ყოველგვარი ხელოვნება ქადაგებაა. მით უმეტეს კინო, რომელსაც მაყურებელზე ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ფილმებით: "დემეტრე თავდადებული", "ჩირიკი და ჩიკოტელა"...
ჩვენ ვეზიარებით სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ გმირები, რომელნიც თავიანთ რწმენას შთაგვაგონებენ, ეროვნულ თვითშეგნებას გვიღრმავებენ, ლოცვის სასწაულმოქმედ ძალაში გვაჯერებენ, აღგვძრავენ სიკეთის საკეთებლად, სიყვარულის გასავრცელებლად, საკუთარი თავის შესამეცნებლად. ეს ფილმები იმიტომ არის გაჯერებული ამგვარი სულისკვეთებით, რომ მათი ავტორი, ბატონი ბუბა ხოტივარი მართლმადიდებლურ ოჯახში აღიზარდა. "ყველაზე წმინდა, რაც მამისგან მივიღე და ჩემს შვილებს მინდა გადავცე, მართლმადიდებლობის სიყვარულია", - მეუბნება ბატონი ბუბა.
- ბატონო ბუბა, მომიყევით თქვენი ოჯახის შესახებ.
- მამაჩემი - ლევან ხოტივარი რეჟისორი და მსახიობი გახლდათ. ჩვენი გვარი რაჭის სოფელ ხოტევიდან იმერეთში გადასახლებულა. დედაჩემი მიქელაძის ქალი გახლდათ. მშობლები მასწავლიდნენ, - თუ გინდა იყო ქართველი, უნდა იყო მართლმადიდებელიო. ქართველობა და მართლმადიდებლობა ხომ მუდამ განუყოფელია! ჩვენს მატიანეში ხშირად შეხვდებით: "ბევრი სული ქრისტიანეთა დაიხოცაო" - ქრისტიანი ქართველს ნიშნავდა. სატანისეული ათეიზმის აღზევების პერიოდში ქართული ტრადიციული ოჯახები თავიანთ უდიდეს მისიად სახავდნენ მართლმადიდებლობის შენარჩუნებას. ჩემს ოჯახშიც ასე იყო. ჩემი ძმა ქართლოსი 1936 წელს დაიბადა და ჩუმად მონათლეს. მისი ნათლია იყო ანდრო ჟორდანია, ქართული ფეხბურთის ფუძემდებელი. და ვინაიდან ნოე ჟორდანიას ძმისშვილი იყო, ბოლშევიკები ავიწროებდნენ. მე 1946 წელს ვარ დაბადებული და მაშინვე მომნათლეს.
მაშინ მღვდლობა დიდი გმირობა იყო. ნებისმიერი ღვთისმსახური სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა. მაგრამ ქართველ ერში ძლიერია ღვთის რწმენა. ჩვენ გავითავისეთ ახალი აღთქმის სიტყვები: "არა გვაქვს აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ". ამიტომაც ჩვენს ეკლესიას გმირული, მოწამებრივი წარსული აქვს. ჩვენი უწმინდესის, ილია II-ის მოვლინება ჩვენს ერზე ღვთის მადლის გამობრწყინვება მგონია. მისი არსებობით ღმერთმა დაგვასაჩუქრა. კარგად მახსოვს მისი აღსაყდრების დღე. მან გამოაფხიზლა ხალხი. დაიწყო მასობრივი შემობრუნება ეკლესიისკენ, ბიბლიისკენ. ურთიერთობაში, საუბრებში თავი იჩინა რელიგიურმა თემატიკამ... ეს უწმინდესის დამსახურებაა.
- ეს ყველაფერი, ალბათ, მეტ-ნაკლებად კინოშიც აისახა...
- ქართველმა ხალხმა უდიდესი ინტერესი და მიდრეკილება გამოამჟღავნა კინოხელოვნებისადმი. ქართულ კინოში მოღვაწეობდნენ უნიჭიერესი რეჟისორები, მსახიობები, მხატვრები, კომპოზიტორები... განსაკუთრებული სიყვარული და ინტერესი ჰქონდა ქართულ კინოს მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და დედაეკლესიის მიმართ, რისი გამომჟღავნებაც იმ პერიოდში მკაცრად აკრძალული იყო და რეჟისორები ათასნაირი შეფარული ხერხით როგორღაც ახერხებდნენ ამას. 30-იან წლებში მოსკოვიდან ნაბრძანები იყო, რომ გადაეღოთ ათეისტური ფილმები, ათეისტური ქრონიკები - თუ როგორ ამტვრევდა ხალხი ჯვრებს, წვავდა ხატებს, ანგრევდა ეკლესიებს... და რომ ეს სასიხარულო და კანონზომიერი იყო, რადგან რელიგია წარმოადგენდა ბნელი წარსულის გადმონაშთს, ემსახურებოდა ხალხის ჩიხში შეყვანას, აფერხებდა აზროვნების განვითარებას და ა.შ. რაც უფრო მეტად გამოიჩენდა კაცი თავს ანტირელიგიური იდეების ქადაგებით, უფრო აწინაურებდნენ. საბედნიეროდ, საქართველოში ვერ აგორდა დიდი და სერიოზული ათეისტური ტალღა. მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ფილმებია, სადაც სასულიერო პირები გაშარჟებულები არიან. თუმცა შემიძლია მოვიყვანო ფილმ "მამლუქის" მაგალითი, რომელშიც მოძღვარი ღირსეულ პიროვნებად არის წარმოდგენილი.
ქართულ კინოში მოღვაწეობდნენ ქართული კინოს ფუძემდებლები, უდიდესი კლასიკოსები: დავით რონდელი, მიხეილ კალატოზიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, კოტე მიქაბერიძე, ნიკოლოზ შენგელაია... შემდეგ უკვე მოვიდნენ თაობები ნიჭიერი რეჟისორებისა. ერთი რამ არის საგულისხმო: წინა თაობა ისე იყო დათრგუნული 10-იანი, 20-იანი, 30-იანი წლების რეპრესიებით, რომ აქტიურად ვეღარ ებრძოდა ცენზურას. იმიტომ, რომ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც გაბედავდა რაიმე კარგის თქმას ეროვნულ ან ქრისტიანულ საკითხზე. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მიხეილ კალატოზიშვილი დააპატიმრეს და დახვრეტას უპირებდნენ. შემთხვევით გადარჩა. დახვრიტეს სანდრო ახმეტელი, ვანიკო აბაშიძე (დოდო აბაშიძის მამა), ევგენი მიქელაძე, პეტრე ოცხელი... იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ ეროვნულ-ქრისტიანული ცნობიერების მტრები, პირიქით, ცდილობდნენ, წინ წამოეწიათ ეს თემები და იმ ჯოჯოხეთში როგორმე სინათლე შეეტანათ.
20-40-იანი წლების ფილმები დიდი შინაგანი მუხტის მქონე, უდიდესი სულიერი კულტურის მაჩვენებელი, ნოვატორული და გენიალური კინოსურათებია. მათი ავტორები ცდილობდნენ, არ შეხებოდნენ მართლმადიდებლობას და ეკლესიას. თუ შეეხებოდი, უნდა გაგეცამტვერებინა კიდეც. დიდი რეჟისორები კი მაქსიმალურად არიდებდნენ თავს ქრისტიანობის კრიტიკას.
60-იან წლებში მოვიდა რეჟისორთა ახალი თაობა: მიხეილ კობახიძე, ქართლოს ხოტივარი, სოსო ჩხაიძე, ნოდარ მანაგაძე, ძმები შენგელაიები, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი... ეს თაობა ისეთი წნეხის ქვეშ უკვე აღარ იყო, ამიტომაცაა მათი ფილმები ბევრად ლაღი. დაიწყო ახალი ფორმების ძიება. ჩემს თაობას უფრო მეტად მიეცა ამოსუნთქვის საშუალება.
- ლოცვის თემა თქვენს ფილმებშიც ფიგურირებს...
- ფილმ "ჩირიკი და ჩიკოტელაში", რომელიც გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაციაა, ასეთი ეპიზოდია: გოგოს და ბიჭს ერთმანეთი უყვართ. მშობლები კი ხელს უშლიან მათ დაქორწინებას. როდესაც სიტუაცია დაიძაბება, გოგონა მირბის ეკლესიაში და ღმერთს ევედრება, - შემეწიე, ოჯახი შემაქმნევინეო. მართლაც, ისე ხდება, რომ რამდენჯერაც ღმერთს სთხოვს, იმდენჯერვე განიმუხტება სიტუაცია. ბოლოს, ყველაფერი კარგად მთავრდება. ამ ფილმით მინდოდა მეთქვა, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტ როლს თამაშობს ლოცვა, რომელიც განმუხტავს ყოველგვარ დაძაბულობას.
ფილმ "დემეტრე თავდადებულშიც" არის ასეთი მომენტი. დემეტრე ყაენთან წასვლის წინ ეკლესიაში შედის და ლოცულობს. აქ უფრო თვალებით ლოცვაა. ეს თემა სულ არის ჩემს ფილმებში და ვეცდები, მუდამ იყოს ასეთი დამოკიდებულება. ცოტა მეგულება ისეთი ქართული ფილმი, სადაც ამ თემაზე პირდაპირ ან ირიბად არ იყოს ლაპარაკი. შეიძლება ფილმებში არც შეეხო ქრისტიანობას, ეკრანიდან პირდაპირ არ იკითხო მორალი, - ხელოვნება არც ითხოვს ამას, - შეიძლება ფილმში არც გამოჩნდეს ეკლესია, მაგრამ ეს იყოს ძალიან რელიგიური ფილმი.
- ბატონო ბუბა, დღესდღეობით ქართველი რეჟისორები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებით, რადგან, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს ქართული კინო, რომელზეც თაობები იზრდებოდა. როგორ გესახებათ ქართული კინოს მომავალი?
- ქართული კინოწარმოება რომ აღარ ფუნქციონირებს, ეს არ არის მხოლოდ კრიზისი. ეს ტრაგედიაა. 20 წელია მხატვრული ფილმი არ გადამიღია. მიხარია, რომ ვარ პედაგოგი. უკვე მრავალი წელია ვასწავლი თეატრალურ ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში. ჩემი სტუდენტებიდან დღეს ბევრი გამოჩენილი კინორეჟისორია. მაგრამ პედაგოგიური საქმიანობა არ გახლავთ ჩემი მთავარი საქმე. მინდა კიდევ მოვასწრო კინოს გადაღება. მინდა ვასწავლო ბავშვებს, რა არის კინო, ოღონდ არა მარტო კაბინეტში, არამედ გადასაღებ მოედანზე.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კინოს და არა მარტო საქართველოსთვის. მაგალითად, 4 წლის წინ გადაიღეს შესანიშნავი ფილმი "გასეირნება ყარაბაღში", რომელიც ეხებოდა ქართველების, სომხებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობას. ამ ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა ფესტივალზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ქვეყნებში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოს და აფხაზეთის საკითხის მიმართ. ერთმა ფილმმა ამდენი შეძლო. წელიწადში რომ რამდენიმე ასეთი ფილმი გადაღებულიყო, მაშინ რა მოხდებოდა! ქართველ ერს წაართვეს ეს ტრიბუნა. აღარ არსებობს ქართული დოკუმენტური კინო, ქართული კინომატიანე - ეკრანზე გადატანილი ქართლის ცხოვრება, რაც ჩვენი ერის ხედვით მეხსიერებას წარმოადგენს. როგორც კი კინო გაჩნდა საქართველოში, იმ დღიდან დაიწყეს კინოქრონიკის გადაღება. გადაღებულია 1907, 1910, 1912, 1919 წლები - მთელი მენშევიკების პერიოდი. კვირაში ერთხელ გამოდიოდა ფილმი "საბჭოთა საქართველო", სადაც იყო პოლიტიკაც, მეცნიერებაც, ხელოვნებაც, სპორტიც, ქართული მედიცინა, ქართული სამართალი... ამ ფილმებით შეგვიძლია გავეცნოთ, თუ როგორი იყო ქართული სახეები, ქალაქები, ბუნება... დღეს ამას აღარ იღებენ, რა უნდა დარჩეს შთამომავლობას?!
ყოველ ათ დღეში გამოდიოდა ახალი ქართული მხატვრული და სატელევიზიო ფილმი, წელიწადში კეთდებოდა 10-15 მულტიპლიკაციური ფილმი, აგრეთვე უამრავი დოკუმენტური ფილმი და კინოქრონიკა. ეს ფილმები იყო ზნეობრივი მაგალითი იმისა, თუ როგორი ხარ და როგორი უნდა იყო, როგორ უნდა გაზარდო შვილი, როგორ უნდა ილაპარაკო... ამ ფილმებზე მუშაობდნენ ქართველი კლასიკოსი მწერლები: გრიგოლ რობაქიძე (რომელიც ქართული კინოს მთავარი რედაქტორი გახლდათ), მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ბელიაშვილი, აკაკი ბაქრაძე, რეზო ჭეიშვილი, ნოდარ დუმბაძე, რეზო ინანიშვილი... მხატვრები, კომპოზიტორები, მემონტაჟეები... კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ჰქონდა იარაღის საწყობი. ეს იყო მუზეუმი, სადაც ინახებოდა XV საუკუნიდან დღემდე არსებული ყველა ტიპის იარაღი. ყველაფერი გაქრა. განადგურდა დიდი კულტურის ცენტრი. კინოსტუდიაში შეხვდებოდით უამრავ დიდებულ და განათლებულ ადამიანს. სულ იყო საუბარი საქართველოზე, ქრისტიანობაზე, ფილოსოფიაზე... ეს ყველასთვის უმაღლესი დონის სკოლა იყო. აქ მოსვლა დღესასწაული გახლდათ. თითქმის აქ გავიზარდე. მამაჩემს დავყავდი ჯერ კიდევ 5-6 წლისა. მახსოვს, როგორ თვალებგაფართოებული ვუგდებდი ყურს ბუმბერაზი ადამიანების საუბარს, რომელთა მოსმენას არაფერი სჯობდა.
იმისათვის, რომ აღდგეს ქართული კინო, მილიონები და მილიარდები საჭირო არაა. პარლამენტმა უნდა შექმნას ქართულ კინოში საინვესტიციო გარემო და მიიღოს კინოკოდექსი. დღეს მსოფლიოში კინო ფუნქციონირებს იმ ქვეყნებში, სადაც არის კინოკოდექსი. ქართული კინო უნდა ჩაჯდეს მსოფლიო კინოქსელში. ზოგიერთს ჰგონია, გლობალიზაცია ხელს უშლის ეროვნულსო. განა გლობალიზაცია არ არის ქრისტიანობა, რომელმაც არათუ ხელი შეუშალა ეროვნული კულტურის განვითარებას, არამედ სწორედ მან გადაარჩინა ქართველი ერი.
- დაბოლოს, ბატონო ბუბა, რა გაძლევთ მომავლის იმედს?
- ბევრი რამ. უპირველესად ის, რომ ქართულ გენეტიკას, ქართულ ნიჭიერებას კინოში ვერ დააბრკოლებ. მართალია, დღესდღეობით ბევრმა ქართველმა რეჟისორმა უცხოეთში გადაინაცვლა, მაგრამ იმედი მაქვს, დაბრუნდებიან და დაიწყებენ ქართული კინოს აღორძინებას. მეორე ის, რომ შესანიშნავი ახალგაზრდები მოდიან, რომელთაც დაიწყეს ახალი კინოფაბრიკის კეთება. მართალია, უჭირთ, რთულად მიდის საქმე, მაგრამ ეროვნულ საქმეს აკეთებენ და ვალდებულნი ვართ, გვერდით დავუდგეთ. ქართველს აქვს სამყაროს კინემატოგრაფიული ხედვის და, აღქმის უნარი. და რა თქმა უნდა, იმედს მაძლევს ჩემი სარწმუნოება. ახლა ბევრი პროგრესს ეძახის იმას, რაც უფრო მეტად განთავისუფლდება ეკლესიური დოგმებისგან და განაქიქებს ქრისტიანობას. ეს არის სწორედ სულიერების დეფიციტი. იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენა დროებითია. ვფიქრობ, რაც უნდა მხატვრული ღირსებებით იყოს ფილმი შემკული, თუ მასში უგულებელყოფილია ქრისტიანული ზნეობა, კარგი ვერ იქნება. მე მხოლოდ ქრისტიანობასთან ერთად ვხედავ საქართველოს, ქართული კულტურისა და, ბუნებრივია, ქართული კინოს განვითარების პერსპექტივას.
- გმადლობთ საინტერესო საუბრისთვის.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი