თავისთვის იჯდა ფიქრებში გართული. შვილიშვილი გამოიყვანა სასეირნოდ და სათამაშოდ, თორემ სულ არ უნდოდა გარეთ გამოსვლა. აბა, რა გაახარებდა, როგორც თვითონ იტყოდა, ნაცნობი შეხვდებოდა თუ რა?! გონებაში გადათვალა უცხოეთში გატარებული წლები.
ამას პირველად კი არ აკეთებდა - ყოველდღე, გაღვიძებისთანავე გაიფიქრებდა: "ხუთი წელი და ერთი დღე", მერე - "ხუთი წელი და ერთი თვე"... ეს მელანქოლია იყო, ასეთი დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა სრულიად ჯანსაღ კაცს, რომელსაც არაფერი სტკიოდა.
სინამდვილეში ამას სხვა სახელი ერქვა: უცხო ენებზე - ნოსტალგია, ქართულად - მონატრება, სისხლის ყივილი და... სამშობლო.
თვალები მილულა და თითქოს ჩათვლიმა.
შვილიშვილი კალთაზე მოებღაუჭა და საქანელაზე დამსვიო, სთხოვა. ლამაზი, პატარა გოგონა იყო, თვალი შეავლო და გაიფიქრა: არც ქართველია, არც გერმანელი. არა, გერმანელია. ნამდვილი გერმანელი - სახე, თმა, აღნაგობა... რა უნდა ექნეს ჩვენებური? ალბათ, სული, მაგრამ როგორ ჩავუდგა ეს სული მე, გამოფიტულ-გამომწვარმა კაცმა?! მამას ამისთვის არ სცალია და არც უნდა, მისთვის სულერთია - აქ გაიზარდა, საქართველო გაჭირვებულ-გაბახებული ახსოვს, ძლივს გამოვასწარით შიმშილს, უფულობას, ავადმყოფობას. აქ არაფერი უჭირს იმას, ვისაც არ ახსოვს იქაურობა.
ისე მივიდა საქანელამდე, არც გაუგია. ბავშვი შემოასკუპა და თვითონ იქვე მოთამაშე გოგო-ბიჭებს მოავლო თვალი. სამნი იყვნენ, რაღაც უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ. რამდენიმე სიტყვას მოჰკრა ყური. ზოგიერთი თითქოს ეცნო, მაგრამ მთლად ქართულსაც არ ჰგავდა... უცებ მოესმა - გოგონამ ბიჭს დაუძახა "ჯიმა!" ყური ცქვიტა და ბავშვებს მიუახლოვდა. თავზე ხელი გადაუსვა. იუცხოვეს, ერთმანეთს გადახედეს. რა გქვიათ და სადაურები ხართო, ჰკითხა. თურქებიო, გოგონამ დაასწრო. ბიჭმა ხელი გაჰკრა და რაღაც უთხრა, რაც გიორგიმ ვერ გაიგო, მერე ბიჭი წელში გასწორდა, დიდი, ცისფერი თვალები შეანათა უცხოს და დამარცვლით უთხრა: "ალაზა". გიორგიმ ვერც ეს გაიგო, ბიჭი კი იდგა და დაჟინებით შესცქეროდა. თვალებში ჩახედა და მიხვდა... ლაზი იყო! გული მწარედ შეეკუმშა. მომიწევს დღეს ექიმთან მისვლაო, გაიფიქრა და შემობრუნდა. ბიჭი წამოეწია, კალთაზე მოქაჩა, რაღაცას ეტიკტიკებოდა. გიორგი დაახლოებით მიუხვდა - აქვე ვცხოვრობ, მამაჩემი შინაა და ჩვენთან წამოდიო.
შვილიშვილი საქანელიდან ჩამოსვა და ანგარიშმიუცემლად უკან გაჰყვა პატარა ბიჭს. დაკაკუნებაზე მაღალმა ცისფერთვალა კაცმა გამოიხედა, შვილთან ერთად უცნობი მამაკაცი და პატარა გოგონა რომ დაინახა, შეიჭმუხნა და ბიჭს ქეჩოში სწვდა. გიორგის გაეღიმა. ასე იცოდა თვითონაც - როცა ბექა რაიმეს დააშავებდა, არც ჰკითხავდა, რა მოხდა და როგორ, ისე სწვდებოდა ქეჩოში. გიორგის ღიმილმა კაცი მიახვედრა, რომ ისე არ იყო საქმე, თვითონ რომ ეგონა და თვითონაც გაიღიმა. საოცარმა შუქმა გაუნათა სახე. გიორგი შინ შეიპატიჟა და დაფაცურდა. რაღაცას ამბობდა. გიორგის არაფერი ესმოდა, მაგრამ მოძრაობაზე ხვდებოდა - სუფრის გაშლას აპირებდა მასპინძელი. ჩამოჯდა და სინდი მუხლებზე დაისკუპა. კაცმა ჩაი შემოიტანა. გიორგიმ გერმანულად სთხოვა, დაჯექიო. დაჯდა და გიორგის მიაპყრო მზერა - "გურჯი?" "ჰო", - თქვა გიორგიმ. "ჩემი დედა არის გურჯი, ართვინიდან, ბაბა - ლაზი; მე გურჯის ენა ცოტა ვიცი. გურჯი და ალაზა ჯიმა არიან". გიორგის ცრემლი მოადგა, არა, ასე არ ივარგებსო, გაიფიქრა და რა გქვიაო, ჰკითხა. მუსტაფაო, უპასუხეს, მუსლიმანი ვარო, ჩვენთან იციან, რომ ქრისტე ჩვენი ღმერთიც იყო, მაგრამ მერე გადაგვათქმევინესო. აქ რამ გადმოგაგდო? - ჰკითხა გიორგიმ. გაჭირვებამო. აქანა ჩვენი ბევრი გურჯები და ალაზები არიანო. შენ დიდი გურჯუსტანიდან ხარ და აქ რაღამ მოგიყვანაო? გიორგიმ იცოდა, როგორ ენატრებოდათ ლაზებს საქართველოს ნახვა, როგორ ეოცნებებოდათ და ეამაყებოდათ ახლობელი, მაგრამ გაშორებული წინაპრების სამშობლო და აღარაფერი უთქვამს. მიჭირს აქ ყოფნაო, აქ ბევრი სანოვაგეა, მაგრამ ჩემი მთები და ჩემი ზღვა მენატრებაო, ახლა ბავშვები აქ დაიზრდებიან და ლაზურიც დაავიწყდებათო... გიორგი მიხვდა, რაც უღრღნიდა მუსტაფას სულს და დამშვიდება დაუწყო. მერე ცოტა დალიეს, ერთმანეთს ამხნევებდნენ და "ჩვენ-ჩვენ საქართველოში" დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მერე მუსტაფამ თქვა: "ბაბას ბაბადან ჩემი დედა ამბობდა, გურჯები წავალთ, წამოვალთ და მერე გურჯისტანში დავბრუნდებით, ერთად მოვგროვდებით და ჩვენი სიმღერები და ცეკვები ვიტყვით, ვერავინ გაგვლახავსო".
გიორგიმ ბავშვს გახედა - მასპინძლის პატარებს ეთამაშებოდა. არაფერი ესმოდა, მაგრამ გრძნობდა... აიყვანა, მუსტაფას გადაეხვია და შინის გზას დაადგა. სახლში გაღიმებული შევიდა. ცოლმა გაოცებით გადახედა გერმანელ რძალს. ალბათ ქართველი ნახაო, უჩურჩულა კრისტინამ დედამთილს. გიორგიმ ყური მოჰკრა. "ორჯერ ქართველი, ალაზა". "რატომ ორჯერ ქართველი?" - ჰკითხა ცოლმა. "იმიტომ, რომ დედაც ქართველი ჰყავს, მამაც, ბებიაც და ბებიის ბებიაც..." "ალაზა და გურჯი ერთმანეთს მიყობიენ, ვინც თურქი ითხოვოს, ცემა უნდა!" - ჩაესმა მუსტაფას ხმა.
მერე აივანზე გავიდა, ყალიონი გააწყო და სავარძელში ჩაჯდა. ხვალინდელი დღის გათენება უხაროდა - ხვალ ალაზა ჰყავდა სტუმრად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი