ქართული საეკლესიო გალობის ისტორიის რთული პერიოდი XIX საუკუნიდან დაიწყო. რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად ჩვენი ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: ჩამოერთვა ავტოკეფალია, განადგურდა და გაიძარცვა მისი ფასდაუდებელი საუნჯე.
ღვთისმსახურების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს საფრთხე დაემუქრა. განადგურების პირას აღმოჩნდა ქართული საეკლესიო გალობაც. აიკრძალა არა მხოლოდ ქართულ ენაზე გალობა, არამედ მისი ქართული კილოც.
ქართული გალობის ტრადიციის რღვევამ, ცხადია, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწეთა წრეების შეშფოთება გამოიწვია. აუცილებელი გახდა, სასწრაფოდ გამონახულიყო გზა და საშუალება ქართული საეკლესიო კილოების ჩაწერისა, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. ამ საშვილიშვილო საქმის გადარჩენა შესაძლებელი გახდა წმინდა მღვდელმთავართა ალექსანდრე ოქროპირიძისა და გაბრიელ ქიქოძის, ასევე - წმინდა ილია მართლის უშუალო ხელმძღვანელობით. მათ გარდა ამ ფასდაუდებელი ეროვნული საუნჯის დაცვასა და გადარჩენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ფილიმონ ქორიძეს, რაჟდენ ხუნდაძეს, წმინდა ექვთიმე კერესელიძეს, მელქისედეკ ნაკაშიძეს, მაქსიმე შარაძეს, ძმებ კარბელაშვილებს და სხვებს. სწორედ მათი მეოხებით მოხდა ათასობით ქართული საგალობლის ჩაწერა და ნოტებზე გადატანა. ეს ადამიანები ძველი ქართული საგალობო დამწერლობის საუკეთესო მცოდნენი იყვნენ და კარგად იცოდნენ ამ საგანძურის ფასი.
წმინდა ექვთიმე კერესელიძემ კი ავადსახსენებელი კომუნისტური რეჟიმის დროს, თავდაუზოგავი შრომისა და ტანჯვის ფასად, სასწაულებრივად გადაარჩინა ეს საგანძური. ერთ-ერთ სანოტო ხელნაწერზე შემორჩენილია მისი ლოცვა: "დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამის მხიარულებით. და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერსა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ღმერთმა შეისმინა ვედრება - ურყევი რწმენისა და თავდადების წყალობით ქართულმა საგალობლებმა ჩვენამდე მოაღწია. ამჟამად ისინი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.
გავიდა დრო და ეკლესიური ცხოვრების აღორძინების კვალობაზე, ამ მივიწყებული ქართული საგალობლების აღდგენა და ხელახლა აჟღერებაც დაიწყო, რაც, პირველ რიგში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დამსახურებაა. განსაკუთრებით ახალგაზრდობა იჩენს ცხოველ ინტერესს და ამ საშურ საქმეს დიდი სიყვარულით, რუდუნებითა და ენთუზიაზმით ეკიდება. ერთ-ერთი პირველები, ვისაც წილად ხვდა ამ საქმის თაოსნობა, არიან ანჩისხატის ეკლესიის გუნდის მგალობლები. ეს გუნდი უკვე მრავალი წელია არსებობს. ჩვენ მის სულისჩამდგმელს, ბატონ მალხაზ ერქვანიძეს გავესაუბრეთ.
- ბატონო მალხაზ, რატომ ან როგორ დაინტერესდით ძველი ქართული საგალობლებით?
- ჩვენ მუსიკალური წრის ხალხი ვართ. კონსერვატორიაში ვსწავლობდით - პროფესიულად ვეუფლებოდით პროფესიულ მუსიკას. სანამ ამ საქმეს მოვკიდებდი ხელს, ქაშვეთის ეკლესიაში ვგალობდი (85-86 წლები იდგა). ცხადია, არ მაკმაყოფილებდა ის ჟღერადობა და სამგალობლო ფონი, რაც იმხანად თან სდევდა ღვთისმსახურებას. გული მტკიოდა და ვეძებდი ხელსაყრელ შემთხვევას, რომ ამ საქმისთვის რამე მეშველა და ძველი, ნამდვილი ქართული საეკლესიო გალობა ამეღორძინებინა. ვიცოდით, რომ ძველი საგალობლების ხელნაწერებიც არსებობდა, კარბელაშვილების კრებულებზეც მიგვიწვდებოდა ხელი... ველოდით და გვჯეროდა, ღვთის შეწევნით ამის დროც დადგებოდა.
ასეც მოხდა. 1997 წელს კონსერვატორიაში გუნდი ჩამოვაყალიბე. თავიდან ქართულ ხალხურ სიმღერებს ვსწავლობდით, მაგრამ მერე ბიჭებს ვკითხე, საგალობლებზე ხომ არ გადავსულიყავით-მეთქი... ერთხმად დამთანხმდნენ. და აი, თავდაუზოგავი შრომითა და ღვთის შეწევნით ავაჟღერეთ მივიწყებული საგალობლები.
შემდეგ მის უწმინდესობასთან წარგვადგინეს. ძალიან გაიხარა. ის მაშინ ერთადერთი ადამიანი გახლდათ, ვინც ამ საქმეს მფარველობდა - წინააღმდეგობა იყო ძალიან დიდი, სამღვდელოების მხრიდანაც და მრევლისგანაც.
- რატომ წააწყდით წინააღმდეგობებს, რატომ არ აღმოჩნდა საზოგადოება მზად ძველი ქართული საეკლესიო გალობის მისაღებად?
- მიზეზი, ალბათ, ის გახლდათ, რომ ტრადიციულ გალობას ყური გადაეჩვია. ჩვენი სმენითი აღქმისთვის ეს საგალობლები უცხო აღმოჩნდა. ის, რაზეც ჩვენი წინაპრები იზრდებოდნენ და საფლავშიც მიჰყვებოდათ, ქართველ ხალხს დაავიწყეს... ბედნიერი ვართ, რომ ამ საგანძურის გაცოცხლებაში რაღაც წვლილი ჩვენც შევიტანეთ, თუნდაც იმით, რომ ამ საქმეს პირველებმა ჩვენ მოვკიდეთ ხელი.
ახლა უკვე გუნდებიც იქმნება, გალობა ნელ-ნელა ვრცელდება, მაგრამ აუცილებელია სამგალობლო სკოლის შექმნა, რათა ამ საქმეს უფრო მყარი საფუძველი მიეცეს.
- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ძველი ქართული საგალობლები ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული, მაგრამ მათი გაშიფვრა და აჟღერება დიდ პროფესიულ ნიჭსა და შემოქმედებით ძალისხმევას მოითხოვს. როგორ გაართვით თავი ამ საქმეს, რა განცდა გქონდათ, როდესაც პირველი საგალობელი ააჟღერეთ?
- ვიცოდით, ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ათასობით საგალობლის უდიდესი ნაწილი, შემდგომ აწ უკვე წმინდანად შერაცხულმა ექვთიმე კერესელიძემ გადაათეთრა, შეასწორა, შეავსო და მაშინდელ მთავრობას ჩააბარა. ეს ხელნაწერები ინახებოდა სეიფში, რომელსაც ქალბატონი თინა ლობჟანიძე შვილივით დაჰფოფინებდა - მოგეხსენებათ, კომუნისტების ამბავი: წამდაუწუმ კითხულობდნენ, რა ინახება მაგ სეიფშიო? რაღაც ძველი სიმღერებიაო, ქალბატონი თინა პასუხობდა...
მაგრამ მთავარი სირთულე, იცით, რა იყო? ბევრს მიაჩნდა, რომ ამ საგალობლებს, პრაქტიკულად, ვერ იმღერებდი. საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა. როცა ამ განძს ხელი შევახეთ და პირველი საგალობელი ავაჟღერეთ, სინამდვილემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იცით, როგორი განცდა იყო? საგანძურში რომ აღმოჩნდები და კაციშვილი არ არის პატრონი, მიდი და რაც გინდა, აკეთე. ჩვენც ნელ-ნელა შევუდექით საქმეს. იმ სამგალობლო პრაქტიკის შედეგად, რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა, სხვადასხვა მსახურებისთვის განკუთვნილი უკვე 6-7 წიგნი გამოვეცით. ის, რაც დღეს ჟღერს, ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ უნდა დაიხვეწოს, დადგინდეს, ამოიხსნას ჩვენთვის ჯერჯერობით დაფარული ტრადიციული ქართული მუსიკის საიდუმლოებები. ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებელია, შეიქმნას რაღაც ერთიანი მეცნიერულ-პრაქტიკული ცენტრი, სადაც ამ ყველაფრის ღრმა შესწავლას მოჰკიდებენ ხელს.
- რამდენი წევრი ჰყავს თქვენს გუნდს და რა პროფესიისანი არიან ისინი?
- გუნდში თორმეტი ადამიანია. აქედან სამნი ფოლკლორისტები გახლავართ: დათო შუღლიაშვილი, ლევან ვეშაპიძე და მე. გვყავს ერთი პიანისტი - დათო ზათიაშვილი, და დირიჟორი - ვასილ ცეცხლაძე. დანარჩენები არიან: თეოლოგი და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორი გრიგოლ ბულია, ხატმწერი გოჩა გიორგაძე, მხატვარი გოჩა ბალავაძე, არქიტექტორები მამუკა კიკნაძე და დავით მეგრელიძე, გეოგრაფი და პედაგოგი კობა ბერიაშვილი და ზაალ წერეთელი - პროგრამისტი და მათემატიკოსი, რომელიც ისე ღრმად ჩასწვდა ქართული გალობის საიდუმლოებებს, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე მიახლოებითი მიდგომა ძველი ქართული სამგალობლო ნევმების მიმართ მან შეიმუშავა, ყველაზე პრაქტიკულად იგი შეეხო ამ საკითხს. არაპროფესიონალია, მაგრამ კარგი ანალიტიკური ჭკუა აქვს და თუკი ეს ყველაფერი ასი თუ არა, ორმოცდაათი პროცენტით მაინც გაიშიფრა, ამაში ზაზა წერეთლის წვლილი უდიდესი იქნება.
აი, ეს ხალხი ვართ გუნდში. ისე შევესისხლხორცეთ ერთმანეთს, გვეუბნებიან, რა ერთმანეთს დაემსგავსეთო. ერთად ვმღერით, ერთად მივდივართ, ერთად მოვდივართ...
- საზღვარგარეთ თუ დადიხართ?
- დავდივართ, უხეშად რომ ვთქვათ, ლუკმაპურისთვის, რადგან, გულისტკივილით გეტყვით, ეს საქმე მაინცდამაინც არ ფასობს ჩვენთან. თუმცა არის ერთი ადამიანი, რომელიც უკვე მეოთხე წელია გვეხმარება. ეს კაცი გახლავთ ცნობილი მეცენატი და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი.
- როგორ მოსწონთ უცხოეთში თქვენი გალობა?
- საზღვარგარეთ ყველაფერი მოსწონთ, რაც უცხოა და კარგ დონეზე შესრულებული. უფრო დიდი გამოცდა ჩვენთვის თბილისში გამართული კონცერტებია. აქაური მსმენელი სულ სხვაა. ისინი ყველა ნიუანსს გრძნობენ. ჩვენ მსმენელს ვზრდით, ის კი - ჩვენ, რადგან მათი რეაქცია გვეხმარება, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი პროფესიონალიზმი. სხვათა შორის, მსმენელი გვყავს და ყოველთვის გვიხარია მის წინაშე წარდგომა.
- როგორ ფიქრობთ, ეხმარება თუ არა ადამიანს გალობა ლოცვითი განწყობილების შექმნაში?
- გააჩნია, როგორ მიუდგები. თუ გალობას მხოლოდ იმიტომ უსმენ, რომ აკორდები და მელოდიები მოგწონს, მაშინ სულიერი თვალსაზრისით ამაზე წინ ვერ წახვალ, მაგრამ თუ მის მისტიკურ მხარესაც შეიგრძნობ, ეს, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს შენს სულიერ წინსვლას. გალობას განცდა უნდა ახლდეს თან, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის, მრევლი კი ჩინებულად გრძნობს, როგორ კითხულობ და როგორ გალობ - გულწრფელი განცდით, სიმდაბლით თუ ზერელედ.
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განსაკუთრებულად დააფასა ძველი ქართული საგალობლების განუმეორებელი ღირსება და დიდი ისტორიული მნიშვნელობა...
- საქართველოს ეკლესიის სინოდმა მიიღო განჩინება, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ ეკლესიაში არა ბერძნული, არა რუსული, არამედ მხოლოდ ძველი კანონიკური სამხმიანი გალობა უნდა აღესრულებოდეს. ასეთი გახლდათ პატრიარქის ნება და სინოდმაც დაამტკიცა ეს, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს.
- როგორც თავადაც ბრძანეთ, მგალობელთა რიცხვი იზრდება. რას უსურვებდით ქართველ მგალობლებს?
- ხშირად ვიხსენებ ხოლმე წარსულს. 1993 წელს, როდესაც მისმა უწმინდესობამ სიონში გადაგვიყვანა, გვთხოვა, გუნდი გაგვეზარდა. მთელი თბილისი შემოვირბინეთ და ერთი მსურველიც კი ვერ ვიპოვეთ. წარმოგიდგენიათ?! საბედნიეროდ, 1996-97 წლებიდან გალობის მსურველთა რიცხვმა ნელ-ნელა იმატა. განსაკუთრებით ახალგაზრდები: თხუთმეტი, თექვსმეტი, ჩვიდმეტი წლის გოგო-ბიჭები - არიან დაინტერესებულნი. ვთხოვ უფალს, ეს პროცესი არ შეჩერდეს.
კიდევ, ვისურვებდი, რომ ეს ხელთუქმნელი განძი, ჩვენი საგალობლები, ხალხმა გულში ჩაიკრას, როგორც მშობელი ჩაიკრავს შვილის სურათს. ეს ჩვენი სულის ნაწილია და თუ დავკარგეთ, ჩვენს ღირსებასაც ბევრი რამ დააკლდება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი