ჭეშმარიტი მწერლობა ღმერთის პირისპირ დგომაა. მწერალს ნიშანი აქვს დადებული განგებისგან: "მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა" (ილია).
მწერალს ევალება და ხელეწიფება, იდგეს "ზეციურ მამასა" და ხალხს შორის, რათა არ შეწყდეს ის კავშირი, რომელსაც სიტყვა-ლოგოსი უზრუნველყოფს.
მწერლის მისიაა "ზეციურ ხმათა ახსნა და განმარტება". იგი უნდა დაეხმაროს ღვთისგან გაუცხოებულ ერსა და კაცობრიობას უფალთან შერიგებაში, მოამზადოს ღვთის სიტყვის მისაღებად, ჭეშმარიტ სამშობლოში, დაკარგულ ედემში, სიყვარულის მხარეში დასაბრუნებლად, რომლის წილიც ყველა ადამიანშია. ღმერთთან და ხალხთან მიმართებაში იკვეთება ჭეშმარიტი მწერლის დანიშნულება, მისი, როგორც შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის, როლი.
სწორედ ეს როლი და მისია იტვირთა ჩვენი დროის წყვდიადში მწერალმა გოდერძი ჩოხელმა, რომლის გარდაცვალებიდან უკვე ერთი წელი გავიდა. იგი ჩადგა ხალხსა და ღმერთს შორის, თავისი უცოდველი და დაუცველი ხელებით დაიჭირა "მამის თვალისმომჭრელი სხივი" და იმ სითბოთი და სინათლით, "ზეციური საკურთხევლის ცეცხლად" რომ ენთო მის გულში, დღესაც გვინათებს ღამეს, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება.
ამ თვალსაზრისით გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაზე გვესაუბრება ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მანანა კვაჭანტირაძე.
- რამდენად ახერხებს გოდერძი ჩოხელი, "ცის ნამი აპკუროს, მზის სხივი მოუმარჯვოს", დააჯეროს ადამიანი, რომ მასში არის ღვთის ხატება, რომელსაც გამოღვიძება სჭირდება?
- გოდერძი ჩოხელი მწერალია და ნამდვილი მწერლობის დანიშნულებაც დღემდე ესაა - ადამიანის სულში მადლის მარცვლები დათესოს, სიკეთეს ძალა შემატოს და "ღვთის ხატი" გამოაღვიძოს. ჩოხელი ამას პირდაპირაც ათქმევინებს თავის გმირებს და ირიბადაც - "შთაგრძნობის" ცნობილი ხერხით. ხშირად ლაპარაკობს ღმერთზე, ამ სოფლიდან წასვლაზე, ამქვეყნად მოსვლის მიზანზე, ადამიანში ღმერთის წილის განსაზღვრას ცდილობს.
რაც შეეხება მწერლის ამქვეყნად მოსვლის მიზანს, თავის მისიას, ალბათ, ისე ხედავდა, როგორც ერთ მოთხრობაში ამბობს: "დაწერეთ ისეთი წიგნი, როგორიც ბავშვის ტირილია. მაშინ თქვენ ჭეშმარიტად დიდი მწერალი იქნებით. ეცადეთ სიცოცხლეშივე მოიპოვოთ თქვენი სულის გარდაცვალება".
- ჰუმანიზმი, მოყვასის სიყვარული რამდენად გვევლინება იმ მთავარ ღერძად, რაზეც მწერლის პიროვნება დგას? უარყოფითი გმირისადმი თავისი პრინციპული დამოკიდებულების მიუხედავად, რამდენად ახერხებს გოდერძი ჩოხელი იყოს მიმტევებელი?
- ლიტერატურული პერსონაჟები საუკუნეების მანძილზე უწევდნენ მეგზურობას საზოგადოებას სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ნამდვილი მწერლობა დღესაც სწორედ ამას აკეთებს, ოღონდ ხერხები, ფორმები შეიცვალა, სიახლის მოთხოვნილება გაჩნდა თვით მკითხველშიც. არც დღევანდელი ადამიანია გუშინდელის მსგავსი. მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია და ვერ მოვთხოვთ, უარყოფითი გმირი უყვარდეს. ჩოხელს ადამიანი უყვარს ზოგადად, ადამის მოდგმას და ჯიშს თანაუგრძნობს და ებრალება იგი. თითქოს მკაცრია, ხანდახან სასტიკიც, მაგრამ ყოველთვის მიმტევებელი. ამ მიმტევებლობას ვგრძნობთ მის იუმორში, ირონიაშიც. ის კაცი მახსენდება, ულვაშზე ცხიმს რომ ისვამდა, ამპარტავნებით შეპყრობილს შვილი რომ შემოაკვდა და მერე მის საფლავთან დგომით მუხლამდე ჩავიდა მიწაში. ეს მონანიების ისეთი მაგალითია, შეუძლებელია, არ შეგებრალოს. ჰოდა, ჩოხელსაც ებრალება, რაკიღა ამას წერს.
ჩოხელის მხატვრული მეთოდი, შეიძლება ითქვას, ჩაურევლობაა. პერსონაჟების მიმართ მორალისტური ტონი არ ახასიათებს, სულერთია, დადებითია გმირი თუ უარყოფითი. სამაგიეროდ, მისი დამოკიდებულების ამოკითხვა სხვადასხვა გზით შეიძლება და არ უნდა დაგვეზაროს ამ ნიშნების ამოცნობა. ჩოხელი სწორედ ამ პოეტიკის ერთგულია და, შესაძლოა, ეს იყოს კიდეც მწერლის ამოცანა. დღეს ყველაფერი ისე შეფუთული გვეძლევა, რომ განსხვავება ავსა და კარგს შორის ძნელი ამოსაცნობი გახდა. მეჩვენება, რომ ჩოხელი ამ პოლარული საწყისების ურთიერთშეჭრის ტენდენციას, ფორმათა აღრევას უკვე 80-იან წლებში საკმაოდ კარგად გრძნობდა და ფხიზლად იცავდა "სამანს", თუმცა მორალისტური პოზიცია საგანგებოდ არ შეჰქონდა თავის მოთხრობებში. იქ ამის ადგილი ნამდვილად არ იყო.
- გოდერძი ჩოხელის შემოქმედებაში ერთ მხარეს დგას რწმენითა და სიკეთით გაჯერებული, ტრადიციების მიმდევარი გუდამაყარი, მეორე მხარეს კი დედაქალაქი, თავისი ცივილიზაციით, კულტურით, კანონებით. სად ხედავს მწერალი შერიგების გზას ამ პოლარულ გარემოებებს შორის?
- ქალაქის და სოფლის დაპირისპირება დღეს, ფაქტობრივად, ბუნება-კულტურის ოპოზიციად იქცა. როგორც ჩანს, ჩოხელისთვის ეს მტკივნეული საკითხი იყო, თუმცა გუდამაყარი, თუ მხატვრულ სახედ განვიხილავთ და ასეც უნდა შევხედოთ, მხოლოდ "სოფელი" არაა და ამ დაპირისპირებაში ცოტა სხვაგვარადაა ჩართული. დღეს, როცა კულტურის ცნება კეთილდღეობის, რაციონალიზმის, ტექნიკური პროგრესისა და გლობალიზაციის ცნებებს დაუკავშირდა, ცხადია, ჩვენი სიმპათიები ბუნებისკენ იხრება, როგორც ინდივიდუალობის, თვითმყოფადობის, ტრადიციული კულტურისა და ღირებულებების სამყოფისკენ, თუმცა რეალურად ამ ცნებათა განლაგების ადგილი არ შეიძლება იყოს მხოლოდ სოფელი, თუნდაც გუდამაყარი. გუდამაყარი პირობითი სახელწოდებაა იმ სივრცისა, სადაც მისთვის ძვირფასი ინახება: სიყვარული, სიკეთე, რწმენა, ღირსება და სხვა ადამიანური ქველობები.
- გოდერძი ჩოხელი ზოგიერთ ნაწარმოებში ღმერთთან შუამავლობასაც კისრულობს, ადამიანებისთვის დახმარებას ითხოვს.
- ჩოხელი ქართული მწერლობის ტრადიციის ერთგულია, თუმცა ერთგულება სულაც არ უშლის ხელს, მწერლის მისიის საკუთარი ხედვა, ვერსია შემოგვთავაზოს. არსი იგივე რჩება: მწერალი ადამიანის ქომაგია, მისი "დარდების შემგროვებელი". რეზო ინანიშვილი ბრძანებდა, მწერალს დარაჯის ფუნქციაღა დარჩა. წარსულიდან მოყოლილ რაღაც-რაღაცებს სდარაჯობს ბალახიდან ბავშვებამდე, მასაც უმწეოდ აქვს გაშლილი ხელები დარაჯივითო. როგორ უხდება ეს სიტყვები გოდერძი ჩოხელს! იგი გუდამაყარს სდარაჯობს, გუდამაყარს უდგას მცველად, ანუ იმას, რაც მისი ხილული კონკრეტულობის მიღმა იმალება: სიკეთეს, ერთგულებას, უბრალოებას, გულუბრყვილობას, თავდადებას. მართლაც სდარაჯობს და თანაც - სწორედ ბალახებიდან ბავშვებამდე. მწერალი ამისთვის ჩნდება, ამისთვის აჯილდოებს ღმერთი ენის განსაკუთრებული შეგრძნებით, თხრობის განსაკუთრებული უნარით, განუწყვეტელ დიალოგში რომ იყოს ადამიანებთან, შეახსენოს, თანაუგრძნოს, რადგან ღმერთი, ლოგოსი-სიტყვაა, სიტყვით მოვლენილი და განხატებული. ყველაზე უფრო სწორედ მწერალს, სიტყვის მომპატრონებელს, სიტყვის მადლით დასაჩუქრებულს შეუძლია საღვთო საქმის კეთება, ამისთვისაა მოვლენილი. გავიხსენოთ, როგორი სიყვარულით, სიბრალულით, კრძალვით საუბრობს ვაჟა სიტყვაზე:
"სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? - ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულ-განგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილ-ჩამოხეული".
ჩვენ განსაკუთრებული განძის მფლობელები ვართ და ეს უნდა გვახსოვდეს. მთის ენას ვგულისხმობ - ამაყსა და ღონიერს, უცნაური მადლითა და ღირსებით მოსილს, ნებისმიერი მკითხველის გულის კარს რომ შეხსნის თავისი ძალითა და სიბრძნით, მათ შორის ისეთებისაც,სულაც რომ არ დაუდგამთ მთაში ფეხი. მწერალი მთაშიც და ბარშიც, დედამიწის ყოველ კუთხეში, ყველაზე მეტად სიტყვას ერთგულებს და ამით ემსახურება, ცხადია, იმ კულტურასა და ღირებულებებსაც, ამ სიტყვამ რომ შვა; დროსაც, ადამიანის ღვაწლად და ტრადიციად რომ გარდაისახა, და ცნობიერებასაც, რომელმაც ის შექმნა, ამით მიაგებს პატივს.
- ცისკენ სწრაფვის, ცისა და მიწის შერიგების იდეა განმსჭვალავს ჩოხელის შემოქმედებას. მაინც რა სამანი აერთიანებს დედამიწასა და ცას, სად ხედავს მწერალი ადამიანის ნამდვილ ადგილს და რაზე მიგვანიშნებს უგუმბათო ეკლესია?
- ადამიანის ადგილი ჩოხელისთვის დედამიწაა. დედამიწაა ადამიანებისა და სიცოცხლის სამყოფი სივრცე. ამიტომაც ამბობს: თუ დედამიწას გაუმარჯვდება, სიცოცხლეც გამარჯვებული იქნებაო. მოთხრობაში, "წერილი ნაძვებს", ვკითხულობთ: სუნთქავს მიწა, როგორც კაცი, ამოისუნთქავს და როდის-როდის ჩაისუნთქავსო. რაც შეეხება ცას, იგი ღვთის სადგომია. ამაზეც პირდაპირ ამბობს ჩოხელი: ,,მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ ყველანი დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია... როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსახული სახეები, თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთსა..." ჩოხელის კოსმოსი ერთი მთლიანობაა, დაუნაწევრებელი. განცალკევება დროებითია, საბოლოოდ ყველაფერი - სულიერიც და მატერიალურიც - ერთმანეთს ერთვის. ასეთია ღვთიური კოსმოსის წესი. ამიტომ იქცევიან ადამიანი და ნაძვი ერთ სახედ, ამიტომ გრძნობს კაცი ნაძვის ფესვებს და არ ეთმობა ეს ერთიანობა.
სამანს აქეთ და სამანს იქით ორი განსხვავებული სამყაროა, ადამიანურ საქმეთათვის ბოძებული საზღაური - სივრცის სახით.
ჩოხელი ძირითადად ამ სივრცეზე ფიქრობს - ადამიანის ამქვეყნიურ სადგომზე, რომელიც ხან ხნულია, ხან საფლავი - ყანწიანი თუ ხელეჩოიანი კაცის გამოსახულებით, ხან კი წვრილი თეთრი ქვებისგან აკინძული, კედელში ჩალესილი ხაზი, კაცის სავალი ბილიკივით. სივრცეს შეაშრებაო, - ამბობს ჩოხელი გაქრობაზე, სიკვდილზე. სულ ფერებში ხედავს სიკვდილ-სიცოცხლის მოძრაობას: "სიზმარივით გადავხუნდებიო", - ამოიკვნესებს. ნახეთ, რამდენი რამით ესაუბრება, როგორ ერთგულებს ამ სივრცეებს, როგორ ეძებს სულის კვლებს და ხატებს ადამიანის სადგომში, მისი ხელით გაკეთებულ საგნებში, როგორ საუბრობენ მკვდრები ამ საგნების მეშვეობით და აუცილებლად იგრძნობთ, რას ნიშნავს ჩოხელისთვის დედამიწა და სიცოცხლე, რაშია ადამიანის დანიშნულება. ერთი ნატვრა მაქვსო, ამბობს: ღმერთმა თავისი ძალა მამცეს, რომ დედამიწა ავიყვანო და ხელისგულზე დავისვაო. რატომ? ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდიო. რით არაა დარაჯი - ბავშვებს, უმწეოებს, დაღლილებს რომ სდარაჯობს, მათ შორის ისეთ უცნაურ დაღლილსაც, როგორიცაა დედამიწა?
ჩოხელთან მშვენიერება უცნაურია და სადღაც სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე იშვება. ჩემს ძვლებზე იების ამოსვლას ვინატრებდიო, - ამბობს ათნოხელი გორია და ვხედავთ, როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად იშვება სილამაზე არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ სიკვდილის წიაღშიც. ყველაფერი ერთმანეთში გადადის და ამ გადასვლაშიც ღვთის ხელი ურევია, ღვთის კანონი დგას და ჩოხელისთვის სწორედ ეს კანონია მშვენიერი.
- სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მარადიული სიყვარულის ვარდი ყვავილობსო, - ამბობს. რა არის ეს ვარდი?
- ადამიანი სიყვარულისთვის იბადება. ამ სიყვარულის ხარჯვა და განაწილებაა, მისი სიცოცხლის აზრი - ასეთია ჩოხელის კონცეფცია. მაგრამ ეს ცოდნა თუ მისია სადღაც დაიკარგა, თითქოს წარსულს გაჰყვა თან. ამიტომაც იხსენებს ძველებს, წინაპრებს, ტრადიციებს. წარსული აქვეა, აწმყოს გვერდით, მხოლოდ დანახვა უნდა შეძლოს ადამიანმა. ამ ცოდნას გუდამაყრელი ტრაგიკულ წამში იბრუნებს და ამიტომაც უყვარს ჩოხელს ეს ტრაგიკული წამი. ტრაგიკული ბგერა მის საზეიმო განწყობასაც ახლავს ხოლმე. ჩოხელი სიკვდილის სილამაზეში გვარწმუნებს და მზესა და მთვარეს ადარებს მას. მწერალი იმისთვისაა, სიკვდილი მოუშინაუროს და მისი შიში დააძლევინოს ადამიანს. ჩოხელი სიკვდილის საზარელი ხატის გამშვენიერებას ცდილობს და მას მოცეკვავე ახალგაზრდა ვაჟის სახით წარმოგვიდგენს. ეს იგივე, ხელოვნებისათვის კარგად ნაცნობი, ცელიანი კაცის ცეკვაა, ოღონდ ჩოხელის ვარიანტით მოწოდებული არა ირონიული, არამედ ტრაგიკული ელფერით, ადამიანთა დაუნდობლობით რაღაცნაირად გასაწყლებული.
დასასრულში დგას დასაწყისი. სიკვდილი და სიცოცხლე ისე ავსებენ ერთმანეთს, როგორც გარიჟრაჟი იშვება ღამისაგან, როგორც მწუხრი ერწყმის ღამის სიბნელეს. სამყარო წიგნია და ამ წიგნის წაკითხვა თუ გინდა, ორივე უნდა აღიარო - დასაწყისიც და დასასრულიც. ამიტომ ამბობს ქართველი კაცი: "ღმერთმა გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო". ჩოხელი ყურს უგდებს ყოფიერების ამ ხმაურს, ამ მიქცევ-მოქცევას და თავის დასკვნასაც აკეთებს: "სიცოცხლე სევდაა, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.... სიკვდილიც სევდა არის, ოღონდ ადამიანად არყოფნის სევდა. ამ ბოლო ფრაზას, პირველისგან განსხვავებით, ერთი სიტყვა აკლია, მსაზღვრელი, და ჩოხელის შეფასებაც ესაა. ჩვენ არ ვიცით, როგორია არყოფნის სევდა, არც ჩოხელმა იცის და არ ცდილობს მკითხველის მოტყუებას.
- ჩოხელთან, ვფიქრობ, კიდევ ერთი კონფლიქტია - ერთია ქართულ მითოლოგიაზე, ფოლკლორზე აღმოცენებული რწმენა და მეორეა - ქრისტიანული. როგორ ხდება ამათი მორიგება მწერალთან?
- არა მგონია, ისინი ერთმანეთს უშლიდნენ ხელს და მოსარიგებლად იყოს საქმე. ორივენი კვებავენ ჩოხელის მხატვრულ აზროვნებას, როგორც ორი დიდი წყარო შთაგონებისა, ხან გაუცნობიერებლად, ხან ცნობიერად. ნიჭიერ მწერალს არ უჭირს, მითს, თქმულებას ქრისტიანული შინაარსი მოარგოს, თანაც სრულიად ბუნებრივად, ძალდაუტანებლად. ბუნების, სულდგმულის, ადამიანის ისეთი თანაგრძნობა, როგორიც ჩოხელთან გვხვდება, მხოლოდ ღრმა რწმენის შედეგი შეიძლება იყოს. თუმცა, ცხადია, მწერალს, ხელოვანს ვერ მოვთხოვთ, ამ ყველაფერს საეკლესიო ნორმების ზუსტი დაცვით ახორციელებდეს.
- სიკეთეს ებრძვის ბოროტება და უსამართლობა, სილამაზეს - უსახურება. როგორ ხატავს მწერალი ამ ბრძოლას და რამდენად ცდილობს, გადაარჩინოს, აამაღლოს, განწმინდოს, გაანათოს რეალობა და მკითხველი დააფიქროს სიკეთისა და სილამაზის უძლეველობაზე?
- ჩოხელის თითქმის ყველა მოთხრობა სწორედ ამ ბრძოლაზე და ადამიანში სიკეთისა და სილამაზის გადარჩენაზეა დაწერილი. რა ემახსოვრება შენს სულს? - კითხულობს და პასუხობს: ადამიანები, სიხარული და მწუხარება, მარტოობის სევდა, ცოდვა-მადლი, ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში, მიწა, რომელზეც დადიოდი, საგნები, რომელთაც შეეჩვიე. შენს სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში. ჩოხელის გმირებმა იციან, რომ ადამიანად ყოფნა ტვირთია და ამ ტვირთის ტარება ზოგჯერ იმდენად მძიმე და უიმედო ეჩვენებათ, რომ ადამიანობაზე უარს ამბობენ და თევზად იქცევიან. მოტივაცია დამაჯერებელია, თუმცა ეს წამიერი, დროებითი ფიქრია. მოთხრობის ბოლოშივე, შეძრწუნებულ ხალხს რომ უყურებს, ჩოხელს უკვე აქვს პასუხი კითხვაზე - ღირს თუ არა ადამიანად ყოფნა: "ღირს! ღირს!" - ამ სიტყვებს რწმენა და სიყვარული ამბობს მწერლის პირით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი