ქართულმა ფოლკორულმა ანსამბლმა "თუთარჩელამ" უმალ გაითქვა სახელი, როგორც ლაზური სიმღერების საუკეთესო შემსრულებელმა. "თუთარჩელამ" ფაქტობრივად პირველმა ააჟღერა ტკბილად მოსასმენი ლაზური ჰანგები და უწმინდესის მოწონებაც დაიმსახურა.
"თუთარჩელას" დაარსდებამდე ანსამბლის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე თავის შემოქმედებით ჯგუფს კლასიკურ სიმღერებს ასწავლიდა. შემდეგ ლაზური სიმღერების შესრულების სურვილი გაუჩნდათ. ეს ლაზი ქალბატონის, ნაზიბროლას უდიდესი დამსახურებაა. ამ ქალბატონს წინაპრებისგან საუცხოოდ შემოუნახავს რამდენიმე ლაზური სიმღერა და სურვილი გასჩენია მათი საქვეყნოდ აჟღერებისა. გარდა ამისა, თავადაც დაუწერია რამდენიმე ლაზური სიმღერა. ანსამბლმა "თუთარჩელამ" ყველაფრის შეგროვება და ფართო მსმენელისთვის მიწოდება გადაწყვიტა. "პირველებმა ჩვენ შევასრულეთ ლაზური სიმღერები და ეს ძალიან მახარებს. როცა სერიოზულად მოვკიდეთ ხელი ლაზური სიმღერების შესრულებას, გადავწყვიტეთ, ჩვენი შემოქმედება კონსერვატორიაში, ფოლკლორის კათედრაზე ბატონი კუკური ჭოხონელიძისთვის გვეჩვენებინა. ძალიან კმაყოფილი დარჩა. შემდეგ ბატონმა კუკურიმ საპატრიარქოში გიორგი ანდრიაძეს შემახვედრა. აქედან დაიწყო ყველაფერი. გიორგიმ სერიოზულად მოკიდა ხელი ჩვენს ანსამბლს, - ამბობს თამარ ბუაძე, - მანამდე ლაზური და ქართული ხალხური სიმღერების დისკიც გამოვუშვით - ძალიან დაგვეხმარა ბიზნესმენი პეტრე ბერია.
საგულისხმოა თავად ანსამბლის სახელის მნიშვნელობაც. მეგრულად თუთარჩელა მთვარის ნათელს ნიშნავს. ოდიშის მთვარე ისე ანათებს ხოლმე, რომ ირგვლივ ყველაფერი ქათქათებს. ასეთ ღამეებს სამეგრელოში თუთარჩელას ეძახიან. ჩვენს ანსამბლსაც ამ ლამაზი და ნათელი ღამეების სახელი დავარქვით.
- სად გაიმართა "თუთარჩელას" პირველი კონცერტი?
- პირველად საპატრიარქოში, პატრიარქის წინაშე წარვდექით. მაშინ გვაკურთხა უწმინდესმა და მას შემდეგ წარმატებები არ მოგვკლებია. პატრიარქმა გვითხრა, მიზანდასახულად გვემუშავა ლაზურ სიმღერებზე და ეს საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. პატრიარქის სიტყვამ ძალიან დიდი ძალა და შემართება შეგვძინა. პატრიარქის ფონდის დახმარებით გამოიცა ლაზური სამღერების დისკი. მისი პრეზენტაციაც საპატრიარქოში შედგა. ეს გახლდათ ჩვენი შემოქმედებითი მუშაობის დასაწყისი. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ "არტგენის" ფესტივალში. იქ იმყოფებოდა გერმანელი კინოდოკუმენტალისტი რუთ ოლშანი, ქართულ ფოლკლორზე იღებდა ფილმს და პარალელურად ქალთა ანსამბლსაც ეძებდა ფილმში გადასაღებად. ასე იპოვა "თუთარჩელა". კადრები რუსთავში გადაიღეს. აქცენტი გადატანილი იყო ჩვენი ანსამბლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, თუ რა პირობებში გვიწევდა მუშაობა. ფაქტობრივად, ამ ფილმმა გაგვიკვლია გზა შვეიცარიისკენ, ჩეხეთისა და სლოვაკეთისკენ.
- ლაზურ სიმღერას ალბათ თავისებური შესრულება სჭირდება. არ გაგიჭირდათ თავიდან მისი აჟღერება?
- ლაზური და მეგრული ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ამიტომ არ გამჭირვებია ტექსტებზე მუშაობა. ვცდილობ, ანსამბლის ყველა წევრისთვის გასაგები იყოს ამ ძველი ქართული სიმღერების შინაარსი და ჟღერადობა. განსაკუთრებით დიდ მადლობას გვიხდიან თურქეთის ქართველები. ამ სიმღერების მოსმენის შემდეგ ქართული წერა-კითხვის შესწავლის სურვილი უჩნდებათ, რაც ძალიან მახარებს. თურქეთიდან უამრავი სამადლობელი წერილი მოგვდის.
- მაინც როგორია ლაზური სიმღერები?
- მეგრულთან არის ძალიან ახლოს. სევდა, ლირიკა, შემართება, როგორც თითქმის ყველა ქართულ ფოლკლორულ სიმღერას, ლაზურსაც ახასიათებს. ერთი კია, არავინ იცის, ლაზური სიმღერები სამხმიანი იყო თუ ორხმიანი. ჩემი მხრიდან მხოლოდ მცდელობა გახლდათ სამხმიანი ლაზური სიმღერების სამ ხმაში გადმოტანისა და გადამუშავებისა. თითქოს არავინ აქცევდა ყურადღებას ლაზურ ფოლკლორს და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მოხდა საოცრება, სამ ხმაში ნამღერი ლაზური სიმღერა ძალიან მიუახლოვდა მეგრულს. ისეთივე სევდიანი და გულში ჩამწვდომია, როგორც მეგრული ლირიკული სიმღერები. ჩვენი შესრულებული ლაზური სიმღერებიდან გამოვყოფ "ლუშიბირაფას", "ელემელეკისმეთის", "ჯინველოს", "ნანას", "კოჩარის", "ჰეამოლის". ძირითადად მათში სიყვარულის თემა ან საბრძოლო შემართება სჭარბობს. ლაზური სიმღერის სამ ხმად გადამუშავებით მცირედ შევძელით წარმოგვეჩინა ლაზური ფოლკლორის ქართული სახე, რომ ლაზები გენეტიკურად ჩვენი მონათესავე ხალხია. ძალიან მინდა წავიდე ლაზეთში ექსპედიციაში, მოვიძიო იქაური ძველი სიმღერები და შემოვუნახო მომავალ თაობას. ძალიან მიყვარს ეს კუთხე - სიმღერებიდან გამომდინარე, ვგრძნობ, რომ ახლო ურთიერთობა, შეხვედრები ამ ხალხთან კიდევ ბევრ სიკეთეს მოგვცემს. როგორც იქაურებისგან გავიგეთ, ლაზების უმეტესობა თითქმის გათურქებულია. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ თურქია და არა ლაზი. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ქართველი მსმენელი ნაკლებად გვიცნობს, უფრო თურქეთში ვართ აღიარებულნი. რადიო "ლაზეთის ხმაში" ყოველ საღამოს ჟღერს ჩვენი შესრულებული ლაზური სიმღერები.
- გარდა ლაზურისა, სხვა კუთხის სიმღერებსაც ხომ ასრულებთ...
- ლაზური სიმღერების ჩაწერის შემდეგ დავიწყეთ დამუშავება სხვადასხვა ქართული ფოლკლორული სიმღერებისა. ჩვენი ანსამბლი ლაურეატიც კი გახდა ქართული სიმღერების შესრულებისთვის. გამოცემული გვაქვს ორი ალბომი, ამჯერად მესამე ალბომზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ფოლკლორთან ერთად კლასიკური სიმღერებიც შევასრულოთ.
სასურველი იქნება, თუნდაც რუსთავის ადგილობრივი ხელმძღვანელობა დაინტერესდეს ჩვენი ანსამბლით და მცირედი ფინანსური დახმარება გაგვიწიოს, რათა "თუთარჩელამ" გააგრძელოს არსებობა.
"თუთარჩელას" გარდა თამარი სხვა ანსამბლებსაც ხელმძღვანელობს. "ბარაკონი", "თამარისი", "მზე შინა" - ქართული ფოლკლორის გადარჩენას ემსახურებიან. სასიხარულოა ისიც, რომ თამარის მეუღლე ნუგზარ არველაძე რუსთავში მგალობელთა გუნდის - "მე, რუსთველის" რეგენტია. ეს ორი ადამიანი ურთიერთთანადგომით და პროფესიონალიზმით ცდილობს, მომავალ თაობას კვლავ გაუღვიძოს ქართული სული და ქართული ჰანგის სიყვარული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი