ამასთან დაკავშირებით გვესაუბრება არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქ-ნი დოდო (მარიამ) ღლონტი.
- მინდა "ვეფხისტყაოსნით" დავიწყო. ამ დიდებულ პოემაში ყოველ ქართველს აქვს თავისი სანუკვარი სტრიქონი, აფორიზმი, სტროფი თუ ეპიზოდი. მე ერთი ასეთი სტრიქონი მაქვს, რომელიც, ჩემი აზრით, არის რუსთველური ფორმულირება არჩევანისა და თავისუფლებისა. ამ ფორმულირებაში რუსთაველი ახსენებს სიტყვას "ცდა": "ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების". "ცდა" აქ რამდენიმე მნიშვნელობით შეიძლება ამოვიკითხოთ: ჯერ ერთი, რუსთაველი გვეუბნება, თუ გინდა, ღმერთმა მოგხედოს, წყალობა მოგცეს და გამარჯვებული, გამართლებული იყო მის წინაშე, შენ თავად არ უნდა დააკლო ცდა - ეცადეო.
"ბედი ცდააო", - განმარტავს რუსთაველი, და "ცდის" ანუ "განსაცდელის" მნიშვნელობასთან ერთად იმასაც გულისხმობს, რომ ეს განსაცდელი ღვთივმოსაწონი მორჩილებითა და მოთმინებით უნდა მივიღოთ.
აქედან გამომდინარე, "ცდის" მესამე მნიშვნელობაც ამოიზრდება: როდესაც განსაცდელი თავს დაგატყდება, უნდა "ეცადო", ანუ ყველა ღონე იხმარო, რომ ღვთის მოსაწონად მოიქცე.
"ცდის" კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძლება ვიგულოთ: ბედი ის გამოცდაა, რომელსაც ღვთის "ნდომით" ("ღმერთსა უნდეს"), ღვთის ნებითა და შეწევნით სძლევ და გაიმარჯვებ. ამგვარად ერთიანდება სიტყვაში "ცდა" ეს ორი მნიშვნელობა - "განსაცდელი" და "გამოცდა", მაგრამ გამოცდა საცდურადაც იქცევა ხოლმე, მაშინ, როცა უმართებულოდ აკეთებ არჩევანს. მხოლოდ კეთილი არჩევანით დაძლევ ამ საცდურსაც და განსაცდელსაც. ყველამ იცის, რომ კეთილი არჩევანი საწინდარია ჭეშმარიტი თავისუფლებისა.
პირველი განსაცდელი კაცთაგან ევას დაატყდა თავს. მას ეახლა მაცდური და მაცდურად შესთავაზა საცდური. ეს საცდუნებელი მაცდურმა იმისთვის განუმზადა კაცთა მოდგმას, რათა განშორებოდა კეთილს, ანუ გაეკეთებინა არასწორი, უმართებულო - ბოროტი არჩევანი. სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს: ,,საცთომელი - კეთილზე მოსაცთენელია". ანუ ის არის, რაც კეთილს მოგვაცდენს და განგვაშორებს. "მაცდური" და "მაცდენელი" სულხან-საბასთვის სინონიმებია, მაცდური "სწორის შემშლელია, მართლის შემაცდენელიაო". განა ეს ქადაგება არ არის? სულხან-საბა მისთვის ჩვეული ლაკონიურობით, ამომწურავად გვაჩვენებს, რომ "ცდენა", "გაცდენა", "ცდუნება", "შეცდუნება" - მართალი საქმისგან შეცდენაა, ანუ ღვთის წინაშე გამტყუნების მცდელობაა.
ასევე ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული მნიშვნელობები "განსაცდელისა", "საცდელისა" და "განცდისა". სიტყვა "განცდა" ძველ ქართულში "ხილვას" ნიშნავდა. სულხან-საბასთვის "განსაცდელი არის მოსანახვებელი". იგი შეგვახსენებს ნაკვეთს "მამაო ჩვენოს" ლოცვიდან: "და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა" (მათე 6,13). ჩვენ უფალს ხომ იმას ვევედრებით ლოცვით, რომ არ გვანახოს იმგვარი საცდური, ისეთი განსაცდელი არ დაგვატეხოს თავს, რომელსაც ვერ მოვერევით. ახლა ავიღოთ სიტყვა "გამოცდილი", რომელიც ძველ ქართულში ნიშნავდა "წმინდას, განწმენდილს". "გამოუცდელი" კი ძველად იყო "განუწმენდელი, არაგანწმენდილი", აქ, რაღა თქმა უნდა, იგულისხმება ცოდვისგან განწმენდილი და ცოდვიანი, ანუ განუწმენდელი. წმინდა წერილიდან გავიხსენოთ: როგორც ოქრო გამოიცდება და იწმინდება ცეცხლში, ასევე უნდა გამოვიცადოთ განსაცდელებით და განვიწმიდოთ ცოდვებისგან. სწორედ ეს არის მიზანი განსაცდელისა და ალბათ არ შევცდები, თუკი ვიტყვი, რომ - საცდურისაც.
- ამ თვალსაზრისით, გამოდის, რომ საცდური არც ისე ცუდი რამ ყოფილა.
- ყოველმა მართლმორწმუნე ქრისტიანმა კარგად იცის, რომ უფალს ვუყვარვართ და იმიტომაც გვივლენს განსაცდელებს. ეს მისი დაშვებით ხდება, მაგრამ ევას უმართებულო არჩევანი მისი ნება იყო. ჩვენც ასე ვცდებით ხოლმე. სხვათა შორის, სიტყვა "საცდურთან" არის დაკავშირებული სიტყვა "ცდენა". ყოველი ფუჭად, უქმად განვლილი ჟამი არის მისი "ცდენა, გაცდენა" - გაცდენილი დრო (საქმეს მოვცდი, დრო გავაცდინეო, - ვამბობთ ხოლმე დანანებით). ეს არის დრო, რომლის განმავლობაშიც არ გაკეთდა კეთილი საქმე, გაცდენილი დროც და მოცდენილი საქმეც ერთგვარი განსაცდელია, რომლის ხილვა, ანუ "განცდა" აუცილებელია.
ვფიქრობ, ერთ ბუდეში, ერთ ოჯახში მოქცეული ყველა ეს სიტყვა: "საცდელი, განსაცდელი, განცდა, გამოცდა, მაცდური" - ასევე მისტიკურად გულისხმობს ორ უდიდეს სათნოებას - სიფხიზლესა და მოთმინებას. როდესაც საცდურთან გვაქვს საქმე, როცა განსაცდელი გვეწვევა, გვმართებს სიფხიზლე, ფრთხილად ყოფნა. განსაცდელს სიმშვიდითა და მოთმინებით უნდა შევეგებოთ, კეთილად მოვითმინოთ, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის.
ამ გაგებით, განსაცდელი ჩემი არჩევანის ერთგვარი რეალიზატორია, მე ვერ გავაკეთებ არჩევანს, თუ განსაცდელი არ დამატყდა თავს - "სახილველად", ე.ი. თუ არ დავინახავ, არ ვიხილავ, არ გავარჩევ ავსა და კარგს, კეთილსა და ბოროტს. და როცა უკვე ვიხილავ, განვიცდი - გამოცდილი ვხდები, ვიძენ გამოცდილებას, და ეს კეთილია.
ასე რომ, განსაცდელი თუ საცდური, თვითონ მაცდურიც, უნდა თუ არ უნდა, კეთილ საქმეს მიკეთებს, ოღონდ, ვიმეორებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მე ამ განსაცდელს კეთილად დავინახავ, თუკი საცდურს სულიერი სიფხიზლითა და მოთმინებით განვიცდი, მაშინ მექნება კეთილი წილი ღვთის დაშვებით მოვლენილ განსაცდელში. პირველდაცემის შემდეგ უფალმა კაცთა მოდგმას სინანულის გამოცდილება მისცა, რომელიც არის გზა და საშუალება ცხონებისთვის, კვლავ სამოთხეში დაბრუნებისთვის. ანდაზა - "ზოგი (ზოგჯერ) ჭირი მარგებელიაო", ქრისტიანული თვალთახედვით, სახეს იცვლის: "ყველა ჭირი მარგებელიაო"! ("ჭირი" ძველ ქართულში განსაცდელსაც ნიშნავდა).
მაგონდება სიტყვები: ,,ცუდი" და ,,ცოდვა". ძველ ქართულში "ცუდი" ნიშნავდა "ამაოს, უნაყოფოს". გაცუდდაო, ე. ი. ამაოდ, ფუჭად დარჩა, ნაყოფი არ გამოიღოო. უნაყოფობა კი ქრისტიანისთვის კეთილისგან დაშორებაა, სიკეთის მოკლებაა. ცოდვაც ხომ ის არის, კეთილს რომ მოგაცდენს. ცოდვა სიკეთის ნაკლულევანებაა, გაცუდებაა სიკეთისა.
დიახ, სიტყვათა ეს ოჯახი, "საცდურმა" რომ გაგვახსენა, ქრისტიანობას შეგვაგონებს, გვახედებს ქრისტიანული სათნოებებისკენ - სიფხიზლისკენ, მოთმინებისკენ, მორჩილებისკენ... ასევე დაგვაფიქრებს არჩევანზე, თავისუფლებაზე და, მაშასადამე, კეთილ გამოცდილებას გვძენს.
- როგორც ვიცი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილება მუშაობს ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის გამოცემაზე.
- ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ ავთანდილ არაბულის ხელმძღვანელობით ბოლო ხანებში ინტენსიურად ვმუშაობთ. მზადაა ამ ლექსიკონის ინდექსი (საძიებელი), 40000-მდე სალექსიკონო ერთეულის მონაცემია შეტანილი კომპიუტერში, მაგრამ ფინანსური შეჭირვების გამო დროულად ვერ ხერხდება გამოცემა.
ღვთის შეწევნით, უახლოეს მომავალში ენათმეცნიერების ინსტიტუტის ეგიდით გამოვა სამწიგნეული, ,,ქართული სიტყვის საუფლოში", სადაც აღიბეჭდება თორმეტი ლექსიკური ბუდე, მაგალითად: "უფალი და ღმერთი", "სული და ხორცი", "კაცი და ადამიანი", "სამოსელი" და სხვა. თითოეული ბუდე შეიცავს ოცდაათამდე სიტყვას. ლექსიკურ ბუდეებში წარმოჩნდება ამ სიტყვათა ეტიმოლოგია (წარმომავლობა), სემანტიკა (მნიშვნელობა) და შესაბამისი საღვთისმეტყველო განმარტებითი კორპუსი. განმარტებები ამოკრებილია წმინდა მამების ნაშრომებიდან. თავად წიგნისა და ბუდეების სამ-სამ ნაწილად დაყოფითაც ვლინდება ქრისტიანული დამოკიდებულება ამ თემისადმი, საზოგადოდ - ქართული სიტყვისადმი, ასევე თაყვანისცემა ცხოველსმყოფელი სამებისადმი.
ეს არის პირველი ცდა ამგვარი წიგნის შექმნისა და გამოცემისა საქართველოში. რა თქმა უნდა, სამუშაო მეტად შრომატევადია და საპასუხისმგებლოც. მაგრამ, მადლობა უფალს, პირველი წიგნი თითქმის უკვე მზად გვაქვს.
"