა. სამწუხაროდ, დღესაც ვართ ამის მოწმენი. ბევრ მამაკაცს არა აქვს მოქმედების სივრცე, არ მუშაობს. ხშირად ქალები ტვირთულობენ ოჯახის მთელ ტვირთს. მამაკაცი, რა თქმა უნდა, დრამატულად განიცდის, როდესაც კარგავს მარჩენალის ფუნქციას. ეს მართლაც ტრაგედიაა.
თავის დროზე ილია სწორედ იმას ამბობდა, რომ ისტორიული რეალობა შეიცვალა. მოდის ახალი ეპოქა. ახლა დროა შრომისა და დროთა შესაფერი მხნეობა უნდა გამოვიჩინოთ, თორემ თუ არ ვიგრძენით ეპოქის მაჯისცემა და ფეხი არ შევუწყვეთ მის მსვლელობას, წავილეკებით. ხმლით მოსულ მტერს ვიგერიებდით, მაგრამ შრომით მოსულს ვეღარ მოვიგერიებთ. ახლა გმირობას უნდა მიეცეს სხვა ფორმა - შრომის ფორმა. ახალი ტიპის მენტალობა უნდა გავიჩინოთ. ვისწავლოთ, თუნდაც, კომერცია, ბიზნესკულტურა, რათა არ გავღატაკდეთ. სწორედ ამ მიზნით შექმნა ილიამ საადგილმამულო ბანკი. ილია ამხელს ლუარსაბებს, რომელთაც შრომა სირცხვილად მიაჩნიათ. ასეთი აზროვნება და შეხედულება კი დაღუპვამდე მიგვიყვანს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი