"იცოდე, უსამშობლოდ კაცი არა ხარ"
სამწუხაროდ, ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ეროვნული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების დიდი ნაწილი იკარგება, არადა ნებისმიერი ერის კულტურა სწორედ ხალხური შემოქმედებითაა ნასაზრდოები.
თუ მომავალი თაობა ფესვებზე არ გაზარდე და წარსული არ შეაყვარე, ჭეშმარიტ მამულიშვილად ვერ ჩამოყალიბდება.ფოლკლორთან ერთად ბავშვები სამშობლოს კუთხეებს, მის ჩვეულებებსაც ეცნობიან სტუდია "ამერ-იმერში", რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამგვარად ლოცავს: "ღმერთმა დალოცოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან (ლურჯი მონასტერი) არსებული ბავშვთა სტუდია "ამერ-იმერის" პედაგოგები და აღსაზრდელები. ღვთის კურთხევა და მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!"
სტუდიის შესახებ გვესაუბრება მისი ხელმძღვანელი გიგი (გიორგი) გარაყანიძე.
- სათავიდან დავიწყებ: კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მუდამ იყო მომავალი თაობის აღზრდაზე ფიქრი. ბუნებრივია, ასე იყო ჩვენშიც. "რკო პატარაა, მაგრამ მისგან დიდი მუხა იზრდება", - ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩვენი წინაპრები ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეს. ეს კი მხოლოდ მშობლიურ ნიადაგზე შეიძლება მოხდეს, სამშობლოსა და ყოველივე მშობლიურის შემეცნების გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა შეექმნება არა მარტო ადამიანს, არამედ ქვეყანასაც. "იცოდე, უსამშობლოდ კაცი არა ხარ", - ამბობს გურამ დოჩანაშვილის ცნობილი ლიტერატურული გმირი. ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, ეს რეალობაა, ისეთივე რეალობა, როგორიც ის, რომ ქართველობისთვის სრულებით არ კმარა, ქართული გვარით დაიბადო საქართველოში; ამისთვის სამშობლოს ცოდნაა უპირველესი. იაკობ გოგებაშვილიც ხომ ამას წუხდა: სკოლაში ბავშვებს ყოველივეს ვასწავლით, მაგრამ ვერ ვაძლევთ ცოდნას სამშობლოს შესახებო.
სწორედ ამ სულისკვეთებით შექმნეს ეთნომუსიკოლოგმა ედიშერ გარაყანიძემ და მისმა მეუღლემ, ენათმეცნიერმა ნინო ბაღათურიამ საყმაწვილო ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია "ამერ-იმერი" 1991 წელს, საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდში. ამასვე დაეფუძნა სტუდიის სასწავლო კურსი - სამშობლოსმცოდნეობა.
საქართველოში აღზრდის ათასწლოვანი გამოცდილება ეროვნულ ტრადიციებსა და სოფლის ყოფას უკავშირდებოდა, რომელიც მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. მუსიკით იყო გაჯერებული ცხოვრების ყოველი მომენტი. ამიტომაა სტუდია "ამერ-იმერში" წარმმართველი მუსიკალური ფოლკლორი, რომელშიც დაუნჯებულია ქართველი ხალხის გულისთქმა, მისი თავგადასავალი.
საქართველოში ძველთაგანვე იყო ტრადიცია ეკლესია-მონასტრების წიაღში კულტურულ-საგანმანათლებლო კერების არსებობისა. ამ კერებშივე მოიაზრებოდა ბავშვთა აღზრდაც. სწორედ ამ ტრადიციისკენ მიბრუნების მცდელობაა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით, სტუდია "ამერ-იმერის" 2007 წლიდან თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძართან დამკვიდრებაც. "ამერ-იმერს" ჯგუფი ჰყავს სიღნაღის რაიონშიც, რომელიც ასევე ეკლესიასთან - წნორის წმინდა ილია მართლის ტაძართან არსებობს (წინამძღვარი გახლავთ დეკანოზი დავით გრიგალაშვილი).
- რას მოიცავს "სამშობლოსმცოდნეობის" კურსი და რა არის "ამერ-იმერის" მთავარი მიზანი?
- მართალია, ჩვენს სტუდიაში წარმმართველია მუსიკალური ფოლკლორი და საგალობლები, მაგრამ სტუდიის მთავარი მიზანი ბავშვის ჰარმონიულ პიროვნებად აღზრდაა, რისი საწინდარიც მისი მშობლიურ ნიადაგზე დაყენებაა. პატარებს აქ ის გარემო ექმნებათ, რომელშიც მათი წინაპარი ბავშვები ცხოვრობდნენ. ისინი თამაშობენ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ, ქართულ გარემოზე მორგებულ თამაშებს, რომელთა მარტო სახელებიც კი მრავლისმეტყველია: "ჩიტფაფაობა", "წვიმა მოდის, თავს უშველეთ", "ქოროფრინდაობა", "ყოჩობანა", "ხოროლია-ბოროლია", "ლილჩე", "ნიშხა-ნიშხა" და სხვა. ასეთი თამაში ძალზე ბევრია. სამწუხაროდ, უფროსები და სპეციალისტთა ნაწილიც კი საბავშვო თამაშებს ნაკლებად მნიშვნელოვან გასართობად მიიჩნევს. სინამდვილეში კი ამ თამაშობებში, მათთან შერწყმულ ლექს-სიმღერებში, გათვლებში დაუნჯებულია მთელი ინტონაციური სამყარო, რომელიც საბავშვო მუსიკალურ ფოლკლორს ქმნის და რომლის მეშვეობითაც პატარები ბუნებრივად შედიან უნიკალური ქართული სიმღერის სამყაროში. ხალხური ტრადიციიდან აღებული ბავშვის მუსიკალური აღზრდის სწორედ ეს საფეხურებრივი პრინციპი დაუდო სტუდიას საფუძვლად ედიშერ გარაყანიძემ. აქ აღზრდილი ბავშვები სიმღერებს თავისუფლად, უდირიჟიროდ ასრულებენ, იციან ვარიანტები, იმპროვიზების უნარი უმუშავდებათ, დამწყებს დაუბრკოლებლად უხამებენ ხმებს, საფერხულო სიმღერაზე ფერხულს აბამენ, საცეკვაოზე ცეკვით ჩამოუვლიან... და ყოველივე ეს ხდება ბუნებრივად, სადად, ხალისიანად, როგორც ყოფაში იყო.
სტუდიის ტაძართან არსებობა, უპირველესად, ეკლესიის წიაღში ყოფნას გულისხმობს. სტუდიას ჰყავს მოძღვარი, ბავშვები მეცადინეობას ლოცვით იწყებენ და ლოცვითვე ამთავრებენ, აქვთ ყოველკვირეული საუბრები საღვთო სჯულზე...
- როგორ აცნობთ აღსაზრდელებს ეთნოგრაფიას?
- საქართველოს კუთხეებს და მათ წეს-ჩვეულებებს საგანგებოდ სტუდიისთვის შექმნილი პროგრამით ვაცნობთ, რომელსაც "სამშობლოსმცოდნეობის" პრინციპი მოიცავს. შემდეგ ნასწავლს პრაქტიკაში ვაცოცხლებთ. მაგალითად, "ალილო" არ არის მხოლოდ სასიმღეროდ შექმნილი; ის ტრადიციაა, რომელიც სიმღერისა და ქმედების ერთობლიობას გულისხმობს. ამიტომ "ალილოს" შესწავლის შემდეგ პატარები შობას "ალილოთი" ულოცავენ ხალხს.
ბავშვებს საქართველოს ისტორიასაც ვაცნობთ. ამ მიზნით ზაფხულში ქვათახევში წავედით, რასაც შესაბამისი ისტორიის შესწავლა უძღოდა წინ. ქვათახევში მოვაწყვეთ არიფანა - გაზაფხულზე ბუნების გაღვიძების დღეობა. ეს ტრადიცია ძალიან კარგად აქვს აღწერილი გიორგი ლეონიძეს "ნატვრის ხეში". ჩვენც ნაწილობრივ სწორედ ამ ნაწარმოების მიხედვით აღვადგინეთ. არიფანას დროს ბავშვები მინდვრად გადიან, წნავენ ყვავილების გვირგვინებს, თამაშობენ, მღერიან და ზეიმს მართავენ. არიფანა ერთობლივად იზეიმეს "ამერ-იმერის" წნორელმა და თბილისელმა სტუდიელებმა.
ზოგადი შემეცნების წესით ისინი ტრადიციულ დარგებსაც ეცნობიან - მიგვყავს სახელოსნოებში და ნახულობენ, როგორ მუშაობენ ტიხრულ მინანქარზე, თექაზე, როგორ მუშაობენ სამჭედლოში, ტაძარში მოხატვის პროცესს ადევნებენ თვალს...
ტრადიციულად, "ამერ-იმერი" პერიოდულად მართავს საანგარიშო წარმოდგენას სხვადასხვა სცენაზე.
სტუდიამ საერთაშორისო წარმატებებიც მოიპოვა: 1994 წელს გერმანიის ფესტივალზე სპეციალისტებმა იგი ევროპის საუკეთესო სტუდიად აღიარეს, რის საფუძველზეც გარკვეული პერიოდის განმავლობაში "დოიჩე ბანკი" უწევდა ფინანსურ თანადგომას. სტუდია 2002 წელს "ბი-ბი-სიმ" მიიწვია დიდ ბრიტანეთში, სადაც "ამერ-იმერის" კონცერტები და მისი წევრების ჩატარებული ქართული სიმღერის გაკვეთილები რადიოთი და ტელევიზიით გადაიცა.
- რამ განაპირობა ანსამბლ "მთიების" შექმნა, რომელიც "ამერ-იმერზე" ადრე ჩამოაყალიბა მამათქვენმა - ბატონმა ედიშერ გარაყანიძემ?
- "მთიებიც" და "ამერ-იმერიც" მამას სამეცნიერო კონცეფციის ხორცშესხმა, მისი თეორიული დებულებების პრაქტიკაში გაცოცხლების სურვილი გახლდათ.
"მთიები" ედიშერ გარაყანიძემ 1980 წელს შექმნა. თავდაპირველად ისიც სხვა ანსამბლებს ჰგავდა, მაგრამ მალევე გამოირჩა, რადგან პირველსაწყისს მიუბრუნდა. "მთიების" მრწამსია, ფოლკლორი შესრულდეს იმ ფორმითა და სირთულით, როგორითაც სრულდებოდა სოფლად. გლეხი კი ჩვეულებრივი ადამიანი იყო - უკრავდა, მღეროდა, ცეკვავდა. ნაკლებად იყო შეზღუდული. ზოგჯერ სიმღერას წამოიწყებდა, ზოგჯერ ბანს იტყოდა... თუ ანსამბლს ფოლკლორული ჰქვია, მის წევრებს ეს ყველაფერი უნდა შეეძლოთ და მუსიკალური შესრულებაც პირველწყაროს უნდა უახლოვდებოდეს.
ყურადღება მიექცა სამოსსაც. ანსამბლის თითოეულ წევრს სხვადასხვა კუთხის სამოსი ეცვა. მოგეხსენებათ, ჩოხა არ ყოფილა ერთადერთი ქართული სამოსი.
2003 წლიდან "მთიებს" ახალგაზრდა თაობა შეემატა. ისინი სწორედ "ამერ-იმერის" აღზრდილები არიან. თითოეულ მათგანს თავისი სპეციალობა და საქმე აქვს, მაგრამ, ისე, როგორც ძველად იყო, ყველამ იცის მღერა და არა ცალკეული სიმღერების ცალკეული ხმები. ეს უკვე ცხოვრების წესად გვექცა.
- რეპერტუარს როგორ ადგენთ?
- შემოქმედების გამდიდრება ხდებოდა და ხდება აუთენტური, თვითმყოფადი სიმღერებისა და შემსრულებლების მოძიების გზით, იქნება ეს ჩანაწერები თუ ცოცხალი ურთიერთობები ექსპედიციებისას. დღეს თითქმის შეუძლებელია მსგავსი ნიმუშების სოფლად ნახვა, თუმცა ფრაგმენტულად, მოხუცთა ხსოვნას კიდევ შემორჩა საინტერესო მასალა. მაგალითად, 2002-2004 წლებში საკმაოდ საინტერესო ნიმუშები მოვიძიეთ კახეთში, სვანეთში, რომლებიც ჩვენს რეპერტუარშიც ჩავრთეთ.
სასცენო საქმიანობასთან ერთად "მთიები" ძველი ტრადიციების აღდგენასაც ცდილობს - შობას "ალილოზე", აღდგომას კი "ჭონაზე". ეს ტრადიციები მივიწყებული იყო, 80-იანი წლებიდან "მთიებმა" დაიწყო მათი გაცოცხლება, დღეს კი უკვე ყველა იცნობს. "მთიები" ხშირი სტუმარია ტრადიციული ხატობებისა, მონაწილეობს იქ გამართულ ცეკვა-ფერხულებსა და კაფია-შაირობებში...
- პროფესიის არჩევა ალბათ არ გაგჭირვებიათ...
- სპეციალობით ეთნოლოგი ვარ და მუსიკის ეთნოლოგიის საკითხებზე ვმუშაობ. სამეცნიერო ინტერესები სწორედ სტუდია "ამერ-იმერში" ყოფნისას (მის პირველ თაობას ვეკუთვნი) გამიჩნდა.
ჩვენი ოჯახი და სტუდია, ფაქტობრივად, ერთი ინტერესით ცხოვრობდა - მამას დავყავდი ექსპედიციებში, ვხვდებოდით გლეხებს, მოხუცებისგან სიმღერებს ვსწავლობდით. თუმცა, როცა სპეციალობის არჩევის დრო დამიდგა, ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობდი. მაგრამ გადამწყვეტ დროს მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემეული საქმე, ის, რისი კეთებაც მინდოდა.
- რას ნიშნავს "ეთნომუსიკის თეატრი" (როგორც "მთიებს" ჰქვია ამჟამად), რომელსაც სამეცნიერო ნაშრომიც უძღვენით?
- მონოგრაფიაში "ქართული ეთნომუსიკის თეატრი და მისი საწყისები" მოცემულია ფოლკლორული მუსიკის სინკრეტული ხასიათის განსაზღვრება, რაც გულისხმობს მუსიკისა და ყოფის რეალიების განუყოფლობას. საამისოდ გამოვიყენე ტერმინი "ეთნომუსიკის თეატრი". მაგალითად განვიხილოთ ამინდის მართვის სიმღერები. გვალვისგან შეწუხებულ სოფელში ქალები გააკეთებდენ თოჯინას, რომელსაც ლაზარეს, ზოგან - გონჯას, არქმევდნენ და სიმღერით ჩამოივლიდნენ სოფელს. სოფლელებიც დადგენილი წესით ხვდებოდნენ, წყალს ასხამდნენ. ხდებოდა პირიქითაც: გაბმული წვიმების გამო ჩამომვლელებს ნაცრით, ფქვილით ან მუგუზლებით ეგებებოდნენ. ასე რომ, ამ წეს-ჩვეულებას განსაზღვრული სცენარიც ჰქონდა, ჰყავდა შემსრულებლებიცა და მაყურებლებიც. ამ ყველაფერს ბუნებრივად ახლდა მუსიკა. ორიოდე სიტყვით სწორედ ეს გახლავთ "ეთნომუსიკის თეატრი". წიგნს ახლავს ვიდეომასალა, რომელზეც ბევრი ასეთი ჩვეულება დოკუმენტურ კადრებადაა აღბეჭდილი.
დაბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ლურჯ მონასტერთან არსებობს ედიშერ გარაყანიძის სახელობის ეთნოკულტურის სამეცნიერო კვლევის ცენტრიც. ეს წიგნი სწორედ ამ ცენტრმა გამოსცა საპატრიარქოსთან არსებულ ტრადიციული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა და მკვლევართა ფონდთან ერთად. ამ ცენტრის პირველი საქმე სწორედ ზემოხსენებული წიგნის გამოცემა გახლდათ. გეგმები სხვაც ბევრი გვაქვს და, ღვთის შეწევნით, მათი ხორცშესხმის შესახებ თქვენც გაცნობებთ.
საუბრის გაგრძელება ვთხოვეთ თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის (ლურჯი მონასტერი) წინამძღვარს დეკანოზ დავით შარაშენიძეს:
- საკვირაო სამრევლო სკოლების ტრადიციას ძალიან დიდი ისტორია აქვს. სამწუხაროდ, იმ რეალობის გამო, რომელშიც უწევდა არსებობა ჩვენს ეკლესიას, ეს ტრადიცია დაიკარგა.
ძველად მონასტრები არა მხოლოდ ასკეტურ ცხოვრებაზე იყო ორიენტირებული, არამედ ქრისტიანულ ხელოვნებასაც ქმნიდა. მონასტრებთან არსებულ საგანმანათლებლო კერებში მიმდინარეობდა მთარგმნელობითი მუშაობა, იქმნებოდა საგალობლები, ისწავლებოდა კედლის მხატვრობა.
- დღეს ბევრ ტაძართან არსებობს სამრევლო სკოლა?
- უწმინდესს ყოველთვის სურდა ამ ტრადიციის აღდგენა, რადგან ეს ნამდვილად გვჭირდება. დღეს ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, ისინი ეკლესიის წევრები გახდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ რწმენის ელემენტარულ საფუძვლებზე. საეკლესიო მსახურებისას ყოველთვის ვერ ხერხდება ხალხის კატეხიზაცია. ამასთან, ეკლესიაში მუდმივად მოდის დამწყებთა ახალი ტალღა. ამიტომ საჭირო გახდა, შექმნილიყო ისეთი კერები, სადაც ცოდნის ეს ვაკუუმი შეივსებოდა, ასწავლიდნენ სხვადასხვა საეკლესიო დისციპლინას - გალობას, ქარგვას, ხელსაქმეს... ასე რომ, ჩვენი სტუდიის შექმნის იდეაც სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევიდან გამომდინარეობდა. უწმინდესმა ყველა ტაძარს მისცა კურთხევა საკვირაო სკოლების დაარსებისა, სადაც მრევლს ასაკის შეუზღუდავად შეეძლებოდა მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძვლების გაცნობა.
- როგორ დაიდო ბინა სტუდია "ამერ-იმერმა" ლურჯ მონასტერთან?
- ეს სტუდია მანამდეც არსებობდა და საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდა. სტუდიის ხელმძღვანელი გიგი გარაყანიძე ლურჯი მონასტრის მრევლია. ჩვენც გაგვიჩნდა იდეა, "ამერ-იმერი" აღდგენილიყო და სწორედ ტაძართან გაეგრძელებინა ფუნქციონირება.
სტუდიის აღსაზრდელები ძირითადად ჩვენი ტაძრის მრევლის 6-12 წლის ბავშვები არიან. "ამერ-იმერის" მთავარი მიზანია, გააცნოს მათ საკუთარი სამშობლო, მისი ისტორია, კულტურა, ზნე-ჩვეულებები, ფოლკლორი...
სტუდიაში რამდენიმე პედაგოგი ასწავლის. ბავშვებს სჯულის საფუძვლებსაც ვაცნობთ, ვუყვებით საღვთო ისტორიას, ბიბლიურ სიუჟეტებს, რათა ცნობიერად უფრო დაუახლოვდნენ ეკლესიას.
- რა სირთულეები ახლავს საღვთო სჯულის სწავლებას?
- რელიგიის სწავლება საკმაოდ რთულია. არსებობს სპეციალური ფორმები და მეთოდოლოგია, როგორ მივაწოდოთ ბავშვს ეს ცოდნა, რომ იგი არ იყოს მოსაწყენი და არ დაემსგავსოს ჩვეულებრივ სასკოლო დისციპლინებს. საღვთო სჯულის სწავლება ძალიან თავისუფალი უნდა იყოს, ბავშვს თვითონ უნდა ჰქონდეს სწავლის სურვილი, ჩაერთოს პროცესში და არ იყოს მხოლოდ პასიური მსმენელი.
რელიგიური ცოდნა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს განსხვავებული ფორმითა და შინაარსით უნდა მიეწოდოს. ამიტომ სჯულის სწავლებისას ვცდილობთ, ჯგუფი ასაკის შესაბამისად გავყოთ. პატარებს სხვა ტიპის თხრობა აინტერესებთ, მოზრდილებს - სხვა. კითხვებიც განსხვავებული უჩნდებათ, რაზეც მასწავლებელი ასაკის შესაბამისადვე პასუხობს, წმინდა წერილიდანაც უყვება შესაფერის ეპიზოდებს.
- "ამერ-იმერზე" საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მის დამაარსებელს - ბატონ ედიშერ გარაყანიძეს.
- ედიშერი, შეიძლება ითქვას, ეპოქალური პიროვნება იყო. ამ ადამიანმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ხალხური სიმღერის თავდაპირველი სახის მოძიება, ამ სიმღერებს აუთენტურობა შეუნარჩუნა. მანვე შექმნა საქართველოში პირველი ეთნომუსიკის თეატრი. სხვათა შორის, დღეს მის კვალზე ძალზე ბევრი ანსამბლი იქმნება, რომლებიც მღერიან და თეატრალიზებულად აჩვენებენ ამა თუ იმ სიმღერის არსსა და დანიშნულებას.
ედიშერს ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა უცხოეთში. დიდ ბრიტანეთში სწორედ მისი ხელშეწყობით შეიქმნა ქართული სიმღერით "დაავადებულთა" ათეულობით პატარა ჯგუფი.
ახლა ამ ტრადიციას მისი ვაჟი აგრძელებს. იგი ხელმძღვანელობს სტუდია "ამერ-იმერს", არის "მთიების" სამხატვრო ხელმძღვანელი, პარალელურად კი სამეცნიერო მუშაობას ეწევა. ახლახან გამოვიდა მისი წიგნი "ქართული ეთნომუსიკის თეატრი და მისი საწყისები", რომელშიც მეტად საინტერესო, თამამი აზრებია გამოთქმული ეთნომუსიკის თეატრის შესახებ.
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
მარი აშუღაშვილი