სიტყვა "ხატი" ზოგადად გამოსახულებას, სახეს ნიშნავს, ასევეა ბერძნულშიც სიტყვა "ეიკონ". ძველი აღთქმა და საერთოდ იუდეური კულტურა არაგამომსახველობითი, არახატოვანი იყო. ამის საფუძველი გახლდათ მეორე მცნება, სადაც ნათქვამია:
"არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი..." მთელ ძველ აღთქმაში მხოლოდ ერთგანაა დაფიქსირებული ფიგურული გამოსახულება - სერაფიმები აღთქმის კიდობანზე. აგრეთვე სოლომონის ტაძრის შესამკობად გამოყენებულია ვაშლისა და ბროწეულის გამოსახულებანი. ეს არის და ეს.
მაგრამ როდესაც უფალი განკაცდა, ქრისტიანობაში გაჩნდა მოთხოვნილება და აუცილებლობაც კი, რომ განკაცებული უფლის სახე დაფიქსირებულიყო. მას შემდეგ ხატი ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების განუყოფელი ნაწილია. მან შეიძინა ღრმა თეოლოგიური მნიშვნელობა. ხატი იქცა უფლის ხილულ განსახიერებად, რომელიც მისტიკურად დაკავშირებულია პირველსახესთან, თუმცა არსობრივად არ უდრის მას. ხატმა შეიძინა დამაკავშირებელი ფუნქცია უფალსა და მლოცველს შორის. იგი გახდა სარკმელი სულიერ სამყაროში. მისი მეშვეობით მორწმუნეები მიმართავენ პირველსახეს, უფალს.
როგორ იქმნებოდა ხატები, რატომ უარყოფდნენ ხატმებრძოლნი ხატის მისტიკურ ფუნქციას და რატომ იყო ხატების თაყვანისცემის საკითხი სარწმუნოებრივი და არა უბრალოდ ხელოვნების პრობლემა, ამ და სხვა საკითხებზე მოგვითხრობს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, სასულიერო აკადემიასთან არსებული საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქალბატონი მარიამ დიდებულიძე:
- პირველი, ხელთუქმნელი ხატი - პირი უფლისა - თვით მაცხოვრის ნებით შეიქმნა, როცა ედესის მეფის, ავგაროზის თხოვნით, უფალმა ქსოვილი მიიდო სახეზე და მისი სახე სასწაულებრივად გამოისახა მასზე, რომელმაც განკურნა კიდეც მეფე. ამ ხატის ხელთუქმნელ ასლად მიჩნეულია ანჩის ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ჩამოიტანა საქართველოში. საეკლესიო ტრადიციამ უადრესი დროიდან შემოინახა მრავალი დასტური ხელთუქმნელი ხატების შესახებ, მსგავსად წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ საქართველოში ჩამოტანილი ან წმინდა ლუკას მიერ შესრულებული ღვთისმშობლის ხატებისა. ჩვენს დრომდე შემორჩენილ ხატწერის ნიმუშებს შორის უადრესია სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში შემონახული ენკაუსტიკური ანუ ცვილის საღებავებით შესრულებული VI ს-ის ხატები, რომლებზეც გამოსახულნი არიან მაცხოვარი, ღვთისმშობელი, წმინდანები, მოციქულები, სხვადასხვა ქრისტიანული თუ ბიბლიური ამბავი.
- VII-VIII საუკუნეებში თითქმის მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში გავრცელდა ხატმებრძოლობა. რა მოსაზრებას ეფუძნებოდა ეს მწვალებლობა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხატმებრძოლთა არგუმენტების გაბათილება?
- ხატმებრძოლობა ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ უფლის გამოსახვა ადამიანურ, მატერიალურ ფორმებში შეუძლებელია, რასაც ამტკიცებს მეორე მცნება. ხატმებრძოლენი ხატს კერპთან აიგივებდნენ და ამტკიცებდნენ, - როცა გამოვსახავთ ქრისტეს ადამიანის სახით, ამით ვხლეჩთ მის ორ ბუნებას და მხოლოდ კაცობრივს წარმოვაჩენთო. ეკლესიის მამები, განსაკუთრებით წმინდა იოანე დამასკელი, კი ამტკიცებდნენ, რომ ხატის უარყოფა განკაცების დოგმის უარყოფაა. ვინაიდან თვით უფალმა ინება ადამიანური სახით გამოცხადება, ყველასთვის გახსნილად, დაუფარავად, ხელშესახებად, ამიტომ მისი ამ ფორმით გამოსახვა არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელია, მით უმეტეს, რომ პირველი ხატი თვით უფლის ნებით შეიქმნა. ხატის თაყვანისცემის მომხრეებისთვის ეს საკითხი არსებითი იყო. ამიტომაც ხატების თაყვანისცემის აღდგენა 843 წელს, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მართლმადიდებლობის ზეიმად გამოცხადდა.
წმინდა იოანე დამასკელი და წმინდა თეოდორე სტუდიელი მუდამ ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ხატი არ უდრის პირველსახეს, მათ შორის არ არის ტოლობა, ისინი არ არიან ერთარსნი. მაშინ მართლაც კერპთაყვანისმცემლობასთან გვექნებოდა საქმე. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ხატი და პირველსახე მყოფადობის სხვა დონეზე არსებობენ. "სხვაა გამოსახულება, სხვაა გამოსახული. ეს იგივეა, რომ გავაიგივოთ ჭეშმარიტება და მისი ჩრდილი, მიზეზი და შედეგი. ხატი საიდუმლოებრივად არის დაკავშირებული პირველსახესთან. პატივი, რომელსაც მივაგებთ ხატს, განსაზღვრულია პირველსახისთვის. როგორც წმინდა წერილის წიგნებს ვეთაყვანებით, როგორც უფლის სიტყვის მომცველს და დამაუნჯებელს და არა ეტრატსა და მელანს, ასევე ხატში ვეთაყვანებით პირველსახეს და არა ფიცარსა და საღებავს" (იოანე დამასკელი).
მაშ, კერპისგან განსხვავებით, მართლმადიდებლები ეთაყვანებიან არა კონკრეტულ საგანს, არამედ ხატზე ფერებით და ხაზებით გამოსახულ პირველსახეს, რომელთანაც ხატს მისტიკური კავშირი აქვს, მისი ენერგიის მატარებელია, მის მადლს მოიცავს, მაგრამ არ არის თვითონ ეს პირველსახე. ეკლესიის მამებს მოჰყავთ შედარება: სარკმელი შედგება ხის ჩარჩოსა და გამჭვირვალე სიბრტყისგან, ეს მისი საგნობრივი ბუნებაა, მაგრამ სარკმელს რომ ვუყურებთ, აღვიქვამთ არა ხის ჩარჩოს და ამ გამჭვირვალე ზედაპირს, არამედ იმ ხედს და საგნებს, რომელიც სარკმელში იხსნება. ასევე, ხატს რომ ვჭვრეტთ, აღვიქვამთ არა ფიცარს და საღებავს, არამედ პირველსახეს, რომელიც საიდუმლოებრივად მყოფობს მასში.
- როგორ აფასებდნენ ეკლესიის მამები ქრისტიანული გამოსახულების მნიშვნელობას?
- პაპი გრიგოლ დიდი ქრისტიანულ გამოსახულებას უწოდებდა "ბიბლიას უწიგნურთათვის". წმინდა ბასილი დიდი ამბობდა: "რასაც სიტყვა იძლევა სმენისთვის, იმასვე უტყვი ფერწერა გვაჩვენებს გამოსახულებებით". წმინდა იოანე დამასკელის აზრით, უხილავი და ძნელად საწვდომი ხატში მოცემულია ხილულად და ადვილად გასაგებად. ქრისტიანული გამოსახულება არის "ქადაგება ფერებით და ხაზებით". ხატის ჭვრეტა არ არის უბრალოდ ესთეტიკური ტკბობა, ეს, უპირველესად, არის ლოცვა, რომლის მეშვეობითაც ხდება ჭეშმარიტების წვდომა, ღმერთთან მიახლოება, შინაგანი ადამიანის ზრდა და გარეგნულის დამცრობა, მლოცველის სულიერი ფერისცვალება.
გამოსახულება მოგვითხრობს, განგვიმარტავს, გვიხსნის, გვარწმუნებს. ხატის ჭვრეტისას ჩვენ თანამონაწილენი ვხდებით გამოსახული ამბისა, კონტაქტს ვამყარებთ უფალთან ან წმინდანთან, მისი მადლი გადმოდის ჩვენზე.
ქრისტიანული გამოსახულება, თავისი ბუნებით, სახისმეტყველებითია, ანუ უბრალოდ კი არ ასახავს რაიმე ამბავს, არამედ მის ინტერპრეტაციას, გახსნას, გააზრებას იძლევა. ამიტომ ქრისტიანული გამოსახულებები წმინდა წერილის სიტყვასიტყვით დასურათებას კი არ გვთავაზობს, არამედ გამოსახული ამბის საღვთისმეტყველო განმარტებას. ამიტომაც უტოლდება ქადაგებას.
- საეკლესიო ტრადიციაში ჩამოყალიბდა ქრისტიანული გამოსახულების შექმნის კანონები. რას ისახავდა მიზნად საეკლესიო კანონიკა, ვინ ადგენდა მას და რას ეფუძნებოდა?
- ხატის შექმნაში ყოველთვის მონაწილეობდნენ ღვთისმეტყველნი, საეკლესიო პირნი. ქრისტიანული გამოსახულების შექნის კანონები კი არ ზღუდავდნენ მხატვრებს, არამედ ეხმარებოდნენ მათ ჭეშმარიტების საკადრისი მხარის შექმნაში, რასაც შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშების მხატვრული მრავალფეროვნება და განუმეორებლობა, მხატვრული სტილის განვითარების მრავალრიცხოვანი ეტაპი მოწმობს. კანონი იყო "შეუცდომლობის", ეკლესიის ტრადიციასა და დოგმასთან შეთანხმებულობის, შესატყვისობის გარანტია.
საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ვითარდებოდა იკონოგრაფიული სქემები და კანონები, მაგრამ ახალი იკონოგრაფიის შექმნა ყოველთვის საეკლესიო ტრადიციის წიაღში ხდებოდა, ერთობლივ, სულიწმინდის მადლით მოსილ გადაწყვეტილებას ეფუძნებოდა.
VII საეკლესიო კრების დადგენილებაში წერია, რომ ხატს მხატვართა ხელოვნება კი არ ქმნის, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის დაურღვეველი კანონი და გადმოცემა, მხატვარი კი არა, წმინდა მამები ქმნიან და მიუთითებენ მას. ისინი არიან შემოქმედნი, ფერმწერი კი განმახორციელებელია, შემსრულებელი.
- ხატი ხელშესახები, მიწიერი რეალობისგან განსხვავებულია. რა შინაარსი აქვს და რა მიზანს ემსახურება ქრისტიანულ ხელოვნებაში დამკვიდრებული პირობითი, სიმბოლური მხატვრული ენა?
- ხატის ბუნებიდან გამომდინარე, მან მლოცველის წინაშე უნდა წარადგინოს და გახსნას არა თვალხილული, მიწიერი სამყარო, არამედ ზეციური, განღმრთობილი, უფლის მადლით ფერიცვალებული და გარდაქმნილი. სწორედ აქედან მოდის მრავალრიცხოვანი "დარღვევა" ხატწერაში, როდესაც მას კლასიკური რეალისტურ-ილუზიონისტური მხატვრობის კრიტერიუმებით აფასებენ. ხატწერის მხატვრული ენა პირობითი, სიმბოლურია, სადაც პეიზაჟი და არქიტექტურა ექვემდებარება ფიგურებს, სიმბოლური პერსპექტივის სისტემა, ე.წ. უკუპერსპექტივა სასურათო სიბრტყის სიღრმეში კი არ ვითარდება, არამედ ამ სიბრტყის წინ, მლოცველისკენ გამოჰყავს გამოსახულება, სადაც სულიერი საწყისის ხაზგასასმელად საგანგებოდ დიდდება თვალები, ხელები, სადაც ნახატი მოწოდებულია არა ბუნებრივი პლასტიკის, არამედ სულიერი შინაარსის გადმოსაცემად, სადაც ფიგურები და საგნები ერთდროულად სხვადასხვა მხრიდან აღიქმება, სადაც არ არსებობს დროისა და სივრცის კონკრეტულობა და მარადისობა სუფევს. ასევე სიმბოლურია ხატის ფერადოვნებაც. ხატი განღმრთობილ სამყაროს წარმოგვიდგენს და მხატვრული საშუალებები სწორედ ამისკენ არის მოწოდებული.
უფალმა შექმნა ადამიანი ხატად და სახედ თვისად. მთელი სამყარო არის ხატი უფლისა. უფლის ხატი (სახე) განმსჭვალავს ყოველივეს და თუ ჩვენს გარშემო არსებულ რეალურ, თვალხილულ, მატერიალურ სამყაროში უფლის ხატი შებღალულია ცოდვით, უმეცრებით, მართლმადიდებლურ ხატზე ეს სამყარო განწმენდილი და განღმრთობილი წარმოგვიდგება, ისეთი, როგორიც გახდება უჟამო ჟამს, როცა დადგება უფლის საუკუნო სასუფეველი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი