ვაზის ლერწის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის
"სიმღერა გულისთქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს", - ამბობდა წმინდა ილია მართალი.
ქართველთა გულისთქმა სიყვარულია, ამიტომაც არის ქართული სიმღერა ასე თბილი და მრავალხმიანი.
ქართველი კაცის სულია ჩაქსოვილი მრავალ საგალობელში, შრომის, საბრძოლო თუ საქორწინო სიმღერაში. ერის სარკეა "მრავალჟამიერი", "ურმული", "ნადური", "ლილეო", "ოროველა", "ჩელა", "ძაბრა", "ოდოია"... სიმღერაში, როგორც "ქართლის ცხოვრებაში", ისე იკითხება ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ათასწლეულებს ითვლის საგუნდო საშემსრულებლო მუსიკალური კულტურის ტრადიცია.
ქართული სასიმღერო ფოლკლორის დაცვასა და აღორძინებას ემსახურება ისეთი მაღალპროფესიონალური ანსამბლი, როგორიცაა "თბილისი". 27 წელიწადია, მას სათავეში უდგას ქართული სიმღერის დიდი მოჭირნახულე, ნიჭიერი ლოტბარი და უზადო მომღერალი, ბატონი რობერტ გოგოლაშვილი. ბატონი რობერტი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ანსამბლებს: "ფაზისს", "ქართულ ხმებს", სადაც მღეროდნენ გია ჭირაქაძე, ზაურ ბოლქვაძე, აწ განსვენებული გოგი დოლიძე და ნუგზარ აფხაიძე... ბატონი რობერტი წინაპართა მემკვიდრეობას ამჟამად მის მიერ დაარსებულ ანსამბლ "სავანეს" გადასცემს. ეს ყმაწვილები ოსტატურად ასრულებენ წინაპართა სიმღერებს.
- ბატონო რობერტ, არაერთი თაობა აღზარდეთ. გვიამბეთ მათზე.
- 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "ფაზისი". ახალგაზრდა მეცნიერები ჩვენი ერის სულიერი საგანძურის შესწავლით იყვნენ დაინტერესებულნი. გასამრჯელოს არ იღებდნენ, არც გასტროლებზე სიარული იყო მათი მიზანი. სიმღერა დიდ ბედნიერებას ანიჭებდათ. აკადემიის მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი ილია ვეკუა ხშირად გვესწრებოდა რეპეტიციებზე.
ხალხური შემოქმედების მდგომარეობა, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო. მახსოვს, 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დაცვის დღეს, "დედაენის" ძეგლთან ჩავატარეთ ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის კონცერტი. ერთ-ერთმა სტუმარმა თქვა: - ნუთუ იმ ენას ართმევენ ამ ხალხს, რა ენაზეც ეს ბიჭები მღერიანო?! ეს შემთხვევითი არ ყოფილა. საქართველოს საუკუნეობით ეპატრონებოდნენ დამპყრობთა ურდოები, მაგრამ ჩვენს ხალხურ სიმღერას ვერაფერი დააკლეს. ყველა ეპოქაში გამოჩნდებოდა ხოლმე ისეთი მფარველი და პატრონი, როგორც იოანე-ზოსიმე გამოუჩნდა ჩვენს ენას...
1980 წელს შეიქმნა სახელმწიფო ანსამბლი. მას "თბილისი" საარბრუკენის მერმა დაარქვა. მას შემდეგ ამ ანსამბლის ხელმძღვანელი ვარ. უკვე 4000-მდე კონცერტი გვაქვს ჩატარებული საქართველოში და საზღვარგარეთ. პირველი თაობიდან ოთხი მომღერალიღა შემოგვრჩა. პარალელურად ვხელმძღვანელობ ანსამბლ "სავანეს". განზრახული გვაქვს შუბერტის ნაწარმოებების აჟღერება ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით. ვნახოთ, რა გამოგვივა.
- ნამდვილად მისაბაძი და მისასალმებელია ასეთი ანსამბლების მომრავლება. მით უმეტეს, დღეს, როდესაც მასობრივი კულტურის მოძალების ფონზე ქვეითდება ჭეშმარიტი კულტურული ღირებულებები.
- ქართული სიმღერის აყვავება-აღორძინებას დიდად უწყობს ხელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ერის სულიერი საგანძურის მოვლა-პატრონობა საუკეთესო საშუალებაა მომავალი თაობის პატრიოტული და ესთეტიკური აღზრდისათვის. რაც უფრო მეტი ასეთი ანსამბლი გვეყოლება, უკეთესია, რადგან უკვდავია ხალხი, რომელიც თავის მრავალსაუკუნოვან მდიდარ ფოლკლორულ შემოქმედებას არ ივიწყებს, მოწიწებით ეპყრობა ერის სულის გადამრჩენელ და უკვდავმყოფელ წინაპართა ქმნილებებს.
ხალხის ხსოვნაში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი უამრავი სიმღერა. საჭიროა მათი ნოტებზე გადატანა, რათა არ დაიკარგოს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამას სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს.
- საუკუნეთა მანძილზე სიხარულზე მეტი მწუხარება გვქონია, მაგრამ ჩვენი შემოქმედებითი ნიჭი არასოდეს განელებულა...
- ნათქვამია: სიმღერა ყველა ტკივილს აქარვებსო. "სიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება კუმშავს და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა", - ამბობდა ილია. სიმღერა ცრემლია და საქართველოს ვაჟკაცური ისტორიაც ასეთი ცრემლია.
ხალხურ შემოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ისტორიის შესწავლისათვის. სიმღერაში გადმოცემულია ჩვენი წინაპრების შეხედულება სიკეთეზე, ბოროტებაზე, მფარველ ძალებზე. ქართულ სიმღერაში გამოხატულია საოცრად ნაზი, უღრმესი სევდა (თვით ომახიან სიმღერებშიც კი) - ქართველი კაცი არასოდეს ყოფილა დალხენილი. ქეიფობდა თუ შრომობდა, მაინც მტერზე ფიქრობდა და ღმერთზე ლოცულობდა. სიმღერებში ასახულია უსამართლობასთან მებრძოლი ხალხის ამაღლებული მისწრაფებები და გულისთქმები, სიცოცხლის სიყვარული და წუთისოფლის წარმავლობით გამოწვეული ტკივილი...
სანამ ამა თუ იმ სიმღერას შევასწავლიდე ჩემს ბიჭებს, ჯერ ვაცნობ მათი შექმნის ისტორიას. ეს მათ უქმნით ამ სიმღერის შესაფერის განწყობას და ბგერაც უფრო თამამად, ძალდაუტანებლად მოდის. ასე ცოცხლდება წარსული. 1988 წელს ვანში ჩავწერე არაერთი ძველი სიმღერა, რომლებიც ჯერჯერობით აჟღერებული არ არის. ვცდილობ, ეს სიმღერები ვასწავლო ბიჭებს და გავამდიდრო ჩვენი რეპერტუარი.
- ბატონო რობერტ, თქვენ იცნობდით გასული საუკუნის დიდებულ მომღერლებს - ჰამლეტ გონაშვილს და გოგი დოლიძეს. რას იტყოდით მათზე?
- ჰამლეტ გონაშვილი უნიკალური მოვლენა იყო. ჩვეულებრივი სიტყვებით ვერ აიხსნება მისი ბგერის საიდუმლო. მის ხმაში ირეკლებოდა მშობლიური მიწის სურნელება და მზის სითბო. ჰამლეტ გონაშვილისა და გოგი დოლიძისნაირებს ღმერთი იშვიათად მოუვლენს ხოლმე ერს. მათში გამოვლინდა ქართულ გენში ჩაწურული სულიერი ენერგია, ღირსება, მშვენიერება.
მახსოვს გოგი დოლიძის "ფაზისში" მოსვლა. მეორე ხმას ვეძებდით. ჩემმა მეგობარმა, თემურ ჭკუასელმა შემომთავაზა გოგის კანდიდატურა (მაშინ ის არც ერთ ანსამბლში არ მღეროდა). ოჯახში ვეწვიეთ. გოგიმ დედ-მამასთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა. აღფრთოვანებული დავრჩი მათი ნამღერით. ანსამბლში მივიწვიეთ. ჩვენი რეპერტუარიდან ბევრი სიმღერა არ იცოდა, მაგრამ თავდაუზოგავი შრომით ერთ თვეში საოცარ წარმატებებს მიაღწია. გოგი იყო არაერთი კომპოზიტორის შთაგონების წყარო. მან მთელი ცხოვრების მანძილზე წრფელი გულითა და რომანტიკული გატაცებით ატარა ქართული სიმღერის ჰანგი. მის ხმას არასოდეს ბზარი არ გასჩენია, სიყალბე არ შეპარვია.
- საგასტროლო მოგზაურობებიდან განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?
- შვედეთში ვიყავით. კონცერტზე მოიწვიეს იმ დროის ყველაზე პოპულარული ანსამბლის, "აბბას" ხელმძღვანელი ბენი ანდერსონი - დიდად დაფასებული კაცი გახლდათ. როდესაც ნიკო სულხანიშვილის ქორალი "ღმერთო, ღმერთო" შევასრულეთ, ბენი ანდერსონი ფეხზე წამოდგა და ხელები აღაპყრო. მოგვიანებით გვითხრა: "ისე ამაღელვა ამ მუსიკამ, ტაშის დაკვრა ვერ გავბედე, რადგან ლოცვა მომინდაო". გრანდიოზულ წარმატებას მიაღწია ანსამბლმა. ბენი ანდერსონს გაგონილი ჰქონდა სტრავინსკისეული შეფასება ქართული ხალხური სიმღერებისა, - ეს სიმღერები ადრე რომ მომესმინა, ჩემს შემოქმედებას სულ სხვანაირად წავიყვანდიო. ბენი ანდერსონმა კი თქვა: - მე რომ მომესმინა ეს სიმღერები, საერთოდ აღარ გავეკარებოდი მუსიკასო. მერე დისკიც ჩაგვაწერინა თავის სტუდიაში, რომელიც თურმე იმდენად პრესტიჟული ყოფილა, რომ მსოფლიოს ცნობილი კომპოზიტორებიც კი ვერ ახერხებდნენ თავიანთი სიმღერების აქ ჩაწერას. სხვა ქვეყნებშიც უამრავი დისკი ჩავწერეთ, რომელიც ყველგან მაშინვე იყიდებოდა.
- ქართულ გალობას რამდენად უთმობთ ყურადღებას?
- ქართული მრავალხმიანი გალობა ჩვენი ერის სულიერი და მუსიკალური კულტურის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს. გალობას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ. სიმღერა გალობიდან იწყება. თუ კარგად გალობს ადამიანი, სიმღერა აღარ გაუჭირდება. ქართულ გალობაში განსხეულებულია ადამიანის ყველაზე მაღალი და ნატიფი გრძნობები, რელიგიური მრწამსი. ეს რომ უზადოდ შეძლო, სუფთა სინდისი და წრფელი გული უნდა გქონდეს.
- თუ ყოფილა შემთხვევა, როცა ცხადად გიგრძნიათ ღმერთის დახმარება?
- ღმერთის დახმარებას ყოველთვის ვგრძნობდი, მაშინაც კი, როცა კომკავშირელი ვიყავი. ჩუმად მომნათლეს ბავშვობაში.
ბატონი კუკური ჭოხონელიძის თაოსნობით 1978 წელს გავმართეთ კონცერტი ალავერდის ტაძარში, რომელიც მაშინ უმოქმედო იყო. კომპოზიტორები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან იყვნენ ჩამოსულნი. ძალიან ვღელავდით. გულში ვლოცულობდით, ღმერთს შემწეობას ვთხოვდით. რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიო, თავდაჯერებული მაინც ვერ იქნები, გარდა ამისა, წინასწარ არ იცი, როგორ იმღერებ. ხანდახან ხმაც არ გემორჩილება და შეგრძნება გაქვს იმისა, რომ ღმერთის ხელში ხარ.
ალავერდის ტაძარში რომ ვიგალობეთ, შემდეგ ჩანაწერი მოვისმინეთ. იმ ჩანაწერში ჩვენს ნაგალობევს ჩიტების ჭიკჭიკიც ერთვის. თურმე ისინიც ჩვენთან ერთად მღეროდნენ. უფლის გარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებს. ყველა სასიკეთო საქმეში მისი ხელია ჩარეული.
- რა მნიშვნელობა აქვს სიმღერის დროს ჩვენი ეროვნული სამოსის ჩაცმას?
- მომღერალს განსაკუთრებულ განწყობას უქმნის ჩოხა, ქამარ-ხანჯალი. ჯერ ერთი, როცა ჩოხაზე ქამარი გაქვს შემორტყმული, უფრო გამართულიც ხარ წელში. ქართული სიმღერის წარმატების დიდი ნაწილი სამოსის დამსახურებაა. განსაკუთრებით ეს საზღვარგარეთ მოსწონთ. მხნეობა და ვაჟკაცური თვისებები, რაც ოდითგანვე ჩვენს ერს ახასიათებდა, თავს იჩენს ფოლკლორშიც და სამოსშიც. ეს ყველაფერი ერთად კი ქმნის საქართველოს განუმეორებელ კოლორიტს.
- თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით. გვყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ჩემი შვილებიც მუსიკოსები არიან. სიძე - დათო მეგრელიძე ანჩისხატის ტაძრის მგალობელია.
- რა არის თქვენი სანუკვარი სურვილი?
- 1975 წლიდან ვმუშაობ და ვცდილობ, ჩვენი წინაპრების მიერ ჩაწერილი ძველი და გაცვეთილი სიმღერების გაშიფვრას, აჟღერებას.
ადამიანი წინ, მომავლისაკენ უნდა მიდიოდეს, მე კი სულ უკან ვიხედები, წარსულისკენ. ჩემი "წინ" იქ არის, წარსულში. ვცდილობ იმ გზის პოვნას, რომელიც სიმღერის ფუძესთან მიმიყვანს, ძველთან დამაბრუნებს. ახლანდელი ბგერა მკვეთრად განსხვავდება ძველი, თუნდაც საუკუნის წინანდელი ბგერისაგან. ახლანდელი ბგერა ცოტა მკვახეა, თითქოს ჟღრიალებს. ძველი კი რბილი იყო და ნარნარი. სხვათა შორის, ეს მეცნიერებმაც დაასაბუთეს: მანქანურმა ცივილიზაციამ, გამონაბოლქვმა ხმის იოგები გააუხეშა. ბგერაც შეიცვალა. ადრე უფრო ჯანსაღი და სუფთა ჰაერი იყო. ამიტომაც იყო მაშინდელი სიმღერა თბილი, დახვეწილი. ჩვენი წინაპრების აზროვნება, ქცევა, ცხოვრებაც სულიერებით იყო აღბეჭდილი. ამიტომაც განსაკუთრებული კრძალვა და სიყვარული იგრძნობა წინაპრების სიმღერაში.
ვაზის ლერწის ნაღვერდლის თვისება აქვს ჩვენს სიმღერას - იგი ნელ-ნელა იწვის, ლამის მარად ღვივის. ოღონდ მას ხშირი ჩხრეკა და თვალყურის მიდევნება სჭირდება.
მრავალჟამიერ ენთოს ის ცეცხლი, მრავალჟამიერ ისმოდეს ქართული სიმღერა "საკვირველი და შეურყვნელი"...