ქართული ნაქარგობის საუკეთესო ნიმუშები ძირითადად ეკლესია-მონასტრებსა და სადედოფლო სახელოსნოებში მზადდებოდა. ნაქარგობა ყველაზე ელიტარული დარგი გახლდათ საქართველოში.
მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები (მეფე-დედოფლები, თავად-აზნაურები) თავს ვალდებულად თვლიდნენ, ეკლესია-მონასტრებისთვის შეეწირათ სარიტუალო ნივთები, მათ შორის მდიდრულად მოქარგული გარდამოხსნები, ოლარ-ომოფორები, ენქერები, ბარძიმისა და ფეშხუმის საფარებლები; სამღვდელმთავრო შესამოსელი - საკოსი, სტიქარი, ფელონი და მათი მოსართავები: საბუხრეები, საბეჭურები და ა.შ. ქართველი დიდებულები ამ ნივთებს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ თავიანთი "ცოდვილი სულის საოხად", "ორსავე შიგან ცხოვრებასა წარმართებისთვის", "ძეთა და ასულთა აღსაზრდელად". ნაქარგი ნივთების უმეტესობას დღემდე არ მოუღწევია: ზოგმა დროს ვერ გაუძლო, ზოგი შემოსევებისა და ქვეყნის ძარცვის დროს დაიღუპა.
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულია საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ნაქარგობის მდიდარი კოლექცია.
გვესაუბრება მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების განყოფილების კურატორი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე გულნაზ ბარათაშვილი.
- ქალბატონო გულნაზ, როდიდან დაიწყო საქართველოში საეკლესიო დანიშნულების მხატვრული ნაქარგობების შეწირვა ეკლესია-მონასტრებისათვის, ვინ არიან მოხსენიებულნი ამ ნაქარგობის ნიმუშებზე და ხელოვნების მუზეუმში დაცული ნიმუშებიდან რომელია უძველესი?
- ნაქარგობის ნიმუშებზე წარწერებში ძირითადად მოხსენიებულნი არიან მეფეთა ოჯახის წევრები ანდა თავადიშვილები. მაგალითად, XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის პირველ მეოთხედში შექმნილ გარდამოხსნაზე, რომელიც მოქარგა კახეთის მეფის, ლევანის შვილიშვილმა, ხოსრო მეფის ასულმა ელენეყოფილმა ეკატერინემ; 1664 წლის გარდამოხსნაზე, რომელიც ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ერთ წარწერაში მოხსენიებულია ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი პიროვნება, ვინმე თინათინი - ბატონის ქაიხოსროს ასული. ჩვენს მიერ მოძიებული ყველაზე ადრინდელი ნაქარგობის ნიმუში, რომელზეც უშუალოდ მისი მომქარგველია მოხსენიებული, გახლავთ იერუსალიმის ტაძრისთვის შეწირული გარდამოხსნა. იგი მოუქარგავს მეფე კონსტანტინე II-ის (1478-1505 წლები) ასულს ასთანდარს. ჩვენამდე მოღწეული მასალის მიხედვით სწორედ ის გვევლინება პირველ მომქარგველად (შემწირველად).
შემწირველთა შორის არიან ვახტანგ V-ის პირველი თანამეცხედრე, ყაფლან ორბელიანის ასული როდამი. მან 1660 წელს მოქარგა ომოფორი და ტაძარს შესწირა. ასევე, როსტომ მეფის მეუღლე მარიამ დედოფალი, დადიანის ასული, რომელმაც მაღალმხატვრულობითა და სიმდიდრით გამორჩეული უამრავი ნივთი შესწირა ტაძარს (გარდამოხსნა, ენქერი, მცირე და დიდი ომოფორი). თითქმის ყველა მათგანი ოქროსა და ვერცხლის ძაფებით არის მოქარგული. შემორჩენილია მარიამ დედოფლის გაზრდილის, ზილფიჯანის მოქარგული გარდამოხსნაც (1691წ.).
- ძირითადად სად იქარგებოდა საეკლესიო დანიშნულების ნივთები, რა სკოლები არსებობდა ჩვენში და რითი გამოირჩეოდა ამ სკოლებში შექმნილი ნაქარგობები?
- ეს ნივთები ძირითადად სადედოფლო სახელოსნოებში იქარგებოდა. ამ სახელოსნოთა არსებობას წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. აზროვნების სიღრმით გამოირჩევა სვეტიცხოვლის სკოლა. ამ სკოლიდან შემორჩენილია თუთას სულის მოსახსენიებლად შეწირული ერთ-ერთი დაფარნა (ფეშხუმის საფარებელი), რომელზეც გამოსახულია სტილიზებული, გაბრწყინვებული ჯვარი და ამ ჯვარში გვხვდება მცხეთის ჯვრის მონასტრის გეგმა, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არ მოიპოვება.
არსებობდა ასევე თბილისის სიონის ტაძრის სკოლა, ნიკორწმინდის სკოლა, ოდიშის, გელათის... მონასტერში შექმნილი ნაქარგობის ნიმუშები უფრო სადაა, დედოფალთა სახელოსნოებში შექმნილი - უფრო მდიდრული და მრავალფეროვანი.
- ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცულ საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშთაგან რომელი იპყრობს განსაკუთრებულ ყურადღებას? ვინ არიან ამ ნიმუშთა შემწირველნი?
- გამოირჩევა ანა-ხანუმის მიერ ოქროსა და ვერცხლის თმით მოქარგული დაფარნათა კომპლექტი, წმინდა ნინოს ლუსკუმის საფარებელი. ისინი მდიდრულად გაფორმებული და ღრმად შინაარსიანია.
შემწირველთა შორის შეგვიძლია დავასახელოთ მეფე ვახტანგ VI, რომელმაც ენქერი შესწირა თავისი ოჯახის წევრთა "სულის საოხად", "შვილთა აღსაზრდელად". გვაქვს კიდევ გიორგი XI-ის ენქერი, რომელიც მან წილკნის ღვთისმშობელს შესწირა (XVIIს). შემწირველთა შორის ამ ნაქარგობის ნიმუშზე მოხსენიებულნი არიან არაგვის ერისთავი გიორგი და მისი თანამეცხედრე დარეჯანი, მიქელაძეები, გიორგი ჩიჩუა, ოდიშის დედოფლები... ჩვენთან დაცულია 1200-მდე საეკლესიო დანიშნულების ნივთი საინვენტარო ნომრით, თორემ ისე რაოდენობრივად უფრო მეტია. არც ერთი ნიმუში ერთმანეთს არ ჰგავს.
- ყველაზე უხვი და მდიდარი მასალა რომელმა საუკუნემ დაგვიტოვა?
- ყველაზე უხვი მასალა მე-17-18 საუკუნეებს ეკუთვნის. უფრო ადრეულებიც გვაქვს, მაგრამ ერთეული ნიმუშების სახით. ჩვენთან დაცული ყველაზე ძველი ნაქარგობის ნიმუშია წყვილი საბუხარი კაცხიდან (XIIს.); XIV საუკუნის დასაწყისში მოქარგული მცირე ომოფორი ანჩიდან, ასევე დიდი ომოფორი (1358წ.), რომელიც მე-17 საუკუნეში განაახლეს. გვაქვს მე-16 საუკუნის ენქერი უბისიდან.
- რითია განპირობებული, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტმა მასალამ მე-17 საუკუნიდან მოაღწია?
- საერთოდ, აბრეშუმის ქსოვილი ვერ უძლებს დროს. გამოშრება და მტვრევადი ხდება. გარდა ამისა, მე-17 საუკუნეში, სხვა საუკუნეებთან შედარებით, ჩვენთან ნაკლებად შენდებოდა ტაძრები, "სულის საოხად" ძირითადად ნაქარგობები იწირებოდა. ამიტომ ამ პერიოდში დეკორატიული ხელოვნების ეს დარგი უფრო მოქმედებდა.
- ამ ნივთებზე დაცულია როგორც საქტიტორო, ასევე კანონიკური წარწერები. რა განსხვავებაა მათ შორის?
- საქტიტორო წარწერებში მოხსენიებული ყოველი ცნობილი პიროვნება ძეგლის დათარიღების საშუალებას იძლევა. ეს ჩვენთვის საჩუქარია, რადგან ამის მერე სტილით შეგვიძლია დავათარიღოთ რომელიმე უცნობი, უწარწერო ნაქარგობის ნიმუში და ადგილი მივუჩინოთ ნაქარგობის განვითარების ისტორიაში.
კანონიკურ წარწერაში ძირითადად გვხვდება ლოცვის ის ტექსტი, რომელიც წარმოითქმის ამ ნივთის ხმარების დროს. საქტიტორო წარწერა კი შემწირველის წარწერაა, რომელიც მეოხებას ითხოვს უფლისაგან.
- თუ გრძელდება საეკლესიო ნაქარგობების ნიმუშების ეკლესიისთვის შეწირვის ტრადიცია და რა არის საჭირო თანამედროვე ნაქარგობის განსავითარებლად?
- ტრადიცია, რა თქმა უნდა, გრძელდება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ნაქარგობის თანამედროვე ნიმუშების სახით. მაგალითად, სიონის ტაძრის მქარგველთა ჯგუფი აპირებს ანა-ხანუმის დაფარნების პირების მოქარგვას. მონაზონთა ჯგუფის მიერ, ფერისცვალების მონასტრის მონაზვნის - დედა ნინოს ხელმძღვანელობით, წმინდა სამების ტაძრისთვის მოიქარგა გარდამოხსნა. ერთ-ერთი შვილგარდაცვლილი დედის დაკვეთით ქალბატონმა ეთერ უროტაძემ და მისმა ჯგუფმა მოქარგეს სვეტიცხოვლის ეკლესიისთვის შეწირული დაფარნათა კომპლექტი, რომელიც იმეორებს თუთას სულის მოსახსენებლად შეწირული დაფარნების სიუჟეტებს.
ნაქარგობის ნიმუშთაგან დღეს უფრო ხშირად იქარგება დაფარნები (ისინი ზიარების დროს აუცილებელია) და გარდამოხსნები. შედარებით იშვიათად - ენქერები, სარტყლები...
სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი ძველი ნიმუშების მიხედვით იქარგება. სასურველი იქნება, თუ თეოლოგებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში და შეიმუშავებენ წმინდა წერილზე დაფუძნებულ ახალ პროგრამას, შექმნიან ახალ იკონოგრაფიულ სახეებს. ნაქარგობის განვითარებისთვის აუცილებელია საზოგადოების დაინტერესება და თეოლოგების მეტი ყურადღება.
- მართლაც, ძველი ოსტატების ნაქარგებში ერთი შეხედვით მარტივ კომპოზიციაში ზოგჯერ ისეთი რთული და სიმბოლური შინაარსია ჩადებული, რომ სათანადო ცოდნის გარეშე ძნელია მათი გააზრება. თქვენი აზრით, მაინც რომელია ამ მხრივ მეტად საინტერესო ძეგლი?
- ამ მხრივ საინტერესოა თამარისეული დაფარნა, რომელიც მოიქარგა 1718 წელს ვახტანგ VI-ის ასულის, თამარის მიერ. თამარი არ გახლავთ უშუალოდ მომქარგველი - მასზე დაცულ წარწერაში თამარი ამბობს, შევაკერვინეო. ამ ნაქარგობის ნიმუშზე მთავარ ფიგურას წარმოადგენს ოქროსფერ ატლასზე აყვავებული ჯვარი ყურძნის მტევნებითა და ფოთლებით. მას წარწერაც ახლავს - "იესო ქრისტე ძლევა". ეს არის, პირველ რიგში, ძლევის ჯვარი და აგრეთვე "სიცოცხლის ხე". მისი ქვედა მკლავიდან ორმხრივ გამომავალი ვაზის ლერწი ავსებს მთელ სიბრტყეს. "ხე ცხოვრებისა" აღმართულია გოლგოთაზე.
ძველი ქართული დაფარნები
თამარისეულ დაფარნაზე გამოსახული ჯვარი, თორმეტი ნაყოფით, უშუალოდ აკონკრეტებს ახალი აღთქმის შემდეგ სტრიქონებს: "შორის სივრცესა მის ქალაქისასა და მდინარისა მის ამიერ და წიაღ ძელი ცხოვრებისაი, გამომღებელი ათორმეტისა ნაყოფისა, ყოველთა თვეთა მომცემელი თვისისა მის ნაყოფისაი და ფურცელნი იგი მის ხისანი საკურნებელად წარმართთა" (გამოცხ. 22,2).
მე-18 საუკუნის დასაწყისში ძირეული ცვლილებები ხდება ნაქარგობაში. ფიგურებისსახოვანი გამოსახულებები იცვლება მცენარეული ორნამენტით. ზიარების რთული სიუჟეტი თამარისეულ დაფარნაზე გადმოცემულია მცენარეული ორნამენტის საშუალებით. მაცხოვარი აზიარებს თორმეტ მოწაფეს. 12 მოციქულს აქ 12 მტევანი ცვლის, მაზიარებელი კი არის ჯვარი - ქრისტეს სიმბოლო. მოციქულთა შორის მოციქულთა თავნი წარმოდგენილნი არიან დიდი ზომის მტევნებით. დაფარნაზე 24 ფოთოლია გამოსახული.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯვარი წამების იარაღებით იგივე საყდარია, კომპოზიციის გასახსნელად ამოტივტივდება ციტატა: "აჰა, დგას საყდარი ცათა შინა და საყდარსა ზედა მჯდომარე გარემოსაყდრისა საყდარნი ოცდაოთხნი და საყდართა მათ ზედა ოცდაოთხნი მღვდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა და თავთა მათთა ზედა გვირგვინნი ოქროსანი, დავარდებიან ოცდაოთხნი იგი მჯდომარისა მის, თაყვანისცემენ მას, რომელი იგი კურთხეულ არს უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 4, 4-10). ეს ხომ ზეცაში ხდება. ამ თემის ზეციურობის ხაზგასასმელად ოსტატი იყენებს ოქროსფერ ფონს. ეს ფოთლებიც ოქრომკედითაა მოქარგული. ოქროსფერი ნიშნავს დიდების სამოსსაც.
ის პატარა ფოთლებიც კი, რომლებიც აყვავებული ჯვრის დასაწყისში წყვილ-წყვილად არის გამოსახული, გარკვეულ პიროვნებებს ასახავს. ესენი გახლავთ ის ოთხი მახარებელი, რომლებიც ნაქარგობის თითქმის ყველა ნიმუშზე გვხვდება.
ამ ნაქარგობას ოთხივე მხრიდან შემოსდევს მცენარეული ორნამენტის ჩარჩო-სიმბოლო, ხოლო მიხაკი მიჩნეულია მაცხოვრის ვნების იარაღად (მიხაკის თესლი თავისი ფორმით ძალიან ჰგავს სამსჭვალს, რომლითაც მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს). მაყვლის გვერდით მიხაკის მოთავსება ღვთისმშობლის გვერდით სამსჭვალის მოთავსებას ნიშნავს. ეს ასახავს სახარების იმ მომენტს, როდესაც სიმონ ღვთისმიმრქმელი ღვთისმშობელს მიმართავს: "და თვით შენსა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" (ლუკა 2,35). ამდენად, სამსჭვალის სიმბოლო - მიხაკი დაკავშირებულია როგორც მაცხოვრის, ასევე ღვთისმშობლის ვნებასთანაც.
თავის მხრივ, მიხაკებსა და მაყვლის ფოთლებს შემოსდევს კიდევ შროშანების მწკრივი, შესრულებული ყავისფერ მიწაზე. ყავისფერი მიწის სიმბოლოა, შროშანები - სიწმინდის სიმბოლო. მთელი ნაქარგობის შინაარსი კი არის ის, რომ დედამიწაზე სპეტაკად ნაცხოვრები ადამიანები, აღზრდილნი ოთხი მახარებლის ანუ სახარების მიხედვით, წარდგებიან რა საშინელ სამსჯავროზე, დაიმკვიდრებენ ადგილს ზეციურ სამოთხეში, სადაც ხარობს "ძელი ცხოვრებისაი, გამომღებელი ათორმეტისა ნაყოფისაი". საბოლოოდ ეს არის ჩვენი ცხოვრების მრწამსი.
თამარისეულ დაფარნაზე წარმოდგენილია საგანგებოდ დამუშავებული, სიმბოლოთა ენაზე გადმოცემული მრავალსიუჟეტიანი კომპოზიცია. ოსტატმა-თეოლოგმა სპეციფიკური მხატვრული საშუალებით, კერძოდ, ორნამენტული დეკორით, შექმნა ორიგინალური, რთული ნაწარმოები, გამორჩეული თავისი განსხვავებული იკონოგრაფიული თავისებურებებით, რაც საფუძვლად დაედო ქართული მხატვრული ქარგვის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი