ვით ოთხპირ ქარში მანდილი
აგვისტოს მოვლენებმა "ქართლის ცხოვრების" მძიმე წიგნს კიდევ ერთი ცრემლიანი და ტკივილიანი ფურცელი შეჰმატა. ყველა ფურცელი ხომ ისედაც "გულზე ნაწოლი ლოდია".
დღესაც ყველა ჭეშმარიტი ქართველის გულს ლოდივით აწევს გადამწვარი სოფლები, ყანები, ბავშვების შეშინებული თვალები, დაჭრილი ჯარისკაცები, უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილები ან თუნდაც რუსი ჯარისკაცების მიერ ხეხილიდან მოწყვეტილი თითოეული ნაყოფი. მახსენდება გიორგი ლეონიძის სიტყვები: "ახლოს მოიწი, სამშობლოს გულოო". მართლაც, ვინ, თუ არა პოეტი, განიცდის ყველაზე მძაფრად სამშობლოს ტკივილს, აყურადებს მის გულს, ევედრება, შეჰფოფინებს, სულს უბერავს, უკვდავების წამალს ეძებს მისი სიყვარულით გულანთებული და გულდაწყლულებული. პოეტ მზია ხეთაგურის ძარღვებში ოსური სისხლიც ჩქეფს და ქართულიც. ამიტომაც იგი "დაზარალებულიც არის და ჭირისუფალიც", როგორც თავად ბრძანებს, საკუთარ გულზე იწვნია ზურგში ჩაცემული მახვილის სიმწარე:
"თქვენითა მტკივა, რაც მტკივა,
თქვენგან ვარ დანაოსები,
მაგრამ მაგ ჯიშის რაკი ვარ...
მაგრამ რაკი ვარ ქართული
იავნანურით გაზრდილი
და ჩემი სული ფრიალებს,
ვით ოთხპირ ქარში მანდილი".
("სიმდის" კრიალოსანი")
დიახ, "ოთხპირ ქარში", გნებავთ, მესამე ძალის მიერ დანთებულ ცეცხლში ქალბატონი მზიას გული და სიყვარული გაასმაგებული ძალით ბობოქრობს, იწვის და ჩირაღდანივით ანათებს. ჯერ კიდევ 18 წლის წინ, ე.წ. ოსურ-ქართული კონფლიქტის დასაწყისში ამოთქვა მან ეს სიყვარული, რომელიც ლოცვა-ვედრებასავით ჟღერს:
"არა, აღარ მსურს გიხილო
გაკრული ქრისტეს ჯვარზე...
ლურჯად იღვრება ღიღილო -
შენ მიყვარხარო, "ვარზენ!"
(ვარზენ - მიყვარხარ ოსურ ენაზე)
არ მინდა სისხლად ვიხილო,
ცრემლი რომ დასდის ვაზებს...
უცრემლოდ წავიღიღინოთ
ორივემ ერთად: "ვარზენ!"
თვალები ვით შეელიოს
ამ მიწასა და ამ მზეს,
მტერი რომ არ მოგვერიოს,
ერთმანეთს ვუთხრათ: "ვარზენ!"
წმინდა გიორგი - "ვასტირჯი"
წმინდა იმედით გვავსებს,
დაგვრჩა სულ ერთი ნაბიჯი
შერიგებამდე... "ვარზენ!"
უნდა მღეროდეს ეს გული
მხოლოდ უეკლო ვარდზე,
ჩემო ძვირფასო მამულო,
როგორ მიყვარხარ, "ვარზენ!"
აღარსად უნდა გავექცეთ
ერთ ცას - ორისთვის სამზერს,
მუხლებზე უნდა დავეცეთ
და ვთქვათ: "მიყვარხარ, ვარზენ!"
("ვარზენ!")
ჯერ კიდევ 18 წლის წინ ხმამაღლა და შეუპოვრად ამბობდა მისთვის მეტად სახიფათო სიმართლეს.
ეხვეწებოდა, ემუდარებოდა თვისტომთ, ცდილობდა, მიეწვდინა მათთვის თავისი სუსტი ხმა, ჯერ ყურამდე, მერე ტვინამდე, მერე კი როგორმე გულისგულამდეც რომ ჩაეღწია: "რას სჩადით, ხალხო, ჩემო პატივმოყვარე, ერთმანეთის მჭამელო, ნიჭიერო, ბრიყვო, კეთილო, ბოროტო, ჯიუტო, ლამაზო, მახინჯო, რეგვენო, ბრძენო, შორეულო და ახლობელო ოსო ხალხო! ადამიანებს ხშირად ყელზე ძარღვი გვასკდება ყვირილით, ერთმანეთს კი ვერაფერს ვაგონებთ. მუნჯები უხმოდ საუბრობენ და მაინც ესმით ერთმანეთისა, ხოლო ხელებს ისე ხმარობენ, თითქოს პირჯვარს იწერენო. პირჯვრის წერა რომ აღარ გვახსოვს! რა სენი შეგვეყარა ასეთი, რომ ყველაფერი დავივიწყეთ: ღმერთი, ხატი, ადათი, გუშინდელი და წეღანდელიც კი!"
ქალბატონი მზია ხეთაგური ყოველთვის დაუფარავად ამხელდა ზოგიერთ ოსურ ოჯახში გამეფებულ სრულიად უსაფუძვლო ამპარტავნებას და "მშობლიური ოსეთის საქართველოს კლანჭებიდან განთავისუფლებისთვის" ბრძოლის ცრუ, დემაგოგიურ პათეტიკას. "ყველაზე დიდი პატრიოტიზმი, - წერს ერთ-ერთ წერილში, - იმაში უნდა გამოიხატოს, რომ დიდსულოვნად ნაბოძები მადლიანი მიწა-წყალი შევიფეროთ და მოვუაროთ მას... ქართულ ენასთან ბრძოლას მოვეშვათ და საკუთარი ენის გადაგვარებას ვებრძოლოთ, ვებრძოლოთ მათ, რომლებიც ციხის შიგნიდან გატეხვით და ეროვნულობის ნიღბით ორი ერის არსებობის პერსპექტივას ძირს უთხრიან, ცოცხლად მარხავენ. თვალწინ გვაქვს ჩრდილო ოსეთის მაგალითი. მაგრამ ქართული მიწის გაყოლებაც რომ დაგიგეგმავთ! მიწა კი საგზალი როდია... ქართულ მიწაზე მცხოვრები ერები - ყველანი ერთ ქვაბში ვთუხთუხებთ და ერთი მძიმე თავსახური გვახშობს. მტერიც ერთი გვყავს. ერთად სიცოცხლე ან ერთად სიკვდილი - "ჩვენი საერთო მომავალი".
ქალბატონი მზია ოს ერს უამრავჯერ დაუღალავად და გულითადად მოუწოდებდა "სინდისის ქენჯნის, ბრჭყალებში ჩაუსმელი მოქმედების გზისკენ", ცდილობდა მათი გულის მოქცევას ჭეშმარიტებისკენ. პასუხად კი რა მიიღო: ცხინვალში მის სახლში შეიჭრნენ და ააოხრეს. მას მერე მშობლიურ ქალაქში აღარ ჩასულა, ტანჯვა-წამებითა და სიკვდილით ემუქრებოდნენ სწორედ ისინი, ვისაც თავი მასზე "პატრიოტი" ეგონა. ბევრი ქართველობას ამოფარებული ოსი, ვინ იცის, გულში იცინოდა კიდეც და ამბობდა, რა უნდა, აუტკივარი თავი რისთვის აიტკივა, რა ენაღვლებოდა, კარგად ცხოვრობდა და პატივი არ აკლდაო. მაგრამ ქალბატონი მზიასთვის ეს მოღალატეობის ტოლფასია, რადგან შეუძლებელია, - წერს ერთგან, - გუმანით მაინც არ იგრძნო, რა შეიძლება მოჰყვეს შენი ერის ასეთ უსამართლო "სამართლიან" ბრძოლას. ვის სურს ერის მოღალატის და მტაცებლის სახელით შესვლა ისტორიაში?
დღესაც ესიზმრება სხვისთვის ჩვეულებრივი, მისთვის სანატრელი ზღაპარი - ქალაქი ცხინვალი: "ჩემი ტკივილის, სინანულის, გულუბრყვილობის და სილაღის მოწმე ცხინვალი. ქალაქი, სადაც ერთი ამოსუნთქვით გაირბინეს წლებმა, სადაც სოფლური ყაიდის უბნებიც მახსოვს და ფართო ქუჩებიც. მოჩუქურთმებული ქართული აივნებიც და ოსური "ვარაიდას" ხმებიც. თამარაშენის ანუ თამარნაშენის სამაჩაბლოს მთვარიანი ღამეებიც და გუჯაბაურის მადლიანი წყალიც. დაღმართის ბოლოს, ეკლესიასთან გაჩაღებული ჭიაკოკონა ახლაც გიზგიზებს. ცეცხლზე გადახტომისას რომ მეწვოდა, ახლაც ისე მეწვის წვივები...
ცხინვალი! - ჩამოხეული აფიშების ჩუმი შრიალი, ზამთარში ბომბორა ფანტელებით მოხატული ცა, დათოვლილი ნაძვები... გაზაფხულობით ნაცარგორაზე იებისა და ენძელების კრეფა, ბელტების ჟრუანტელის მომგვრელი სურნელი...
ცხინვალი, ჩემი ცხინვალი! - აქა მყავს მტერიც და მოყვარეც. სადაც უნდა წავიდე, თან რომ დამდევს მისი ფერიც და სურნელიც, გამოყოლილი ტკივილი და ბედნიერება, სინანული და მწუხარება, სიყვარული და... ისევ სიყვარული".
ახლაც და მაშინაც, 18 წლის წინ, მთელ მსოფლიოს პირზე ეკერა "ჩვენი მიყრუებული, ყველასგან დავიწყებული მზეთუნახავი სამაჩაბლო: ცხინვალი, ნიქოზი, თამარაშენი, კეხვი, აჩაბეთი, ერედვი, ხეითი... დღეს მსოფლიო ლაპარაკობს და რუკაზე აღნიშნავს ჩვენს ნატვრისთვალს! უბედურებამ დაისადგურა და იმიტომ! ბედნიერებისას არავის ვახსოვდით! რა ბედნიერები ვიყავით, როცა არავის ვახსოვდით, როცა არავინ გვიცნობდა! მე კი როგორ მწყინდა, რომ ყველგან არ იცნობდნენ ჩვენს ცხინვალს... როგორც იქნა, გაიგეს ჩვენი ცხინვალის არსებობის შესახებ, მაგრამ როდისღა - სისხლის წვიმების შემდეგ!"
ეს სიტყვები 18 წლის წინ დაიწერა, მას შემდეგ ვითარება უფრო და უფრო გამწვავდა, საბოლოოდ კი ყველაფერი ომამდე მივიდა. ქალბატონი მზია ხეთაგური დღეს ჩვენი სტუმარია.
- ქალბატონო მზია, ამ თავსმოხვეული კონფლიქტების დროს თქვენ არაერთხელ გითქვამთ ორი ხალხისთვის, რომ მიმდინარე ბრძოლა სულაც არ არის ოსების ბრძოლა ქართველებთან და - პირიქით. არამედ ეს არის რუსეთში არსებული ცენტრის (და არა რუსი ხალხის) ბრძოლა ერებთან, მათ შორის ოსებთან, აფხაზებთან და თავად რუსებთანაც კი. უამრავჯერ გაგიფრთხილებიათ ისინი ამის შესახებ... სამწუხაროდ, ეს შეგონება ადეკვატურად არ იქნა გაგებული. იმ სისხლის წვიმებს, რაც სამაჩაბლოში დაიღვარა, "ორი ხალხის თვალთაგან მომდინარე ერთი მდინარე" უწოდეთ. მაინც რა დამოკიდებულება იყო ამ ორ ხალხს შორის?
- ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელსაც, თუ გნებავთ, პარადოქსი უწოდეთ, გნებავთ - კურიოზი. მე მყავს ახლობლები, ლტოლვილები შიდა ქართლიდან, რომლებიც უკვე 18 წელიწადია, სასტუმრო "აფხაზეთში" ცხოვრობენ. ერთ მშვენიერ დღეს მათ მოსანახულებლად მივედი. კიბეზე ასულს უცნაური ხმაური შემომესმა. კარებს რომ მივუახლოვდი, მკაფიოდ გავარჩიე ოსური "ვარაიდას" და საუბრის ხმები. გაოგნებული დავრჩი. ვიფიქრე, აქ ხომ ქართველი ლტოლვილები ცხოვრობენ, ნუთუ ოსებიც შემოუერთდნენ-მეთქი. კარი რომ შევაღე, ოთახში ჩემი ახლობლების მეტი არავინ დამხვედრია. დამინახეს და სიცილი აუტყდათ, ხელი გადამხვიეს - რა კარგ დროს მოხვედიო. რა ამბებში ხართ-მეთქი. რა ვქნათ, ოსები მოგვენატრნენ, ხან სიმღერას წამოვიწყებთ ოსურ ენაზე და ხან ლაპარაკს. ხან ისეთ გუნებაზე ვდგებით, ლამისაა დავადოთ თავი, ჩავიდეთ ჩვენს კუთხეში, იმიტომ კი არა, რომ ჩვენი სახლი ანდა უბანი მოგვენატრა მხოლოდ, არამედ სწორედ იმიტომ, რომ ოსები მოგვენატრნენო. ბოლოს და ბოლოს, ჩავალთ და ვეტყვით: ამდენი ხანი ერთად გვიცხოვრია, ძალიან გვენატრებითო. ამას რომ ამბობდნენ, თან ტიროდნენ, თან იცინოდნენ.
