"ამერ-იმერის" აღსაზრდელებს დეკემბრის ბოლოს, ვიდრე საშობაო არდადეგები დაეწყებათ, ტრადიციისამებრ, გამორჩეული, საზეიმო გაკვეთილი აქვთ - ისინი ამ დღეს შობა-ახალ წელს წინასწარ ულოცავენ თბილისურ ოჯახებს, სადაც მეკვლეებიც არიან და მეალილოეებიც. ისინი ქართული საქმის მოამაგე, საინტერესო ადამიანებს სტუმრობენ.
28 დეკემბერს საზეიმო გაკვეთილს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა. ყმაწვილებმა ტრადიციული ჩიჩილაკითა და ტაბლა-აბრამიანით მიუკვლიეს განახლებულ მუზეუმსა და მის მესვეურთ, შემდეგ კი იქ ნანახითა და მოსმენილით აღტაცებულებმა ხალისით გამართეს მცირე წარმოდგენა: საგალობლებით, სიმღერა-ფერხულით, თამაშობებით. სიტყვის პაპის ხურჯინით ჩამოტანილ კითხვებზე პასუხებშიც შეეჯიბრნენ ერთმანეთს და სახალისო ჯილდოებიც დაიმსახურეს.
შემდეგ გეზი შერჩეული ოჯახისკენ აიღეს. ამჯერად ეწვივნენ ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილს - ქართული ხალხური სიმღერა-გალობის მოამაგე ერქომაიშვილთა გვარის ღირსეულ წარმომადგენელს. ბავშვური სიწრფელითა და სიხარულით მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი მასპინძლებს და საპასუხო სიყვარულითა და სითბოთი აღვსებულებმა მიაშურეს ლურჯ მონასტერს.
ასე მხიარულად გააცილეს 2008 წელი "ამერ-იმერის" აღსაზრდელებმა.
მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
მარი აშუღაშვილმა