ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაიყიდა და გამყიდველი გოგონები რომ არა, იქაურობა გამოფენის პირველსავე დღეს დაიცლებოდა - მყიდველებს სთხოვეს, შეძენილი ნივთები გამოფენის დახურვამდე დარბაზშივე დაეტოვებინათ.
აბასთუმნის მონასტერში სამი მონაზონია, ექვსი მორჩილი და ორი სამორჩილე. მონასტერმა ბინა უძველეს შენობაში დაიდო, იქ, სადაც ნიკოლოზ I-ის ძმა, ტუბერკულოზით დაავადებული უფლისწული გიორგი აღესრულა. გარდაცვალებამდე უწინასწარმეტყველებია, აქ ოდესმე მონასტერი დაარსდებაო. წინასწარმეტყველება 1997 წელს ახდა.
დედათა მონასტრის დაარსებით ღვთის მადლი მოეფინა კუთხეს, რომელსაც დღეს, მთელი საქართველოსავით, უჭირს. მონასტერი, როგორც ვიცით, შემოწირულობებით არსებობს, აბასთუმნის უკიდურესად ხელმოკლე მოსახლეობას კი ხშირად მცირედის გაცემაც არ შეუძლია. თანაც იქ მართლმადიდებელი ქრისტიანიც ცოტაა... ისევ დიდებმა იპოვეს გამოსავალი - თექის მოთელვა ისწავლეს, მისგან სამკაულებისა და სამოსის შექმნის ხელოვნებას დაეუფლნენ. ამაში მორჩილი იოსებ გაჩავა დაეხმარათ, რომელიც ერისკაცობაში მხატვარი იყო და უცხოეთში არაერთი გამოფენაც ჰქონდა მოწყობილი. ახლა დედების ხელში რიყის ქვებიც კი მღერიან... უფლის წყალობით, ნიჭი ყველას აღმოაჩნდა და ახლა თავიანთ ნაკეთობებში აღებული ფულით აპირებენ მონასტრის გადარჩენას.
საზოგადოებას აბასთუმნელი დედების ნამუშევრები რომ გაეცნო, საქართველოში მოღვაწე გერმანელმა ბიზნესმენმა მაქს კონტერბუშმა და მისმა მეუღლემ ყველაფერი იღონეს. აბასთუმანში ჩასულ ცოლ-ქმარს იქაურობის სილამაზემ და სიღატაკემ ისე დაუკარგა მოსვენება, რომ "აბასთუმნის მეგობართა საზოგადოებაც" კი დააფუძნეს, მერე კი, როცა წმინდა პანტელეიმონის მონასტრის დედები გაიცნეს, ბევრი აღარ უფიქრიათ და მათი ნამუშევრების გამოსაფენად თბილისის საუკეთესო დარბაზი დაიქირავეს. გამოფენაზე თავიანთი მეგობარი უცხოელები და ჟურნალისტები მიიწვიეს და სტუმრებს თვითონვე უმასპინძლეს.
ნინო, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი:
- შარშან მე და ჩემი მეგობრები ერთი კვირა ვცხოვრობდით აბასთუმანში, ბიჭები - მამათა მონასტერში, გოგონები - დედებთან. ისე შეგვიყვარდა იქაურობა, ვეღარ დავივიწყეთ. მონასტრის წინამძღვარი დედა ბარბარეც ხშირად გვეხმიანება. გამოფენის გახსნის დღესაც დაგვირეკა. რომ მოვედით და ამდენი დამთვალიერებელი დავინახეთ, დედებს დავეხმარეთ - დავდექით და მათი ნამუშევრების გაყიდვა დავიწყეთ. იმდენი რამ გაიყიდა, მყიდველებს ვთხოვეთ, დროებით დაეტოვებინათ, რათა ხალხს ენახა. ბევრი უკვე გაყიდული ნივთის შესაძენადაც მოდიოდა.
გამოფენის სტუმრებს შორის პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია და დავით ბარდაველიძეც იყვნენ.
კონსტანტინე გამსახურდია:
- იმდენი ხალხია, ნამუშევრების დათვალიერება ჭირს კიდეც. ეს მახარებს - ჩვენს საზოგადოებას ხომ იმდენად მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, გასაკვირი არ იქნება, გრძნობები რომ გაუუხეშდეს... საბედნიეროდ, თურმე ყოველთვის ასე არ ხდება - ამდენი ხალხი "შერატონში" მხოლოდ ლამაზი ნივთების შესაძენად კი არა, კეთილშობილური გრძნობების გამოც მოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეხმარებით. ეს კაცს ეროვნულ ღირსებას მატებს.
მორჩილი თამარი:
- ყველაფერი, რაც გამოიფინა, სამი თვის განმავლობაში გავაკეთეთ. ჩვენგან მხოლოდ ერთმა მორჩილმა იცოდა თექის ქსოვა. დანარჩენი ჩვენი ეპარქიის მორჩილმა სადიაკვნემ მამა იოსებმა გვასწავლა. მერე ხელსაწყოები შევიძინეთ, მატყლი კი გერმანიიდან გამოგვიგზავნა მეგობარმა - გერმანული თექა ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ღვთის შეწევნით, ბევრი რამ გაიყიდა... ამ ფულით მონასტერს შევაკეთებთ.
დედა ქსენია:
- შრომა, რომელიც ამ გამოფენის მომზადებისთვის გავწიეთ, მართლაც თავდაუზოგავი იყო. მადლობა ღმერთს, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, ყველაფრის გაკეთება შევძელით. კურთხევას დიდი ძალა აქვს... ჩვენს მონასტერს ბევრი რამ სჭირდება: შენობა ხისაა, სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩამოდის, საღებავაცლილი კედლები ლპება... ამიერიდან შეკვეთებსაც მივიღებთ, იქნებ, ღვთის ნებით, მონასტრის ისტორიული შენობა გადავარჩინოთ.
თუ აბასთუმნელი დედების ნაკეთობათა ნახვას ან შეძენას მოისურვებთ, მათთან დაკავშირება არ გაგიჭირდებათ - მათი ტელეფონია 899-90-85-16. ისინი კი, ვინც მათ ნახელავს შეიძენს, ულამაზეს ნივთებთან ერთად დედათა ლოცვა-ვედრების მადლსაც მიიღებს.
მონასტერში თექასა და სამკაულებთან ერთად ხათუნა მელაძის ჩინებული ოსტატობით ნაკვეთი ხის ზარდახშებიც შეგიძლიათ მოიკითხოთ.
ხათუნა მელაძე:
- ხეზე კვეთა ნიქოზის ეკლესიის მოძღვარმა მამა იოანემ მასწავლა. ძლივს გავუბედე თხოვნა. იუარა - ხეზე კვეთა რა ქალის საქმეა, შეხედე, ხელები რა დღეში მაქვსო. შევყოყმანდი, მაგრამ სურვილი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. მერე დედასაც ვათხოვნინე. მასაც იგივე უთხრა - რთულია, გაუჭირდებაო. მესამედაც რომ შევაწუხე, დაკვირვებით შემომხედა და მითხრა, მგონი მართლაც შეძლებო. სულმოუთქმელად ვსწავლობდი. დილის ტრაპეზის შემდეგ შუაღამემდე ვმუშაობდი. როცა გამიჭირდებოდა, მაშინ უფრო ვეძალებოდი საქმეს. ახლა კი ყველაფერი გამომდის.
ასე რომ, ჩვენს ტაძრებში, ღვთის წყალობით, ხელოვნების საოცარი ნიმუშებიც იქმნება, მაგრამ ამის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ვინც ამ სილამაზესთან ზიარებას მოისურვებს, მონასტრის კარი მათთვის მუდამ ღიაა. გველიან, რათა ნაჯაფარი ხელებით ჯვარი გადაგვსახონ და ჭეშმარიტ მშვენიერებას გვაზიარონ. მათი ლოცვის მადლი და ძალა შეგწეოდეთ!
მოამზადა
ეთერ ერაძემ
ეთერ ერაძემ