ხედავთ, რა უცნაურია? ოსების მიერ გამოყრილები ამბობენ, - ისინი მოგვენატრნენო. განა არ მეტყველებს ეს ქართველი ხალხის გულწრფელობაზე, ტოლერანტობაზე, უძლეველ სიყვარულზე? ოსი ხალხის მხრიდანაც არის ასეთი მაგალითები, თუმცა უფრო იშვიათად. საქართველოში უფრო სხვაგვარი ვითარებაა. არც ქართველი ერი და არც საქართველოს ხელისუფლება არ გიშლიან ხელს, გიყვარდეს ოსი, მიუხედავად ყველაფრისა. არავინ დაგსჯის, სახლს არავინ გადაგიწვავს იმის გამო, რომ ოსი ადამიანი გიყვარს, გენატრება და ამჟღავნებ კიდეც ამ სიყვარულს. მაგრამ ოსებს უფრო მკაცრი და შეუვალი კანონები აქვთ. იქ, რომც ენატრებოდე და უყვარდე ვინმეს, ამას ვერ გაამჟღავნებს, ვერ გაბედავს იმიტომ, რომ იქაური ხელისუფლება და გარემო ამის უფლებას არ აძლევს. ის მტრად გთვლის, თუმცაღა მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ოსს ისევე უყვარს და ენატრება ქართველები, როგორც ქართველებს ისინი. თუკი მოწმე არ ჰყავთ, ადვილად ამჟღავნებენ გულწრფელ ემოციებს. ისინიც ხომ შეცდომილნი, მოწამლულნი და მოტყუებულნი არიან. მათ ტვინში წლების მანძილზე უამრავი ნაღმი ჩადეს, რომლებიც დროდადრო ფეთქდება. ეს ყველაფერი 20 წლის წინ არ დაწყებულა. რუსეთის მოდერნიზებულმა იმპერიამ ჯერ კიდევ გასაბჭოების დღიდან დაიწყო ამ ნაღმების ამოქმედება მარტივი პრინციპით: "გათიშე და იბატონე". იმპერია ცდილობდა, ეს გაეკეთებინა ოსების, აფხაზების... საშუალებით. ისინიც ადვილად წამოეგნენ ამ ანკესზე. იმპერია ნერგავდა ოსი ხალხის ცნობიერებაში იმ აზრს, რომ საქართველო არაფერ შუაშია ცხინვალთან და იქაურობა არის პირწმინდად "ისტორიული ოსეთი". გაყალბებული რუკებიც კი გამოსცეს. რუსეთის იმპერიის მიერ ჩადებულ ამ ნაღმებს ისიც დაემატა, რომ ოსი ხალხის ეთნოფსიქოლოგიაში რაღაცნაირად დევს წყენის გულში ჩადება, მიუტევებლობა. ამას ემატება ზოგადად მთიელთათვის დამახასიათებელი დაუნდობელი ტრადიცია - სისხლის აღების ადათი. ჰოდა, თვითონვე განსაჯეთ, რამდენად სახიფათო და სარისკოა მათი მხრიდან ქართველების ("მტრის") მიმართ სიყვარულის გამომჟღავნება. გმირობა რომ ჩაიდინო და შენი თავი გაიმეტო, შენს ახლობლებს ხომ მაინც ვერ გაიმეტებ?!
- თავის დროზე თქვენც ხომ მტრად გამოგაცხადეს. გვიამბეთ თქვენს ოჯახზეც...
- დედაჩემი ქრისტინე თედიაშვილი თითქმის 50 წელზე მეტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბავშვთა ექიმად მუშაობდა. უამრავი ბავშვი ჰყავს გადარჩენილი - ოსიც და არაოსიც. ხელ-ფეხიც მოჰყინვია მთიან სოფლებში ავადმყოფ ბავშვებთან სირბილში. მას არასოდეს დაუყვია პაციენტები ეროვნების მიხედვით და არც საკუთარი ეროვნების გარკვევაზე დაუხარჯავს ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადანახული ძვირფასი დრო. ცხინვალში სწორედ მათი შვილების ჯანმრთელობაზე გადაგებული ადამიანის, დედაჩემის სახლში შეიჭრნენ და ააოხრეს. ქრისტინე თედიაშვილს იმ სახლში არც ბრილიანტი ჰქონდა, არც ფული. მას გასამრჯელოდ მხოლოდ პაციენტთა ჯანმრთელობა და მადლობა ჰყოფნიდა. 70 წლის რომ გახდა, სწორედ წინასაიუბილეოდ ასე "დაუფასეს" ამაგი. ახლა ის სახლი ალბათ აღარ არსებობს. ზოგი მეუბნება, დაინგრაო. რაღა მნიშვნელობა აქვს? ამდენი წელია, ის უკვე ჩვენთვის აღარ არსებობს. სხვები დაეპატრონნენ იქაურობას. ნემსი და ძაფი რა არის, ისიც კი არ წამოგვიღია იქიდან. არა მარტო მე, არამედ ჩემს ახლობლებსაც. დედაჩემმა მოულოდნელად დატოვა იქაურობა. გაჯიუტებული იყო, არ მოდიოდა: აქ უნდა მოვკვდეო. ადრეც, ზღუდრის კალთაზე შეფენილ ჩვენს საგვარეულო სასაფლაოზე რომ ავიდოდით, სასოებით დაუსვამდა ხელს მიწას, თითქოს წასულებსაც და მომავალში წასასვლელებსაც - ყველას ერთად სულს უბერავდა. აი, ამ კუთხეშია ჩემი ალაგი, - იტყოდა ხოლმე რუდუნებით, - ეს არის ჩემი ნაგლეჯი, ამ ზღუდრის კალთაზე, ამ ცისა და მზის ქვეშ, აქაურ შემოდგომაზე და ზამთარში, ზაფხულში და გაზაფხულზე უნდა დავიმარხოო. ჩემმა დამ ძალით წამოიყვანა ცხინვალიდან. სამხედრო მანქანით მიაკითხა, ცოტა დრო მაქვს, თუ არ წამოხვალ, იცოდე, ხვალ მზია ჩამოვა შენს წასაყვანადო. იცოდა დედაჩემმა, რასაც ნიშნავდა ჩემი იქ ჩასვლა და რა მელოდა. ამიტომ ყოყმანი აღარ დაუწყია და თავისი ფეხით, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. თავგანწირული ადამიანი იყო. თან გულუბრყვილოდ სჯეროდა, - მე ხელს არავინ მახლებსო. სჯეროდა, რომ ყველაფერი მალევე მოგვარდებოდა. ეს შეცდომააო, - ფიქრობდა, - ხალხი დაბნეულია და შეუძლებელია ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელდესო, აი, ნახავთო. მაგრამ მოხდა კი ასე?.. დღემდე გრძელდება ეს "შეცდომა" თუ 80 წლის წინ შეგნებულად და მიზანმიმართულად ჩადენილი დანაშაული.
მე მაინც მგონია, რომ შეუძლებელია ოსები და ქართველები ერთმანეთს მტრობდნენ. ცხინვალში თითქმის არ არსებობს ოსური ოჯახი, რომელთა ნათესაობაში თითო-ოროლა ქართველი მაინც არ ერიოს (ასევეა ქართულ ოჯახებში). როგორც კვერცხის გული და ცილა, ისეა ჩვენი ცხოვრება ერთმანეთთან ათქვეფილი. ამიტომ ჩვენი გაყოფა და დაცალკევება წარმოუდგენლად მიმაჩნია.
ღმერთი გვეუბნება: მე განსაცდელი მოგივლინეთ და ღირსეულად შეხვდითო. ამ წლებმა უამრავი საფიქრალი გაგვიჩინა. თუმცა დიდი განსაცდლების შემდეგ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც ხომ ვისწავლეთ ფიქრი და თუნდაც იმის გაფრთხილება დავიწყეთ, რასაც ადრე უდიერად ვექცეოდით. შეიძლება ჩვენ ერთმანეთსაც კი არ ვუფრთხლდებოდით. ნუგეშიც ის არის, რომ ამ განსაცდელს უკვალოდ არ ჩაუვლია - ვიმეორებ, ფიქრი ვისწავლეთ და იმედია, მომავალში უფრო გონივრულ დასკვნებს გავაკეთებთ.