მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში თექის დამუშავება და ტიხრული მინანქარი მონასტრის დაარსებისთანავე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმედ ითვლება. ამჟამად მეხელსაქმეობა უფრო განვითარდა, დაიხვეწა ნამუშევრები, დაინერგა ახალი დარგები. თუ მანამდე თექისგან მხოლოდ ჩანთებსა და სხვადასხვა ფორმის ხამლებს ამზადებდნენ, ახლა უკვე შემუშავდა თექის დეკორაციული სტილი. მზადდება სრულიად განსაკუთრებული, მშრალი ტექნოლოგიით დამუშავებული თექის ნაკეთობები. მონასტერში იღებება შალის ძაფები, რომლითაც იქსოვება გობელენი და ფარდაგები. აქვე განვითარდა სამკერვალო საქმე. მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მონასტერმა დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა თოჯინების კერვა ბავშვებისათვის.

დედა თამარი:
- უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე პეტრე სტეფანწმინდიდან ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად რომ გადმოიყვანეს, მარტვილის დედათა მონასტერიც მაშინ დაფუძნდა. თექაზე მუშაობას დედები ხევში ყოფნის დროს დავეუფლეთ. ვაკეთებდით ყველაფერს, რაც, საზოგადოდ, თექისგან კეთდება. წელს მეოთხე გამოფენას ვაწყობთ. მონასტრის ძირითადი შემოსავალი, საარსებო წყარო, დედების ხელნაკეთი ნამუშევრებიდან გვაქვს. ჩვენი ნამუშევრების ყველა მნახველი ამბობს, - ძალიან დიდი სითბო იგრძნობა თქვენი ნამუშევრებიდანო. ალბათ იმიტომ, რომ მონაზონი საერთო ლოცვას კითხულობს. ლოცულობს, შრომობს, მორჩილებაშია. ლოცვით კეთდება ყველაფერი. დედები ხატებსაც აკეთებენ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ხატი უნდა დაიწეროს და თექისგან ხატს არ ვაკეთებთ. თითოეულ ესკიზს თავად ვარჩევ და დედები ძალიან კარგად ასრულებენ ამ საქმეს. ერთ-ერთი მონაზონი, ქეთევანი (ლომთაძე), მეუფე პეტრეს კურთხევით იტალიაში იყო. იქ შეისწავლა მოზაიკის ხელოვნება და გამოფენილი მოზაიკური ნამუშევრები მისი შესრულებულია. ახლა წმინდა ნიკოლოზის ხატს აკეთებს. გასაყიდად მაინც ავარჩიეთ ისეთი თემატიკა, რაც ერის ადამიანს აინტერესებს. დედებმა უკვე დიდი ხანია აითვისეს ტიხრული მინანქარი და ესეც არის გამოფენაზე წარმოდგენილი (ტიხრული მინანქრის მასწავლებელი არის სოფიო ეცადაშვილი). დედები ვსწავლობთ ოქრომკედით ქარგვას. ძალიან მინდა აღორძინდეს მარტვილის ძველი ნაქარგობები. თუ ღვთის ნება იქნება, ესეც გამოვა. გამოფენა-გაყიდვა ახლო მომავალში ქუთაისშიც გვექნება. ასევე უცხოეთში - ავსტრიაში. ყველაფერი ღვთის ნებაა.