კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "მშობლიური ენის განვრცობა და გაძლიერება ისეთივე დიდი და საპატიო საქმეა, როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი ქვეყნისაო".
საქართველოში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელთა ღვაწლი, სიტყვისა და წიგნის სამსახურში დაუღალავი გარჯა ხმლით ხელში ბრძოლას არაფრით ჩამოუვარდებოდა. თუნდაც მხოლოდ სულხან-საბას "სიტყვის კონა" რად ღირს, ივ. ჯავახიშვილის თქმისა არ იყოს, ცის მანანასავით რომ მოევლინა ქართველ ერს. სულხან-საბამ ამ ლექსიკონის შექმნას 30 წელი მოანდომა. ერთგან გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ქართველებს ადრეც ჰქონიათ ლექსიკონი, რომელიც ჟამთა ვითარების გამო დაკარგულა. მის დაკარგვას კი ის მოჰყოლია, რომ "ენა ქართული თვისთა ნებაზედ გაურყვნიათ"...
პირველი ქართული ლექსიკონის გამოცემიდან თითქმის სამი საუკუნე გავიდა. ერის სულიერი თუ მატერიალური კულტურის ცვლილებათა კვალდაკვალ იცვლება ენაც: შემოდის ახალი ლექსიკური ერთეულები, ჩნდება ახალი მნიშვნელობები, რაც, თავისთავად, განმარტებათა სრულყოფას მოითხოვს. ენა ყველაზე ცოცხალი სარკეა ამა თუ იმ ერის განვითარების ეპოქალური ცვლილებებისა.
"ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" I ტომი 1950 წელს დაიბეჭდა, უკანასკნელი, VIII ტომი კი - 1964 წელს. და აი, თითქმის 40 წლის შემდეგ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ახალი ლექსიკონის გამოსაცემად. საზოგადოებას მალე მიეცემა საშუალება I ტომის დაჭაშნიკებისა. ამ საშვილიშვილო საქმეს ხელმძღვანელობს არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული.
- ბატონო ავთო, როდის დადგა საკითხი საქართველოში აკადემიური ლექსიკონის გამოცემისა, რა იყო საჭირო ასეთი სამუშაოს ორგანიზებისთვის?
- სულხან-საბას მიერ შედგენილი "ქართული ლექსიკონი" საავტორო, ინდივიდუალური ლექსიკონია. ასეთივე გახლდათ ნიკო და დავით ჩუბინაშვილების ლექსიკონები. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ დადგა საკითხი ტერმინოლოგიის დაზუსტებისა და საზოგადოდ ლექსიკონის შექმნისა. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა მაშინ. ამ საქმის დაფინანსებისთვის სახელმწიფო ზრუნავდა. მართლაც, მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე "განმარტებით ლექსიკონს" ვერ შექმნი. ეს არის სახელმწიფო ენის ლექსიკონი და მას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა.
- სიტყვის ისტორიის, მისი ეტიმოლოგიის დადგენისთვის ვინ მუშაობს ენათმეცნიერების ინსტიტუტში?
- გვყავს ჯგუფი, რომელიც მუშაობს ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლექსიკონზე. უკვე დიდი ხანია დაგეგმილია ქართული ენის ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონის გამოცემა. ესეც, ისევე როგორც განმარტებითი ლექსიკონი, ჩვენი ერის კულტურული განვითარების დონეს ასახავს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მკითხველს (ქართველსაც და უცხოელსაც) ზუსტად ვაჩვენოთ ქართულ ენაში ნებისმიერი სიტყვის გამოჩენის დრო და განვითარების გზები. ისტორიულ-ეტიმოლოგიურ ლექსიკონში ასახულია როგორც ამ სიტყვის ძირეული წარმომავლობა, ასევე მისი ისტორია, განვითარება, როგორც ფონეტიკური აგებულების, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.
- როგორ ხდება ახალშემოსული ლექსიკური ერთეულების დაკანონება და საზოგადოდ, რა ფაქტორები განაპირობებს ლექსიკის გააქტიურებას და გაპასიურებას?
- ლექსიკის გააქტიურებასაც და გაპასიურებასაც მატერიალური და სულიერი კულტურის ცვლილებები განაპირობებს. მაგალითად, ორმოცდაათიოდე წლის წინ აქტიურად გამოიყენებოდა "კოლექტივიზაცია", "პროლეტარიატი" და ა.შ. დღეს კი ამ სიტყვებს აღარავინ ამბობს. შეიძლება, ასეთი ლექსიკური ერთეულები საერთოდ დაიკარგოს ენიდან, მაგრამ ლექსიკონები მათ მაინც შემოინახავს. მხოლოდ ვუთითებთ: "ძველი" ან "მოძველებული" ("ძვ.", "მოძვ."). რაც შეეხება ახალი სიტყვების გაჩენას, აქ რთულ ვითარებაში ვართ. წინათ არსებობდა ქართული ენის სახელმწიფო კავშირი, რომელიც ამა თუ იმ ტერმინის შემოღებისა და დაკანონების საკითხს წყვეტდა. სანამ ტერმინი ოფიციალურად არ დაკანონდება, ის ბარბარიზმად მიიჩნევა. ლექსიკონში შევიტანთ ჩვენს დროში აქტიურად გამოყენებად ლექსიკურ ერთეულებს, როგორიც არის, მაგალითად, "ბენდი", "ბილბორდი" და ა.შ., ოღონდ - ჯერჯერობით როგორც არადაკანონებულ ლექსიკას.
ბოლო დროს განსაკუთრებით მოზღვავდა ტექნიკური ტერმინოლოგია, რაც საინფორმაციო რევოლუციის ბრალია. ჩვენი ენა გაღარიბების საფრთხის წინაშე დგას.
- ენა რომ არ გაღარიბდეს, ამისთვის არსებობს სიტყვაკაზმული მწერლობა, რომელსაც სიტყვის დაფარული შესაძლებლობების წარმოჩენა აკისრია.
- რა თქმა უნდა. არის ხალხი, ვისაც ლექსიკონის კითხვა უყვარს. რატომ? იმიტომ, რომ სიტყვა, ბგერათა კომპლექსი, მშრალი ერთეული ჩვენს თვალწინ ცოცხლდება. ვიგებთ, რამდენი ნიუანსი, როგორი სიცოცხლისუნარიანობა ჰქონია მას, როგორ სუნთქავს, ფეთქავს მისი გული და ძარღვი. სიტყვა "ამოცლა" ავიღოთ. "ამოლევა", "ამოცარიელება", "ამორთმევა", "ამორიდება" და ა.შ. - ამით მშრალად განიმარტება ამ სიტყვის მნიშვნელობა, მერე კი მაგალითი მოდის: "დედა გიგლიას დასტირის ყორნის გამოხრულს მკლავზედა, გულის ამოცლაც მოუსწრავს იმ სატიალოს წამზედა" (ვაჟა) - და უცებ სულ სხვა ხორცი შეისხა სიტყვამ, სულ სხვა სურნელი შეიძინა. ასე რომ, ქართული ენის სიცოცხლეს მწერლობა ინახავს. ჩვენ ყველანი, მათ შორის ენათმეცნიერებიც, მშრალი ქართულით ვლაპარაკობთ, რადგან პროფესიული ენის სფეროში ვართ ჩაკეტილები. ქართული ენა მწერლობაში შლის ფრთებს, მხოლოდ მწერალს აქვს ის მადლი, რომლის წყალობითაც შეუძლია ფესვამდე ჩასწვდეს სიტყვას და საოცარი მარგალიტები ამოიტანოს ჩვენი უმდიდრესი ქართული ენის სალაროდან. ვინც ნაკითხია, ვინც მხატვრული სიტყვიერების სამყაროში შესულა და სიტყვის მადლი უგრძნია, მას ეხსნება ტალანტი, უფაქიზდება ენობრივი გრძნობა და სულ სხვანაირად მეტყველებს.
- მაგრამ სიტყვის შესაძლებლობების ამოწურვაც შეუძლებელია...
- ამაშია ენის საიდუმლო. მწერლები ხშირად ამბობენ, რომ არსებობს რაღაც, რისი გამოთქმაც შეუძლებელია. მაგალითად, რუსთველის პოემას რომ კითხულობ, ფიქრობ, ამ კაცს რისი თქმა უნდა გასჭირვებოდაო. მაგრამ ალბათ მასაც აწვალებდა რაღაცის ვერთქმით გამოწვეული ტკივილი. ნესტანისა და ტარიელის პირველი შეხვედრა გაიხსენეთ... ილიამ საგანგებო შენიშვნა გააკეთა ამაზე: "ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია და უტყვი, პატარა კი - ყბედი და ლაქლაქა". უტყვი იმიტომ არის, რომ აღარ ჰყოფნის სიტყვა და დუმს. ეს არის მდუმარება სულისა, რომელიც აღვსებულია ენით გამოუთქმელით. მას იცნობენ პოეტები: "მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად" - იტყოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი.
- ქართულ ენაში არის სიტყვები, რომელთაც დაკარგეს თავიანთი პირვანდელი მნიშვნელობა და სულ სხვა შინაარსი შეიძინეს. რა განაპირობებს ამას?
- ფაქტობრივად, არ არსებობს სიტყვა, რომელსაც მეტ-ნაკლებად არ განევითარებინოს თავისი მნიშვნელობა. სიტყვა "ცხედარის" მაგალითზე კარგად ჩანს, თუ როგორი ცვლილებები ხდება ენაში. ადრე ეს სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, საწოლს, ტახტს ნიშნავდა (თანამეცხედრეც ამიტომ ჰქვია მეუღლეს). ახლა კი, როგორც ვიცით, მიცვალებულის გვამს აღნიშნავს. სიტყვის მნიშვნელობის განვითარება ზოგჯერ გააზრების ლოგიკასაც არ ექვემდებარება. მაგალითად, სიტყვა "ძაძა", რომელიც ახლა სამგლოვიარო სამოსს აღნიშნავს, ადრე უხეში ტილოს სახელწოდება იყო.
- არსებობს უამრავი ქართული სიტყვა, რომელთა ძირები ბიბლიიდან მომდინარეობს...
- ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ქართული სულიერი კულტურა, მხატვრული სამყარო ქრისტიანულია. 2000 წლის მანძილზე ჩვენი ერის მენტალიტეტი ყალიბდებოდა ქრისტიანული მწერლობის, ქრისტიანული კულტურის არეალში და ცხადია, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა ქართული ენის განვითარებაზე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი