მალხაზ შამანაური რამდენიმე წელია ათონის მთაზე, დიონისეს მონასტერში მოღვაწეობს. ღვთის განგებამ ამ წმინდა ადგილას მიუჩინა ადგილი.
იქ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის მეტი საშუალება მიეცა და წმინდა მთაზე მოღვაწე მამების პატივისცემა და სიყვარულიც დაიმსახურა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის იღუმენ პეტრეს ლოცვა-კურთხევით, ცალკე სახლში ცხოვრობს და ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა საეკლესიო ნივთს ამზადებს. პროფესიით მხატვარ-კერამიკოსს მონასტერში ყველა პატივსაცემ ადამიანად თვლის. მალხაზ შამანაურის მიერ შექმნილ საეკლესიო ნივთებს თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეც იყენებს, ქართველი მღვდელმთავრებიდან კი მეუფე ანდრია (გვაზავა). იღუმენ პეტრეს ლოცვა-კურთხევით, მეუფე ანდრიას პანაღია დაუმზადეს. ვიდრე დიონისეს მონასტერში დაიმკვიდრებდა ადგილს, მალხაზმა საკმაოდ რთული გზა განვლო. საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსულს "კარიბჭესთან" საუბარი ვთხოვე.
- ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა გიორგი რაზმაძის წყალობით შევიგრძენი ჭეშმარიტების ძალა. როცა მისი სულიერი შვილი გავხდი, მთხოვა, წმინდა ქეთევანის ტაძრის აშენებაში დავხმარებოდი. ამბობენ, აქ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იდგა, მანამდე კი იოანე ნათლისმცემლისაო. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით მართლაც დავიწყეთ ტაძრის აშენება. ჯერი კედლის მხატვრობაზე მიდგა. ღვთის წყალობით და მამა გიორგის ლოცვა-კურთხევით, დავიწყე ფიქრი ტაძრის მოხატვაზე. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთან შეთანხმებით მოვხატე წმინდა ქეთევან დედოფლის სახელზე აგებული ტაძრის საკურთხეველი. შემდეგ მონაწლეობა მივიღე იატაკის შეკეთებაში, ქვაზე კვეთაში. გარკვეული დროის შემდეგ მამა გიორგის დახმარებით მე და ჩემი მეგობარი ვახტანგ ოდიშელიძე ათონის მთაზე მოსალოცად წავედით. როცა პირველად დავადგი ფეხი ამ წმინდა მიწას, ჩემში რაღაც განსაკუთრებული განწყობა შემოვიდა. შინაგანად ვთხოვდი უფალს, სულიერი და ფიზიკური დახმარება აღმოეჩინა. ვათოპედის მამათა მონასტერში გავათიეთ ერთი ღამე. მეორე დღეს წინამძღვარს, მამა ეფრემს ვთხოვეთ, სამსახურის შოვნაში დაგვხმარებოდა. ჩემი გაკეთებული კერამიკული ნაკეთობებიც კი ვაჩვენე იქაურ მამებს. არ დაინტერესებულან. მამა ეფრემმა მითხრა, - იქნებ ათონის მთის ერთ-ერთი პეიზაჟი დახატოო.
ვათოპედის მონასტერში ჩემი მეგობრის და მამა გიორგის გარეშე დავრჩი - ისინი თბილისში დაბრუნდნენ. ღვთის ანაბრად დარჩენილმა ბერძნული ენაც არ ვიცოდი. ბერებს ვერაფერს ვაგებინებდი. მხოლოდ ერთი სერბი ბერი იყო (ღმერთმა ნათელში ამყოფოს), მამა სიმონი, რუსული იცოდა. მისი დახმარებით ვცდილობდი სხვა მამებთან ურთიერთობას. მონასტრის იღუმენმა ლოცვა-კურთხევა მისცა მამებს, მუშაობაში დამხმარებოდნენ. აღდგომის მარხვის დასაწყისში მივედი ვათოპედის მონასტერში. დღეები ისე გადიოდა, მონასტრის არც ერთი წევრი არ მეხმიანებოდა. ასე გავიდა ოთხი დღე. უფალს ვევედრებოდი დახმარებას. ვგრძნობდი უფლის უდიდეს ხელშეწყობას. შეძლებისდაგვარად დავასრულე ნამუშევარი. რამდენიმე კვირის შემდეგ იღუმენი ეფრემი მობრძანდა. მივეახლე კურთხევის მისაღებად. მეტანია გავუკეთე. მამა ეფრემს ძმობის წევრებთან უთქვამს: ამდენი ხანია ეს ადამიანი ჩვენთან ცხოვრობს და ბერძნულიც ვერ უსწავლია. იქნებ ყურადღება მიაქციოთ და ხატვაშიც დაეხმაროთო. არ ვიცი, რა მოხდა და მეორე დღეს მითხრეს, მონასტერში ვეღარ დაგტოვებთ, მამა ეფრემმა თქვენი ნახატი დაიწუნაო. მათი ნათქვამის შემდეგ უფრო მეტად ვადიდე უფალი, შევედი ტაძარში და სკვნილით ხელში დავიწყე გულში იესოს ლოცვის შესრულება. ამ დროს სერბი მამა სიმონი მომიახლოვდა, თავზე ხელი დამადო და მითხრა, - დედა ღვთისმშობელს ევედრე და ყველაფერი კარგად იქნებაო. მისი დარიგება გულში ჩამრჩა. ამპარტავნული აზრები არ მასვენებდა. ვათოპედის მონასტრიდან დიონისეს მონასტერში წავედი. აქაც მომიწია ჩემი შესაძლებლობების გაცნობა მონასტრის წევრებისთვის. მამა სიმეონმა მკითხა, - რას დახატავო. რასაც მეტყვით-მეთქი. ხატის დახატვა თუ შეგიძლიაო. დავთანხმდი და მისი გამოტანილი წიგნიდან შევარჩიე რუბლიოვის სამების ხატი. მამა სიმეონი ყველანაირად ცდილობდა დამხმარებოდა და ჩემი შესაძლებლობები მონასტრისთვის გამოეყენებინა.
როგორც კი დავიწყე ხატის დაწერა, მაშინვე მონასტერში დარჩენა შემომთავაზა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის იღუმენ პეტრეს ლოცვა-კურთხევით, იქ კარგა ხანი დავრჩი. ფიზიკურადაც მომიწია მუშაობა. დიონისეს მონასტერში იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარია. იქ დაბრძანებულია ამავე წმინდანის ხელის წმინდა ნაწილი.
თანდათან დავიწყე ხეზე სხვადასხვა ნამუშევრის შესრულება. ჩემი გაკეთებული ჯვარი მამა სიმეონმა წინამძღვარს აჩვენა.
მამა სიმეონი ხელოვნების დიდი მოყვარული და დამფასებელია. მისი შემოთავაზებით, აღვადგინე მონასტრის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს მოკვლეული კერამიკული ნივთები. ერთ-ერთმა ბერმა, რომელმაც ხატწერა იცოდა, დატოვა მონასტერი და სხვაგან გადავიდა. ღვთის წყალობით, წინამძღვარმა ეს სახელოსნო მე ჩამაბრა. ვგრძნობდი, რომ დედა ღვთისმშობელი მწყალობდა.
მამა სიმეონი მართლაც მიწაზე მოსიარულე ანგელოზია. მუდამ იმის ფიქრშია, სხვას დაეხმაროს და უნუგეშოდ არავინ დატოვოს.
- როგორია თქვენი თვალით დანახული დიონისეს მონასტერი?
- წინამძღვარი, იღუმენი პეტრე ძალიან მლოცველი ადამიანია. შესაბამისად, ტიბიკონიც მკაცრი აქვთ. პირადად მე იქაურ მონასტრულ ცხოვრებაში უკვე კარგად ვერკვევი. მამა პეტრეს ისეთი ნდობა დავიმსახურე, რომ ზოგჯერ მერიდება კიდეც. მამა სიმეონი კი ის პიროვნებაა, რომელსაც სახეზევე ეტყობა, მზადაა, ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდოს. როცა საქართველოდან კვლავ მონასტერში ვბრუნდები, მამა სიმეონი დაწვრილებით გამომკითხავს ხოლმე საქართველოს ამბებს. თავად იღუმენი პეტრეც ბრძანდებოდა საქართველოში და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. დიონისეს მონასტერი ძალიან მდიდარია. ჰექტრობით მიწა აქვთ. მოჰყავთ ყურძენი, ზეთისხილი, თავად მონასტერი კლდოვან ადგილასაა დაფუძნებული და მცირე მეურნეობა აქვს, ათონის მთის დასაწყისში - შედარებით დიდი მიწები.
როცა საქართველოში ათონის მთიდან "ღირს არსის" ხატი ჩამოაბრძანეს, იქაურ დელეგაციას მამა სიმეონიც ჩამოჰყვა. მას სვანეთის სიწმინდეებიც მოვალოცინე მეუფე ილარიონის დახმარებით. გაოცებული დარჩა ქართველების ეკლესიური ცხოვრებით, ჩვენი სიწმინდეებით.
- ქართველი ბერები თუ მოღვაწეობდნენ დიონისეს მონასტერში?
- წმინდა ილარიონ ქართველი, ვიდრე რუსულ სკიტში დაასრულებდა სიცოცხლეს, დიონისეს მონასტერში იმყოფებოდა. მისი წმინდანად შერაცხვით დიონისეს მონასტრის ძმებმა ძალიან გაიხარეს. წმინდა ილარიონ ქართველის სიყვარულით ყველა ქართველს დიდი პატივისცემით იღებენ. თითქმის ხუთი წელი, რაც დიონისეს მონასტერში ვარ.
- თქვენ მინანქრისგანაც აკეთებთ სიწმინდეებს?
- დიახ, მონასტრის ნივთებს - ბარძიმს, ფეშხუმს, წირვა-ლოცვისთვის საჭირო სიწმინდეებს ტიხრული მინანქრის გამოყენებით ვამზადებთ. მამა სიმეონი ცდილობს, ქართული ჭედურობიდან, ქართული ორნამენტებიდან გამომდინარე შემომთავაზოს მონასტრისთვის სასურველი ნივთების გაკეთება. ძალიან მოსწონთ ძველი ქართული ტექნოლოგია. ქართული ჭედურობისა და ტიხრული მინანქრის წიგნების დახმარებით ვამზადებ დიონისეს მონასტრისთვის განკუთვნილ ნივთებსაც. ჩვენი ურთიერთობა პირველ რიგში მეგობრობასა და სიყვარულზეა დაფუძნებული.
- ტიხრული მინანქრით რომელი წმინდანის გამოსახულება შეასრულეთ?
- თითქმის ყველა წმინდანი მაქვს ტიხრული მინანქრით შესრულებული. ბარძიმზე შევასრულე მოციქულების გამოსახულებები, ფეშხუმზე კი მაცხოვრის გამოსახულება. ძირითადად ვერცხლის ფირფიტებზე ვმუშაობ. მადლობა ღმერთს, რომ ყველანაირად მიწყობს ხელს დიონისეს მონასტრის ძმობა. იღუმენმა პეტრემ დამითმო მონასტერთან არსებული სახლი. ვიდრე ამ წმინდა მთაზე ვიქნები, აქ მუშაობის საშუალება მექნება. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, იმ მადლისთვის, რაც ღვთისგან მივიღე. წინამძღვრის კურთხევაა, რომ ჩემეული ნაკეთობები დიონისეს მონასტრიდან არ გავიდეს. ჩემს გაკეთებულ ნივთებს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსიც იყენებს. მუშაობაში კიდევ ორი ქართველი მეხმარება - მალხაზ ოდიშელაშვილი და დავით სიბოშვილი.
ძალიან მინდა, ჩვენი ნახელავი ქართველ მღვდელმთავრებსაც ჰქონდეთ.
თუ უფალი ინებებს, ალბათ საქართველოშიც შევძლებთ ჩვენი საქმის აღსრულებას და მომავალ თაობას შევასწავლი საეკლესიო ნივთების დამზადებას.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი