მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა სამოსის ტარების უფლება და მასთან დაკავშირებული დოგმატიკა განსაზღვრული იყო და არის საეკლესიო დადგენილებებით.
აქედან გამომდინარე, დაწესდა საეკლესიო პირთა იერარქიის სამი ხარისხის სამოსი. სამოსთა რაოდენობა დაკანონებულია იერარქიის მიხედვით: დიაკონი იმოსება სამ, მღვდელი - ხუთსა და მღვდელმთვარი ანუ ეპისკოპოსი - შვიდი სახეობის სამოსში. შემოსვის რიტუალი გამომდინარეობს სამოსის სიმბოლიკიდან და კონკრეტული საეკლესიო მსახურებიდან.
ყველა ხარისხისათვის, ისევე როგორც ყველა მსახურების შესრულებისას, აუცილებელია "სადიაკვნო სტიქარი" ანუ "ფესვედი სამოსი". შემდგომი ხარისხისაა "ფელონი" ანუ "ფილონი" და "საეპისკოპოსო საკოსი".
საეკლესიო მსახურთა სამოსის ნაქარგობა, ფორმა, მასალა, ფერი, ნაქარგობის ტექნიკაც კი სრულად წარმოადგენს ქრისტიანულ სიმბოლიკას. ამას თვალნათლივ ადასტურებს ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცული მრავალფეროვანი კოლექცია. გვესაუბრება ამ მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი.
- ქალბატონო იზოლდა, სიმბოლური თვალსაზრისით, რა არის საღვთისმსახურო სამოსი და რა კონტექსტში უნდა იქნეს განხილული ამ სამოსის ფორმისა და ფერის სიმბოლიკა?
- საღვთისმსახურო სამოსი ის სამოსია, რომელსაც მაცხოვარი ატარებდა მიწერი ცხოვრების და განსაკუთრებით შეპყრობისა და გასამართლების დროს.
მისი თითქმის ყველა სიმბოლური ნიშანი ორ ძირითად არსს შეიცავს: მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების აღმნიშვნელი სიმბოლო-ნიშანია ჯვრის ჰორიზონტალური მკლავი, ხოლო მისი ღვთაებრივი ძალისა და ზეციური მადლის სიმბოლო - ჯვრის ვერტიკალური მკლავი. ეს აიხსნება ქრისტეს ორბუნებოვნებიდან: მაცხოვარი - ძე, ხორციელი, რომელიც ევნო ჯვარზე (მან იცხოვრა მიწიერი ცხოვრებით) და მაცხოვარი - ღმერთი, რომელიც არის "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი", ზეცად ამაღლებული. ეს ორი განუყოფელი ბუნება გაცხადებულია ერთ არსში, ერთ ფორმაში - ჯვარში.
სამოსის სიმბოლიკის ახსნა სამ ძირითად პრინციპს ემაყრება: ფორმა (ძირითადი თარგი) - ჯვარი, წრე (მარადიულობის სიმბოლო); წმინდა რიცხვთა სიმბოლური გამოყენება (რაც უკავშირდება "ორობის", "სამების" და "შვიდობის" არსს) და ფერი, მასში ჩადებული სიმბოლიკით.
- ფერი აღმოსავლეთ საქრისტიანოს ხელოვნებაში ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. ბიზანტიის ფერთა კანონებში უკვე VI საუკუნეში ჩამოყალიბდა შვიდი (სპექტრის) ძირითადი ფერი. ამ ფერთა სტრუქტურაზე აიგო მთელი აღმოსავლეთ საქრისტიანოს ხელოვნება და მათ შორის - ქართულიც. მღვდელმთავრები სხვადასხვა ფერის სამოსით შემოსილნი აღასრულებენ საეკლესიო მსახურებას. ძირითადად რა ფერები გამოიყენება და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს საეკლესიო პირთა სამოსის ფერადოვნებას?
- ფერი და ფერადოვნება სამოსთან დაკავშირებით სიმბოლური გაგებით არის მაცხოვრის და მის მიერ დადგენილი სამსახურის მარადიულობის, სულიერი უბიწოებისა და ჭეშმარიტი რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება.
სხვადასხვა რანგის საეკლესიო მსახურებაზე სასულიერო პირები იმოსებიან სხვადასხვა ფერის სამოსით. როდესაც საეკლესიო მსახურება მიძღვნილია მაცხოვრის, მოციქულებისა და წმინდა მამების დღესასწაულებისადმი, მაშინ იმოსებიან ოქროსფრით და ყვითლით (ყველა ტონალობის); ღვთისმშობლის ხსოვნისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში - ცისფრით და თეთრით; თუ დღესასწაულები ეძღვნება მაცხოვრისა და მისი ჯვრის მოხსენიებას, მღვდელმთავრები იმოსებიან იისფრით ან მუქი წითლით; წამებულთა დღეებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში - წითელი ფერით (წითლის სხვადასხვა ვარიაციით); მწვანე ფერის სამოსით იმოსებიან მღვდელმთავრების, ეკლესიის ახალგაზრდა მოღვაწეთა მოხსენიების დღეებში, ასევე წმინდა სამების, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის და სულიწმინდის დღესასწაულებში; მარხვის დღეებში მღვდელმთავართა სამოსი არის მუქი ლურჯი, იისფერი, მუქი მწვანე, მუქი წითელი; ხოლო დიდმარხვის დღეებში ძირითადი ფერი არის შავი, თუმცა კვირას და სადღესასწაულო დღეებში რჩება მუქი ოქროსფერი ან ფერადით გაწყობილი.
- ვიცით, რომ მღვდელმთავარი იმოსება შვიდი სახეობის სამოსში (საკოსი, სტიქარი, ფელონი, ომოფორი, ეპიტრაქილი, სარტყელი, საბუხარები). საეკლესიო სამოსზე ნაქარგობის ყველა ელემენტის ადგილი მტკიცედაა განსაზღვრული და გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისტორიულად რა ადგილები იქარგება მღვდელმთავრის სამოსზე და რა კომპოზიციები გამოისახება მასზე?
- საკოსზე იქარგება გულისპირი, საბეჭურები, სახელოები, კალთის ბოლო. საბეჭურზე, უმეტეს შემთხვევაში, გამოისახება "ხარების" კომპოზიცია, ზურგზე ან საბეჭურის წინა მხარეს (ცალ მხარეს - მახარებელი ანგელოზი, მეორე მხარეს - ღვთისმშობელი). საბეჭურზე ასევე ხშირად არის (ზურგის მხარეს) "ვედრების" ("დეისუსის") კომპოზიცია, ზოგჯერ გამოისახება "ხე ცხოვრებისა".
სტიქარზე, ზურგის მხარეს, აუცილებლად უნდა იყოს ჯვარი. სტიქარს პერანგის ფორმა აქვს, გვერდები გაკერილია, მაგრამ საკოსი უკერველია. საკოსი აბსოლუტურად გახსილია და გვერდებზე იბნევა სპეციალური ღილებით - "ზანზალაკებით", რომლებიც მხოლოდ ეპისკოპოსის საკოსს შეიძლება ჰქონდეს. ეს ზანზალაკები სიმბოლოა აარონის სამოსისა. როდესაც ის შედიოდა ტაძარში, ზარები ხმას გამოსცემდნენ.
სამღვდელო სტიქარი განსხვავდება სტიქაროსნის სტიქარისგან. სამღვდელო სტიქარი სადაა, მარტო კალთა აქვს მოქარგული. ზურგზე გამოსახულია ჯვარი, მკლავებზე კი შესაბნევი ზონრები აქვს.
სახელოები შემკულია ორი ფერადი ზოლით. ფერადი ზოლები გამოდის გვერდებზე და ირგვლივ ევლება. გვერდებზე დაშვებული ეს ორი ზოლი სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმისა, სახელოზე შემოყოლებული ზოლები - იმ თოკებისა, რომლითაც მაცხოვარს ხელები დაუბორკეს, როდესაც პილატეს მიჰგვარეს. შემდგომში უკვე ამ ხუნდების, დასაბორკი თოკების სიმბოლო გახდა საბუხარი.
საბუხარს მღვდელი იკეთებს საეკლესიო მსახურების შესრულების დროს. საბუხარზე ამოქარგულია "ზიარების", "მსხვერპლის თაყვანისცემის", "გველეშაპის ჯვრით დათრგუნვის" კომპოზიციები, ზოგი საბუხარი შემკულია მხოლოდ ორნამენტული დეკორით. როგორც წესი, აქ აუცილებელი დეტალია შუაში ჯვრის გამოხატვა, ე.წ. ჯვარი აღყვავებული. მის ირგვლივ, ორივე მხარეს გამოსახულია მცენარეები, ყვავილები და ა.შ. საბუხარზე გვხვდება ჯვრის სხვადასხვანაირი ტიპი, რომლებიც გარკვეულ სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული. არის ჩვეულებრივი ჯვრები, გასხივოსნებული ჯვრები და ა.შ. საბუხარი, ისევე როგორც სტიქარი, დიაკვანსაც აქვს, მღვდელსაც და მღვდელმთავარსაც.
შემოსვის დროს გათვალისწინებულია საიერარქიო საფეხურები - უმაღლეს საფეხურზე მდგომი სასულიერო პირი იმოსება ყველა იმ სამოსით, რაც მოსავს მის ქვედა საფეხურზე მდგომს. ე.ი. მღვდელი იმოსება დიაკვნის, მღვდელმთავარი - დიაკვნის, მღვდლის და მისთვის შესაფერის სამოსში, პატრიარქი კი ყველა იმ სამოსში, რომლითაც მის ქვედა საფეხურზე მდგომი პირები იმოსებიან.
ფელონით ("ფენტე" - ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მრგვალს, უსასრულოს) იმოსება მღვდელმთავარი საეკლესიო მსახურების დროს. მას შეუძლია ეცვას საკოსი ან ფელონი, პატრიარქი კი ორივეთია შემოსილი. ფელონს სახელოები არა აქვს ჩაჭრილი; იგი ზემოდან ჩამოსაცმელია. თარგში კისრის ამონაჭერი შვიდჯერ იკეცება და შვიდქიმიან ვარსკვლავს მოხაზავს. ფელონის უძველესი ფორმა იყო მრგვალი. შემდგომ უკვე მსახურების გასაადვილებლად წინა კალთა მოიჭრა და ფელონმა მიიღო დღევანდელი სახე (თუმცა ბერძნები საეკლესიო მსახურებაში მრგვალ, კოჭებამდე დაშვებულ ფელონებს იყენებენ).
ომოფორზე, როგორც წესი, კისერთან, შუა ადგილას, გამოისახება აუცილებლად "ვედრება" ან "ხარება". მას აქვს ორი კალთა. ერთი ეშვება წინ, ხოლო მეორე შემოტარებული გადადის უკან, ზურგზე. კალთებზე გამოისახება "ათორმეტი დღესასწაული". გვაქვს მოციქულებიანი და წმინდანებიანიც.
ეპიტრაქილზე (გინგილა) გამოისახებიან მოციქულები.
სარტყელზე გამოისახებიან წრეებში ჩასმული მოციქულები. ჩვენამდე მოღწეული სარტყლები ძირითადად ორნამენტული დეკორით არის შემკული. კომპოზიციები მისთვის არ არის დამახასიათებელი. სარტყლებს, როგორც წესი, აქვთ ბალთები (დედალ-მამალი ბალთა). ზედა ბალთა მასიურია, ლითონის, რომელზეც ორნამენტული დეკორით ამოტვიფრულია სხვადასხვა სახე.
- ორნამენტული დეკორი, ისევე როგორც ფერი, ალბათ გარკვეულ სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული...
- ყვავილის, ფოთლის რაოდენობა, განლაგება დაკავშირებულია რიცხობრივ სიმბოლიკასთან. გამოისახება სხვადასხვა მცენარე: შროშანი (ღვთისმშობლის სიმბოლო), მაყვალი ("შეუწველი მაყვლის" - ღვთისმშობლის სიმბოლო), ვაზის ფოთოლი (მაცხოვართან დაკავშირებული სიმბოლო, "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი", მირტა (სამფურცლიანი ბალახი, რომელიც გოლგოთის მთაზე ამოვიდა მაცხოვრის ჯვარცმის დროს). ნაქარგობაში შემთხვევითი ორნამენტული დეკორი არ გვხვდება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ იკონოგრაფიასა და დოგმატიკასთან, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში დევს.
- ეკლესიის მსახურის შესამოსლის თითოეულ დეტალს, პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, ღრმა თეოლოგიური დატვირთვაც აქვს (ამიტომაც არის, რომ საეკლესიო სამოსის თითოეული დეტალის ტარების უფლება იერარქიულ საფეხურებს ითვალისწინებს და გარკვეულ კანონებს ექვემდებარება).
- ყველა სამოსს აქვს თავისი ადგილი და მნიშვნელობა. მაგალითად, საკოსი არის კვართი, რომელიც მაცხოვარს ემოსა. მისით შემოსვის დროს მღვდელმთავარი ამბობს: "მღვდელმთავართა შენთა, უფალო, შეიმოსონ სიმართლე და წმინდანნი შენნი სიხარულით იხარებდნენ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 131,9). ფელონი არის პორფირის, მეწამული მოსასხამის სიმბოლო, რომლითაც მაცხოვარი შემოსეს წამების დროს. მიტრა ეკლიანი გვირგვინის სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარს თავს დაადგეს. "დაგადგა უფალმან თავსა ზედა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება სთხოვე მას, და მოგცეს შენ განგრძობა დღეთა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" (სხვათა შორის, ასეთი ლოცვა ჯვრისწერის დროსაც იკითხება). სტიქარით შემოსვისას იკითხება ლოცვა: "იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რომელმან შთამაცვა მე სამოსელი ცხოვრებისა და კუართი სიხარულისა შემმოსა მე". ოლარით შემოსვის დროს - "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მისცა მადლი ესე მღვდელთა მისთა". ენქერზე წერია: "შეიბ მახვილი წელთა შენთა, ძლიერო, მშვენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა და სიმშვიდისა და სიმართლისა და გიძღოდეს შენ საკვირველად მარჯვენე შენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე" (ფს. 44, 4-5). სარტყლის შებმის დროს საეკლესიო პირი წარმოთქვამს: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან გარე შეგარტყა შენ ძალი და დადვა უბიწოდ გზანი შენნი. განამტკიცნა ფერხნი შენნი, ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დაგადგინა შენ" (ფს. 13, 32-33). საბუხარები თეოლოგიური თვალსაზრისით აძლიერებს ეკლესიის მსახურის ხელებს და შეახსენებს მას, რომ იგი მსახურების შესრულებისას ეყრდნობა არა მარტო საკუთარ ძალებს, არამედ მაცხოვრის ყოვლისშემძლე ძალასა და შემწეობას. ამ სამოსით შემოსვის დროს წარმოითქმება: "მარჯვენა შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯვენამან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი და სიმრავლითა დიდებისა შენისათა შემუსრა მხდომი იგი" (გამოსვლა, 15,6) ან "ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე, გულისხმა მიყავ და ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი" (ფს. 118, 73-74).
მღვდელმთავრის შესამოსლის აუცილებელი ნაწილებია ასევე: შემკობილი ჯვარი, პანაღია, კვერთხი, არწივი. შემკობილი ჯვრის სიმბოლური განმარტება გულისხმობს, რომ მღვდელმთავარს არა მარტო გულით უნდა ახსოვდეს მაცხოვარი, არამედ ყველას წინაშე უნდა აღიაროს იგი მხსნელად და მაცხოვრად. პანაღია არის მღვდელმთავრის გულსაკიდი ხატი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით. იგი სიმბოლოა იმისა, რომ მღვდელმთავარს გულში უნდა ჰყავდეს მაცხოვარი და ღვთისმშობელი და მიენდოს მათ მფარველობას. კვერთხი განასახიერებს მღვდელმთავრის სულიერ უფროსობას და მამობრივ ზრუნვას მის ეპარქიაზე, მასზე დადგმული ჯვარი კი - ეპისკოპოსის მიერ ჯვარცმული ქრისტეს აღიარებას და თავისი ცხოვრების წარმართვას ჯვარცმული ქრისტეს სადიდებლად. არწივი მღვდელმთავრის წმინდა და საღმრთო სწავლის სიმბოლოა, ხოლო ქალაქი სიმბოლოა იმისა, რომ მღვდელმთავარი დადგინებულია სასულიერო მთავრად და სულიერ საკითხებში მას უნდა ემორჩილებოდნენ ყველა წოდებისანი.
- რა ქსოვილი გამოიყენება საეკლესიო პირთა სამოსის შესაქმნელად და ექვემდებარება თუ არა ქსოვილის სახეობის შერჩევა გარკვეულ კანონიკას?
- ძირითადად გამოიყენება აბრეშუმის, სელის, ბამბის ქსოვილები. აბრეშუმთაგან - "ოქროქსოვილი" ("დიბა", "ფარჩა"). რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს ქსოვილის ფაქტურას. ეს დაკავშირებულია იმ ბუნებრიობასთან, რაც, თავის მხრივ, მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას უკავშირდება. აბრეშუმის ძაფი, ჩვენ ვიცით, რომ ამოდის ყაჭიდან, რომელიც მრგვალი და მთლიანად დახურულია, დაურღვეველია. სიმრგვალე - მარადიულობასთან, ურღვევლობა კი ქრისტიანული რწმენის ურღვევლობასთან არის დაკავშირებული.
- მუზეუმში დაცული დიდი მხატვრული ღირებულების ქართულ ნაქარგობათა ნიმუშების დათვალიერებისას აღფრთოვანებას იწვევს ის, თუ როგორ აღწევდნენ ქართველი ოსტატები მრავალფეროვან ეფექტებს მრავალნაირი ტექნიკური ხერხის გამოყენებით. ისინი თაობიდან თაობას გადასცემდნენ ეროვნული წიაღიდან ამოსულ ქარგვის ტრადიციებს. ამიტომაც ეს ნაქარგობები უფრო ხატწერის ნიმუშებს მოგვაგონებს. მაინც რა არის ქართული ქარგვის ტექნიკის ძირითადი თავისებურება?
- ძალიან საინტერესოა ის, რომ ქართულ ნაქარგობაში შუქჩრდილების გამოყენების ტრადიცია არა გვაქვს (განსხვავებით ბერძნულ და რუსულ ნაქარგობათაგან). ამიტომაც სახე ყოველთვის არის "ზეზით" დაქარგული. "ზეზი" არის ძაფი, რომელიც მიიღება ვერცხლის ძაფების (ოქრომკედის და ვერცხლმკედის) შეგრეხით ფერად "შლილ" აბრეშუმის ძაფთან. რომელი ფერის დომინირებაც უნდა მქარგველს, იმ ფერის ძაფი დომინირებს ოქრომკედთან და ვერცხლმკედთან. ნაქარგობის დროს გამოიყენება ოქრო, ვერცხლი და აბრეშუმი. შუქჩრდილის ეფექტს მქარგველი აღწევს სხვადასხვა სახეობის ქარგვის ტექნიკური ხერხებით: "ტეხური", "კალათური", "კილოური" და ა.შ. ამ ხერხებს ერთმანეთს უპირისპირებს და იღებს სხვადასხვა ეფექტს. თავად ოქრომკედისა და ვერცხლმკედის ძაფების დამზადების ტექნოლოგიაც ძალიან საინტერესოა ("მკედი", სულხან-საბას განმარტებით, არის "ხოშორად დართული აბრეშუმის ძაფი", "ხოშორი" - საშუალო სისქის ძაფს ნიშნავს). შლილ აბრეშუმზე გადახვეულია წვრილი ოქროს ან ვერცხლის თმა. ოქრო ("მე ვარ ნათელი") დაკავშირებულია ზეციურთან, ხოლო აბრეშუმი - მიწიერთან. მაცხოვრის ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) აქაც არის გაერთიანებული. ასე რომ, საეკლესიო სამოსში შემთხვევით არაფერი გვხვდება: მასალა, თარგი, მოქარგვა, კომპოზიცია, ფერი, ძაფი - ყველაფერი იმ კანონიკას, დოგმატიკას და სიმბოლიკას ემორჩილება, რაც ძველსა და ახალ აღთქმაშია გადმოცემული.
- დაბოლოს, რისი სიმბოლოა თავად საეკლესიო სამოსი?
- როდესაც ადამმა და ევამ იგემეს "ხე ცნობადისას" ნაყოფი, ისინი შეიმოსნენ ტყავის სამოსით, რომელიც სიმბოლო იყო ურწმუნოებისა და ღალატისა. "ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ ვიდოდეს და ხედავდნენ მის უხამსობას" (გამოცხ. 16,15). სიშიშვლე არის ურწმუნოების სიმბოლო, ხოლო საეკლესიო მსახურებისთვის განკუთვნილი სამოსი პირველ რიგში არის სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნების სიმბოლო, შემდგომ კი - სამსახურებრივი, მთლიანად ახალი აღთქმის პრინციპებს დაქვემდებარებული, რადგან ის, რაც ნაწინასწარმეტყველები იყო ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაში განხორციელდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი