"განა საით მივდივართ? მუდამ შინისკენ!"
"განა საით მივდივართ? მუდამ შინისკენ!"
ადამიანი მარადისობის შვილია და მისი ცხოვრებისული გზა ღმერთთან მისვლით, შინ დაბრუნებით მთავრდება...

მწერალ მარიამ წიკლაურის შემოქმედებითი სამყარო მარადისობის ცოცხალი განცდითაა გაჯერებული და იმ იდუმალი სათქმელით, რომელსაც "სულის სიმართლე" ჰქვია სახელად და რომელსაც "რჩეულები ემსახურებიან" მხოლოდ. "სულის სიმართლეს ვერავინ წაგართმევს, რადგან შენსა და უზენაესს, შენსა და უდროობას, შენსა და თავისუფლებას შორის ფრიალებს ზავის თეთრი ბაირაღივით... ის შენი ბედნიერებისა და ნეტარების გარანტიაა. შენც მთლიანად მის მეუფებაში არსებობ", - წერს ერთგან.

მწერალი მარიამ წიკლაური დღეს ჩვენი სტუმარია.

- ერთგან წერთ: "ლექსები მარადისობის საკენკია". და მაინც რა არის თქვენთვის პოეზია?

- პოეზია თავისებური რელიგიაა. ისიც სულის უკვდავების გამოხატულებაა, გზაა ღვთისაკენ, რეალურისა და ირეალურის ურთიერთობაა, ჟამთა ერთობაა, ხილულ-უხილავ სამყაროთა კვეთაც, კაცობრიული დიდი და მთლიანი სულის მრავალსახეობაც, აზროვნების სისტემაც, ენის საყდარიც, სალოს სულთა თავშესაფარიც... წმიდა მამა ბასილი წერს: "უფლის მიმართ სიყვარული უსწავლელ არსო". ასეა პოეზიაც. ლექსის მიმართ სიყვარულიც "უსწავლელ არს" - უფლისეულივით, მისი "არსებაც გრძელია" - სიკეთესავით, განუმეორებელია და უფლებამოსილი - სიცოცხლესავით, აუხსნელია - მშვენიერებასავით, გულთამპყრობელია - სიყვარულივით, მოულოდნელი და მისანდობელია - სიბრძნესავით, სიხარულს გიორმაგებს და დარდს გინახევრებს - მეგობრობასავით, მონანიე და მსასოებელია - მოწამესავით, მიამიტია - ბავშვივით... ხომ საკმარისია, თუნდაც ამის გამო ვეძებდეთ პოეზიას სამყაროში, ვეძებდეთ საკუთარი ადამიანობის საპოვნელადაც. და მაინც, რაც უმთავრესია, ესაა რწმუნება იმაზე, თუ როგორ გამოადნო ამ წუთისოფლის, ყოფიერების, რუტინის, აფსურდული არსებობის ტკივილებიდან და წარმავლობიდან მშვენიერების, სიკეთის, სინათლის მარადიული სიბრძნე...

- წერთ: "იყო შემოქმედი, ნიშნავს იყო ჭურჭელი თავისუფლების, სულ გსვამდნენ და სულ ივსებოდე"... რას განიჭებთ შემოქმედებითი პროცესი?

- ყველაფერ იმის განცდას, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ეს შეიძლება ძალიან მაღალი თამასაა, მიუღწეველიც და რადგან ზედმეტი თავმდაბლობა ამპარტავნობად იქცევა ხოლმე, თავმდაბლობის გარეშე ვაღიარებ, რომ სწორედ ეგეთი მაღალი წარმოდგენისა ვარ შემოქმედებით პროცესზე. თუ უფრო რეალურ სიბრტყეზე გადმოვიტანთ ყველაფერ ზემოთქმულს, გეტყვით, რომ ეს არის ბედნიერების წუთები, რომელსაც სული ტანჯვით გამოისყიდის. ეს არის ერთდროულად მარტოობის ზეიმიც და მთელ სამყაროსთან თანაზიარობის სიხარულისა და სევდის წამებიც; ეს არის სულის შრომა; ქმნადობის პროცესი, ყველა დროსთან გამყარებინებს კავშირს, ყველა სულით მონათესავე ადამიანთან და ეგებ ეს ის წამებიცაა, როცა შენივე სულს უღებ ფოტოს, შენსავე საკუთარ თვალებს ჩასჩერებიხარ, შენსავე საკუთარ თავს ამოსწევ ჭაობიდან... სულ მეშინია, რომ ეს წამები ყოველი ბოლო ლექსის დაწერის შემდეგ აღარ განმეორდება და როცა, ღვთის წყალობით, კვლავ დგება ეს დრო, ხელახლა ვხდები ბედნიერი, მაგრამ ამ სიტყვას - "ბედნიერება", ამ შემთხვევაში, სულაც არ შეეფერება მიშელ უელბეკის სტროფი: "ბედნიერების ნუ გეშინიათ, ის არ არსებობსო!", დიახაც, არსებობს! ის, რომ ადამიანი მარადისობასა და მშვენიერებას დარაჯობს და აყურადებს, და ამ მარადისობის გვერდით თავის წარმავლობას შეიგრძნობს და სურვილი ებადება, ეს ყოფა მშვენიერებითა და სიკეთით აავსოს, სწორედ ესაა ბედნიერება!

- დღეს ბევრი ქალი პოეტი მოღვაწეობს. რითი ხსნით მათ აქტიურობას, ან რით განსხვავდებიან შემოქმედი ქალი და მამაკაცი ერთმანეთისაგან?

- გეთანხმებით, რომ დღეს მართლაც უამრავ საინტერესო შემოქმედ ქალბატონს შეხვდებით. არა მხოლოდ ხელოვნებაში, ყველა სფეროში გააქტიურდნენ ქალები. ეს მშვენიერია! ხელოვანებიც შეეგუებიან ამას თანდათან. მგონია, რომ ეს კანონზომიერია: ქალის სამყარო გაცილებით ახლოსაა ხელოვნებასთან, ქმნადობასთან, ფანტაზიასთან, სულიერებასთან, ნაყოფიერებასთან, სიმშვიდესთან, სიყვარულთან. ეტყობა, სამყარომ იგრძნო ამის დეფიციტი და ქალის რესურსი მეტად აამუშავა. ვერ ვიტყოდი, რომ ისინი რაიმე უპირატესობას ითხოვენ ან უთხოვნელად იღებენ მამაკაცთა საზოგადოებიდან. არა, თანაბრად შრომობენ და ამას ემატება ოჯახური თუ სხვა უამრავი ქალური საქმიანობა, მაგრამ ქალები ძლიერები არიან და ახერხებენ. ჩვენ გვყავს მრავალშვილიანი ბრწყინვალე მწერალი ქალბატონებიც, მარტოხელა ქალბატონი-შემოქმედებიც.

- წერთ (დანანებით): "ხან ქმარს ვპარავ ერთ საათს, ხან შვილებს, ხან მეგობრებს. იმდენადაც კი გავთავხედდი, ღმერთსაც ვუბედავ ასეთ ცუღლუტობას. დილა-საღამო ლოცვის მაგიერ ... მოკლედ, ხან ქვაბებს, ხან ღუმელს, ხან სარეცხსა და იატაკს, ხან ძილსა და ღვიძილს ვწაპნი წუთებსა და საათებს. აი, ამ ნაქურდალით ვეიმედები მომავალს. რა საცოდავია ქალი, რომელსაც სურვილი გასჩენია, მოახერხოს იყოს ცოლიც, დედაც, შვილიც, მეზობელიც, მეგობარიც, მკითხველიც და ბოლოს და ბოლოს მწერალიც". რამდენად დიდია ყოფითობაში ჩაკარგვის საფრთხე; გყავთ ოჯახი, შვილები, გაქვთ სამსახური, გამომცემლობა "საუნჯის" რედაქტორი ბრძანდებით, რადიო "ივერიაში" მიგყავთ საავტორო გადაცემები, ბევრი შეხვედრის მონაწილე ხართ. გრჩებათ დრო ლექსებისთვის?

- მე პირიქით მგონია: პოეზია ხომ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, სწორედ სულისათვის გადაგდებული მაშველი რგოლია. ჰოდა, ჯადოსნური ზღაპრისა არ იყოს, ჩემი ძალაც, ხალისიც, სიცოცხლისადმი სიყვარული და ამტანობაც სწორედ ლექსებში დევს. პოეზია მეხმარება იმ ენერგიის მოპოვებაშიც, რომელიც სასიცოცხლოდ მჭირდება.

- ერთგან წერთ: "სამშობლო შენში იმდენია, რასაც შეძლებ და მოერევი, რამდენსაც დაიტევ". სამშობლოა თქვენთვის "ბედისწერაც, სისხლის მეხსიერებაც, სინდისიც და მფარველი ანგელოზიც" და თვლით, რომ მის სიყვარულს "მალვა არ სჭირდება", მაინც, რამდენად მართებს პოეტს სამშობლოს გულისტკივილი და რას ნიშნავს, გულით ხედავდე, გიყვარდეს, გრძნობდე სამშობლოს?

- მართებს და სტკივა კიდეც... სამშობლოს თემა, მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, მაინც ერთ-ერთი უმთავრესი თემაა ქართულ პოეზიაში. ის, რაც ღირებული შექმნილა და შეიქმნება პოეზიაში, სწორედ სამშობლოდანაა აღმოცენებული. რადგან სამშობლოა ხელოვანისათვის მთელი სამყაროც, მშობლიური სახლიცა და სოფელიც, სამშობლოა ენაც, სამშობლოა ფოლკლორიც, სამშობლოა ადათ-წესები... მცნებაა "სამშობლო", მცნება - რომელსაც თავისი ფილოსოფია, იდეოლოგია და არსებობის წესი დაუმკვიდრებია ადამიანთათვის. სამშობლო ხელოვანს კი არ იმონებს და კალაპოტში აქცევს, პირიქით, მას დიდ თავისუფლებას ანიჭებს, თუ კი, რა თქმა უნდა, სწორად გვესმის სიტყვები: სამშობლო, პიროვნება და თავისუფლება.

- დღეს ჩვენ "ინფორმაციული წარღვნის" ეპოქაში ვცხოვრობთ. ახალგაზრდები ძალიან თამამად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე წერენ და აქვეყნებენ თავიან პოეზიას. რა სათქმელი მოაქვთ მათ და რამდენად იმსგავსებს ეპოქა შემოქმედს?

- დღეს არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ყველა სფეროში ახალგაზრდები გაცილებით იოლად აღწევენ წარმატებას. ყველა ვგრძნობთ აშკარა ზედაპირულობას, რასაც ყველგან ვაწყდებით და ეს წესად მკვიდრდება, სამწუხაროდ. რადგან პოეზია და საინტერნეტო ლიტერატურულ ვებგვერდებზე მისი გამოქვეყნება შეუზღუდავი "სიამოვნებაა", რაღა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა ავტორი აქვეყნებს ლექსებს. არსებობს ცოტა გამოკვეთილი ნიჭის მქონე ახალგაზრდა შემოქმედი და უამრავი "წერას ატანილი" ახალგაზრდა. ბეჭდვითი ლიტერატურული პერიოდიკა ბევრი არ არის და ამიტომ ისინი ვირტუალურ სივრცეს არიან მინდობილნი. ხშირად მათი სათქმელი დღევანდელი აბსურდული, არამყარი და გადაფასებული ღირებულებების მქონე გარემოს ადეკვატურია. ის, რაც სჭირს სამყაროს და საქართველოს ზოგადად, და ერთ ადამიანში ჩატეულ სამყაროსა და საქართველოს კონკრეტულად, აისახება მათ პოეზიაში. ისინი ეძებენ ახალ ფორმებსაც, ახალ ესთეტიკასაც, ახალ ხმასაც, მაგრამ ამ ყველაფერს რომ მიაკვლიო, სულის დიდი ღვაწლია საჭირო და ამისათვის მზად მხოლოდ ერთეულები შეიძლება იყვნენ. თავისი კვალი დაგვამჩნია ჩვენ იმ დრომაც, რომელშიც გაიზარდნენ ეს ახალგაზრდები, ანუ ომებმა, მოშლილმა საგანმანათლებლო სისტემამ, ფსიქოზურმა გარემომ, სულიერი პრობლემებისა და ფიზიკური გადარჩენის ეპოქამ. გაიზარდნენ ეგოისტური, თვითკმარი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, რაა გაკეთებული იმ სფეროში, რომელშიც თვითონვე აპირებენ საქმიანობას. სავსენი არიან ცინიზმით, რომელიც მათი კომპლექსების თავშესაფრად ქცეულა. ანუ ახლა სწორედ ეს თაობა გამოდის ასპარეზზე და ყველაფრისადმი პროტესტიც სწორედ მათ ნაწერებში პოულობს გამოხატულების ფორმებს. ამას ემატება ვიღაც ე. წ. "ვირტუალური ეშმაკისაგან" იმის ჩიჩინი და თავში ჩაჭედვა, რომ პოეზია სულაც არ არის "საღვთო და ამაღლებული" საქმე, სულაც არ არის "ბრძნობა" და რომ ის კომპლექსებიანი ადამიანების არტთერაპიაა, რომლის მეშვეობითაც ყველას, ნებისმიერს შეუძლია წეროს ის, რას მოეპრიანება. არადა, ახალგაზრდული სისხლის, აზრის და ემოციის გარეშე წარმოუდგენელია პოეზიის განვითარება. პოეზია და ხელოვნება,ზოგადად, ყოველთვის ახალგაზრდის მხარეზეა და მე წარმატებას ვუსურვებ მათ, ვინ ამას იმსახურებს.

- თქვენს თაობაზე რას იტყოდით?

- ბევრ რამეს, მაგრამ მინდა, სწორად გაიგოს მკითხველმა. სხვა ბევრი პრობლემისა და აბსურდული სიტუაციის გარდა, ჩემი თაობა ერთ გაურკვევლობაშიც აღმოჩნდა: ჩემი თაობა ასე 40-დან 50 წლამდე ასაკის შემოქმედებს გულისხმობს. საერთოდ სახიფათო სიტყვაა "თაობა", ვერიდები ამის თქმას ხოლმე, რადგან "თაობა", როგორც ასეთი, მაგონებს "ხუთწლედის" მსგავს ხელოვნურ ცნებას. ხელოვანი ინდივიდუალურობითაა საინტერესო და არა კოლექტიური აზროვნებით. მაგრამ ახლა მხოლოდ ასაკს ვგულისხმობ ამ სიტყვაში. მე ახალ ტერმინსაც გთავაზობთ - "სახეგანთქმული" და არა სახელგანთქმული, რადგან დღევანდელ საზოგადოებას, ტელე-მედია სივრცეს "სახეგანთქმული" გაცილებით აინტერესებს, ვიდრე საქმითა და სახელით განთქმული ადამიანები. დღეს ან ძველ სახეებს წააწყდებით ან სრულიად ახალგაზრდებს. ანუ ჩემი თაობა ისე გახდა 50-ისა, თითქოს არასდროს ყოფილა 20-ის, რადგან გადაიტანა ყველაზე მძიმე პერიოდი. მას არასოდეს და არც დღევანდელი სახელმწიფოს მხრიდან უსარგებლია რაიმე შეღავათით, არც ერთი პარტიის სამსახურში არ აუღია ჯილდოები, უფასო გამოცემები, ჰონორარები, პრემიები. არაფერი, გარდა საკუთარი სულიერი და ფიზიკური შრომისა, მას არ უკეთებია, ვერავინ ვერაფერს წამოაძახებს. არც "პარაოზიანი" კრებულები გამოუცია ათასობით ტირაჟით და არც არავის გაუგია მისი ბაქიბუქი! ჩვენ დავრჩით ჩვენი საკუთარი თავის ამარა და ეს ერთი მხრივ, ძალიანაც კარგია! მაგრამ უარყოფითიც აქვს - ჩვენ ვერ გავუწიეთ წინააღმდეგობა მათ, ვინც ყველა დროს ერგება და ყველა დროისაგან იღებს სარგებელს, ვინც მარადმწვანე ობივატელია და ვინც გარშემო უნიჭოების კოლონებს იკრებს, რომ თვითონ ნიჭიერი და მამულიშვილი გამოჩნდეს, ვინც ორმაგ სტანდარტებს ერგება და დანაშაულს სჩადის როგორც თავისი დღევანდელობის, ასევე მომავლის წინაშეც. მაგრამ დე, ყველა საკუთარმა საქმიანობამ ამხილოს! ჩვენ ვერც 80 წლისანი ვიქნებით და ვერც 20-სანი, რომ ვიღაცამ ყურადღება გამოიმეტოს, მაგრამ მაინც ღვთის მადლობლები ვართ, რომ ვშრომობთ, ვიღვწით, ვწერთ და ვქმნით იმას, რაც უდავოდ ითხოვს ყურადღებას. ის, რომ ჩემი თაობა, რომელსაც მე, სხვებისაგან განსხვავებით, "დაკარგულ თაობას" არ ვუწოდებ (და სხვათა შორის, ასე უწოდებენ თავს ის ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი აქვთ მიღებული), შეუფასებელია, გამოუცემელია და სახელდაუდებელიც, ეს არის სხვებისა და არა ჩვენი სირცხვილი.

- რამდენად მნიშვნელოვანია პოეტისათვის გამბედაობა?

- პოეტი და ხელოვანი რომ ყველაზე გაბედული ადამიანი არ იყოს, ვერც ვერაფერს შექმნიდა ახალს. მათგან ყველაზე გაბედულები შემორჩებიან ხოლმე საუკუნეებს.

რაც შეეხება მოქალაქეობრივ პოზიციებს და გაბედულებას, ეს ინდივიდუალური თვისებაა. მე მინახავს ადამიანი, ვინც თითქოს შინ არის გამოკეტილი ასკეტი ბერივით, მაგრამ მისი სიტყვით საუკუნეები აიშლებიან და აზროვნების ახალი სივრცეები გადაეშლებათ წინ ადამიანებს. ისეთებიც მინახავს, პარტიულ კონიუნქტურას და ხელოვანის სახელს ერთდროულად რომ იფერებენ და მინახავს შეწირული ადამინებიც, გმირები... დრო თვითონ წარმოშობს ხოლმე ასეთ ადამიანებს, ითხოვს თითქოს, ხატის ყმასავით ხელს ადებს და საკუთარი გზით ატარებს, რათა მათმა სიტყვამ ჭეშმარიტებისათვის იქადაგოს.

ასეთი ადამიანების გარეშე საზოგადოება არ ვითარდება, გაბედულება სწორედ ის თვისებაა, რომელზეც მომავალი უნდა დაშენდეს. ბედნიერია ის, ვისაც ეს უნარი "განეჩინება".

- პოეტი ბესიკ ხარანაული წერს: "პოეზიას ჰქონდა ერთ დროს შემაღლებული, რადგანაც ღვთის კურთხევაა. მოვიდნენ და გადაასწორესო". ჩვენი ეპოქის დამოკიდებულებას როგორ შეაფასებდით პოეზიისადმი?

- ზუსტი ნათქვამია. ჩვენი ეპოქა სხვა "შემაღლებულებზე" ლოცულობს. მთელ სამყაროში ფულისა და სიცრუის დიქტატურის "შემაღლებულებია", მაგრამ ახლა რომ ვიშვიშს მოვყვეთ, რა გამოვა? ის რომ ზოგადად კულტურაზე მეტი ზრუნვაა საჭირო, ხომ არავინ შემეკამათება ამაში? რომ ზრუნვა საჭიროა ცოცხალ კულტურულ პროცესებზეც და არა მხოლოდ სამუზეუმო სექტორზე?! რომ თვითმყოფადობის შენარჩუნებას ჩვენს კულტურაში ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ტერიტორიების შენარჩუნებას სამშობლოსათვის?

ხომ არსებობს სამყაროში ის ნაწილიც, რომელსაც სიამოვნებით დავუთმობდით ჩვენს სულსა და გულს? ჩვენს თავში რომ გადავარჩინოთ ყველამ რაღაც სანუკვარი, ხომ არაა ეს სახუმარო საქმე? ძალიან, ძალიან რთული ჟამია, მაგრამ მეტი გონიერება გვმართებს. მე მგონი, ჩვენ თვითონვე უნდა გავხდეთ ეგ "შემაღლებული", რომ ჩვენში გადავარჩინოთ პოეზია და არა ჩვენი თავი პოეზიაში...

- ძალიან კარგია, რომ ბავშვებისათვის წერთ, რამ განაპირობა ეს და რა საზრდო სჭირდებათ პატარებს?

- ყველაზე ჯანსაღი, ყველაზე სუფთა და ყველაზე მართალი სიტყვა სჭირდებათ პატარებსაც და დიდებსაც. მაგრამ საბავშვო წიგნის და მით უფრო ქართული საბავშვო წიგნის "გაკეთებას" დიდი ძალისხმევა სჭირდება. სანამ ქართული საგამომცემლო სექტორი მეტ ყურადღებას არ მიაქცევს თავისსავე მწერლებს და ღირსების საქმედ არ ჩაეთვლებათ საკუთარი ლიტერატურისათვის "გარჯა", მანამდე ქართველ მწერლებს მუდმივად ექნებათ ეჭვი და ფიქრი, რატომ ან რისთვის წერენ საერთოდ?

- გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat