ხატწერა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მხატვრობა
ეკლესიური ცხოვრების გამოცოცხლების კვალობაზე აღორძინება დაიწყო ქართულმა ხატწერამაც.
ეს არც ისე ადვილი საქმე გახლდათ, რადგან, რუსეთისა და საბერძნეთისგან განსხვავებით, სადაც ხატწერის ტრადიცია არასოდეს გაწყვეტილა, ჩვენში, XVIII საუკუნიდან მოყოლებული, ეს დარგი დაკნინდა და ჩაკვდა. მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ძალისხმევისა და ქართველი ხატმწერების დამსახურებით საეკლესიო ხელოვნება უკვე ისე მომძლავრდა, რომ ვერც კი იტყვი, ამხელა შუალედი თუ გვქონდა.ღვთის წყალობით, მომრავლდნენ ახალგაზრდა ხატმწერები, რომლებიც დიდი რუდუნებით ცდილობენ წინაპართა ტრადიციების აღდგენას.
ხატმწერი მიხეილ ამბოკაძე მხატვრის ოჯახში გაიზარდა. მამა, ედუარდ ამბოკაძე, სამხატვრო აკადემიის პედაგოგი გახლავთ. ერთხანს მხატვრულად აფორმებდა ჩვენი ბავშვობის დროინდელ ჟურნალებს - "დილასა" და "პიონერს". დედაც და და-ძმაც ხელოვანთა სამყაროს წარმომადგენლები არიან.
2000 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარს ხატავდა უხუცესი მხატვარი ამირან გოგლიძე. ის ერთ-ერთია იმ ოსტატთაგან, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს ქართული ხატწერის აღორძინებას. მიხეილი ბატონ ამირანს ფრესკების დახატვაში ეხმარებოდა, ის კი, თავის მხრივ, ცოდნას უზიარებდა შეგირდს, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მიხეილის მომავალი. ხატმწერ დათო აბრამიას ნამუშევრებმა საბოლოოდ განუმტკიცა ხატმწერობის სურვილი. მოძღვარმა მამა მიქაელმაც (წურწუმიამ) დაულოცა გზა. მიხეილ ამბოკაძის მიერ დაწერილი ხატები დღეს წმინდა ილია მართლის, დავით აღმაშენებლის, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების, თამარ მეფის სახელობის ტაძრებს ამკობს.
- სამხატვრო აკადემიაში ფერწერას ვინ გასწავლიდა?
- ბატონი დიმიტრი ხახუტაშვილი - ერთ-ერთი გამორჩეული პროფესორი, ბატონი გოგი თოთიბაძე, ილია პატაშური, რევაზ კაკუშაძე, ომარ ჩუბინიძე... ეს ადამიანები ჩვენი ოჯახის მეგობრები იყვნენ, მათთან ურთიერთობა უდიდესი სკოლა იყო ჩემთვის. სამხატვრო აკადემიაში სწავლის წლები თბილისში მომხდარ იმ ავბედით მოვლენებს დაემთხვა. ფაქტობრივად, სწავლის პროცესი პარალიზებული იყო. ყველაფერი პედაგოგებისა და სტუდენტების ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული. დიპლომზე მუშაობაში ძალიან დამეხმარა ჩემი ნათლია, ცნობილი მხატვარი გივი ნარმანია.
- პირველად რომელი წმინდანის ხატი შექმენი და რა განცდა გეუფლება, ძველ ნამუშევრებს რომ უყურებ?
- პირველად 1999 წელს დავწერე წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხატი. ამას მოჰყვა წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის ხატი. ძველ ნამუშევრებს რომ ვუყურებ, გული მწყდება, რადგან შეცდომებს ვამჩნევ, მაგრამ რას ვიზამთ. პროფესიონალიზმი ხანგრძლივი შრომის შედეგად იხვეწება.
- როგორც ვხედავ, მუშაობის პროცესში სხვადასხვა დროის ოსტატების ხატებითა და ილუსტრაციებით სწავლობ. ისე, შენი ნამუშევრების ამოცნობა არ არის ძნელი, რადგან შენი ხელწერა, სტილი გაქვს...
- საეკლესიო ხელოვნების სფერო იმდენად ამოუწურავია, რომ ვერ გავკადნიერდები და "ჩემს სტილზე" ვერ ვილაპარაკებ. უბრალოდ, ადამიანი ყოველთვის დიდს ეჭიდება. გასულ საუკუნეებში უდიდესი ხატწერის სკოლები არსებობდა რუსეთში, ბიზანტიაში, თუნდაც ჩვენში. აქ ძირითადად კალკირების მეთოდით ხელმძღვანელობდნენ. ასე ხვეწდნენ ტექნიკას. მერე გამოჩნდებოდა ისეთი გამორჩეული ოსტატი, როგორებიც იყვნენ დამიანე ან ყინწვისის ფრესკის მხატვარი, და სულ სხვა სიღრმეებს აღმოაჩენდა, ახალ სიტყვას იტყოდა. ვსწავლობ მათგან. სწავლის პროცესი კი იმას გულისხმობს, რომ მათი დანატოვარით ვხელმძღვანელობ. ძველ ხატებსა და ფრესკებს ვუყურებ, ვაანალიზებ და ვცდილობ, დიდებულ წინაპართა კვალს გავყვე.
- ჩვეულებრივ მხატვრობაში უფრო თავისუფალია ადამიანი, შეუძლია ხატოს, რაც უნდა და როგორც უნდა, გადმოსცეს ნებისმიერი ემოცია - როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, შეუძლია ხატოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ განწყობაზე, ხატს კი ნებისმიერ დროს ვერ შექმნი. ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, სულიერი მომზადებაა საჭირო...
- ჩვენ ვართ მხატვრები, რომლებმაც იმ დროს დავიწყეთ ხატწერის სფეროში მუშაობა, როცა საქართველოში საეკლესიო მხატვრობა აღარ არსებობდა. წინათ ფრესკებს და ხატებს ღრმა სულიერებით გამორჩეული ბერები ქმნიდნენ. რა თქმა უნდა, ხატმწერის სულიერი განწყობა მის ნამუშევარზე აისახება. ამიტომაა საჭირო საგანგებო შემზადება, ლოცვა. ხატის შექმნისას ხატწერის კანონებს უნდა დაემორჩილო, ამისთვის კი თეოლოგიური ცოდნაა აუცილებელი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ხატწერა უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ მხატვრობა. ფერწერა ექსპრესიულია. იგი მხატვრისგან ემოციურად დახარჯვას ითხოვს. ეკლესიის გარეთ რომ ვყოფილიყავი, ხატწერას ხელს ვერ მოვკიდებდი. რაკი ეკლესიის წევრი ვარ, ალბათ ამიტომაც მომცა უფალმა ეს გზა და ეს საქმე.
- სულიერი სიმშვიდე, რაც ასე საჭიროა ხატმწერისთვის, სწორი, ქრისტიანული ცხოვრებით მოიპოვება... ალბათ ოჯახური სიმშვიდე და იდილიაც ეხმარება სათანადო განწყობის შექმნაში.
- რა თქმა უნდა, თუ ბოჰემურად იცხოვრე, ხატის შესაქმნელად სათანადო განწყობა ვერ გექნება. თავშეუკავებელი, მოუწესრიგებელი ცხოვრება სულიერ ენერგიას გართმევს, გაცარიელებს, პიროვნულად გშლის. მშვიდი ოჯახი ღვთის წყალობაა. ჩემი მეუღლე მაია ღამბაშიძე და ერთი წლის შვილი ილია ძალიან მეხმარებიან.
- რა შეგრძნება გეუფლება მუშაობის პროცესში?
- არის პერიოდები, როდესაც ბევრს ვმუშაობ, ვატყობ, რომ ამა თუ იმ ამოცანის მიღწევას შევძლებ. თუ დაუდევრობა გამოვიჩინე და თუნდაც ორი დღე განცხრომას მივეცი თავი, მუშაობის განწყობა თითქოს მიქრება და დიდი ძალისხმევა მჭირდება მის აღსადგენად. თუმცა დასვენებაც საჭიროა, რათა სხვა თვალით შეხედო შენს ნამუშევარს. ისე მივეჩვიე მუშაობას, როცა არ ვწერ, ცუდად ვარ. შემიყვარდა ეს საქმე და ახლა ხატწერა უკვე მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს.
- ამჟამად რაზე მუშაობ?
- ამჟამად მე და ჩემი ძმა თორნიკე მინიატიურებზე ვმუშაობთ. წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე გამოსცემს წიგნს "ქართველ წმინდანთა ცხოვრება" და მისთვის ვხატავთ. მინიატიურა ძალიან საინტერესო სფეროა. ილუსტრირებული წიგნის გამოცემაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქართველოში ძველი სახარებების შემდეგ, ფაქტობრივად, არც იხატებოდა მინიატიურები. ეს წიგნი მცდელობაა საეკლესიო ილუსტრაციის დარგის აღორძინებისა. მინიატიურები ტექსტის შინაარსის ვიზუალურ გადმოცემას ემსახურება. ისინი ძირითადად კომპოზიციებზეა აგებული. პატარა სიუჟეტიც კი მაქსიმალურად არის დატვირთული კომპოზიციათა მრავალფეროვნებით. მინიატიურები ხატწერის პრინციპით არის შექმნილი. ეს ყველაფერი აცოცხლებს, შთამბეჭდავს ხდის მონათხრობს, ლაზათსა და სილამაზეს სძენს მას. განსაკუთრებით დიდ სამსახურს გაუწევს ეს წიგნი ბავშვებს, რადგან ისინი ტექსტის შინაარსის გაცნობასთან ერთად საეკლესიო ხელოვნებასაც ეზიარებიან.
- სასიხარულოა, რომ საეკლესიო ხელოვნების არაერთი დარგი აღდგა და ვითარდება. იმედია, ქართული საეკლესიო ხელოვნება მომავალში უფრო დაიხვეწება და სრულყოფილი გახდება...
- ამ საქმეში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პატრიარქს. მისი მონდომება რომ არა, დღეს იმის მეოთხედიც არ გვექნებოდა, რაც გვაქვს. დიდი გმირობა იყო იმის ანაზღაურება, რაც საუკუნეთა მანძილზე დაიკარგა. ამას წინათ გერმანიაში ვიყავი და გერმანელი მხატვრების მიერ ბიზანტიური ხატწერის პრინციპით დაწერილი ხატები ვნახე. იქაც ძალიან პოპულარული ყოფილა მართლმადიდებლური ხატწერა.
ხატწერა ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, მაღალი სულიერებით აღბეჭდილი საქმეა. თუ კაცი ამ საქმიანობას ეწევა, ეს მისთვის ნამდვილად ღვთის წყალობაა.