საქართველოში ძველი დროიდანვე არსებობდა საერო და საეკლესიო დანიშნულების ნაქარგი ნივთები - ტანსაცმელი, საოჯახო საყოფაცხოვრებო საგნები, ქსოვილები.
მათი სიუხვე და სიმდიდრე წერილობითი წყაროებით დასტურდება, მაგრამ უმეტესობას დღემდე არ მოუღწევია.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობათა და ქსოვილების ფონდში დაცული დიდი მხატვრული ღირებულების ქართულ ნაქარგობათა ნიმუშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს "გარდამოხსნათა" მრავალფეროვან კოლექციას. "გარდამოხსნები" სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთებისგან განსხვავდებიან იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ ზედაპირზე ამოქარგულია მრავალფიგურიანი სიუჟეტური კომპოზიცია, რომელიც დაკავშირებულია საუკუნეების მანძილზე შემუშავებულ და დაკანონებულ ქრისტიანულ იკონოგრაფიასთან.
"გარდამოხსნას" ყველა ეკლესიაში გამოყოფილი აქვს განსაკუთრებული ადგილი. მაგალითად, სვეტიცხოვლის ტაძარში იგი მცირე ზომის ეკლესიის მაგვარ ნიშაშია დაბრძანებული.
ამ საკითხს საგანგებოდ იკვლევს მუზეუმის მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნების ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მზისთვალა კეცხოველი.
- "გარდამოხსნა" (ბერძნულად "ეპიტაფიოს", რუსულად - "პლაშჩენიცა") ჰქვია საეკლესიო ნივთს - არდაგს, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიაში წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაბრძანებენ ხოლმე. იგი გამოხატავს იმ ტილოს ("არდაგს", "არმენაკსა წმიდასა"), რომლითაც, ოთხივე სახარების თანახმად, გარდამოხსნილი ქრისტე "წარგრაგნა" იოსებ არიმათიელმა "საფლავს დადების წინ" ("ვითარცა ჩვეულება არს ურიათა დაფლვისა"). იოანეს სახარებაში "წარგრაგნის" მონაწილედ მოხსენიებულია ნიკოდიმოსი. ამ არდაგზე გამოსახულია ჯვრიდან გარდამოხსნილი, მიწაზე ან სარეცელზე დასვენებული გარდაცვლილი ქრისტე, რომელიც, ჩვეულებრივ, ანგელოზებითა და მტირალი მახლობლებითაა გარშემორტყმული (ასე რომ, სახელწოდება "გარდამოხსნა" გამოსახულ სიუჟეტს ზუსტად არ შეესაბამება, რამდენადაც აქ ქრისტეს დატირებაა და არა თვით ჯვრიდან ჩამოხსნის მომენტი). როგორც მთავარი კომპოზიცია, ისევე დამატებითი ნაწილებიც სხვადასხვა ეგზემპლარზე საგრძნობლად განსხვავებულ ვარიანტებს გვაძლევს და დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებებს განიცდის.
- როგორი ისტორია აქვს "გარდამოხსნას"?
- წმინდა არდაგმა, რომელშიც გარდაცვლილი მაცხოვარი იყო გახვეული, ადრევე დაიმკვიდრა ადგილი ეკლესიის, კერძოდ, წმინდა ტრაპეზის სიმბოლიკაში. ამ არდაგის სიმბოლოდ, წერილობითი წყაროების მოწმობით, თავდაპირველად ის ტილო იყო მიჩნეული, რომლითაც წმინდა ტრაპეზს ფარავდნენ ევქარისტიის შესასრულებლად. ეს ტილო, ილიტონად წოდებული, როგორც ჩანს, სავსებით მარტივი, ყოველგვარ გამოსახულებას მოკლებული ყოფილა. ღვთისმსახურებისა და წმინდა ტრაპეზის სიმბოლიკის განვითარებასთან ერთად, როცა ტრაპეზზე ილიტონის გარდა ახალი საბურველებიც გაჩნდა, სხვადასხვა საგანთა სიმბოლურ ინტერპრეტაციაში გარკვეული ცვლილებები მოხდა: პატრიარქ გერმანეს თანახმად, ქრისტეს არდაგის განმასახიერებელი უკვე ფეშხუმის საბურველი უნდა ყოფილიყო, ხოლო სვიმეონ თესალონიკელი (XVს.) ამავე მნიშვნელობას ბარძიმ-ფეშხუმის საერთო საბურველს ე.წ. დაფარნას ანუ პერექელს ანიჭებდა. ქრისტეს არდაგის სიმბოლურ გამომსახველად ახლა უკვე დაფარნაა მიჩნეული. ამ დროიდანვე იწყება არდაგის გარეგნული სახის განვითარებაც: იგი მარტივ, მოურთავ ტილოს კი აღარ წარმოადგენს, არამედ გარკვეული, ამოქარგული კომპოზიციითაა აღჭურვილი. შემდეგდროინდელ "გარდამოხსნათა" ზოგიერთი გამოსახულების გაგებაც, როგორც ჩანს, მხოლოდ "დაფარნის სტადიის" გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ადრეული პერიოდის მონუმენტური ქარგულობით მორთული "დაფარნა" და გარდამოხსნა ურთიერთდაკავშირებული იყო არა მარტო როგორც საეკლესიო დანიშნულების საღვთისმსახურო ნივთი, არამედ მასზე გამოსახული იკონოგრაფიული პროგრამითაც.
- სხვადასხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში შექმნილი ნივთები ამტიცებენ, რომ "დაფარნა" და "გარდამოხსნა" ადრე დიდად არ განირჩეოდა ერთმანეთისგან როგორც ზომით, ისე მასზე შესრულებული სცენით (ქრისტეს დატირების გამომსახველი სცენა). როდის და როგორ მოხდა მათი გამიჯვნა?
- "გარდამოხსნისა" და "დაფარნის" სამშობლო ბიზანტიაა. მათი გამიჯვნა შედარებით გვიან მოხდა. "გარდამოხსნის" გამოსვენების ცერემონიალი, როგორც ჩანს, XVII საუკუნიდან ჩნდება კონსტანტინოპოლში და იქიდან ვრცელდება სხვა ქვეყნებშიც. რუსეთში, მაგალითად, თვით "გარდამოხსნის" აღმნიშვნელი ტერმინი - "პლაშჩენიცა" მხოლოდ იმ დროს ჩნდება ტიპიკონში. იმ დროიდან იჭერს ადგილს "გარდამოხსნის" გამოსვენების აღწერაც.
ქართულ წერილობით ძეგლებში "გარდამოხსნა" კიდევ უფრო გვიან გვხვდება, პირველად მასთან დაკავშირებული ცერემონიალი იხსენიება მხოლოდ XVIII საუკუნეში რუსული ტიპიკონების მიხედვით რედაქტირებულ ტიპიკონებში.
- როდიდან დაიწყეს "გარდამოხსნის" მორთვა ქრისტეს დატირების ("კუბოთდების") კომპოზიციით?
- ვახტანგ ბერიძის აზრით, ეს უნდა მომხდარიყო არა უადრეს XII-XIII საუკუნეებისა. ბიზანტიიდან ეს ჩვეულება სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც გავრცელდა - სერბეთში, მოლდავეთ-ვლახეთსა და რუსეთში. უძველეს გადარჩენილ ნიმუშს (ანდრონიკე პალეოლოგის "გარდამოხსნა" ოხრიდის წმინდა კლიმენტის ეკლესიიდან) XIV საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ. იმ დროიდან მოყოლებული, უკვე ბევრი ძეგლი გვქვს XV-XVI-XVII-XVIII საუკუნეებისა. საქართველოში "გარდამოხსნა" ადრევე უნდა იყოს შემოსული. ყოველ შემთხვევაში, XV საუკუნიდან უკვე დასტურდება მისი არსებობა (სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი ნიმუშები წინა საუკუნესაც კი ეკუთვნოდა). უეჭველია, რომ დღემდე მხოლოდ მცირედმა ნაწილმა მოაღწია.
- გადარჩენილთაგან ყველაზე ქართული "გარდამოხსნა" რომელი საუკუნით თარიღდებოდა და როგორ გადარჩა იგი?
- ყველაზე ძველია გიორგი VIII-ის გარდამოხსნა, რომელიც 1446-1466 წლებით თარიღდება. ეს "გარდამოხსნა" შაჰ-აბასმა სვეტიცხოვლის დარბევის შემდეგ ხელში ჩაიგდო და ცხენზე გადასაფარებლად გამოიყენა, მაგრამ ირანში ამ დროს ჭირი გაჩნდა. შაჰმა ეს უბედურება ღვთის რისხვად მიიჩნია და "გარდამოხსნა" ზარ-ზეიმით ისევ სვეტიცხოველს დაუბრუნა. ამიტომაც გადარჩა. ამ გარდამოხსნაზე სიტყვა "გარდამოხსნა" მოხსენიებული არ არის. ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით, პირველად ეს სიტყვა ჩნდება XVI საუკუნეში, ბაგრატ მეფის "გარდამოხსნაზე", რომელიც მან განაახლა (იგი 1510-1565 წლებით თარიღდება). სავარაუდოდ, იგი უფრო ადრეულია, XIII საუკუნისაა, შემდეგ კი ბაგრატ მეფემ განაახლა. მასზე გამოსახული არიან ღვთისმშობელი, რომელიც მაცხოვრის თავთან დგას და მაცხოვრის ფეხებთან მდგარი იოანე ღვთისმეტყველი. ეს ნაქარგობა ისეთი ფერადოვანია, რომ მინანქრისა გეგონებათ.
- მუზეუმში დაცულ "გარდამოხსნათა" მრავალფეროვანი კოლექციიდან მაინც რომელი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას?
- ვახტანგ ბერიძემ "გარდამოხსნები" რამდენიმე ჯგუფად დაყო. ერთ-ერთ ჯგუფს მან უწოდა გიორგი VIII-ის "გარდამოხსნათა" ჯგუფი. მასში შედის მარიამ დედოფლისეული - XVII საუკუნის, თეიმურაზ მუხრან-ბატონისა და მისი მეუღლის - ქეთევან ორბელიშვილის (XVI ს.), ზილფიჯანის... "გარდამოხსნები". აქ თითქმის სულ ერთნაირი გამოსახულებებია. გვაქვს "გარდამოხსნა", სადაც შემკვეთი, მარიამ დედოფალია, ამოქარგული მარჯვენა კუთხეში. საერთოდ, ქართული ნაქარგობების ნიმუშებზე ქტიტორები და შემკვეთები არ გამოისახებოდნენ. არის ასევე თამარ ერისთავისეული (მუხრან-ბატონის მეუღლე) "გარდამოხსნა" - ზუსტი ასლი მარიამ დედოფლისეულისა. აქაც მარჯვენა მხარეს არის გამოსახული მუხლმოყრილი თამარი. ყველა "გარდამოხსნაზე" თავსა და ბოლოში გამოსახულია ანგელოზები, უკან - მოტირალი დედები და წმინდანები, ქვევით - ქრისტეს საფლავი - ოთხი დარაჯი, მენელსაცხებლე დედები და ანგელოზი, რომელიც საფლავის ქვაზე ზის. ზემოთ კი - ქრისტეს ამაღლების სცენაა გამოსახული.
საერთოდ, "გარდამოხსნებზე", სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთებისგან განსხვავებით, ყოველთვის ფიგურებია გამოსახული (მაგალითად, XVIII საუკუნიდან ხდება უკვე "დაფარნების" მცენარეული ორნამენტებით მორთვა, რომელშიც ღრმა იკონოგრაფიული პროგრამაა ჩადებული). ქართული "გარდამოხსნისთვის", განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, დამახასიათებელია ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების სცენების გამოსახვაც.
- "გარდამოხსნებს" ძირითადად ვინ სწირავს ეკლესია-მონასტრებს?
- "გარდამოხსნათა" შეწირვა ჩვეულებად ჰქონდათ მეფე-დედოფლებს, დიდებულებს თავისი "ცოდვილი სულის საოხად" ან "ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისთვის", ან "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად". ზოგჯერ ნაკლებად შეძლებულნიც ცდილობდნენ საკუთარი ხელით შეკერილ-მოქარგულის მიძღვნას ეკლესიისთვის. ქართველ მეფეებს საზღვარგარეთის ქართულ მონასტრებშიც მიჰქონდათ საეკლესიო ნივთები შესაწირად - იერუსალიმში, სინას მთაზე...
არსებობდა ასეთი წესი: როდესაც საეკლესიო ნივთი დაძველდებოდა, ის უნდა ჩამოეწერათ, რადგან ღვთისმსახური აუცილებლად უნდა გამოსულიყო საზეიმო ვითარებაში ახალი ლამაზი სამოსით და საეკლესიო ატრიბუტიკით. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ძველი და დაჭრილი საეკლესიო ნაქარგობის ნიმუში ახალი ნაქარგობითაა აღდგენილი.
- დღეს რამდენად ხდება ამ დარგის განვითარება და აღორძინება?
- შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგებისა და ქსოვლების განყოფილებაში ხშირად მოდიან ნაქარგობით დაინტერესებული ადამიანები, სასულიერო და საერო პირები. ჩვენ მათ ვაძლევთ ყველა საეკლესო ნივთის ("დაფარნების", "ოლარების", "ომოფორების", "გარდამოხსნების", "ენქერების", "საბუხრეების"...) გამოსახულებას. საპატრიარქოსთან არსებობს სამქარგველო განყოფილება, რომელსაც ქარგვის ოსტატი - ქალბატონი ეთერ უროტაძე ხელმძღვანელობს. ჩვენ მათ იდეურ ხელმძღვანელობას, კონსულტაციებს ვუწევთ. დანაწილებული გვაქვს სფეროები: ქალბატონი გულიკო ბარათაშვილი "დაფარნებს" იკვლევს, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი - სამღვდელო შესამოსელს, ქალბატონი ეთერ სულხანიშვილი - "ენქერებს".
მქარგველობითი საქმიანობა დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენთან მოაქვთ "დაფარნათა" და "გარდამოხსნათა" ახალი კომპლექტები. ყველა ეპოქას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. მაგრამ დღეს ჯერჯერობით მოქარგვა ხდება ისევ და ისევ ძველი ნიმუშების მიხედვით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი