შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის საგანძურს საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა. თავდაპირველად შეიქმნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმები, სადაც თავს უყრიდნენ სიძველეებს.
1907 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი. მას 1918 წელს დაემატა საქართველოს ეროვნული გალერეა. 1923 წელს შეიქმნა ხელოვნების მეცნიერების კაბინეტი, 1925 წელს კი ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი. 30-იან წლებში დაარსდა ხელოვნების მუზეუმი "მეტეხი". ამ მუზეუმში თავმოყრილმა კოლექციამ 1952 წელს გადმოინაცვლა დღევანდელ შენობაში.
ხელოვნების მუზეუმში მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლებია დაცული. მათი მოვლა-პატრონობა გმირულ თავგანწირვად უჯდებოდათ ჩვენს წინაპრებს, სასულიერო თუ საერო მოღვაწეებს.
ინტერვიუ ვთხოვეთ მუზეუმის ოქროს ფონდის მცველს, ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილს, რომელიც ბატონი შალვა ამირანაშვილის ნამოწაფარია და მასწავლებლის რეკომენდაციით 1974 წლიდან მუშაობს ოქროს ფონდში.
- ქალბატონო ელენე, ქრისტიანული პერიოდის ძეგლების უდიდესი ნაწილი მუზეუმში ძირითადად ეკლესია-მონასტრებიდან არის გადმოტანილი. ვის უნდა უმადლოდეს ქართველი ერი მათ გადარჩენას მძარცველთა ხელყოფისგან?
- XIX საუკუნის II ნახევარში ძეგლების შეგროვებაზე საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოყალიბებული მუზეუმები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და საეკლესიო მუზეუმები ზრუნავდნენ. XIX საუკუნეში ქართულ ეკლესია-მონასტრებს გამიზნულად ძარცვავდა რუსეთის ეგზარქატი. არაერთხელ გაიძარცვა გელათის საგანძური. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოდიმ კონდაკოვი იძულებული გახდა, რუსეთის საიმპერატორო კარის წინაშე დაეყენებინა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების აღწერის საკითხი, რადგან ძალზე ბევრი ძეგლი დაიკარგა. ეს საკითხი უპირველესად აწუხებდა ქართველობას. მით უფრო, რომ ერთი აღწერიდან მეორემდე ძეგლების რაოდენობა საგანგაშოდ კლებულობდა. თუნდაც 1859 წელს ხახულის ხატის გაძარცვის საქვეყნოდ ცნობილი ამბავი გავიხსენოთ. მისი ძარცვა არც შემდგომ შეწყვეტილა. მაგალითად, 1904 წელს დაიკარგა ხახულის ხატისთვის შეწირული გიორგი III-ის წმინდა გიორგის გამოსახულებიანი საბეჭდავი ბეჭედი. ხატს ატყვია აუარება ნალურსმნევი, რომლებზეც შესაწირი ეკიდა. XIX საუკუნეში რუსებმა გაძარცვეს ხატის ძირითადი ნაწილი. ტიხრული მინანქრის მედალიონები შეიცვალა ფერწერულით.
რევოლუციამ სულ მოუთავა ხელი ჩვენს საგანძურს. ინგრეოდა ეკლესია-მონასტრები, ნადგურდებოდა ჭედური ხატები...
ამ განუკითხაობას წინ აღუდგნენ ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინიშვილი, შალვა ამირანაშვილი, გიორგი ბოჭორიძე... სიძველეთა თავმოყრაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დიმიტრი შევარდნაძეს, რომლის სიცოცხლე 1937 წელს მეტეხის ტაძრის გადარჩენას შეეწირა.
სიძველეებს ადგილზე აღწერდნენ სპეციალური ჯგუფები, უყრიდნენ თავს და შემდეგ გადმოჰქონდათ. მაგრამ გადმოტანა ადვილი არ იყო მაშინდელი უტრანსპორტობისა და უსახსრობის პირობებში. 1923-27 წლებში განათლების სახალხო კომისარიატის დავალებით გიორგი ბოჭორიძემ შეაგროვა 2007-ზე მეტი ჭედური ხელოვნების ნიმუში და სხვა ნივთი, 560-მდე ხელნაწერი წიგნი, 3700-ზე მეტი სიგელ-გუჯარი. ეს მასალა გადაეცა თბილისისა და ქუთაისის მუზეუმებს, აგრეთვე საქართველოს ცენტრალურ არქივს.
1923 წელს, შალვა ამირანაშვილის თაოსნობით, რუსეთიდან დაბრუნდა XIX საუკუნეში საქართველოდან გატანილი მაღალმხატვრული ძეგლების ნაწილი.
თავმოყრილი სიძველეები 1923 წლიდან 1925 წლამდე ყუთებით უნივერსიტეტში ეწყო. ივანე ჯავახიშვილის დავალებით, გიორგი ჩუბინიშვილმა თავის კათედრაზე გახსნა ძველქართული ხელოვნების მუზეუმი. იგი დაკომპლექტდა სხვადასხვა ეკლესია-მონასტრიდან თავმოყრილი სიძველეებით. შემდეგ უნივერსიტეტის I კორპუსში მოეწყო მათი გამოფენა. 1930 წელს მუზეუმი გაძარცვეს, ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი დაზიანდა.
განძეულის გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებმა, კათოლიკოს-პატრიარქმა. ამის დასტურად წმინდა კირიონ საძაგლიშვილის გახსენებაც კმარა.
- ბატონ შალვა ამირანაშვილს, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, დიდი ღვაწლი აქვს გაწეული საქართველოდან გატანილი სიძველეების საფრანგეთიდან დაბრუნებაში. როგორ იგონებდა ბატონი შალვა ახლა უკვე წმინდანად შერაცხულ ექვთიმე ღვთისკაცს?
- ექვთიმე თაყაიშვილი ეკლესია-მონასტრებში არსებულ ნივთებს ჯერ კიდევ რევოლუციამდე უყრიდა თავს, აღწერდა სიძველეებს. მან საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარა და აღწერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში. მეორე მოგზაურობის დროს, 1917 წელს, ლამის ფრონტის წინა ხაზზე უხდებოდა ყოფნა. 1921 წელს განძთან ერთად სამშობლოდან წასვლა წილად ხვდა ექვთიმე თაყაიშვილს, ხოლო სამშობლოში დარჩენა და დანარჩენი სიმდიდრის პატრონობა - იროდიონ სონღულაშვილს. 40-იან წლებში სწორედ მას გამოუგზავნა ექვთიმე თაყაიშვილმა ვუკოლ ბერიძისთვის გადასაცემი წერილი, რომელშიც იტყობინებოდა, უსახსრობის გამო შესაძლოა, ქართული საგანძური საფრანგეთს გადაეცეს და დაგვეხმარეთო. ეს საქმე იტვირთა შალვა ამირანაშვილმა. მან 1945 წელს იანვარში დახმარებისთვის სტალინს მიმართა. სწორედ იმ დროს მოსკოვში საფრანგეთის სახელმწიფოს მაშინდელი მეთაური შარლ დე გოლი იმყოფებოდა. სტალინმა ამ საქმის მოსაგვარებლად ყველაფერი გააკეთა და შალვა ამირანაშვილი დე გოლს გააყოლა. ბატონმა შალვამ თავისი ორი პატარა ობოლი ვაჟი სახელმწიფოს ხელწერილით ჩააბარა, რათა შესაძლო ვერდაბრუნების შემთხვევაში ხელისუფლებას ეზრუნა ბავშვების აღზრდაზე.
საფრანგეთში ჩასულმა შალვა ამირანაშვილმა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად შეაჯერა საგანძურის სიები ნივთებთან და ომის დამთავრებას დაელოდა. ფრთხილობდა, ვაითუ განძის ხელში ჩასაგდებად მომკლან და ეს ომს დააბრალონო. ღრმად მოხუცი, დაუძლურებული ექვთიმე თაყაიშვილი სთხოვდა შალვა ამირანაშვილს, თუ მგზავრობის დროს რაიმე დამემართება, ჩემი ნეშტი სამშობლოში ჩაასვენეთო (გამოფრენის ბოლო წუთს ექვთიმემ საქართველოში წამოსვლაზე უარი განაცხადა. თურმე ამხელა საგანძურის მცველს ერიდებოდა დახეული სამოსით მეგობრებთან გამოჩენისა. ბატონმა შალვამ მას შეუძინა სამოსი და ისე ჩამოაბრძანა საქართველოში).
არც შალვა ამირანაშვილისთვის ყოფილა იოლი საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობა; საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ნებართვით, 60-იან წლებში ერთი იაპონელი ჩამოვიდა თბილისში და ხელოვნების მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ბატონ შალვა ამირანაშვილს მოსთხოვა, საღამოს 9 საათზე გაეხსნა დალუქული საგანძური და ეჩვენებინა ქართული ლითონმქანდაკებლობის საუკეთესო ნიმუშები, რომელთა ყიდვაც სურდა. ბატონმა შალვამ მაშინვე მიმართა მაშინდელ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანს ვასილ მჟავანაძეს. მჟავანაძემ მოახერხა ვაჭრობის მხოლოდ ერთი კვირით დაყოვნება, სასწრაფოდ ჩაფრინდა მოსკოვში, ხრუშჩოვის მეუღლის დახმარებით სკკპ ცკ მდივანს საქართველოს კულტურული და სულიერი საგანძურის გაყიდვის გადაწყვეტილება გააუქმებინა.
ბატონი შალვა იგონებდა, - როდესაც ყველაფერი ჩათავდა, სწორედ მაშინ მივიღე პირველი ინფარქტიო.
- ბრძანეთ, 1923 წელს შალვა ამირანაშვილის თაოსნობით რუსეთიდან დაბრუნდა XIX საუკუნეში საქართველოდან გატანილი მაღალმხატვრული ძეგლების ნაწილიო. თუ შეიძლება, უფრო დაწვრილებით გვიამბეთ, ვინ დაეხმარა ბატონ შალვას საგანძურის დაბრუნებაში?
- 1922 წელს საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგენილებით ცარიზმის დროს გატანილი სიძველეები უნდა დაბრუნებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკებს. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდნენ: პავლე ინგოროყვა, ნიკო მარი, იური მარი (ნიკო მარის ვაჟი), აკაკი შანიძე, შალვა ამირანაშვილი და სხვები. კომისია რუსეთს გაემგზავრა და მუშაობა დაიწყო. აღწერეს ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები, ხელოვნების ნიმუშები. ორთვიანი მუშაობის შემდეგ კომისია უკან დაბრუნდა. ბატონი შალვა ამირანაშვილი კი რუსეთში დარჩა საქმის გასაგრძელებლად. ბატონმა აკაკი შანიძემ დიდი ხანი დაყო რუსეთში. მან აღწერა ხელნაწერები და ბატონ შალვას დაუტოვა წერილი, სადაც აღნიშნული იყო ყველა ხელნაწერი, რომელსაც შემდგომ ბატონი შალვა უნდა დაყრდნობოდა.
რუსეთში მყოფ შალვა ამირანაშვილს დაევალა, ეზრუნა სიძველეების საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ დაბრკოლებები შეექმნა. მოსკოვის კრემლის მუზეუმის დირექტორმა განუცხადა, - სიებთან დაკავშირებით მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შემიძლია პასუხი გაგცეთო. ეს თითქმის უარს ნიშნავდა. შეწუხებული შალვა ამირანაშვილი შემთხვევით შეხვდა ბატონ სვანიძეს. იგი ბიბლიოთეკის გამგე გახლდათ უნივერსიტეტში. შესანიშნავად იცოდა უცხოური ენები, საქართველოს ისტორია და სიძველეების დიდი პატივისმცემელი იყო. მან სტალინს წარუდგინა შალვა ამირანაშვილი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი. აუხსნა მისი მდგომარეობა და სთხოვა, ყურადღება მიექცია მისთვის. სტალინმა ბატონი შალვას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და პრობლემების შესაძლო გამწვავების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა.
ბატონ შალვას თურმე მთელი ღამე არ ეძინა. გათენებისთანავე მივიდა სახელმწიფო საგანძურში. დირექტორს არ ეჭაშნიკა მისი დანახვა და უთხრა: - ყმაწვილო, აკი გაგაფრთხილეთ, ხუთი წლის შემდეგ მიიღებთ პასუხს-მეთქი, დროს ტყუილად ნუ კარგავთო. სხვა გზა აღარ იყო. ბატონმა შალვამ დირექტორს სთხოვა, ტელეფონზე დარეკვის საშუალება მიეცა. მან ნება დართო. ბატონმა შალვამ სტალინს დაურეკა და ქართულად აღუწერა არსებული ვითარება. ყურმილის დადებიდან რამდენიმე წუთში გაისმა სატელეფონო ზარის ხმა. სახელმწიფოს მეთაური ამჯერად მუზეუმის დირექტორს ურეკავდა...
იმ დღესვე გაეცა პასუხი ბატონ შალვას. მას უნდოდა ენახა ბოტკინის კოლექციაში დაცული სიძველეები, რომლებიც სწორედ ამ საგანძურში ინახებოდა. აქ გახლდათ ჯუმათიდან, მარტვილიდან, შემოქმედიდან, გელათიდან წაღებული ტიხრული მინანქრის ხატები, ჯვრები, პანაღეა და ა.შ. სიებთან შედარების შემდეგ ბატონ შალვას ნება დართეს საგანძურის საქართველოში ჩამოტანისა, მაგრამ შეფერხდა ქვაზე კვეთილი რელიეფების დაბრუნება. კერძოდ, საფარის კანკელის, ბედიის ტაძრიდან წაღებული რელიეფების, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთში გაიტანა პრასკოვია უვაროვამ. ეს ქალბატონი გახლდათ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და ამავე დროს რუსეთის სახელმწიფოსთან არსებული სიძველეთა აღმწერი კომისიის წევრი. ქალბატონი პრასკოვია საქართველოში მოღვაწეობდა.
იმის დასასაბუთებლად, რომ სიძველეები ქართული იყო, იქმნებოდა შესაბამისი კომისიები. კომისიაში მონაწილეობდა შალვა ამირანაშვილი. კომისიის ერთ-ერთი წევრი ამტკიცებდა, რომ საფარის კანკელი ქართული კი არა, ბიზანტიურიაო. საფარის ფილებზე გამოსახულია სიუჟეტები ახალი აღთქმიდან. ერთ-ერთ ფილაზე ღვთისმშობლის შობის სცენაა. ეს გახლდათ ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, XI ს-ის I ნახევრის საეტაპო ნაწარმოები, რომელიც მოწმობს ქვაზე კვეთილობის ხელოვნების უაღრესად დახვეწილობას. ბატონ შალვას უნდა დაემტკიცებინა ამ რელიეფის ქართულობა. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოეცემოდა ეს ნიმუში საქართველოს. ბატონმა შალვამ ერთი ძალზე შთამბეჭდავი მეთოდი გამოიყენა. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა ღვთისმშობლის შობის კომპოზიციაზე, სადაც წმინდა ანა წევს ხეზე კვეთილი ჩუქურთმით შემკულ სარეცელზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგანაც ასეთი სარეცელი არ არის დამახასიათებელი არც ბიზანტიისთვის და არც რომელიმე მაშინდელი ქრისტიანული ქვეყნისთვის, გარდა საქართველოსი. ამ არგუმენტის წინ წამოწევის შემდეგ კომისიამ უკან დაიხია და ქვაზე კვეთილი რელიეფების კლასიკური ნიმუშები დაუბრუნდა ჩვენს ქვეყანას. დღეს ტიხრული მინანქრისა და ქვაზე კვეთილი რელიეფების ნიმუშები ამშვენებენ ხელოვნების მუზეუმის ფეოდალური ხანის არქიტექტურისა და ლითონმქანდაკებლობის საგამოფენო დარბაზებს.
- როგორც ცნობილია, გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ცალკეული საუკეთესო ნივთი დაიკარგა. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს დიდი წვლილი მიუძღვით ამ ნივთების გარკვეული ნაწილის უკან დაბრუნებაში...
- XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს სვანეთიდან დაიკარგა წმინდა სვიმეონ მესვეტის ხატი, რომელიც ინახებოდა ლამარიას მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში. ეს ხატი იშხნის ტაძრისთვის შექმნა ანტონ ცაგარელმა. მე-16 საუკუნიდან სვანეთში გადაიტანეს, რადგანაც სამხრეთ საქართველო მუსულმანიზაციის საფრთხის წინაშე იდგა. ამ ხატთან ერთად დაიკარგა მესტიის მუზეუმიდან იენაშის სახარების მინიატურები, XIII საუკუნის ხელნაწერები, სვეტიცხოვლისთვის შესრულებული ეპიფანე კათალიკოსის დაკვეთით. სახარების ყდის მოჭედილობაში სწორედ ამ კათალიკოსის პორტრეტული გამოსახულებაა დაცული. ხელნაწერის კუთვნილი მინიატურები დაიკარგა. გავიდა გარკვეული ხანი და 1974 წელს ხელოვნების მუზეუმში მოვიდა მოსკოვის მოქალაქე, ვინმე ვიტალი მაჭავარიანი, რომელიც რუსულ ყაიდაზე აღზრდილი ახალგაზრდა კაცი გახლდათ. მან მოიტანა, მისი თქმით, საგვარეულო ხატი და აპირებდა მუზეუმისთვის მიყიდვას. მაშინდელი საგანძურის განყოფილების გამგემ, ბატონმა გურამ აბრამიშვილმა მაშინვე ამოიცნო წმინდა სვიმეონ მესვეტის ხატი. ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა ხელოვნების მუზეუმის მაშინდელ დირექტორს, ბატონ შალვა ამირანაშვილს. ვიტალი მაჭავარიანი იძულებული შეიქნა, ეს ხატი მუზეუმისთვის ეჩუქებინა. ბატონმა შალვამ მას უკან დასაბრუნებელი ფული მისცა და აღარაფერს მოსდავებია. კარგა ხნის შემდეგ ვიტალი მაჭავარიანი რუსეთში დააკავეს, როგორც სიძველეთა მპარავი. მას აღმოაჩნდა ასევე იენაშის ოთხთავის მინიატურები და სხვა ისეთი ჭედური ხატებიც, რომლებიც ჩვენთვის სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი არ იყო (როგორც ჩანს, ისინი კერძო პირებს ჰქონდათ). სამწუხაროდ, ეს გამოუქვეყნებელი ხატები, რომლებიც ჩვენ არ გვქონდა აღწერილი და ფოტომასალა რუსეთმა დაიტოვა, დანარჩენი კი საქართველოში დაბრუნდა.
1994 წელს ხელოვნების მუზეუმში შესამოწმებლად მოიტანეს ორი ხატი. მაშინაც ბატონმა გურამ აბრამიშვილმა ამოიცნო სოფელ ღობის (ქვემო სვანეთი) ეკლესიის კუთვნილი ხატები. აღსანიშნავია, რომ ლენტეხის რაიონში ათზე მეტი ხატი დაიკარგა მილიციის შენობიდან (სადაც დასაცავად გადაიტანეს). დაიწყო ძიება, არავითარი კვალი არ ჩანდა და უცბად ისინი ხელოვნების მუზეუმში მოიტანეს. ბატონი გურამ აბრამიშვილი მთელი 40 წლის მანძილზე თავდაუზოგავად ზრუნავდა საგანძურის მოვლა-პატრონობაზე. სწორედ მისი თაოსნობით მოხდა საგანძურის სრული ინვენტარიზაცია. იგი ძალ-ღონეს არ ზოგავდა დაკარგული ნივთების დასაბრუნებლად.
2001 წელს სისხლის სამართლის სამძებროს წარმომადგენლებმა მუზეუმში მოიტანეს ერთ-ერთი ხატის ფოტო. ვუთხარი, ეს არის ცხინვალის მუზეუმში დაცული სპილოს ძვლის კარედი ხატი-მეთქი. მითხრეს, ეს ხატი ჟენევაში, კრისტის აუქციონზეა გატანილიო. მოგეხსენებათ, 90-იანი წლების დასაწყისში ვეღარ ვაკონტროლებდით ცხინვალს. 2002 წლის ივნისში ამ საქმეში ჩავრთეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსის დახმარებით 2004 წლის 22 მაისს ეს ტრიპტიქონი ჟენევიდან დაბრუნდა. სპილოს ძვალზე კვეთილობის ეს გამორჩეული ნიმუში ამჟამად ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაშია.
სიძველეთა დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღოდა არა მარტო საპოლიციო აპარატს, არამედ ხელოვნებათმცოდნეებს - ბატონ გურამ აბრამიშვილს, ქალბატონ რუსუდან ყენიას. მეც გახლდით ჩართული ამ საქმეში. ღრმად მწამს, ჩვენი მომავალი თაობა გაითვალისწინებს მათ შემართებას და ისევე ღირსეულად დაიცავს ამ კულტურულ მემკვიდრეობას. მით უმეტეს, რომ დღეს გაჩაღებულია ეკლესიების ძარცვა, რაც შავი ლაქააა ჩვენი საზოგადოებისთვის.
- ქალბატონო ელენე, თითქმის 33 წელიწადია, ოქროს ფონდში მოღვაწეობთ. ამ ხნის მანძილზე არაერთ სიძნელეს გადაიტანდით...
- მე გახლდით პირველი ქალი, რომელიც ბატონმა შალვამ საგანძურში გადმოიყვანა. მაშინ საგანძურის მცველი გურამ აბრამიშვილი იყო. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა მუზეუმი, განსაკუთრებით - თბილისის ომის დროს. პრაქტიკულად ტყვიების წვიმაში მიხდებოდა სიარული. ბატონ გურამთან ერთად მაშინ მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია. სიძველეებს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. დღევანდელი ეროვნული მუზეუმის დირექცია დიდ ყურადღებას უთმობს ამ პრობლემას და იღვწის სიძველეთა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად დაცვისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი