თითქოს უფალმა ეს სამი მარგალიტი შემოგვინახა იმისთვის, რომ ეს დარგი არ დაკარგულიყო
ნაქარგობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს.
ქართული ნაქარგობის საუკეთესო ნიმუშები, ძირითადად, ეკლესია-მონასტრებსა და სადედოფლო სახელოსნოებში იქარგებოდა. ქარგვას ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ბავშვებს. ამისათვის საგანგებო სკოლები არსებობდა. ახალმოყვანილ ბავშვს მისცემდნენ ქსოვილს და ძაფებს. სკოლაში იმ შემთხვევაში იტოვებდნენ, თუ იგი გემოვნებით დაალაგებდა ძაფებს ერთმანეთის გვერდით. ასე რომ, თავიდანვე ზრუნავდნენ გემოვნების ჩამოყალიბება-დახვეწაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ამ სკოლების ფუნქციონირება შეწყდა, გაუქმდა მრავალი სახელოსნო. რუსეთიდან შემოტანილმა მზა პროდუქციამ შეცვალა ქართული ნაქარგობა. საეკლესიო ცხოვრება, შესაბამისად საეკლესიო ხელოვნების დარგებიც, თითქმის პარალიზებული იყო. 1983 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხელშეწყობითა და თანადგომით აღდგა საქართველოში ყველაზე ელიტარული ხელოვნების დარგი - საეკლესიო ნაქარგობა. დღეს უკვე მოქმედებს მრავალი სახელოსნო და სკოლა, სადაც ამ საქმეს დიდი ინტერესით სწავლობენ ახალგაზრდები. საპატრიარქოში არსებობს ხალხური რეწვის განყოფილება, რომელსაც ქალბატონი ელისო არაბული ხელმძღვანელობს. სასულიერო აკადემიაში საეკლესიო ნაქარგობის განყოფილებას უძღვება ქალბატონი ეთერ უროტაძე. სიონის სამრევლო სკოლაშიც ფუნქციონირებს ხელსაქმის განყოფილება. შარშან სამების საკათედრო ტაძართან გაიხსნა სახელოსნო, რომელიც სხვადასხვა განყოფილებას მოიცავს: საეკლესიო ნაქარგობა, ხევსურული ფერი და ორნამენტი, მძივებით ქარგვა. ინტერვიუ ვთხოვეთ ამ სახელოსნოს პედაგოგებს, ღვაწლმოსილ ოსტატებს - ეთერ უროტაძესა და ელისო არაბულს. ამ ქალბატონებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ნაქარგობის აღორძინება-განვითარების საქმეში.
- ქალბატონო ეთერ, ქართული საეკლესიო ნაქარგობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ხანგრძლივი წყვეტის გამო ალბათ ძნელი იქნებოდა ყველაფრის თავიდან დაწყება, ამ დარგის კვლავ აღდგენა-აღორძინება. თქვენ უშუალო მონაწილე და სულისჩამდგმელი იყავით ამ საქმიანობისა. როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები?
- 1983 წელი იყო. უწმინდესმა სიონის ამბიონიდან მრევლს გვიამბო, რომ კვიპროსის ერთ-ერთ მუზეუმში უნახავს გარდამოხსნა, ყველაზე ძვირფას და უნიკალურ ნივთად აღიარებული. ბერძნული და ინგლისური წარწერა მიანიშნებდა, რომ ის სომხური იყო. ტრადიციის თანახმად, გარდამოხსნას ირგვლივ უკეთდება ლიტურგიული და საქტიტორო წარწერები (საქტიტორო წარწერა გვაუწყებს, ვის მიერ და რომელი ეკლესიისთვის არის ეს ნივთი შეწირული). აღმოჩნდა, რომ ეს გარდამოხსნა ქართული იყო. პატრიარქს შენიშვნა მიუცია მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მათ აღარ დაიწყეს ამ საქმის მეცნიერული შემოწმება, ნდობა გამოუცხადეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბოდიშიც მოიხადეს იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ და მაშინვე შეცვალეს წარწერა.
უწმინდესზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ გარდამოხსნამ, რომ სიონის ახალგაზრდა მრევლს ლოცვა-კურთხევა მისცა, შეესწავლათ ქარგვა. იმ დროისათვის თითქმის ყველა ტაძარში რუსული ნაქარგობები იხმარებოდა. პატრიარქს მათი ქართულით შეცვლა უნდოდა.
უწმინდესმა ამ საქმის თავმობმა დაავალა სიონის ტაძრის მრევლს რეჟისორ ნანა ხატისკაცს. ქალბატონმა ნანამ 18 ადამიანი შეგვკრიბა. შემდეგ დაიწყო ძებნა ამ საქმის ოსტატებისა. ჩვენდა სანუგეშოდ, საეკლესიო ნაქარგობის ძველი სკოლების უკანასკნელი მოჰიკანები აღმოაჩინა - სამი უხუცესი ქალბატონი: ანა ღამბაშიძე, ნინო სვანიძე და მაკა წერეთელი. თითქოს უფალმა ეს სამი მარგალიტი შემოგვინახა იმისთვის, რომ ეს დარგი არ დაკარგულიყო. ამ ქალბატონებმა, რაც იცოდნენ, ყველაფერი უშურველად და უანგაროდ გადმოგვცეს, ესტაფეტა გადმოგვილოცეს და ისე გავიდნენ ამ ქვეყნიდან.
იმ თვრამეტიდან ბოლომდე ამ საქმეს შემოვრჩით მე და ქალბატონი ელენე ყაყაჩაშვილი.
- პირველად რა მოქარგეთ?
- სამთავროს დედათა მონასტერში მომიწია რამდენიმე წელი ცხოვრება, სადაც პატრიარქის კურთხევით ჩამოვაყალიბეთ საეკლესიო ნაქარგობის ოთხკაციანი ჯგუფი. პირველად უწმინდესისთვის მოვქარგეთ დაფარნები, რომლებიც მან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიიღო. მახსოვს, როდესაც მივართვით, ფეხზე წამოდგა, ეამბორა და გვითხრა: - თქვენ თუ იცით, რამხელა პატივის ღირსი გაგხადათ უფალმა, ასეთი სიწმინდე რომ გაგაკეთებინათო. შემდეგ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოში გაიხსნა ხალხური რეწვის განყოფილება.
- რა დაევალა ამ განყოფილებას?
- ძველად საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში ერთი მომქარგველი მაინც იყო. ყველა ქართველმა ქალმა იცოდა ხელსაქმე. ნაქარგობები კუთხეების მიხედვით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილებას დაევალა მრევლისთვის ამ საქმის სწავლება. იმერეთის ეპისკოპოსი, წმინდა გაბრიელ ქიქოძე წერს: "ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეეწიე ყოველ ქრისტიან ქალს, რათა იყვნენ შენნი მობაძავნი". ქრისტიანი ქალის ცხოვრებას ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვასთან ერთად ხელსაქმეც უნდა ამშვენებდეს, მან თავისი ხელებითაც უნდა განადიდოს უფალი. იმ საეკლესიო ნივთების მიხედვით, რომლებიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდშია, შეგვიძლია დავასკვნათ, თუ როგორ ღრმად იცოდნენ მათმა მომქარგველებმა ძველი და ახალი აღთქმა. მცენარეული ორნამენტი იქნება ეს, წარწერა თუ კომპოზიცია, შემთხვევით არც ერთი წერტილი არ გვხვდება. ადამიანები მარტოოდენ მეცნიერულ ცოდნას კი არ ფლობდნენ ძველი და ახალი აღთქმისას, არამედ ცხოვრობდნენ კიდეც იმ წესით, რაც წმინდა წერილის მიხედვით მოეთხოვებოდათ. უფალი აკეთებინებდა მათ ამ დიდებულ საქმეს.
- რით ხელმძღვანელობდით ნაქარგობების შესწავლისას?
- ერთადერთი წყარო, რომელიც საეკლესიო ნაქარგობაში არსებობდა, გახლდათ ვახტანგ ბერიძის წიგნი "გარდამოხსნები". ამ წიგნმა მაშინ დიდი სამსახური გაგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ სამეცნიერო შრომაა და აქ ყველაფერი გაანალიზებულია მხოლოდ მხატვრული და ისტორიული კუთხით.
1985 წელს მამა გურამ ბერბიჭაშვილი (დღევანდელი ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი) გამოსცემდა ჟურნალ "წყაროს", რომელშიც ჩვენს მეცნიერებს მიეცათ საშუალება, გამოექვეყნებინათ გამოკვლეული მასალები. ამ ჟურნალში დაიბეჭდა მრავალი წერილი, რომელიც ჩვენთვის სახელმძღვანელო იყო. თურმე რევოლუციამდელ საქართველოში თითქმის ყველა ეპარქიაში არსებობდა სამქარგველო სკოლა. იყო სიონის სკოლა, ალავერდის სკოლა და ა.შ.
სიონის სამრევლო სკოლა 1985 წელს აღდგა. მისი პირველი ხელმძღვანელი ბრძანდებოდა მამა დავით დათუაშვილი (ამჟამად მიტროპოლიტი დანიელი). დღეს ამ სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია სალაყაია გახლავთ, ხელსაქმის განყოფილებას კი ელისო არაბული უძღვება.
- უკვე მეთორმეტე წელიწადია, სასულიერო აკადემიაში საეკლესიო ნაქარგობის განყოფილებას ხელმძღვანელობთ. აქ ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებს ეკითხებათ ლექციები საეკლესიო ნაქარგობის სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მეცნიერული სწავლების პარალელურად სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, პრაქტიკულადაც დაეუფლონ ამ დარგს...
- დიახ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სასულიერო აკადემიაში არსებული სახელოსნო არის ერთადერთი ცოცხალი უჯრედი, სადაც ახალგაზრდები მეცნიერულადაც იკვლევენ ნაქარგობებს (წერენ სადიპლომო შრომებს და ა.შ.) და პრაქტიკულადაც სწავლობენ ნაქარგობის სხვადასხვა სახეს (ლიტურგიისთვის საჭირო ნივთები იქნება ეს თუ სასულიერო პირთა შესამოსელი). აქ იქმნება ახალი ნიმუშები ეკლესიისთვის, სასულიერო პირებისთვის საჭირო ნივთები. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ იქ, სადაც ისწავლება საეკლესიო ხელოვნების დარგები: არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, ხატწერა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, - ისწავლებოდეს საეკლესიო ნაქარგობაც. მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს აქვს ამის სურვილი.
- ალბათ ამანაც განაპირობა სამების საპატრიარქო ტაძართან ხელსაქმის შემსწავლელი სკოლის დაარსება...
- შარშან, აგვისტოში, უწმინდესმა დამიბარა და მითხრა: - ძალიან ვწუხვარ, რომ მრევლი ძლიერ შეჭირვებულია. ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება შევასწავლოთ მრევლს ისეთი, რომ მატერიალური შემოსავლის წყაროც იყოს და სულიერი საზრდოს მიმცემიცო. პატრიარქს სურდა ექადაგა მრევლისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის ხელსაქმე. ამასთან დაკავშირებით დამავალა, მომეწყო გამოფენა. დრო ცოტა მქონდა, არადა სამ დღეში უნდა შემეგროვებინა ნიმუშები სამების ტაძრის სამ უზარმაზარ დარბაზში გამოსაფენად. ღვთის წყალობით, ეს ნივთები შეგროვდა და სამივე დარბაზი გაივსო ულამაზესი ნიმუშებით. სამი დღის მანძილზე უამრავი მნახველი მოვიდა. ამის შემდეგ უწმინდესმა გამოაცხადა: ხელსაქმის შემსწავლელი სკოლა გახსნილია და ვისაც სურვილი გაქვთ, ჩაეწერეთო. ბევრი ჩაეწერა.
მას შემდეგ ფუნქციონირებს ეს სკოლა. ფაქტობრივად, ხარების სახელობის ტაძარში ვართ და ეს სიმბოლურია. ვგრძნობ, რომ დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს. ახალგაზრდები დიდი მონდომებით და სიხარულით ქარგავენ საეკლესიო დანიშნულების ნივთებს. ფერისცვალების დედათა მონასტერი ამჟამად ქარგავს პატრიარქის შესამოსელს და ამ დიდი ომოფორის თორმეტი დღესასწაულის მოქარგვაში ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. საეკლესიო ნაქარგობას ჩემთან ერთად ასწავლის მაკა ბესტავაშვილიც, ხევსურულ ფერსა და ორნამენტს - ქალბატონი ელისო არაბული, ხოლო მძივებით ქარგვას - ქალბატონი ცირა გელოვანი.
სწავლება უსასყიდლოა. მასალას თვითონ ტაძარი ყიდულობს. როდესაც გამოფენა გვქონდა, უწმინდესმა პედაგოგებს გვითხრა: რაც დაგჭირდეთ, უშუალოდ მე მომმართეთო. უწმინდესი იღვწის და ზრუნავს, რომ ეს საქმე ხალხში გავრცელდეს.
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაქმე შრომითი თერაპიის საშუალებაცაა...
- არც ისე დიდი ხნის წინ ნაძალადევში, პირველ სამშობიაროში გაიხსნა პანსიონატი "დედათა სავანე". პანსიონატს ერთი სართული აქვს დათმობილი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ ფეხმძიმე გოგონებმა, რომელთაც არა აქვთ ბავშვის გაზრდისა და შენახვის საშუალება, უარი არ თქვან შვილის გაჩენაზე, არ ჩაიდინონ მკვლელობის ცოდვა. თუკი სურთ, მათ შეეძლებათ მოიყვანონ ბავშვები პანსიონატში და როცა საშუალება ექნებათ, წაიყვანონ. უწმინდესმა დამავალა, ამ დედებს ვასწავლოთ ხელსაქმე. ჩვენ აქ მხოლოდ ნემსისა და ძაფის ხმარებას როდი ვასწავლით. ვატარებთ ლექციებს იმაზე, რომ წმინდა მამები საეკლესიო ნაქარგობას უწმინდეს საქმედ თვლიდნენ. შუა საუკუნეების ოსტატები ამ საქმის შესასრულებლად ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვდელი - ლიტურგიის აღსავლენად. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის სულიერ შვილს - ოლიმპიადას სწერდა: "გახსოვდეს, ოლიმპიადა, შენი საქმიანობა ხელსაქმეა და გარეშე საქმეზე ზრუნვა ქმარს მიანდეო". სოლომონ ბრძენი ამბობს: "დედაკაცი მხნე ვინ ჰპოვოს, უძვირეს არს ქვასა მრავალსასყიდლისასა". წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი მრევლს მიმართავს: "სოლომონ ბრძენს მხნე დედაკაცის აღწერა დედამისმა დაავალა. თუკი სოლომონის დედა გამრჯე და მშრომელი უნდა ყოფილიყო, დღეს ჩვენ უფრო არ გვჭირდება შრომა და გარჯა, როგორც ღარიბებს, ასევე მდიდრებს?!"
დღეს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი ჩვენი ქვეყანა. და მით უფრო მეტად მართებთ დიდი მხნეობა ქრისტიან ქალებს.
უკვე მრავალი წელია საეკლესიო ნაქარგობის განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ამ ხნის მანძილზე ჩვენთან მოვიდა არაერთი ნევროპათოლოგის მიერ გამოგზავნილი ქალბატონი, რომლებიც დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ისინი დღემდე მეგობრობენ ჩვენთან, ლოცავენ პატრიარქს და ყველა იმ ადამიანს, ვინც საეკლესიო ხელოვნების ამ დარგის აღორძინებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ოჯახები გადაარჩინეს ქალბატონებმა ხელსაქმით, მაშინ როდესაც მამაკაცები დაიბნენ ამ დაძაბულ ცხოვრებაში. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება და რაში გამოგვადგება ეს საქმე. ამიტომ, ვფიქრობ, ქრისტიანმა ქალბატონებმა ყურად უნდა იღონ უწმინდესის შეგონება.
- ქალბატონო ელისო, თქვენს სახელოსნოში ძველი ქართული ორნამენტით დამშვენებული მრავალი ნაქარგი ნიმუშია. ძირითადად რა ნივთები იქარგება აქ და როგორი ინტერესით ეუფლებიან ახალგაზრდები ამ საქმეს?
- ჩვენ ვქარგავთ ტანსაცმელს, ჩანთებს, ხელთათმანებს, ქუდებს, წინდებს, თანამედროვე ნივთებსაც, მაგალითად, მობილური ტელეფონის ბუდეს და ა.შ. ჩვენი საქმიანობა ძველი ქართული ნაქარგობის ტრადიციის (ფერი და ორნამენტი) აღდგენას ემსახურება. ქარგვისას ძველი ნიმუშებით ვხელმძღვანელობთ. ორნამენტების შერჩევისას ვსარგებლობთ ჟურნალით "მითი და ტრადიცია". კომპოზიციებს ძველის მიხედვით ვარჩევთ. ზოგჯერ ჩვენც ვიგონებთ. საქმიანობას ლოცვით ვიწყებთ და ლოცვითვე ვამთავრებთ.
ბევრი ადამიანია დაინტერესებული ამ საქმის შესწავლით - 6 წლის ბავშვებიც და 70 წლის ქალბატონებიც. მოგეხსენებათ, დღეს როგორი პრობლემაა უმუშევრობა. მრავალი ქალისთვის ეს საქმე შემოსავლის წყაროდ იქცა. გარდა ამისა, ქარგვა მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. საოცრება ის გახლავთ, რომ ქართველებს ეს გენეტიკაში გვაქვს. სხვა ეროვნების მოსწავლეებიც მყავს, მაგრამ ისინი ძნელად ითვისებენ ამ საქმეს, ქართველები უცებ უღებენ ალღოს.
უწმინდესმა გვაკურთხა, რომ ვასწავლოთ მხატვრული ქსოვაც, ამაში იგულისხმება ჩაშიბვა, ორი ძაფით ქსოვა და ნაქსოვზე ქარგვა.
- ვხედავ, რომ ბუნებრივ საღებავებს იყენებთ.
- ძირითადად ძაფებს ბალახებით ვღებავთ. ულამაზესი ფერები გამოდის. ჟურნალში "მითი და ტრადიცია" არის უამრავი რეცეპტი, თუ როგორ მივიღოთ ესა თუ ის ფერი. ბუნებრივი საღებავები არ ხუნდება, საუკუნეებს უძლებს. გარდა ამისა, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა (ქიმიური კი მავნეა).
- რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სკოლების სიმრავლე?
- უწმინდესის ლოცვა-კურთხევაა, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიქმნას ასეთი სკოლები. ადრე ეპისკოპოსები გვიგზავნიდნენ თავიანთ მრევლს, რათა ესწავლათ ეს საქმე და შემდეგ ეპარქიებში გაევრცელებინათ.
ჩვენი სახელოსნოს თანამშრომლების: ლია ანიაშვილის, ლეილა ლაშხიას, მანანა დორეულის, ლია ლომსაძის, ირმა იორამაშვილის... დიდი მეცადინეობით ყაზბეგის სოფელ არშაში გაიხსნა ქარგვის შემსწავლელი ცენტრი. დიდი სურვილი გვაქვს, ასეთი ცენტრები შეიქმნას ხევსურეთში, ფასანაურში, კახეთში... სრულიად საქართველოში. ვნახოთ, რა გამოგვივა.
გისურვებთ წარმატებებს.